თითქოს სულ ახლახან დამთავრდა ბავშვობა…
დღეს კი სკოლის დამთავრებიდან ოცი წელი უნდა აღვნიშნოთ.
მაინც რა მალე გადის დრო-კაცობრიობის მუდმივი წუხილი.
დიახ, დრო მიქრის…
წუთითაც არ უნდა დაყოვნდე, თორემ ჩამორჩები. ფუჭად დახარჯული დრო კი უეჭველად სანანებელი გახდება შემდგომ.
რესტორნის წინ რიგრიგობით ჩამწკრივდა მსუბუქი მანქანები და დარბაისელი მამაკაცებითა და ელეგანტური ქალბატონებით გაივსო ეზო.
– ის ვინაა? მგონი მაიაა ვაშაკიძე. ის ვაჟკაცი ალბათ შვილია მისი. ხედავთ რამხელა შვილი ჰყავს?!
– რათქმა უნდა ეყოლება. დაგავიწყდა, კლასში პირველი მაია გაგვითხოვდა.
– მაიკო, აქეთ – აქეთ.
ქალმა მიმოიხედა და გაღიმებული გაემართა ერთად შეგროვილი თანაკლასელებისაკენ.
გაისმა მხიარული კისკისი. მონატრებული ამხანაგები ერთმანეთს ეხვეოდნენ.
– შენ ომარი ხარ? სულ არ შეცვლილხარ. ქოჩორი შეგთხელებია მხოლოდ.
– ქოჩორს ნუ შეეხებით, მტკივნეულია. ეს შენი ვაჟკაცია? რა გქვია, ბიძია, შენ?
– მირზა!
– ვახ, შენ გენაცვალე! კარგი სახელია.
ყმაწვილი აღტაცებით შეჰყურებდა დედის თანაკლასელებს.
– მზია, ნუთუ ეს შენ ხარ?! არ ბერდები ხომ?! როგორა ხარ? სად მუშაობ?
– სკოლაში, ბიოლოგიას ვასწავლი.
– ისევ სკოლაში ხარ? ნუთუ? გახსოვს მე და შენ ელენე მასწავლებელი ერთ მერხზე არ გვსვამდა, ილაპარაკებთო.
– მე და რომანი კი ბოლომდე ერთ მერხზე ვიჯექით, ხომ, რომა? – ბავშვობის მეგობარი დაიმოწმა ირინემ.
– თანაც სულ მეჩხუბებოდი.
– მე კი არა, შენ მეჩხუბებოდი. მახსოვს ერთხელ მთელი სერიოზულობით გითხარი, რომა, შენ ისეთი ხუმარა ხარ, სკოლას რომ დავამთავრებთ, ცირკში კლოუნად იმუშავე-მეთქი. მე რჩევა მოგეცი, შენ კი ისე გაბრაზდი, ძლივს გაგასწარი.
– კლოუნად არა, მაგრამ ხანდახან ზამთრობით თოვლის პაპად ვმუშაობ. საინტერესოა.
– აი, ხომ ხედავ, ნიჭმა მაინც არ მოგცა მოსვენება.
– გახსოვს, ერთხელ მთელი კლასი გაგვაცინე, შენ თვითონ კი ჩვეულებრივი, სერიოზული სახით იჯექი. ელენე მასწავლებელმა გითხრა – აი, ესაა ნამდვილი ხელოვნება, ბარამიძე, ისინი იცინიან, შენ კი არა. ეს რომ მოახერხე, მართლაც კარგი ბიჭი ხარო.
– რომან, ექსკურსიაზე შენს მიერ წაკითხული ლექსი თუ გახსოვს?-ღიმილით შეეხმიანა მანანა. რომანი გაოცებული მიაჩერდა მას.
– მერე რა გამოთქმით კითხულობდი:
”აქეთ – იქეთ, იქეთ – აქეთ,
აქეთ – იქეთ, იქეთ – აქეთ”
ჩვენც ინსტიქტით ხან იქეთ გავიხედავდით, ხან აქეთ. მოკლედ გვაბზრიალებინე თავები.ელენე მასწავლებელი კი გადარიე. არასოდეს რომ არ უკადრებია, სულ დებილი გეძახა.
– ბავშვებო, ელენე მასწავლებელი როგორაა, ნახულობთ?
ბავშვებოს დაძახებაზე ყველას გაეცინა, მაგრამ ამ წუთში ეს სიტყვა ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო, ყველას თვალებში სიამის მგვრელი სხივი გაუბრწყინდა.
– ელენე მასწავლებელი მოგვიხუცდა. ამას წინათ დაბადების დღე მივულოცეთ, ოთხმოცდახუთი წლისაა უკვე, მაგრამ საოცრად ლამაზი, წელში გამართული და საღად მოაზროვნე. სასიამოვნოა მასთან საუბარი. ვაჟა დავითაძე მოიყვანს დღეს საკუთარი მანქანით.
სანამ ვაჟები საორგანიზაციო საქმეებს აგვარებდნენ, ქალებმა მათთვის ჩვეული საქმიანობა ”ჭორაობა” წამოიწყეს.
– ლეილა, გახსოვს შენ და ