Feeds:
Posts
Comments

Archive for April, 2011


 

საძინებელში შუქი სუსტად და დამამშვიდებლად კრთოდა. მძინარე მამაკაცი შეირხა, მარჯვენა ხელით თვალები მოიფშვნიტა და ბალიშზე აჩოჩდა. გვერდით ქალსაც გამოეღვიძა და გაბუტული, ნამძინარევი ხმით ჩაილაპარაკა:

–         რა მოგივიდა, საბა, დაიძინე. ჯერ ალბათ ისევ შუაღამეა.

–         ელენე, მოდი დავნაძლევდეთ.

ქალი გაკვრვებით მიაჩერდა ქმარს.

–         შენ რა… რამდენჯერ გაგაფრთხილე ძალიან ბევრს მუშაობ-მეთქი.

–         მართლა დავნაძლევდეთ – სიტყვა გააწყვეტინა მამაკაცმა – დარწმუნებული ვარ, თოვს.

–         თოვლის ამინდი ნამდვილად არ იყო გუშინ. მიდი რა, დაიძინე.

–         მე კი გეუბნები, პირველი თოვლი იქნება. ისევ ის სიზმარი ვნახე.

–         რა სიზმარი? – საბოლოოდ გამოფხიზლდა ქალი. – ზუსტად ის, ადრე რომ გესიზმრებოდა?!

–         დიახ, სწორედ ის. ქალი, რომლის სახეს მე ვერ ვარჩევ, პატარა ბავშვი და მე. სადღაც უსასრულობაში ვიმყოფებით თითქოს. უკვე რამდენი წელია გრძელდება ჩემი ”სიზმრის სამება”.

–         იქნებ მაგან გვიშველოს და ბოლოს და ბოლოს გავხდეთ სამნი.

–         ელენე, მე ხომ ამ სიზმარს შენთან შეხვედრამდე გაცილებით ადრე ვნახულობდი და აუცილებლად პირველი თოვლის წინ.

–         და შენ ამბობ, რომ ახლაც თოვს? წარმოუდგენელია.

საბა და ელენე ფანჯარასთან მივიდნენ, თეთრი ფარდა გადასწიეს და გაოცდნენ. ქალი თითქოს რაღაცამ დააფრთხო და მეუღლის მხარში ჰპოვა სამალავი.

ციდან მსხვილ-მსხვილი, ფარფატა ფანტელები ცვიოდა. მძინარე ქალაქი თეთრ სამოსში გახვეულიყო.

***

                       შუქნიშანზე წითელი ფერი აინთო; ქალმა და ათიოდე წლის ბავშვმა თავისუფლად გადაკვეთეს ქუჩა.

სკოლის შენობის წინ დედამ ერთხელ კიდევ შეათვალიერა პატარა, აკოცა და დაემშვიდობა. ბიჭუნამ მოკურცხლა.  დედა ელოდა როდის შევიდოდა დედა შენობაში. შორიახლოს შლეგიანივით მოაგდო ვიღაცამ შავი ”მერსედესი”, იმდენად სწრაფად, რომ გარშემო მყოფთა ყურადღება მიიქცია. მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა და ქალი ინეტერესით შეათვალიერა. ქალს აშკარად არ ესიამოვნა მისი დანახვა, თეთრი ლაბადა შეისწორა, მუქი სათვალეც გაიკეთა და მშვიდად ჩაუარა მამაკაცს წინ.

–                   ლიკა! – დაუძახა მას გაოგნებულმა მამაკაცმა.

ქალს თითქოს არაფერი გაუგონიაო, გზა განაგრძო.

–                   ლიკა! – ამჯერად უშედეგოდ გაისარჯა მამაკაცი. გაოცება და უკმაყოფილება აღებეჭდა სახეზე. ხალხის ყურადღება უფრო მეტად რომ არ მიექცია, მანქანაში ჩაჯდა და ქალი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.

–                   არა, ნამდვილად ის არის! – დაასკვნა ბოლოს.

სამი დღის განმავლობაში, დილაობით, გაჩერებაზე მდგომ ქალს მამაკაცი მალულად აკვირდებოდა. ბოლოს იგივე დასკვნა გააკეთა და გამოლაპარაკებაც გაბედა. ქალის უყურადღებობამაც ვერ შეაჩერა.

–                   უკაცრავად, თქვენ ლიკა ხართ?

–                   არა, გეშლებით! – მოკლედ მოუჭრა ქალმა.

–                   ეს შეუძლებელია.

–                   რა არის შეუძლებელი? მე თამარი ვარ.

–                   ეს ბავშვი თქვენი შვილია?

–                   არა. ჩემი დის. რატომ მეკითხებით?

ქალი აშკარად ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას და გამოსდიოდა კიდეც. გაოგნებულ კაცს დამაჯერებლად გაუღიმა, პასუხს არც დალოდებია, ბოდიში მოუხადა და სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა.

–                   კი მაგრამ, ყოველდღე სხვის ბავშვს ატარებს სკოლაში? ან სხვა ნომრის ტაქსს რატომ გაჰყვა? ის ხომ ყოველთვის ასერთით დადიოდა? ნამდვილად მე გამექცა. ეს აშკარაა. ნამდვილად ისაა. – ჩაილაპარაკა კაცმა და მანქანა სკოლისაკენ შემოატრიალა.

***

საღამოს სახლში დაბრუნებულ, აფორიაქებულ დედას შვილმა ახალი ამბავი დაახვედრა.

–                   დედიკო, დღეს ჩვენს სკოლაში შემოწმებაზე თვითონ მინისტრი მოვიდა. კლასებში ჩამოიარა, თითქმის ყველა კლასი შეამოწმა. იცი? ჩვენს კლასში მხოლოდ მე დამელაპარაკა.

ლიკამ მღელვარება ვერ შეიკავა.

–                   რაო, რა გითხრა შვილო? – ძლივს კითხა და ცახცახმა აიტანა.

–                   რა ნიშნებზე სწავლობო. რომელი მასწავლებელი გიყვარსო. შენ დედიკოს რა ქვია და სად მუშაობსო. იცი, როგორ ეწყინა, როცა ვუთხარი ჩემი მამიკო ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა-მეთქი?!

–                   შვილო, საბა, გაჩუმდი. – ლიკამ ბავშვი გულში ჩაიკრა და აქვითინდა.

–                   დედა, არ იტირო. ყველაფერს ვუპასუხე. ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარო მითხრა. იცი, იმ მინისტრსაც საბა ჰქვია. ისე მოვეწონე, მე და შენ აწი ვიძმაკაცებთო – მითხრა.

ის ღამე ლიკამ ცრემლებსა და ლოცვაში გაატარა.

***

მეორე დღეს მანქანა ლიკას სამსახურთან ელოდებოდა. იქედან საბა ადეიშვილი გადმოვიდა და ლიკას მიესალმა.

–                   გამარჯობათ, ბატონო საბა, ისევ თქვენა ხართ?

–                   ბოლოს და ბოლოს მიცანით არა?!

–                   თქვენ მთელი ქალაქი გიცნობთ.

–                   ლიკა, მომისმინე!

–                   არავითარი ლიკა! – ლამაზი თვალები დააკვესა ქალმა – თქვენთვის ლიკა უკვე მკვდარია.

–                   ეგრე არ იქნება, ჩვენ შვილი გვყოლია. არ უნდა დაგემალა ჩემთვის ეს ამბავი.

–                   როდის უნდა მეთქვა? ან რატომ უნდა მეთქვა? იმიტომ ხომ არა, რომ ბავშვის გამო მაინც შეგერთე ცოლად.

–                   იცი, ლიკა, ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ. ყველაფერს აგიხსნი.

–                   არა, მე თვითონ აგიხსნი და ახლავე. ბავშვს თავი დაანებე.

–                   არა, ლიკა, არა! ასე არ გამოვა. ადამიანურად გთხოვ. გაიგე, ჩვენ ბევრი გვაქვს გასარკვევი.

–                   მე შენთან აღარაფერი მაქვს გასარკვევი, ყველაფერი მორჩა. ისიც კი იკადრე, თანამდებობა გამოიყენე და ბავშვს ესაუბრე. ახლა კიდევ ჩემთან მოსულხარ, იქნებ ბრძანების წიგნშიც გააფორმო და ბეჭდიანი ქაღალდით შემატყობინო რა გინდა…

–                   ასე ნუ მიჯავრდები, ლიკა!

–                   გიჯავრდები?! – აშკარად გაუკვირდა ქალს. – მე გაფრთხილებ, ბავშვის სიახლოვეს აღარ გნახო, თორემ საერთოდ გადავიკარგებით.

–                   აწი ვეღარსად დამეკარგებით.

–                   ჰმ, – დამცინავად ჩაიცინა ლიკამ და საბას ჯიქურ მიუბრუნდა – და რა იცი, რომ ეს ბავშვი შენია.

საბას გაეცინა.

–                   ეგ უკვე დაგვიანებული კონტრშეტევაა. ეჭვიც არ მეპარება, სახელიც კი ჩემი დაირქმევია, შენ არ იცი  რა ვიგრძენი…

–                   გაჩუმდი! – სასწრაფოდ შეაწყვეტინა ლიკამ. – შენი გრძნობები ყველაზე ნაკლებ მაინტერესებს. სახელი კი არაფერს ნიშნავს. ყოველთვის მომწონდა ეს სახელი.

–                   ლიკა, ვერ დამაეჭვებ, ქუჩაში ჩემი ყურადღება თავდაპირველად ბავშვმა მიიქცია. ისე მგავს, მეგონა მე მივდიოდი სკოლაში.

დალახვროს ეშმაკმა, ყოველთვის ამ მსგავსები მეშინოდა. – გაიფიქრა ლიკამ.

***

სამსახურში ლიკას მაგიდაზე ყვავილების თაიგული დახვდა, რომელშიც კონვერტი იყო  ჩამაგრებული. ლიკამ კონვერტი გახსნა, ფურცელი გაშალა და წაიკითხა:

”ბრძანება №1

ლიკა, ძალიან გთხოვ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ.

უღრმესი პატივისცემით    საბა.”

ლიკას სახეზე ალმური დაჰკრა.

–                   ლიკა, მგონი ახალი თაყვანისმცემელი გყავს. იქნებ მაგან მაინც მოინადიროს შენი გული.- შემოსძახეს თანამშრომლებმა.

–                   ეს თუ ის თაყვანისმცემელია, ამას წინათ მერსედესით რომ გელოდებოდა, გამოდის არავითარი შანსი აღარ მრჩება – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ლიკას მაგიდასთან პირდაპირ მჯდომმა არჩილ ჩარკვიანმა.

ლიკამ ყვავილები გაიტანა და ნაგვის ურნაში ჩაუძახა.

–                   ბატონო არჩილ, იმ ტიპს, თქვენც რომ შეგინიშნავთ, ამბობენ საკმაოდ აწეწილი ოჯახური სიტუაცია აქვსო და ალბათ, მართლაც აღარ გრჩებათ რაიმე შანსი.

–                   აქ რაღაცაში არის საქმე, თორემ ლიკა არაა მაგის ქალი, ვინმეს აწეწილობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

–                   ვაიმე! ნეტა რაშია საქმე, ბატონო არჩილ? – ცნობისმოყვარეობამ აიტაცა ჭორიკანა, თქვენ მაგასაც მიხვდებოდით, მითხარით რა, ბატონო არჩილ.

–                   როგორმე უჩვენოდ მოუვლიან თავიანთ საქმეს, ჩემო ძვირფასო!

ლიკას ყოველ დილას მაგიდაზე ხვდებოდა ყვავილები და ერთიდაიგივე შინაარსის ბარათი, იცვლებოდა მხოლოდ ბრძანების ნომერი.

***

–                   დედიკო, იცი, ის მინისტრი რა მაგარი კაცია?! აუ, მართლა მაგარია, რა მანქანაა… ჩვენი სკოლის შეფია უკვე. მასწავლებელმა თქვა მასეთი პატრონი ჩვენს სკოლას არ ჰყოლიაო.

–                   ვისზე ლაპარაკობ, შვილო – მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება ლიკამ შვილს.

–                   იმ მინისტრზე, ჩემი სახელი რომ ჰქვია. დაწყებითი კლასების ყველა ბიჭს ბურთები გვაჩუქა, ფეხბურთის წრეს ვაყალიბებთ. იცი, ხანდახან თვითონაც გვეთამაშება.

–                   თვითონაც არა?! – წამოვარდა ლიკა სავარძლიდან.

–                   ჰო, თვითონაც. მაგრამ კარგად ვერ თამაშობს, კარებში რომ იდგა, ჩემი დარტყმული ვერცერთი ბურთი ვერ აიღო. მე მოვუგე და ყველას ნაყინი გვიყიდა. ჯიგარია რაა! აი, მასეთი მამიკო მინდოდა.

–                   გაჩუმდი! – იკივლა ლიკამ, სასწრაფოდ მოისხა ლაბადა, ფეხსაცმელი ჩაიცვა და კიბეზე დაეშვა. ბავშვი გაოცებული დარჩა.

სამინისტროში მისულ ლიკას არავითარი ყურადღება არ მიუქცევია მდივანი ქალისათვის, რომელიც გაჰკიოდა.

–                   არ შეიძლება, ქალბატონო, მინისტრი დაკავებულია. ნუთუ არ გესმით? ვაიმე, რაღა ვქნა, ეს რა ხალხია, ვერ გავიგე!

ლიკა კარებში შევარდა და მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა მაგიდის ირგვლივ მსხდომი ათიოდე კაცი დაინახა. ხმა ვერ ამოიღო, ვერც უკან გაბრუნდა და ვერც წინ გადადგა ნაბიჯი. იდგა და გამეხებული თვალებით შესცქეროდა საბას.

საბა მონუსხულივით მიაჩერდა ქალს და გაიფიქრა, რამ დამიბრმავა თვალები, გაბრაზებულიც კი ლამაზია.

ლიკა ნაბიჯს არ დგამდა.

–                   მობრძანდით, გისმენთ, ლიკა! – თვით მინისტრი შემოეგება ქალს.

ლიკამ კბილებში გამოსცრა:

–                   ხვალ ორ საათზე გელოდები. თანახმა ვარ, მოვილაპარაკოთ.

***

–                   საოცრად გამოიყურები, ლიკა. – დილიდანვე შეაგება კომპლიმენტი სამსახურში გამოცხადებულ ქალს არჩილმა.

–                   შევეცადე – გაეღიმა ლიკას.

–                   ვისთვის შეეცადე?

–                   არც არავისთვის, საკუთარი თავისთვის მხოლოდ. დღეს მძიმე დღე მექნება. ჩემი ცხოვრება დღეს სასწორზე დგება.

–                   სასწორის ერთ მხარეს შენ და შენი შვილი ხართ, მეორე მხარეს კი ვინ?

–                   წარსული, არჩილ, წარსული.

–                   ესეიგი ის მინისტრი შენი წარსულია და არა მომავალი?

ლიკამ გაკვირვებით ამოხედა არჩილს და მხოლოდ ამოიოხრა.

–                   შენ რომ გგონია, ისეთი ძლიერი არა ხარ, ლიკა. რაიმეთი ხომ არ დაგეხმარო, მითხარი არ მოგერიდოს.

–                   გეტყვი. – მოკლედ უპასუხა ლიკამ.

დღის პირველ საათზე საბა ადეიშვილი ლიკასთან გამოცხადდა. თანამშრომლებმა ერთმანეთს გადახედეს. ლიკამ არაფერი შეიმჩნია. არც მის შესაგებებლად მომზადებულ საბას მიაქცია ყურადღება. დაასწრო, თვითონ გამოაღო მანქანის უკანა კარები და ჩაჯდა.

–                   რა უცნაური ქალია ეს ლიკა, ვერ გაიგებ რა უნდა. – აზრი გამოთქვა ერთ-ერთმა.

–                   შენ მაგას მართლა ვერ გაიგებ – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა არჩილმა.

–                   I’m sorry,  არჩილ ბატონო! ისევ დაანთხია გესლი ჭორიკანამ.

 

***

საით წავიდეთ, ლიკა?

არც საით, აქვე დავილაპარაკოთ. დაანებე ჩემს შვილს თავი.

–                   მომითმინე, მოლაპარაკება ორ საათზე იწყება. ჯერ მხოლოდ პირველია.

–                   მაშინ მე ჩავალ და ორ საათზე გამოვალ – კარის გასაღებად გაიწია ლიკა.

საბა მკლავზე სწვდა.

–                   ლიკა, ძალიან გთხოვ, ამდენი მუდარის შემდეგ რამდენიმე საათი მე დამითმე.

–                   მეგონა მარტო ბრძანებებს იძლეოდი, მუდარაც შეგიძია? მაინც რამდენი საათი გნებავთ?

–                   შვიდ საათზე სახლში მიგიყვან.

–                   ძალიან ბევრია. მხოლოდ სამი სათი, ნაცნობობით.

–                   ამისთვისაც გმადლობთ – თქვა საბამ და მანკანა დაქოქა.

ლიკამ საბა ზურგიდან შეათვალიერა, თითქოს თვალებით მოეფერა მის თმებსა და მხრებს.

სულელო, მე ხომ მთელი ცხოვრება შენ დაგითმე, თუმცა ვინაა ჩვენს შორის უფრო დიდი სულელი?! – გაიფიქრა ლიკამ და წუთის წინ თვალებში გაჩენილი უცნაური ნაპერწკალი ჩაიქრო.

საბამ მანქანა გადააყენა, გადმოვიდა, ქუჩა გადაირბინა და ვარდები იყიდა. ლიკა აყვირდა.

–                   არ მჭირდება. დავიღალე ამდენი ყვავილებით.

–                   ლიკა, იცოდე, ამ ვარდებს მაინც წაიღებ სახლში. მაძლევ ამის პირობას?

–                   მოლაპარაკებას გააჩნა.

საბას გაეცინა და მანქანას გასაღები მოარგო.

–                   საერთოდ, ლიკა, რამდენადაც მე ვიცი, ქალს ყვავილები არ ღლის. შენ ჩემს ყვავილებს ვერ იტან მხოლოდ.

–                   ქალს ისევე ღლის უაზრო და გადამეტებული ყურადღება, როგორც უყურადღებობა.

–                   მაშ უაზრო ყურადღება არა! – ნაწყენილი კილოთი მიუგო საბამ და გზიდან მკვეთრად გადაუხვია.

–                   საით მივდივართ?

–                   ჩემთან, აგარაკზე.

–                   არა, აგარაკზე არა! – განწირულივით შეჰკივლა ლიკამ.

–                   რატომ? ხომ არ გეშინია?!

სალონის სარკეში საბასა და ლიკას მზერამ ერთმანეთი გადაკვეთა.

–                   შენი არ მეშინია, მოგონებები არ მჭირდება.

–                   მაშ, შენ მოგონებების გეშინია, ესეიგი სწორად ვიქცევი.

ლიკამ აღარაფერი უპასუხა, გულში კი გაიფიქრა, იმდენს მაინც მოვახერხებ, რომ დაგიმტკიცო, თითქოს არაფრის მეშინია.

***

–                   აქ ყველაფერი შეცვლილია –  თვალი მოავლო გარემოს ლიკამ.

–                   ყველაფერი არა. გთხოვ შემო… – საბას ქალისადმი თბილი გრძნობა მოეძალა, მაგრამ მის გამწყრალ თვალებს წააწყდა და დადუმდა.

ლიკამ მუხლების კანკალით აიარა კიბე. საბამ კარები შეაღო და სტუმარი მოწიწებით შეიპატიჟა.

რა სიმდიდრეა ირგვლივ, – გაიფიქრა ლიკამ და გუმანით ერთერთი ოთახის კარი მოძებნა, მაგრამ უშედეგოდ. ნაცნობი ოთახის კარებს ვეღარ მიაგნო. საბა თითქოს მის ფიქრებს ჩასწვდა, მხარზე ხელი მოხვია და ერთ-ერთი ოთახის კარები შეაღო.

–                   ამ სილამაზეში, ლიკა, ეს ერთი, ჩემი ოთახი როგორც იყო, ისე დავტოვე.

–                   მართლაც საცოდავად გამოიყურებოდა ძველი, ცისფერი კედლები, რკინის საწოლი და დანჯღრეული კარადა.

–                   ლიკა ოთახის ზღურბლთან იდგა…

–                   მის წინ საწოლზეც ლიკა იჯდა, ოღონდ თორმეტი წლის წინანდელი ლიკა, დამფრთხალი თვალებით, შეგინებული, მიტოვებული, გაოგნებული. აკანკალებული ხელებით რომ იფარავდა შიშველ სხეულს და ვერ გარკვეულიყო რეალობაში.

ლიკას გააჟრჟოლა და კარებს მოშორდა.

–                   როცა ძალიან მიჭირს, ამ ოთახს მოვაშურებ და აქ ვისვენებ. ხომ გჯერა ჩემი,ლიკა?

–                   ლიკამ საბას ისე შეხედა, თითქოს ახლა შენიშნა მისი არსებობა.

–                   მე შენი უნდა მჯეროდეს?! ეგ რაა, მოლაპარაკება უკვე დაიწყო?მაშ, ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა ბავშვს აღარ მიაკითხო.

–                   ლიკა, ძალიან ჩქარობ, მე შენს წინაშე შეიძლება დავაშავე, მაგრამ მის წინაშე არაფერი დამიშავებია. მისი არსებობა არ ვიცოდი.

–                   დედამისის არსებობა რატომ დაგავიწყდა?

–                   სამაგიეროს ამით მიხდი?!

–                   ლიკას შერცხვა.

–                   საბა, ეს სამაგიეროს გადახდა არ არის. ბავშვმა იცის, რომ მამა მოუკვდა, ახლა რა ვუთხრა? მას მისი ცხოვრება აქვს.

–                   ესეიგი მე მკვდარი ვარ! და ამას უნდა შევეგუო. კი მაგრამ, მე რომ საერთოდ არაფერი მითხარი, რა იფიქრე?

–                   საბა, ახლა, ამ გადასახედიდან გაცილებით ადვილია ყველაფერი.

–                    მაგრამ შვილი? ბავშვი რა შუაშია?! მე ხომ არაფერი ვიცოდი.

–                   კი, მაგრამ მე როგორ უნდა მეთქვა, ან რა უნდა მეთქვა, საბამ გამაუპატიურა – მეთქი? მე ხომ ვიცოდი, რომ ასე არ იყო. ან იქნებ, მეთქვა შემთხვევით ორსულად ვარ და ხომ არ მიპატრონებ-მეთქი.

–                   მე უნდა მცოდნოდა, რომ შვილი მეყოლებოდა.

–                   ეს მეც ვიფიქრე, მაშინ. რამდენიმე ვარიანტი იყო, საუკეთესო შემთხვევაში მამობას აღიარებდი. მაგრამ რომ არ მოქცეულიყავი ასე? ჩემთვის რომ გეკადრებინა ბავშვის მამა მე არა ვარო, ან კიდევ ფული რომ მოგეცა აბორტი გაიკეთეო, მაშინ?..მაშინ რა მოუვიდოდა ჩემს გრძნობებს?! კიდევ, ლოდინი ვარჩიე. თუ მომნახავს, ვეტყვი-მეთქი. შენ კი არ გამოჩნდი.

–                   როგორ გამოვჩნდებოდი, სანამ ეს ამბავი გადავხარშე…

–                   რა ამბავი, ქალთან რომ იწექი?!

–                   ლიკა, ნუ დამცინი. ყველა ქალს, ვისთანაც ვიწექი, მე არ მოვნახავდი და არ შევეკითხებოდი როგორ ხარ, ხომ არ დაგაორსულე-მეთქი. შენ კი სხვა იყავი. შენი ამბავი იმიტომაც დამრჩა გადასახარშავი, რომ პირველი ვიყავი და ამას არ ველოდი. სანამ მივხვდი რა ტკივილი მოგაყენე, ავარია მომიხდა. ის თეთრი ვოლგა ხომ გახსოვს, დავამტვრიე და თითქმის ექვსი თვე გაუნძრევლად ვიწექი. მერე კი…

–                   მერე კი მთლად დაგავიწყდი.

–                   არ დამავიწყდი, განუწყვეტლივ-მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ ხანდახან მახსენდებოდი.

–                   ის უფრო დანაშაულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა იყო ალბათ.

–                   შეიძლება, მაგრამ ვფიქრობდი, რომ შენ აღარ გახსოვდი. ისე, მაინც სად დაიკარგე? ერთხელაც კი აღარ შემხვდი.

–                   გინდოდა შეგხვედროდი?! ალბათ, ისევ გასართობად. მამაკაცები ასე ხართ, ქალს ნდობას და გამოუცდელობას ქარაფშუტობად უთვლით და იყენებთ. შემდეგ შეხვდებით დაბრძნებეულ ქალს და ჩათვლით, რომ სწორედ ის არის ოჯახის, სიყვარულის და ერთგულების ღირსი. და შეგრჩებად ხელში სხვასთან დაბრძენებული ოჯახის დიასახლისი. ხომ შეიძლება თქვენთან დაშვებული შეცდომა და ქარაფშუტობა აპატიოთ, გაუგოთ. ამას მამაკაცები ვერ ხვდებით, ვერ შიფრავთ. აი, მე შენს მერე ვერავინ მომატყუა. ვერ მაცდუნა. შენთან თუ თავნება და სულელი ვიყავი, ახლა ჭკვიანი და თავდაჭერილი ქალის იმიჯი მაქვს.

–                   ლიკა, მას შემდეგ არავინ გყოლია?

–                   ჰმ, მას შემდეგ სიყვარულის ღირსად არავინ ჩამნითვლია.

***

სიჩუმეს არც ერთი არ არღვევდა. საბა თავის თავს ელაპარაკებოდა: გამოტყდი, ვაჟბატონო, ყველაფერი გაცილებით ადვილი გეგონა, რომ გაიგე, ქმარი არ ჰყავსო, საყვარლადაც დაისვი ხომ?! მაინც რა კერპი გამხდარა. რა ლამაზია, როგორ დაუმშვენებია ქალობა!

–                   დრო იწურება, ჩვენ კი მთავარ საკითხზე ვერ შევთანხმდით. – საბას ფიქრებს შეეხმიანა ლიკა.

–                   რომელ საკითხზე?

–                   ჩემს შვილს აღარ ნახავ.

–                   გამორიცხულია, ის ჩემი შვილიცაა. ბავშვსაც ვნახავ და მის დედიკოსაც. ახლა კი, ვისადილოთ.

–                   მე არაფერი მინდა.

საბამ ქალის უარს ყურადღება არ მიაქცია და სახელდახელოდ ლამაზი სუფრა გაშალა. ჭიქა აიღო და შეეცადა მისთვის პირდაპირ თვალებში ეცქირა. ლიკამ კი ამის საშუალება არ მისცა.

–                   ლიკა, ძალიან მინდა ისევ გიწოდო, ჩემო ლიკა, მაგრამ ამის უფლება აღარ მაქვს, დაგკარგე. სულ თვალს მარიდებ, ვერაფრით შევიგრძენი მათი ძველებური სიღრმე. არადა, ისე მომენატრა. ცხოვრება მოულოდნელობითაა სავსე, სასიამოვნო თუ უსიამოვნო მოულოდნელობით. შეიძლებოდა ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა. იცი, როცა გვერდით გყავს, მისი ფასი არ იცი. დაკარგავ და მიხვდები, რა ძვირფასი ყოფილა. მე მართლა გეძებე. ვიცი არ გჯერა და არც მიკვირს…

–                   საბა, მე შენი აღსარების მოსასმენად არ მოვსულვარ. თუ სინდისი ან სული გაწუხებს, მოძღვარს მიმართე.

–                   ნუ გამაწყვეტინებ, იმას გეუბნებოდი, გეძებე და ვეღარ გიპოვე-მეთქი. საკმაოდ ასაკოვანი დავქორწინდი. დღეს შენ თერთმეტი წლის ბიჭი გყავს, ჩემი შვილი, მე კი – არავინ.

–                   რატომ? მეუღლე ხომ გყავს?!

–                   დიახ, მყავს, მაგრამ მე მაინც მარტო ვარ.

–                   ეგ უკვე შენი პრობლემაა და სხვათა შორის დრო ამოიწურა.

–                   დრო ამოიწურა? ხომ ხედავ რამდენი რამ გვქონია ერთმანეთისთვის სათქმელი. დროში ვერ ჩავეტიეთ. შენ გაგიმარჯოს, ჩემი საბას გამჩენს.

ლიკას თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა.

–                   შენი საბას გამჩენს, არა? მერე იცი რა იწვნია ამისათვის საბას დედამ? მშობლები გავაწბილე, ვერ დავრჩი შენსავით დამჯერი შვილი. შენ ხომ მიჰყევი ოჯახის ტრადიციებს. შეირთე ცოლი, რომელიც ხიდი იყო შენს კარიერასა და ოჯახს შორის. მე კი მამას გავუცრუე იმედები. ნიავს ხომ არ მაკარებდა, ტყავის ქამრით მომდგა. მე კი გამხეცებულს ფეხებში ჩავუვარდი და შვილი არ მომიკლა-მეთქი, შევევედრე. ამ სიტყვებმა მამა შეაჩერა. მერე ბავშვი წლების განმავლობაში რაიონის მიყრუებულ სოფელში მყავდა. მამიდა მეხმარებოდა – ძლივსძლივობით ყვებოდა თავის ამბავს ქალი.

–                   რას არ ვაკეთებდი, რომ ბავშვი გამეზარდა. შენს მოსაგონებლად აღარც კი მეცალა. ძილის წინ, მარტო რომ დავრჩებოდი, დავფიქრდებოდი და მეცოდებოდი. მეცოდებოდი, რომ არ შეგეძლო ჩვენი ბავშვის ღუღუნით დამტკბარიყავი. მისი სურნელი შეგეგრძნო. ეს ისეთი ბედნიერება იყო, მარტო ჩემთვის მენანებოდა, მაგრამ მაინც მარტო ვიყავი. შენს წარმატებებს ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს. ვერ გეტყვი მიხაროდა-მეთქი. გამოუცნობ ტკივილს და შენ წარმოიდგინე, ზიზღს ვგრძნობდი. ბოლოს მამამ მაპატია და აქამდე მოვაღწიე. ახლა კი ისევ შენ გამოჩნდი და გინდა ისევ ამირიო ცხოვრება. ისევ და ისევ შენ.

***

საბა გულდაწყვეტილი უყურებდა ლიკას. ბოლოს წამოდგა, მისკენ შემოატრიალა, ისევ უშედეგოდ შეეცადა მის თვალებში ჩაეხედა. სასწაულად უნდოდა როგორმე დაემშვიდებინა ქალი, მაგრამ ვერ გაბედა და მხოლოდ ეს უთხრა:

–                   მაპატიე, ლიკა, ყველაფერი მაპატიე.

–                   აქ პატიების საკითხი არაა მთავარი. საბა, მე შენი მსაჯული არა ვარ. ბავშვს უნდა დაანებო თავი. მოგვეცი მშვიდად ცხოვრების საშუალება.

საბამ ხელი შემოხვია ლიკას და გულზე მიიკრა.

–                   ლიკა, ყველაფერზე უარს ვიტყვი. არც თანამდებობა მიღირს რაიმედ, ოღონდ მაპატიეთ და თქვენთან მამყოფეთ.

ლიკა უცებ გახევდა, გაკვირვებულმა შეხედა კაცს, ხელები გულზე ჰკრა და მოიშორა.

–                   ეგ რამ გაფიქრებინა! მერე შენი ცოლი? მან რაღა დაგიშავა? კიდევ ერთი უდანაშაულო ზვარაკი. კიდევ ვიღაცას უნდა ატკინო გული. კიდევ ერთმა ქალმა უნდა გამოსცადოს ის, რაც მე გამოვცადე – გაცრუებული იმედები. კიდევ ერთმა ქალმა უნდა იფიქროს, რომ მოღალატე და უპასუხისმგებლო ხარ და ყოველივე ეს ჩემი მიზეზით უნდა მოხდეს?! უფალო, შემიწყალე და ამ გზაზე ნუ დამაყენებ. ნუთუ ასეთი ეგოისტი გგონივარ, საბა?!

–                   დამშვიდდი ლიკა, არასოდეს მიფიქრია, რომ ეგოისტი ხარ, მაგრამ მე რაღა ვქნა, მეც ხომ ადამიანი ვარ. ნურც მე მაქცევ ზვარაკად.

ლიკა მოეშვა, ღრმად ჩაეშვა სავარძელში და გაირინდა. რამდენიმე წუთში მთელი ცხოვრება თვალწინ წარმოუდგა. როგორი თავდავიწყებით უყვარდა საბა, რა ბედნიერი იყო მასთან, მერე დაშორების სიმწარემაც გაახენა თავი, მაგრამ საბამ ხომ მას პატარა საბა აჩუქა.

წამოდგა, თითქოს ფიცს წარმოსთქვამსო, ისე დაიწყო:

–                   დიახ, მე ეგოისტი არა ვარ, ამიტომ ასე გადაწყვიტე. შენ თვითონ მოახერხე ბავშვთან დაახლოება, ვიცი არ გაგიჭირდება, როცა საჭიროდ ჩათვლი, შენ თვითონ უთხარი ყველაფერი. მე მეტი აღარ შემიძლია. რათქმა უნდა ვერც ცოლს მიგატოვებინებ და ვერც საყვარლობას დაგპირდები, არ მიყვარს ორმაგი თამაშები. მე არჩილ ჩარკვიანი მელოდება. ის იმსახურებს ჩემს სიყვარულს. ახლა კი სახლში წამიყვანე.

საბა უხმოდ დაეთანხმა ქალს, ლაბადა ისე ნაზად მოახურა, თითქოს ეშინოდა არაფერი დაშავებოდა.

***

უკან დაბრუნებისას ხმა არცერთს არ ამოუღია. საბა სარკეში ათვალიერებდა ლიკას. თვალებით ესიყვაულებოდა და რამდენადაც შეეძლო წელავდა გზას, რომელიც ბოლოს მაინც დასრულდა. ლიკა მანქანიდან გადმოვიდა, ანიშნა, არაფრის თქმა არაა საჭიროო და სახლისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ უცებ შემოტრიალდა.

–                   ერთი წუთით, საბა!

საბას გული გადაუქანდა. ლიკამ მანქანის კარები გამოაღო:

რამ შეგაშინა, არაფერი გადამიფიქრებია, ჩემი ვარდები უნდა ავიღო მხოლოდ.

საბა აღელვებული გადმოვიდა, ლიკას ხელზე ეამბორა და უთხრა:

–                   გმადლობთ, ლიკა. ჩემს უწინდელ გრძნობებში შეძლება ეჭვი შეგეპაროს, მაგრამ ახლა ნამდვილად მიყვარხარ.

ლიკამ ქვემოდან ამოხედა საბას. კაცმა უმალ იგრძნო ქალის თვალების უწინდებური სილამაზე და ამ თვალებში ის საოცნებო ნაპერწკალიც დალანდა, ჟამ და ჟამ, მოწყენისას გულისგულს რომ უთბობდა.

Read Full Post »

პალმა


სრულიად ახალგაზრდა იყო საკმაოდ მოზრდილი უბნის გამგებლად რომ დანიშნეს.

კაბინეტში შესვლამდე საკრებულოს ეზოში მოწყობილი სკვერის შუა გულში პაწაწინა პალმა დარგო.

უბრალო კი არა, ფინიკისა, საუკეთესო ჯიშისა.

–         სწორედ ფინიკის პალმა ითვლებოდა გამარჯვების სიმბოლოდ ოდითგანვე. გამარჯვების ქალრმერთი ნიკე პალმის რტოთი ხელში გამოისახებოდა ყოველთვის. პალმა აგრეთვე ნაყოფიწერების კლასიკური ემბლემაა. მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დატვირთვა აქვს. არაბეთში -სიცოცხლის ხედ, ჩინეთში – ღირსების სიმბოლოდ მიიჩნევებ. ქრისტიანულ ქვეყნებში უკვდავების, წამებულის სიკვდილზე გამარჯვების, სამოთხის სიმბოლოა. ეგვიპტეში – კალენდარულ ხედ მოიაზრდება, რომეოლიც ყოველ თვეში ახალ ტოტს იძლევა. ისა არ ექვემდებარება მასზე დაწოლილ სიმძიმეს. იმარჯვებს და ტკბილ ნაყოფს ისხამს. ვინც ღმერთსაა მინდობილი, ვისაც ჭეშმარიტი ლოცვა შეუძლია, მას ყველა სირთულის გადალახვაში ეხმარება და მფარველობს.

ასეთი დიდი სიყვარული და ფაქიზი გრძნობა აკავშირებდა ახალ არჩეულ გამგებელს ამ ხესთან.  მასსავით გამარჯვებას, გამძლეობას და ატანას ესწრაფვოდა.

ტკბილი ნაყოფი ეიმედებოდა და მისი მფარველობის იმედი ჰქონდა.

ახალგაზრდობის გამო ეჭვით მომზირალნიც არ აკლდა.

თვითონ მას მორიდებულ გამოხედვაში საოცარი მიზანი აღბეჭდოდა.

თუმცა ამხელა ნდობაა?

თავს არ შეირცხვენს. ყველაფერს გააკეთებს და ნდობას გაამართლებს… ხალხს არ უღალატებს…

–         ხედავთ, ჩემი პალმა რა პატარაა?! ვნახოთ, აქედან რომ წავალ, რამოდენა იქნება.

მალე წასვლას არც აპირებდა.

გასაჭირს არ უშინდებოდა. პირიქით, სამუშაო უფრო საინტერესო უხდებოდა.

დიდი ამბიციები არ აწუხებდა.

საქმე ჰქონდა და ბედნიერი იყო.

როგორც შეეძლო, ეხმარებოდა ობოლს და გაჭირვებულს. სხვისი არასოდეს მიუთვისებია.

თვითკმაყოფილება არასდროს აწუხებდა.

სიზარმაცეს და უპატიოსნებას ვერავინ წამოძახებდა.

ირგვლივ მყოფთ კარგად ესმოდათ მისი.

არც დაჩაგრული მომჩივან-მოდავე ჰყოლია ოდესმე.

საქმე იცოდა, თავს არ ზოგავდა.

არც ყველაფერში ეჩხირებოდა, ორიგინბალურობისა და განათლებულობის დასამტკიცებლად.

რაში სჭირდებოდა…

სახელთან ერთად პალმაც იზრდებოდა.

წლებად ქცეული წამები – მოხვეჭილი სახელი და ჭაღარა.

დიდი თუ პატარა მას ბატონი ამირანის პალმას ეძახდა.

–         გაიგე, კაცო, ბატონი ამირანი ავად გამხდარა. ვერა აქვს საქმე კარგად.

–         რას ლაპარაკობ, ძალიან მეწყინა, კაი კაცი ყო. – რატომღაც უმალვე წარსულ დროში გადავიდა შეწუხებული მოსაუბრე.

–         ღვთის შეწევნით ჯერ კიდევ არის, მაგრამ…

–         რას იზამ, იგი წავა და სხვა მოვა – ძალიან ადვილად მოაგვარა საქმე გულგრილობამ.

და შექიმნა ტრიალი…

ვინ აღარ დატრიალდა… უფრო უღირსნი…

ზოგიერთს საკრებულოს გამგებლობა ტრამპლინად სჭირდებოდა და თავი ნახტომშიც წარმოედგინა.

ზოგიერთებისთვის კი ისე უმაღლეს მწვერვალად ქცეულიყო და მის დასაპყრობად ყოველგვარ ღონეს ხმარობდა.

სარგებელს რომ ხედავენ, ღვაწლს ივიწყებენ.

არავის ახსოვდა ჯერ კიდევ ცოცხალი გამგებელი…

ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

გაუფერულებული ისევ მის პალმას ეფერებოდა.

ის კი გაზრდილიყო და რკალივით მოხრილი ტოტები გაემრავლებინა…

სიმაღლით პატრონი კარგა ხანია დაეჯაბნა.

ხუმრობა ხომ არაა ოცდახუთი წელი.

–         რაღა დროს მაგის მუშაობაა.- ჩიოდნენ გაწბილებულნი. – თურმე არც ავადმყოფობა აპირებდა უკან დახევას.

ცოლისა და ვაჟიშვილის საუბარს მოჰკრა ყური.

–         ექიმმა თქვა მეორე ოპერაცია საჩქარო არააო. მანამდე ამ ოპერაციის ვალს გადაიხდით. მერე…

–         ოღონდ მამა კარგად იყოს და რაღაც იქნება.

–         მაგრამ რა? რისი იმედი გაქვს?

შერცხვა…

ტვირთად იგრძნო თავი…

თვით იწყო გამოსავლის ძებნა.

გაახსენდა ერთმა მისი პალმის ყიდვა ისურვა. მაშინ არ დაეთანხმა. ახლა თვიჩონ მიაკითხა…

ატყდა განგაში…

პალმა გაიყიდა!

–         რა უფლებით გაყიდეთ საკრებულოს ეზოში დარგული სახელმწიფოს საკუთრება?!

–         ვინ დარგო, ვინ გაზარდა, საერთოდ არ მაინტერესებს.

–         უდიდეს პატივს გცემთ და სამ დღეს გაძლევთ, რომ პალმა ძველ ადგილზე დააბრუნოთ. – სამი დღეც მიამადლა უდიდესმა პატივისცემელმა.

დასჯილი ბავშვივით თავჩაქინდრული იდგა…

შინაგანად მათ ეთანხმებოდა.

–         გარემოს დაცვა შენ არ გეხება?! ბუნებას ასე უნდა უფრთხილდებოდე?! ”ტყე შეუნახე შვილებსაო”, ეს მაინც არ გაგიგონია?! ვინ გაპატიებს მაგას! იცით რამდენი სახის დანაშაული ჩაიდინეთ? ხე როგორ გაყიდე კაცო?!

განა ეს თვითონაც არ უკვირდა?

მხოლოდ მან იცოდა, როგორ გაყიდა…

ისევ გამოჩნდა პატივისმცემელი და სხვა პალმა მოუძებნა საყიდლად, რადგან მისი უკან აღარ დაუბრუნეს.

მომენტი დაუჭირეს…

ორმაგი გადაახდევინეს.

ვალს ვალი მოემატა, დარდს-დარდი.

–         პალმა რომ გაყიდა, არ იცოდა სხვასაც ეკუთვნოდა წილი?! კაცმა გაყოფაც უნდა იცოდეს… სხვაზეც უნდა იფიქროს.

–         ხომ დავარგვევინე ისევ, რა ეგონა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო.. კანონები მეც ვიცი, მაგარი ვარ!

–         კი, კი მაგარი ხარ. კაცი ერთ პალმას გადააყოლეთ. ვითომ არ იცოდით რატომ გაყიდა! ამირანს ისე რომ ეცხოვრა, როგორც იმ პალმის მყიდველს, პალმის გაყიდვაც არ დასჭირდებოდა. შენ კი ნამდვილად ბუნების ქომაგი ხარ. პალმა მართლაც დაიცავი.

საერთოდ ორიგინალურები ვართ ქართველები და კაცის გაწირვაც ორიგინალური ვიცით.

ავადმყოფს მეორე ოპერაცია აღარ დასჭირდა.

გულმა უმტყუნა.

ღვაწლმოსილი პიროვნების გასვენებაში საპატიო სტუმრების სიმრავლე იყო.

ზოგიერთებმა გაკვირვებით ჩაულაპარაკეს ერთმანეთს:

–         საოცარია, კაცი ოცდახუთიო წლის ასაკში გამგებელი იყო და ასეთი ჩვეულებრივი სახლ-კარი?!

–         მაგას მაგის მარიფათი სად ქონდა. წესიერად ერთი ხეც ვერ გაყიდა.

ეს მათთვის ჩაიქირქილეს, ისე კი გულის ამაჩუყებელი და ტკბილი სიტყვებიც არ დაიშურეს.

სამგლოვიარო პროცესია ფეხით გაემართა გამგებლის სამუდამო მოსასვენებლისკენ.

მთელი ამალა მიაცილებდა…საჩინონი და უჩინონი…

მოულოდნელად პროცესია შეაჩერა სატვირთო მანქანების მოზრდილი კოლონიის გაბმულმა სიგნალმა.

–         რა უპატივრცემულობაა პროცესიის შეჩერება! – აღშფოთდა ხალხი.

–         მიცვალებულისთვის ვის ცალია, ვერ ხედავთ რა მიაქვთ?!

–         ღმერთო ჩემო, გაიჩეხა საქართველოს ტყეები, პატრონი კი არავინაა.

–         ცოცხლად გვმარხავე სწორედ!

–         უმსხვილესი და უძვირფასესი ხის მორებით დატვირთული ოცამდე სატვირთო მანქანა სარფის საბაჟოსკენ ისე მიიჩქაროდა, მიცვალებულისადმი პატივის გამოსახატავად ნამდვილად არ ეცალათ.

Read Full Post »

 თითქოს სულ ახლახან დამთავრდა ბავშვობა…

დღეს კი სკოლის დამთავრებიდან ოცი წელი უნდა აღვნიშნოთ.

მაინც რა მალე გადის დრო-კაცობრიობის მუდმივი წუხილი.

დიახ, დრო მიქრის…

წუთითაც არ უნდა დაყოვნდე, თორემ ჩამორჩები. ფუჭად დახარჯული დრო კი უეჭველად სანანებელი გახდება შემდგომ.

რესტორნის წინ რიგრიგობით ჩამწკრივდა მსუბუქი მანქანები და დარბაისელი მამაკაცებითა და ელეგანტური ქალბატონებით გაივსო ეზო.

–         ის ვინაა? მგონი მაიაა ვაშაკიძე. ის ვაჟკაცი ალბათ შვილია მისი. ხედავთ რამხელა შვილი ჰყავს?!

–         რათქმა უნდა ეყოლება. დაგავიწყდა, კლასში პირველი მაია გაგვითხოვდა.

–         მაიკო, აქეთ – აქეთ.

ქალმა მიმოიხედა და გაღიმებული გაემართა ერთად შეგროვილი თანაკლასელებისაკენ.

გაისმა მხიარული კისკისი. მონატრებული ამხანაგები ერთმანეთს ეხვეოდნენ.

–         შენ ომარი ხარ? სულ არ შეცვლილხარ. ქოჩორი შეგთხელებია მხოლოდ.

–         ქოჩორს ნუ შეეხებით, მტკივნეულია. ეს შენი ვაჟკაცია? რა გქვია, ბიძია, შენ?

–         მირზა!

–         ვახ, შენ გენაცვალე! კარგი სახელია.

ყმაწვილი აღტაცებით შეჰყურებდა დედის თანაკლასელებს.

–         მზია, ნუთუ ეს შენ ხარ?! არ ბერდები ხომ?! როგორა ხარ? სად მუშაობ?

–         სკოლაში, ბიოლოგიას ვასწავლი.

–         ისევ სკოლაში ხარ? ნუთუ? გახსოვს მე და შენ ელენე მასწავლებელი ერთ მერხზე არ გვსვამდა, ილაპარაკებთო.

–         მე და რომანი კი ბოლომდე ერთ მერხზე ვიჯექით, ხომ, რომა? – ბავშვობის მეგობარი დაიმოწმა ირინემ.

–         თანაც სულ მეჩხუბებოდი.

–         მე კი არა, შენ მეჩხუბებოდი. მახსოვს ერთხელ მთელი სერიოზულობით გითხარი, რომა, შენ ისეთი ხუმარა ხარ, სკოლას რომ დავამთავრებთ, ცირკში კლოუნად იმუშავე-მეთქი. მე რჩევა მოგეცი, შენ კი ისე გაბრაზდი, ძლივს გაგასწარი.

–         კლოუნად არა, მაგრამ ხანდახან ზამთრობით თოვლის პაპად ვმუშაობ. საინტერესოა.

–         აი, ხომ ხედავ, ნიჭმა მაინც არ მოგცა მოსვენება.

–         გახსოვს, ერთხელ მთელი კლასი გაგვაცინე, შენ თვითონ კი ჩვეულებრივი, სერიოზული სახით იჯექი. ელენე მასწავლებელმა გითხრა – აი, ესაა ნამდვილი ხელოვნება, ბარამიძე, ისინი იცინიან, შენ კი არა. ეს რომ მოახერხე, მართლაც კარგი ბიჭი ხარო.

–         რომან, ექსკურსიაზე შენს მიერ წაკითხული ლექსი თუ გახსოვს?-ღიმილით შეეხმიანა მანანა. რომანი გაოცებული მიაჩერდა მას.

–         მერე რა გამოთქმით კითხულობდი:

”აქეთ – იქეთ, იქეთ – აქეთ,

აქეთ – იქეთ, იქეთ – აქეთ”

ჩვენც ინსტიქტით ხან იქეთ გავიხედავდით, ხან აქეთ. მოკლედ გვაბზრიალებინე თავები.ელენე მასწავლებელი კი გადარიე. არასოდეს რომ არ უკადრებია, სულ დებილი გეძახა.

–         ბავშვებო, ელენე მასწავლებელი როგორაა, ნახულობთ?

ბავშვებოს დაძახებაზე ყველას გაეცინა, მაგრამ ამ წუთში ეს სიტყვა ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო, ყველას თვალებში სიამის მგვრელი სხივი გაუბრწყინდა.

–         ელენე მასწავლებელი მოგვიხუცდა. ამას წინათ დაბადების დღე მივულოცეთ, ოთხმოცდახუთი წლისაა უკვე, მაგრამ საოცრად ლამაზი, წელში გამართული და საღად მოაზროვნე. სასიამოვნოა მასთან საუბარი. ვაჟა დავითაძე მოიყვანს დღეს საკუთარი მანქანით.

სანამ ვაჟები საორგანიზაციო საქმეებს აგვარებდნენ, ქალებმა მათთვის ჩვეული საქმიანობა ”ჭორაობა” წამოიწყეს.

–         ლეილა, გახსოვს შენ და ომარიმ საორგანიზაციო კუთხეს მინა რომ ჩატეხეთ?! ელენე მასწავლებლის რისხვა იმ დღის მორიგეებს დაგვატყდა თავს – სიცილით იხსენებდა ბავშვობას ჩვენი აბო – ნანუკი აბესლამიძე.

–         კარგად კი მოიფიქრეთ მორიგეებმა. შენ ყვავილებს რწყავდი და არაფერი დაგინახავს, მიქო ჩვარს რეცხავდა, შლანგო კი მას ეხმარებოდა. მოსე კი უბრალოდ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. მოკლედ, არავის დაუნახავს, არავის გაუგონია, არავინ იცის. საბოლოოდ გადავრჩით არა?!

–         გადავრჩით, იმიტომ რომ მეორე დღესვე ჩავსვით მინა. ელენე მასწავლებელი მინის გამტეხს არ დასჯიდა, მაგრამ მიცემული პირობა რომ არ შეგვესრულებინა და მეორე დღეს მინა ჩასმული არ ყოფილიყო, აი მაშინ კი ნამდვილად დავისჯებოდით. უპირობო კაცი არ უყვარდა ელენე მასწავლებელს.

–         იცით რა, ახლა უფრო მიკვირს, მას ოთხი შილი ყავდა. მეუღლე, ოჯახი, ავადმყოფი დედა და წარმოიდგინეთ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ჩვენც სულ კუდში დაგვსდევდა. როგორ ახერხებდა ამდენს?! მართლაც მიკვირს.

–         გახსოვს, მედიკო, მე, შენ და მარინემ, მაღაზიაში, ლეიბებში რომ დავიმალეთ?! გაოცდა ქალი, ვერსად გვიპოვა.

–         მერე რას ვგავდით, ბამბის მტვერში ამოგუნგლულები!-კისკისებდა ნანა.

–         ის ვინაა?

–         ჩვენი რეზიკოა მეუღლით.

–         გოგონებო, ჩვენს ბიჭებს შორის ყველაზე ლამაზი ცოლი რეზოს ჰყავს მგონი.

–         შენ ყველა რძალს არ იცნობ და ასე რატომ ლაპარაკობ.

–         არ ვიცი, რეზოს ცოლი ერთ იტალიელ მსახიობს გავს და მართლაც ძალიან ლამაზია.

–         გოგონებო, ჩვენი ჯაბა სადაა? არ მოვა ნეტავ?

–         არ იცი? ჯაბა გერმანიაშია, იქ ცხოვრობს. იშვიათად ჩამოდის. გული მტკივა, როგორ დავკარგეთ ეს ბიჭი.

–         აგერ, ჩვენი თამუნაც თურქეთში ცხოვრობს, მაგრამ მოახერხა ჩამოსვლა.

–         ჯაბა ძალიან დაკავებულია. მე ნუ შემადარებთ – გამოუსწორა საქმე ამხანაგს თამუნამ.

–         გოგონებო, მახსოვს პირველად ჯაბას გვარი რომ გავიგონე, დედას ვუთხარი, ჩვენს კლასში ერთ ბიჭს აჯიბას ეძახიან, მაგრამ ვერ მივხვდი გვარია თუ სახელი-მეთქი. მაშინ გავიგე, რომ ადამიანები იყოფოდნენ ქართველებად, აფხაზებად, რუსებად… ჩვენთვის კი ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა. ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვთამაშობდით, აბსოლიტურად თავისუფალი ვიყავით. ნუთუ ბავშვები დიდებზე უფრო ჭკვიანები არიან. ჯაბას სახით მთელი აფხაზეთი მიყვარდა. მითუმეტეს რომ სწორედ ჯაბა იყო  ჩემი პირველი სიყვარული.

–         ეხლა გამოტყდი ხომ?! – ნანას ირგვლივ შემოეხვივნენ მეგობრები და კინაღამ ძველებურად თავში წაუთაქეს. მან კი ამოიოხრა და თქვა:

–         ღმერთო, როგორ დავიფანტეთ. ვინ იფიქრებდა წლები ისე გავიდოდა ერთმანეთს ვერ ვნახავდით.

–         კი მაგრამ, სადაა მირზა ცინცაძე? რატომ იგვიანებს? –  აღელვებით მოიკითხა თამუნამ.

–         მირზა სადაა, რას გაიგებ. სამი წელი საფრანგეთში იყო, ბოლოს მოსკოვში მყოფს ველაპარაკე ტელეფონით, თვითონ დამირეკა. მგონი არც დაოჯახებულა. ბათუმში თუა, აუცილებლად მოვა და მის ოჯახურ მდგომარეობასაც აუცილებლად გავიგებთ – დაასკვნა დიანამ.

–         მე კი ნამდვილად ვიცი, მირზა ბათუმშია. ბზობას ვნახე ეკლესიაში. სულაც არ შეცვლილა. ხალხმრავლობის გამო საუბარი ვერ მოვახერხეთ.

–         მეც ვნახე, ყველა მოგვიკითხა და გნახავთო დამპირდა – საბოლოოდ დაამტკიცა დალიმ.

–         რომ გავიგე მირზა დაბრუნდაო, გავიხარე და ვიფიქრე, ახლა ყველას ჩამოგვივლის, გვინახულებს, შეგვკრებს, როგორც მას ჩვევეია და მის დაბრუნებას ავღნიშნავთ – მეთქი.

–         გეთანხმები, და იცი რაშია საქმე? ჩვენ სულ მას ველოდებით. ჩამოსულა და იმედი გვაქვს, გვინახულებს და არცერთს აზრადაც არ მოგვსვლია ჩვენ ვინახულოთ. რა საჭიროა, ამას თვითონ მირზა გააკეტებს. ის ხომ ისეთი კეთილია, არაფერზე გვისაყვედურებს.

–         რა ვუყოთ, თვითონ მიგვაჩვია.

–         უნდა გადავეჩვიოთ. ყოველთვის მისი სიკეთით არ უნდა ვისარგებლოთ. მასაც სჭირდება ყურადღება.

–         მართლაც, ის ყოველთვის უზომოდ  კეთილი იყო. მისთვის სულ ერთი იყო ლამაზი თუ ულამაზო, ყველა გოგონას თბილად ელაპარაკებოდა.

–         ის დღესაც ასეთია, ყურადღებიანი, მოსიყვარულე და კეთილი.

–         ქეთი, შენს შვილს მირზა ქვია, არა?! ჩემს ბიჭსაც მირზა დავარქვი.

–         მგონი თამრიკოს ბიჭსაც მირზა ჰქვია.

–         რუსიკოს შვილსაც.

ძველმა დაქალებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი ატეხეს.

–         ეს უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს. ხომ იცით. ეკატერინე ჭავჭავაძემ პირმშოს ნიკოლოზი შეარქვა. თქვენც ხომ ამის მიხედვთ არ შეარჩიეთ სახელი.

–         ყველაფერიგასაგებია –  თითქოს ეხლა გამოფხიზლდა მედეა –  კი, მაგრამ ყველას გიყვარდათ?!

ქალების კისკისმა მოიცვა გარემო.

–         განა მარტო ჩვენ?! მოზრდილი კლასის თითქმის ყველა გოგონა მასზე იყო შეყვარებული. ნუთუ დაგავიწყდათ?

–         თვითონ არც კი გათამამებულა, თავი ამის ღირსად არ მიაჩნდა. აკვირვებული იღიმებოდა მხოლოდ.

–         ახლა რაღა დროისაა, მაგრამ მე შვილიშვილს დავარქმევ მირზას – თავისებური იუმორით ჩაერთო ირინე.

ეხ, ჩვენო ბედნიერო ბავშვობავ და გაფრენილო ოცნებებო!

ამ დროს ტაქსი გაჩერდა და იქედან ახოვანი მამაკაცი გადმოვიდა. ლაღი, სიცოცხლით სავსე, ხალისიანი ღიმილით გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, მისთვის ჩვეული ჟესტით – მაღლა აღმართული გაშლილი ხელით შორიდან მიესალმა იქ მყოფთ.

–         მირზა! – ერთხმად წამოიზახეს ქალებმა და ჯგუფად დაიძრნენ დიდი ხნის უნახავ მეგობართან თუ პირველ სიყვარულთან შესახვედრად. მირზა კი ისევ ცალად დაიარებოდა და გულისწორი ვერ ეპოვა ამ გაშლილ და მადლიან დედამიწაზე.

შემდეგ კი იყო ლხინი, იყო სადღეგრძელოები, მუსიკა, ცეკვა, მოფერება, სიცილი, იყო გახსენება და ცრემლი. თითქმის ყველა აატირა თამადის სადღეგრძელომ.

–         ვუყურებ ჩვენი ბავშვობის ფოტოსურათებს და გული მტკივა მკვირცხლი, თვალმერცხალა დათო დიასამიძის გამო. იგი ხომ ქართველობის გამო მოგვიკლეს რუსეთში. რას ვიზამთ, უფლის ნებაა ჩვენთვის სიცოცხლის ჩირაღდნის ანთებაც და ჩაქრობაც. ასევე ნაადრევად ჩაიფერფლა მურკა მიქელაძის სიცოცხლეც. საამხედრო სამსახურის დროს მიღებულმა ჭრილობამ იმსხვერპლა თვრამმეტი წლის ახალგაზრდა. ფოტოებში თუ დაკვირვებიხართ მურკას მარჯვენა ყოველთვის გულთან ახლოს აქვს, ალბათ რაღაცას უნდა ნიშნავდეს ეს. საოცარია ბუნება, მაშინ ისე დაგვწყდა გული, გვეგონა ჩვენს ერთად შეკრებას ფასი არ ექნებოდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ის მშვენიერია…

და იცრემლებოდა მურკას პირველი სიყვარულის უარმყოფელი მადონაც.

ცოტა ხანში სუფრა ისევ გამხიარულდა.

–         თამუნა, შენ მე გაგაცილებ. – ცეკვის დროს უჩურჩულა მირზამ.

–         რატომ? – გაეღიმა ქალს.

–         იმიტომ რომ მე სხვებივით მანქანით არა ვარ და ფეხით გავივლით სანაპიროზე.

–         კარგი აზრია. თავდავიწყება ბოლომდე. სანაპირო! მართლაც კარგად მოგიფიქრებია.

–         აწი მაინც მთავრდება ჩვენი საღამო, მოდი გავიპაროთ.

–         არ დავემშვიდობოთ?

–         სწორედ დამშვიდობებას ვერ ვიტან.

–         ახლა გავიპაროთ და ხვალ ისევ ვინახულოთ ყველა, საქმე მაინც არ გვაქვს.

–         კარგი, გავიპაროთ.

შექეიფიანებულ საზოგადოებას არ შეუმჩნევია ორი წევრით შემცირება.

ისინი სანაპიროს ნელი სვლით მიუყვებოდნენ. ქალს ფეხსაცმელი ხელში ეჭირა. სველ სილაში დარჩენილ პატარა ნაფეხურებს წყალი დაუნდობლად შლიდა. ეს ისე ართობდა ქალს, ისიც კი დაავიწყდა მარტო რომ არ იყო.

რა მშვიდი ზღვაა – გაიფიქრა ქალმა -ზღვაც კი დამშვიდებულა, ჩემი ცხოვრება კი ისევ შფოთავს.

უცებ კაცი წინ გადაუდგა ქალს, თვალებში ჩახედა და უთხრა:

–         თამუნია, 28 ნოემბერი გახსოვს?

–         ბოლო კლასში რომ ვსწავლობდით, იმ წლის.

ქალი დაფიქრდა და მშვიდად მიუგო:

–         ძალია კარგად. იმ დღეს მითხარი მიყვარხარო.

–         მერე?

–         მერე ამით დაამთავრე ყველაფერი. რატომ დღემდე არ ვიცი.

–         შემიყვარებდი?

ქალმა გულზე ხელი ჰკრა და თითქმის გაიქცა. მირზა მას გაჰყვა.

შენ ნამდვილად ვერა ხარ რა… თუ მე მაგიჟებ?! გაგონილა ოცი წლის წინ გამოცხადებულ სიყვარულზე პასუხს დღეს ითხოვ?!

მირზას გაეცინა.

–         შენ ისევ ისეთი ამუნია ყოფილხარ, ისევ მწარედ იკბინები –  ბავშვობის სახელი შეახსენა თამუნიას – მაგრამ შენთან ჩხუბი მირჩევნია სხვის სიყვარულს.

თამუნა შეჩერდა, გაეცნია და დაღლილი იქვე ნაპირთან ჩამოჯდა. მირზაც მას მიუჯდა და წუთით გაყუჩნდნენ.

–         რამდენი დღით ჩამოდი თურქეთიდან? – ბოლოს ხმა ისევ მირზამ ამოიღო.

–         სამი დღით.

–         იქ რა გინდა, რას აკეთებ?

–         რას ვაკეთებ? რას აღარ ვაკეთებ.

–         შენი  ქმარი სადაა?

–         ზის, ოღონდ ყოფილი ქმარი.

–         მიაღწია არა?! მთელი შეგნებით და ფიქრებით შენი ლამაზი თავი მას დავუთმე, მან კი ვერ დაგაფასა.

–         მერედა რად დაუთმე?

–         ელენე მასწავლებელმა ხომ გითხრა რაღაც. ეს მე ვთხოვე შენთვის ეთქვა.

–         სისულელე! მირზა ავადაა და მალე მოკვდებაო. შენ კი აგერ ოცი წელი გავიდა და ცოცხალი ხარ. მაშინვე ვიფიქრე. რომ ეს ამბავი შენი მოგონილი იყო და ძალიან გავბრაზდი. მაინც რა გეგონა, აგეკიდებოდი? თუმცა შენი ავადმყოფობა სიმართოე რომ ყოფილიყო, მე მაინც შეგიყვარებდი. მაგრამ შენ ყურადღებას აღარ მაქცევდი.

–         შემიყვარებდი, თუ შემიცოდებდი?

–         შეგიყვარებდი!

–         ქმართან ბედნიერი იყავი?

–         სანამ წამალს მიჰყოფდა ხელს, კი.

–         და რამდენ ხანს გრძელდებოდა შენი ბედნიერება?

–         სამ თვეს. მერე კი დაიწყო ხუთწლიანი ჯოჯოხეთი. წამლის მომხმარებელი კაცი მოღალატეს მე მიწოდებდა. ბოლოს კი მართლაც ვუღალატე და აღარც დავბრუნებულვარ მასთან.

–         არ მესმის, თურქეთში მაინც რა გიონდოდა, რატომ წახვედი?

–         მშობლები მოხუცდნენ და უნდა მერჩინა. აქ კი ამის საშუალება არ იყო. გაიგე ახლა?

–         როგორ არიან ახლა შენი მშობლები?

–         აღარ არინ, მარტო ვარ.

ქალს თვალები ცრემლებით აევსო. მირზას ძალიან შეეცოდა ის.

–         მე ვერ განვსჯი შენს წარსულ და ისიც ვიცი, ხანდახან ქუჩის უკანასკნელი მეძავი უფრო პატიოსანია, ვიდრე თუნდაც მონასტრის მოძღვარი. როცა თანაკლასელებს ვნახულობდი, შენს ამბავს სპეციალურად აღარ ვკითხულობდი. თითქოს შინაგანად პროტესტს გიცხადებდით შენ და თურქეთს. არ მეგონა ასე თუ გიჭირდა. ამიტომ დღეს არავითარი უფლება არ მაქვს შენს მოქმედებაზე პასუხი მოგთხოვო. მე ხომ ვიცი, ლამაზი ქალის გვერდით ყოველთვის ვიღაც არის, მაგრამ სულიერად ის თითქმის ყოველთვის მარტოა.

–         მე ჩემს მოქმედებაზე პასუხს ახლა მხოლოდ ერთი კაცი, თურქი მილიონერი ახმედ-ბეი მომთხოვს. ის ფულში იხრჩობა. უზარმაზარი სასახლე აქვს, მაგრამ სამოცდახუთი წლის კაცი ლოგინსაა მიჯაჭვული. მის ოცდაშვიდი წლით უმცროს მეუღლეს აიშა-ხანუმს კი აღარაფერში სჭირდება ის. შვილიც ამერიკაში გადასახლდა და ვუვლი მე. წამლებს ვასმევ, თეთრეულს ვუცვლი, ვაჭმევ და ვბან. ჰო, მართლა, ჩემს ამბებს რომ მაყოლინებ, შენ თვითონ როგორა ხარ, ავადმყოფობა რატომ მოიგონე? რამ შეგაშინა?

–         მაშინ მართლაც ავად ვიყავი, არავის ეგონა თუ გადავრჩებოდი. ახლა? ახლა როგორა ხარ?

–         საფრანგეთში ვიმკურნალე, კარგად ვარ.

–         კი მაგრამ, დიაგნოზი რა დაგისვეს?

–         რა მნიშვნელობა აქვს, განა სულ ერთი არ არის ბოლოს რა მოგიღებს.

–         კარგი, კარგი. ახლა მაინც ნუ მაცოდებ თავს.

მირზას ალერსიანად გაეღიმა.

–         თამუნია, დარჩი ჩემთან. სასტუმროში ვცხოვრობ აქვე.

–         შენთან დავრჩე? წასვლამდე არა?

–         ჰო, თუნდაც წასვლამდე!

–         რატომაც არა!

***

–         შენ რომ ისე უცნაურად არ მოქცეულიყავი, დღეს ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით და არც ერთი არ ვიბორიალებდით ასე არმა-დაღმა, მარტოდ მარტო. ახლა კი კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს მარტოობაში…

მირზამ თავზე ხელი ალერსით გადაუსვა ქალს.

–         თამუნია-ამუნია, ჩანს უფლის ნება ასეთი იყო. ჩვენ ერთმანეთი განშორებაში უნდა გვეძებნა. განა არ გამოგიცდია გაზაფხულის მოლოდინი?

–         რა გაზაფხული, ვერ გავიგე.

–         მოვა გაზაფხული და ყველაფერი იწყება თავიდან…

საოცარია, ვერაფერი აფერხებს ადამიანში გაზაფხულის მოლოდინს.

გაღიმებულმა თამუნიამ ხელები ყელზე შემოხვია მირზას.

–         გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ.

–         შენთან სხვანაირი ვერც იქნები. კარგია, რომ შენ მაინც ხარ რეალისტი, ამიტომ ხარ ცოტა ამუნიაც.

უცებ მირზას სახე გაუფითრდა.

–         მირზა, რა დაგემართა?

–         მოითმინე. ახლავე – ძლივს წარმოთქვა მან, დიპლომატს ხელი დაავლო და აბაზანაში ჩაიკეტა.

გაოცებული ქალი საწოლიდან წამოდგა, სარკეში საკუთარი თავი ეჭვიანად შეათვალიერა, მხრები აიცეჩა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, შემდეგ საღამური აიკაპიწა და გრძელი, ლამაზი ფეხებიც შეათვალიერა.

ოციოდე წუთის შემდეგ, ვითომც არაფერიო, მირზაც გამოვიდა სააბაზანოდან.

ქალმა ეჭვიანი თვალები შეაგება. მირზამ დამნაშავესავით გაუღიმა.

–         მირზა, მიპასუხე, ნუთუ ისეთი ქალი ვარ, საყვარელმა მამაკაცმა ნარკოტიკში გამცვალოს?

მირზას გაეცინა.

–         გეფიცები, მე ნარკოტიკს სიახლოვესაც არ ვეკარები.

–         შენზე არაა საუბარი – სასწრაფოდ უკან დაიხია ქალმა – მე ჩემს ქმარს ვგულისხმობდი.

–         შენი ქმარი რომ მიატოვე, კარგი გიქნია, მაგრამ თურქეთი ვერაფრით მიპატიებია. იქ რა გინდოდა ქართველ ქალს?

–         ტყუილით ცხოვრება საერთოდ ძნელია, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუებასაც რომ დაიწყებ, ეს უკვე კატასტროფაა.

მე არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ქალი ვარ, ვინც იქ მოღვაწეობს. მე კიდევ გამიმართლა. არც მოგატყუებ, ამ გამართლებამდე ბევრი ვიწვალე. არაფრად გჭირდება ამის ცოდნა და ნურც მე გამაწვალებ მოგონებებით.

–         თამუნია, ხვალ მიდიხარ?

–         აუცილებლად.

–         რა გაეწყობა, გამოსამშვიდობებელ ვახშამს მოგიწყობ.

–         შენ ხომ დამშვიდობება არ გიყვარს.

–         დღეს ვივახშმებთ. ხვალ დილით კი ჩემს გაღვიძებამდე გაიპარე, თორემ აღარ გაგიშვებ.

–         ეს შეუძლებელია. ახმედ-ბეი და აიშა-ხანუმი გაგიჟდებიან.

–         მაგენის დედაც…

–         გეთანხმები, მაგრამ ვერაფერს გავაწყობთ.

 

***

გვიან ღამით, როცა მირზას ღრმად ჩაეძინა, თამუნამ გასაღები მოიპარა, მირზას დიპლომატი გახსნა და გაოცებული დარჩა. იქ იმდენი უცხოური წამლები და ექიმის რეცეპტები დახვდა. ქალმა სწრაფად გადაიკითხა ისინი. ორი რეცეპტი ამოიღო და ჩანთაში შეინახა.

–         ესეიგი ის ახლაც ავადაა – წამით თითქოს რაღაც გაუხარდა ქალს, შემდეგ კი იქვე ხალიჩაზე ჩაიმუხლა და დაფიქრდა. მოაგონდა საყვარელი ელენე მასწავლებელი.

–         თამუნია, დაფიქრდი შვილო, ძალიან ლამაზი, თავაზიანი და წესიერი ყმაწვილია მირზა, მაგრამ ის სერიოზულადაა ავად. ამას მოჰყვა მირზას მხრივ აბსოლიტური უყურადღებობა. თითქოს სიტყვები – მე შენ მიყვარხარ, თამუნია-ამიუნიაო – სხვას ეთქვას.

ეხ, თამუნია, ცხოვრებამ მართლაც მაწანწალა ამუნიად გაქცია…როგორ მეზიზღები…ქალმა თავი გაიქნია, თითქოს აბეზარი ფიქრები მოიშორა. შემდეგ ადგა და მირზას გვერდით ფრთხილად წამოწვა. ფიქრებს თავი ვერ დააღწია.

სამი დღეა რა ბედნიერი ვარ, ისევ სრულფასოვანი ქალი, სასურველი, მოსაფერებელი, დღესასწაულების დედოფალი. მე? მე რით დაგეხმარო, ჩემო მირზა, რითი გიშველო. – ფიქრებში დაღლილს ბოლოს ჩაეძინა.

დილით მირზამ გაიღვიძა და უხალისოდ შეიშმუშნა. დარწმუნებული იყო სასტუმროს ნომერში მარტო იყო.

უცებ მეორე ოთახის კარებიო გაიღო და თავიდან ფეხებამდე მოწესრიგებული თამუნა შემოვიდა. ირგვლივ ერთიანად აფრქვევდა ღიმილსა და სითბოს.

–         ხომ გითხარი გაიპარე -მეთქი.

–         დღეს არ მივდივარ, ხვალ წავალ. რაღაც საქმე უნდა მოვაგვარო. მალე დავბრუნდები. შენ კი კარგად გამოიძინე. ამ სარამოს მე გპატიჟებ ვახშამზე.

–         საინტერესოა, ჯერ არ დავუპატიჟებივარ ვახშამზე ქალს.

თამუნა ცნობილ კარდიოლოგთან მივიდა და რეცეპტები აჩვენა. ექიმი შეშფოთდა.

–         ალბათ ღმერთი ეხმარება, თორემ ამ დიაგნოზით ადამიანი კარგა ხნის წინ უნდა გარდაცვლილიყო.

–         ექიმო, რა შანსი გაქვს?

–         არავითარი. თუმცა ალბათ ისევ უფალი. ამ წუთას ამ ადამიანმა მციროედენი სიხარული ან იმედგაცრუება რომ განიცადოს, მორჩა.

–         ექიმო, ეს დაავადება შთამომავლობით ხომ არ გადადის?

–         საბედნიეროდ არა! ეს შეძენილი დაავადებაა.

 სასტუმროში დაბრუნებული თამუნა მძინარე მირზას  დასცქეროდა და ფიქრობდა – როგორ ინარჩუნებს სიმშვიდესა და წონასწორობას, როცა ასე უჭირს. როგორ არ გაბოროტდა, პირიქით, სულ სიკეთეზე ფიქრობს და თავად იქცა დიდ სიკეთედ. სწორედ ურყევმა რწმენამ უშველა. არასოდეს დაუჩივლია საკუთარი, ყველას თვითონ ამშვიდებს და ელოლიავება. ალბათ ამიტომაა მასთან ყოველი შეხვედრა განსაკუთრებული. ის ყოველთვის ისე იქცევა, თითქოს ეს ყოველივე აღარ განმეორდება…

ფიქრებიდან მობილურის ხმამ გამოაფხიზლა. მეორე ოთახში გავიდა. ახმედ-ბეი ურეკავდა თურქეთიდან.

–         …………………………..

–         არ ვიცი როდის წამოვალ.

–         …………………………..

–         ვერ მოვახერხებ, ეს არაა ჩემზე დამოკიდებული.

–         ………………………….

–         როგორც გნებავთ. მე სხვა სამუშაოს ვიშოვი.

–         …………………………

–         კარგი. როგორც კი მოვახერხებ, გეახლებით.

–         მაშ წასვლა გადაიდო?! – კარებში მდგომი მირზა იცინოდა.

–         მაცდური ხარ, ვეღარ გშორდები.

ერთი თვის შემდეგ თამუნა ამჩნევდა, რომ მირზა ცუდად გამოიყურებოდა. უფრო ხშირად იკეტებოდა სააბაზანოში.

–         მირზა, მე უნდა წავიდე, უკვე დროა. ჩვენ ხომ არ დავქორწინებულვართ.

–         შენ თუ წახვალ, მაშინ მეც საფრანგეთში მოვკურცხლავ.

–         ჩემს წასვლას ელოდებოდი. კი მაგრამ რატომ არ მეუბნები შენც წაგიყვანო?

–         იმიტომ, რომ ვერ წაგიყვან. შენ შენი ცხოვრება გაქვს. რა ვიცი, იქნებ ერთ დღესაც დაგირეკო და გადმოგაფრინო ჩემთან, უფლის შეწევნით. ახლა კი ძალიან გთხოვ, ნუ გეწყინება.

მაინც ვერაფერი აფერხებს შენში გაზაფხულის მოლოდინს – გაიფიქრა ქალმა.

–         მირზა, იქ ვინმე გყავს?

–         მე უკვე მხოლოდ ჩემი ამუნია მყავს, მაგრამ მაინც ვერ წაგიყვან.

–         იცი რა, მოდი ჯერ შენ წადი, მე გაგაცილებ, მერე კი მე წავალ. პირობას გაძლევ არ დაგემშვიდობები. ისე უბრალოდ გაკოცებ და მალე შეხვედრამდე-მეთქი გეტყვი.

მირზამ ზურგიდან ხელები მოხვია ქალს და კისერზე პაწია ხალთან აკოცა.

–         თამუნია, ერთი სათხოვარი მაქვს და შემისრულე.

–         გისმენ და ძალიან შევეცდები შეგისრულო.

–         არ წახვიდე თურქეთში. აქ გათხოვდი, შვილები გააჩინე და იცხოვრე, როგორც გაზაფხულზე მერცხალი, შენც შენს ბუდეს დაუბრუნდი.

–         გათხოვებას ვერ დაგპირდები. დედა კი აუცილებლად გავხვდები, ვგრძნობ.

–         რას გრძნობ? – აღელვებით შეეკითხა მირზა.

–         რას ვგრძნობ და ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან ერთი პატარა მაინც არ გავაჩინო.

–         მე მეგონა…

–         შენ რა გეგონა არ ვიცი, მაგრამ ამას აუცილებლად შეგისრულებ.

მაპატიე ძვირფასო, შენთვის ემოციები არ შეიძლება და ვერ გაგახარებ იმ ბედნიერებით, რასაც შენი შვილის დედობა მანიჭებს. თუმცა ისიც ვიცი ასე მონოტონური და უემოციო ცხოვრებას შენ დიდხანს ვერ გაუძლებ -სინანულით გაიფიქრა თამუნამ.

აეროპორტში ქალი და მამაკაცი დიდხანს იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და იქ ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ. ბოლოს ქალმა თითის წვერებზე აიწია და მამაკაცს აკოცა.

–         მალე შეხვედრამდე, ძვირფასო.

–         სანამ წავალ, ეს უნდა დაგიბრუნო, თამუნია, შენთან იყოს ისევ. ჩემთან უკვე დიდი ხანიაა და მოიწყინა – მირზამ ჯიბიდან პაწია, გამჭვირვალე პლასტმასის ლეკვი დაისვა ხელისგულზე. თამუნამ იცნო მის ჩანთაზე დამაგრებული პაწაწინა სათამაშო, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა.

–         მოკლედ, სიურპრიზების ოსტატი ხარ, მირზა!

–         აი ეს კონვერტიც. თვითმფრინავი რომ წავა, მაშინ წაიკითხე, ახლა კი მშვიდობით და საერთოდ იცოდე, ქალი იმ სიყვარულს ღებულობს, რასაც იმსახურებს.

–         მშვიდობით, თუ მალე შეხვედრამდე?

–         მალე შეხვედრამდე. – მიუგო მამაკაცმა. შებრუნდა და უკან მოუხედავად წავიდა. თვითმფრინავში შესვლამდე კიდევ ერთხელ მოიხედა. გაშლილი მარჯვენა ასწია, წუთით შეყოვნდა და ბოლოს თვალს მიეფარა. მალე თვითმფრინავიც ღრუბლებში აიჭრა და გაუჩინარდა. ქალმა კონვერტი გახსნა, ფურცელი გაშალა და კითხვა დაიწყო. მალე ცრემლი ღვარად წასკდა. ეს იყო ანდერძი, რომლის მიხედვითაც მირზა საფრანგეთში არც თუ მცირე ქონებას მის მომავალ შვილს უტოვებდა. ამ შვილის დედად კი თამუნიას აღიარებდა.

–         ყველაფერს მიმხვდარა. ღმერთო ჩემო, მიმხვდარა თუ…იქნებ მე მომცა შანსი. თუმცა რას გაიგებ. მირზას სიკეთეს ხომ არასოდეს არ აქვს გასაღები.

ქალი ეიფორიაში ჩავარდა. ლამისაა თვითმფრინავს გასდევნებოდა. ხან პირჯვარს იწერდა, ხან გამალებით ცერმლებს იწმენდდა. გაოცებული გამვლელები შესცქეროდნენ და ვერ ხვდებოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. ქალი კი არავის ერიდებოდა, მის ირგვლივ ვერავის ამჩნევდა. უცებ ტელეფონი აწკრიალდა.

–         ………………………..

–         არა ქალბატონო, ნურად დამელოდებით.

–         ……………………….

–         ახმედ-ბეი, ნუ მთხოვ…მე ჩემი შვილი აქ უნდა გავზარდო.

–         ……………………….

–         არა, არარასოდეს. როგორც გაზაფხულზე მერცხვალი, ჩემს ბუდეს ვუბრუნდები. მე ვრჩები საქართველოში.

Read Full Post »

                                                  

  ისინი ერთად იზრდებოდნენ – ნინო, ლადო და გიგი. ბავშვობის ძირითადი გართობა – მდინარე, მის ნაპირას მწვანე, ტრიალი მინდორი და ბურთი.

თანდათან ნინო ვაჟებისათვის აღმოჩენად იქცა. ორივესთვის ის გახდა პირველი და თავდავიწყებული სიყვარული.

გრძნობებსაც თავისებურად და განსხვავებულად გამოხატავდნენ. ლადო ნინოს მოკრძალებით შესცქეროდა და ყველაფერს მას უძღვნიდა. გიგი კი გოგონასტან ცოტათი უხეშობდა, ყველაფერს სტაცებდა და აწვალებდა.

–   რატომ ხარ ასეთი უხეში, გიგი! აი, ლადო ასე არასოდეს მომექცევა.

–   ჩემი ლამაზი გოგო ვინაა?! იცი, რომ გავიზრდები, ცოლად მხოლოდ შენ შეგირთავ.


–   უზრდელო, აღარ დაგელაპარაკები, მამას ვეტყვი ყველაფერს.

–   გგონია შემაშინებ?! არც იფიქრო, მე არავისი მეშინია.

–   ლადო შენზე ძლიერიცაა და კეთილიც. არც არასოდეს მაბრაზებს.

პატარა ქალმა უნებურად არჩევანი ბავშვობიდანვე გააკეთა.

სახლში დაბრუნებულ გიგის ბოღმა და ცრემლი ახრჩობდა. მიზეზი დედას გაუმხილა. მას გაეცინა, შვილი გულში ჩაიკრა, და მიუგო:

–   ჩემო ერთავ, შენს თავს მატრაკვეცა გოგონებს როგორ დავაჩაგვრინებ. დიდი რომ გაიზრდები, ნინოც შეგიყვარებს და სხვა გოგონებიც.

–   სხვები არ მაინტერესებს. ნინომ, რომ არ შემიყვაროს, მაშინ?

–   მაშინ მოვიტაცოთ და მიუვალ მთებში გადავმალოთ.

ამ სიტყვებმა საოცრად დაამშვიდა ბავშვშვი და მალეც ჩაეძინა.

* * *

დროსთან ერთად გაფრენილი ბავშვობა…

განუმეორებელი, წმინდა, მუდამ სანატრელი პერიოდი.

–   ლადო, რა კარგია შენც რომ დედაქალაქში მოდიხარ, ერთად ვისწავლით.

–   და ერთად ვიქნებით

ქალმა ნაზად შეათვალიერა რჩეული. მის ლურჯ თვალებში უსაზღვრო სიყვარული იკითხებოდა.

–   ლადო, გიგის მეშინია.

–   გეშინია? რატომ? განა მ,ე შენთან არ  ვარ?!

–   არ ვიცი, ძალიან თავხედია.

–   თავხედი არაა, უყვარხარ. საბედნიეროდ შენ მე შემიყვარე, ის კი ამას უნდა შეეგუოს.

–   რატომ არ ეგუება? თავს რად არ მანებებს?

–   მოუწევს შეგუება. დაველაპარაკები. ისე, სადღაც მისიც მესმის, შენი სიყვარული არაა ადვილად დასათმობი.

უცებ ცამ დაიგრუხუნა. ორი შავი ღრუბელი ერთმანეთს დაეჯახა. საშინელმა ხმაურმა გააყრუა არემარე. აღმოსავლეთის მხრიდან ცაზე ელვამ გველივით გაიკლაკნა.

შეშინებულმა გოგონამ ვაჟის მხარში ჩამალა თავი. წვიმის მსხვილი წვეთები მათ მხრებსა და თმებში სკდებოდა და სხეულზე სასიამოვნო გრილ ნაკვალევს ტოვებდა.

* * *

წყარო – დედამიწის გულიდან თავისით ამოხეთქილი . . .

ანკარა, წანწკარა – პირველი სიყვარულივით წმინდა.

შარაგზაზე გატეხილი კოკა.

დამშვრალმა მიწამ წყალი წამსვე შეისრუტრა.

ქალის კივილმა შესძრა სამყარო.

–   წყაროდან მომავალი გოგო მოიტაცეს! გაგონილა ძალად სიყვარული?

–   ვინ იყო? ვისი გოგო იყო?

–   ჩემი ნინო! არ გაპატიებ გიგი!

ძლივს დააკავეს გადარეული ლადო. მიწა კვნიტა სიმწრისგან. საით წასულიყო არ იცოდა.

რად გინდა, ბიჭო, მოტაცებული ქალი, მაინც არ შეგიყვარებს – კვნესოდა იგი.

* * *

– ნინო, ნუთუ ვერ ხვდები როგორ მიყვარხარ. ეს ნაბიჯი უნდა მაპატიო, მეტი გზა არ მქონდა.

ქალი ფანჯარაშჳ იყურებოდა. ირგვლივ მხოლოდ მთები. ვაჟის ლაპარაკი არც კი ესმოდა, გარინდულიყო, თითქოს იქ, მის გარდა, არავინ იყო.

–   ნინო, წყალი მაინც დალიე, ასე არ შეიძლება, მალე სახლში შეგიყვან, დედაჩემიც გაიხარებს. ეხ, ნინო, როგორ არ გესმის ჩემი სიყვარულის.

ნინო ფანჯარას არც კი მოშჴრებია, ისე მიუგო ვაჟს:

–   შენ მე არ გიყვარვარ.

–   მე კი არა, შენ არ გიყვარვარ, მაგრამ მალე შემიყვარებ. ნინო, აუცილებლად შემიყვარებ. ყველაფერს განაცვალებ. ნახე ნინო, რა უნდა გაჩუქო? ეს სამაჯურია, ერთ ბოლოზე ყვითელი და თეთრი ოქროს გვირილაა დამაგრებული, მეპორეზე კი -პეპელა. სამაჯურს რომ ჩაკეტავ, იფიქრებ პეპელა გვირილაზე ზისო, თანაც ის ზამბარით ისეა ჩამაგრებული, გეგონება ფართხალებს და გაფრენას აპირებსო. ხომ კარგია, მოგწონს?

ქალი ქვად ქცეულიყო. ვაჟჳ კი განაგრძობდა და თან მკლავზე სამაჯურს ფრთხილად უკეთებდა.

–   ნინო, მართალია ოპიზარი არა ვარ, მაგრამ ეს შენთვის მინდოდა და გამომივიდა. მითხარი რა, ხომ მოგწონს?!

ნინოს მკლავზე არც დაუხედავს. მისმა უკიდურესმა უყურადღებობამ შეაშფოთა გიგი. აივანზე გავარდა, სხვენიდან თოფი ჩამოიღო და ქალს ხელში მიაჩეჩა.

–   აი, მესროლე, მომკალი. მერე კი წადი სადაც გინდა და ვისთანაც გინდა.

მოშორებით მდგარი ქორივით მისჩერებოდა ნინოს. ქალი კი ვერ გარკვეულიყო, ხან თოფს შეხედავდა, ხან გიოგის.

–   მესროლე! მესროლე! – ანგარიშმიუცემლად იმეორებდა ვაჟი.

ნინომ ნელ-ნელა წამოსწია თოფი და მის წინ მდგომ გიგის დაუმიზნა. ის იყო ჩახმახზე თითი უნდა გამოეკრა, რომ გიგი თოფს წვდა.

–   რას შვრები გოგო?! სასიკვდილოდ მიმეტებ? ნუთუ ჩემი სიყვარული ამის ღისრია.

ქალი თოფს ჩაფრენოდა და აღარ უშვებდა. ვაჟი იარაღის წართმევას ცდილობდა. ამ ორთაბრძოლაშჳ კი თოფმაც იჭექა. ქალი შეტოკდა და ვაჟის მკლავებში ჩაიკეცა.

–   ნინო! ნინოო! – დაჭრილი ლომიოვით იღრიალა გიგიმ.

–   ნინოო! ნინოო! – მხოლოდ ექო გამოეხმაურა მას.

* * *

– დიახ, მე ვარ დამნაშავე, ნინო მე მოვკალი. არავითარი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ეს დედაჩემი ფიქრობს ასე. უბედურებად თვითონ ვიქეცი. მოვითხოვ დამსაჯოთ კანონის მთელი სიმკაცრით. ადვოკატიც კი არ მჭირდება. ჩემი დაცვის უფლებას არავის მივცემ.

– თქვენთან თქვენს მოძღვარს სურს საუბარი.

– მე აქ არაფრად მჭირდება მოძღვარი.

მამა სერაფიმეს სურს თქვენთან საუბარი, ნუთუ…

–   მე არ მსურს არავის ნახვა, წამიყვანეთ საკანში! – უღრიალა პატიმარმა ბადრაგს, თითქოს აქ ის იძელოდა ბრძანებებს.

–   ნება თქვენია – დაეთანხმა გამომძიებელი და თავი სინანულით გააქნია.

* * *

პირქუშ და ბნელ საკანში გასაღების ჩხრიალი გაისმა, მას რკინის კარის ჭრიალუ მოჰყვა, მაგრამ გიგის ყურადღება ვერაფერმა მიიქცია.

–   შვილო, გიორგი, მე მოვედი შენთან, რომ განუგეშჴ – მოძღვრის ხმამ გული შეუტოკა გიგის და თითქმის ინსტიქტით წამოვარდა ფეხზე.

რკინის კართან მამა სერაფიმე იდგა.

–   მამაო, მე არ მინდოდა თქვეთან შეხვედრა – მკაცრად ნათქვამში მაინც იგრძნობოდა უდიდესი რიდი.

–   – ეს მარტო ჩემი კი არა, უფლის სურვილიცაა – მიუგო მამაომ და პატიმარს პირჯვარი გადასახა, შემდეგ იქვე მდგარ პატარა ხის მაგიდაზე ღვთისმშობლის ხატი მოწიწებით დაასვენა. გიგი კი ისე იდგა, თითქოს მას არაფერი ეხებოდა. პირი კედლისკენ ებრუნა.

–   რატომ წუხდებით, მამაო, მე ვეღარ მიშველ;ით. უფალს მე აღარ ვემახსოვრები.

–   უფალს გზასაცდენილები უფრო ახსოვს და მათ შემობრუნებას ცდილობს.

–   მამაო, მე მკვლელი ვარ ნორჩი გოგონას. ჩემი სიყვარულის მკვლელი. ჩემთვის ღმერთი აღარ არსებობს.

–   დანაშაული მძიმეა შენი, შვილო ჩემო, სიცოცხლის ხელყოფა არ შეიძლება. შენ სიყვარულმა კი არა, ეშმაკმა დაგაბრმავა. ჭეშმარიტი სიყვარული სიყვარულს შობს, და არა ძალადობას და უბედურებას.

–   მამაო, დამანებეთ თავი, მე მოძალადე და უბედურების მოციქული ვარ. ჩემმა ჭეშმარიტმა სიყვარულმა სატანად მაქცია და ნუღა მელაპარაკებით.

მამა სერაფიმემ პირჯვარი გადაიწერა და ლოცვანს ემთხვია.

–   აღხოცე უშჯულოება შენი და უფროს თოვლისა განსპეტაკდე.

–   ჩემი განსპეტაკება აღარ შეიძლება. მე ავცდი სიკეთისა და სიყვარულის გზას და ისე ძლიერ, რომ ვეღარასოდეს დავუბრუნდები მას. მშვიდობით, მამაო. ნურარ მაწვალებთ.

–   ვერ დაგემშვიდობები, შვილო გიორგი. მარტოდ ვერ დაგაგდებ. ძალიან ღრმაა შენი განსაცდელი, მეშინია საბოლოოდ არ გძლიოს.

–   მე ჩემს მწუხარებასთან მარტო ყოფნა მირჩევნია.

–   დაიმახსოვრე, შვილო, უშჯულოება ჩვენი ჩვენ ვუწყით და ჩვენი ცოდვა ჩვენს წინაშეა მარადის, მაგრამ უფალი მოწყალეა.

–   ციხე არაა ლოცვის ადგილი, მამაო. აქ მოწყალებას კი არა, სასჯელს ელოდებიან. ო, რომ იცოდეთ, როგორ ვესწრაფვი მას… ნეტა მან მაინც შემიმსუბუქოს სულის ტკივილი.

–   შვილო, კაცი ტანჯვისთვისაა გაჩენილი. რა ვუყოთ, თუ ზოგჯერ სატანჯველს თვითონ დავეძებთ. მძიმეა ამჟამად შენი სული, მაგრამ იცოდე, ხსნა მაინც არის, უნდა ეცადო დაჯაბნო ის.

გიგი სიმწრისგან გისოსებს ჩაებღაუჭა.

–   დამცინი მამაო? სულის სიმძიმე ამაზე მეტი რაღაა ნეტავ?! შენს უფალს გაფიცებ, დამანებე თავი და ნუღარ მტანჯავ.

გიგი ტიროდა.

–   იტირე, შვილო, იტირე. სახეს ნუ მარიდებ, უფალი მოწყალეა. არის ამაზე მეტი სიმძიმე სულისა. ახლა მონანიების საშუალება გაქვს, მერე კი ესეც აღარ გექნება. ამიტომ არ მინდა გძლიოს.

–   თქვენ თვითმკვლელობას გულისხმობთ? განა არ ვიფიქრე? მაგრამ ნინოს ვეღარც იმქვეყნად ვნახავ. მე კი სწორედ მას უნდა ვთხოვო პატიება.

–   შვილო, ილოცე, რამეთუ ლოცვა გიშველის გადაიტანო ეს ყველაფერი.

–   მე ვეღარ მიშველის. ჩემისთანამ უფლის სახელიც კი არ უნდა ახსენოს.

–   შვილო, შენ ისევ სცოდავ. იცოდე, მარტო არა ხარ. კიდევ გინახულებ. თავს გაუფრთხილდი.

–   მშვიდობით მამაო! – თითქმის მიაძახა გიგიმ.

–   მშვიდობით კი არა, ნახვამდის. დაიმახსოვრე, მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი. გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შაურაცხყოს. დაუფიქრდი ამ სიტყვებს.

–   ხატი! ხატი წაიღეთ, ამამო. ის აქ არ უნდა იყოს – გიგი მაგიდას მოივარდა ხატის ასაღებად და უცებ ადგილზევე გაქვავდა. ღვთისმშობელს ორივე თვალთაგან ცრემლი დაუცურდა. მომეჩვენაო იფიქრა, ხელით შეეხო  და აშკარად იგრძნო სისველე. მუხლი მოეკვეთა, თავლი ვეღარ მოწყვიტა მარიამის წმინდა თვალებს.

უკვე გისოსებს იქით მდგარი მამა სერაფიმე სიყვარულით შესცქეროდა ხატის წინ დაჩოქილ გიგის. „ და ნათელი იგი ბნელსა შინა ჰსჩანს, ხოლო ბნელი იგი მას ვერ ეწია“

უცებ მოხუცის სმენას გიგის ხმა ჩასწვდა.

–   მამაო, დამიტოვეთ თქვენი ლოცვანი.

* * *

– ლადოს ქალიშვილი შეეძინა. პირმშოს ნინო უწოდა.

– რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ვერ დაივიწყა.

– იმ ტკივილს რა დაავიწყებს. კიდევ კარგი, რომ ოჯახს მოეკიდა. მკვლელი რა იქნა ნეტავ?

– გიგი? რომელიღაც მონასტერში ბერად აღიკვეცა.

– უცნაურია ცხოვრება, ვერ გაუგებ რას გიმზადებს.

– ყველა იპოვის გამოსავალს, მკვდარს კი არაფერი ეშველება.

  ბავშვის დაბადებამდე ლადოს სიზმრად ნინო გამოეცხადა. თანატოლ ბავშვებთან ტრიალ მინდორზე ბურთს თამაშობდნენ. ნინოს ბურთი სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ ლადოს ესროლა, თანაც მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა. მერე უცებ გაიზარდნენ. ნინო გაიქცა, ლადომ ბევრი სდია მას, მაგრამ ის ნიავივით ხან გაქრებოდა, ხან ისევ ჩნდებოდა.


ოფლში გაწუწულს გაეღვიძა, სუნთქვა უჭირდა. ქალიშვილის დაბადეით ახსნა ეს უცნაური გამოცხადება და ახალშობილსაც ნინო უწოდა.

ამ ამბავმა თითქოს გაახარაო, ნინომ სიზმრად გამოცხადებას მოუხშირა. ლადოც მიეჩვია და ბოლოს იმ იმედით იძინებდა, რომ ნინოს შეხვდებოდა. ერთხელაც ნინომ ლადოს უთხრა:

–   ერთ სურვილს თუ შემისრულებ, საიდუმლოს გეტყვი. ისე დაეთანხმა, არც კი დაფიქრებულა. განა არსებობდა სურვილი, რომელსაც ლადო ნინოს არ შეუსრულებდა?!

–   მალე ორი შვილის მამა იქნები. ვაჟი შეგეძინება, გიორგი.

–   რატომ გიორგი?

–   განა დრო არ არის გიგის ვაპატიოთ?

–   შენ თუ პატიობ, მეც ვაპატიებ.

–   აქ ადვილია, გაუთვითცნობიერებლად ლაპარაკობ, რომ გაიღვიძებ, იფიქრე გიგიზე.

 ლადოს გაეცინა.

–   კი მაგრამ შენც ხომ სიზმარში ხარ, ჩემთან ერთად.

–   მე? მე – არა. მე სულ სხვაგან ვარ. ეს შენ გგონია სიზმარი.

–   ეგ როგორ?

–   მაგასაც მიხვდები. ახლა კი ჩემი სათხოვარი.

–   გისმენ ჩემო სიცოცხლევ.

–   სიცოცხლევ! რა ტკბილი მოფერებაა. იცი რა? ლადო, ჩემი დრო ამოიწურა. აწი ერთი შეხვედრაღა დაგვრჩა და ისიც შენზეა დამოკიდებული.

–   ჩემზე როგორ?

–   ჩემი თხოვნის შემდეგ თუ იქნები ამის მსურველი.

–   ნუ გერიდება ნინო, მითხარი. მოვკვდები და შეგისრულებ.

–   რა თქვი? მოვკვდები და შეგისრულებო?! სწორედ ეს იქნება გამოსავალი, ლადო, ჩემთან დარჩი! – თითქმის მიაძახა ნინომ და მისი სახება ისე უეცრად გაქრა, ლადომ პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო.

* * *

– გაიღვიძე ლადო, რა ძილქუში დაგაწვა. ბავშვს ისევ სიცხე აქვს.

რა, რომელ ბავშვს? – ვერ გამოფხიზლდა ლადო.

ვერ გავიგე, რას ლაპარაკობ. ნინოს გარდა რომელი ბავშვი გყავს, ადამიანო?!

–   გვეყოლება, გიორგი, გიგი – ისევ სხვა სამყაროდან ლაპარაკობდა ლადო.

–   კარგი რა! გამოფხიზლდი და დამეხმარე. მაინც რა ემართება ამ ბოლო დროს ჩემს პატარას, მთელი დღე კარგადაა, ღამით კი  იწვის.

ლადო წამოვარდა, ბავშვის საწოლთან დაიჩოქა და შუბლზე ხელი დაადო.

–   შეცდი ძვირფასო, ნინოს მშვიდად ძინავს და არც სიცხე აქვს.

–   საოცარია, ხუთი წუთის წინ ბავშვს სიცხე ქონდა.

უცებ ნინომ მამას კისერზე ხელები შემოხვია , თოთო ტუჩებით ლოყაზე აკოცა და ბავშვური ენით ყურში ჩასჩურჩულა.

–   მამა, ცემთან დალჩი! – ლადოს მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.

 

 

* * *

 

რას უნდა ნიშნავდეს ნინოს თხოვნა – ფიქრობდა ლადო.სად უნდა დავრჩე? ან როგორ? მეც ხომ არ უნდა მოვკვდე?! არა, სიკვდილი ნამდვილად არ მინდა. მირჩევნია ისევ სიზმრად ვინახულო.

მაგრამ ნინო აღარ მოდიოდა. ლადო შფოთვამ შეიპყრო. შვილები რომ არ მყავდეს, ჩემი ნინიკო და პაწია გიგი, წამით არ დავფიქრდებოდი.

ბოლოს კი გაუსაძლისად  მოენატრა.ადგილს ვერ პ;ოულობდა,მისთვის შვება აღრაფერს მოჰქონდა.

_ ღმერთო!ჩვენი შეხვედრა როდის უნდა მოხდეს?!.ნინო რატომ იგვიანებ?

   ბავშვობის მინდორტი გაახსენდა,მდინარის გაღმა .დარდის გასაქარვებლად მას მიაშურა.მდინარესთან მისული ქვიდან ქვაზე გადახტა.ფეხი დაუცდა,კეფასთან ძლიერი ტკივილი იგრძნო და გონებაც დაკარგა.იქვე ყანაში მონასტრის ბერები მუშაობდნენ,სწორედ მათ შენიშნეს წაქცეული ლადო და დასახმარებლად გამოიქცნენ.

* * *

   ლადო ხედავს მდინარის პირას ხალხი ირევა.გარბიან,გამორბიან,ერთმანეთს რაღაცას ეძახიან,თვითონაც ხალხს შეერია და დაინახა წყლის პირას დავარდნილი მამაკაცი.

_  ეს წყალი ვერ დაახრჩობდა,ალბათ თავი ქვას დაარტყა საცოდავმა_ჩაილაპარაკა თავი ამოიცნო.ყვირილი დაიწყო,მაგრამ ვერავის გააგონა.ახლობლებს მივარდა,რა გატირებთო.მაგრამ მას ვერავინ ამჩნევდა.უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო,სხარტად მოტრიალდა და ნინოს შეეჩეხა,ის გახარებული იყო.

_გმადლობ,რომ თხოვნა შემისრულე_გადაეხვია ქალი.

_რა თხოვნა?როგორ შეგისრულე?_გაოცდა ლადო.

_ჩვენ უკვე ერთად ვართ და აწი ვერაფერი დაგვაშორებს.

    ლადო ნინოს სიტყვებმა საოცრად გაახარა.მათ წინ მზის სხივები საფეხურებად დაეშვა,ქალმა ლადოს ხელი ჩაავლო და საფეხურებს აჰყვა.ლადო ანგარისმიუცემლად მიჰყვებოდა.უცებ მის ყურთასმენას ქალის მოთქმა ჩასწვდა.

_რაღა ეშველება უშენოდ შენს ოჯახს,შენს ნინოს და გიგის…

ლადო შეჩერდა,რაღაცას მიხვდა.უფრო დაიბნა,საით წასულიყო აღრ იცოდა.ხან აქეთ იყურებოდა ხან იქით.ნინოც მოთმინებით ელოდა მის საბოლოო გადაწყვეტილებას.

* * *

ლადოს უსულო სხეული მდინარის პირას ქვიშაზე ესვენა.ხალხი შესაბრალისი მზერით შესცქეროდა ლადოს მეუღლეს,რომელიც გულსკლავად მოსთქვამდა.უცებ ლადოს ხელი შეირხა.შემდეგ  ფეხი,ბოლოს კი თვალებიც გაახილა.

 _ვაიმე!ცოცხალი ყოფილხარ!კინაღამ დამღუპე და დამიობლე ბავშვები!_ გულში ჩაეკრა მეუღლე.უზომო სითბო იგრძნო ლადომ.და მეუღლეს ალერსით გადაუსვა თავზე ხელი.ნინო გორაკზე იდგა და ნაღვლიანი თვალებით უყურებდა ამ სურათს.

_შეხედეთ! შეხედეთ! მაღლობზე სინათლის სვეტი ბრწყინავს,შეჩოჩქოლდა ხალხი.

   ნინომ ლადოს გაუღიმა,ხელი მსუბუქად დაუქნია და შებრუნდა.ხალხი მონასტრის ბერებს მიუბრუნდა.

  _იქნებ თქვენ ახსნათ რა უნდა იყოს ეს…

 _კაშკაშა სხივი,ნათელი სვეტი სხვა რა უნდა იყოს თუ არა ნიშანი უფლისა _მიუგო ერთ–ერთმა ბერმა და გორაკისკენ გასწია.

     ნინომ ერთხელ კიდევ მოიხედა ,საოცრად ნაღვლიანი თვალები მოავლო ყველაფერს,ყველას გაუღიმა და მზის სხივებს შეერია.

     ლადომ თავლები დახუჭა,ცრემლის შეჩერებას ლამობდა,მაგრამ ვერ მოახერხა.

     მაღლობზე ასულ ბერს მწვანე ბალახიდან ციცქნა საგანმა შემოანათა,ხელში აიღო და გაოცდა.მის ხელისგულზე პეპელა აფართხალდა,თითქოს გაფრენას აპირებსო.ბერი მუხლებზე დაეცა,ხელი ფართოდ გაშალა და მზეს მიუშვირა.

   _ნინო!რატომ დამიბრუნე?ნუთუ არასოდეს მაპატიებ?… _ხელისგულზე მისვენებულმა პეპელამ ფრთები აამოძრავა,აფართხალდა და წამის განმავლობაში მზისფერივე მზის სხივებში ჩაიკარგა.

Read Full Post »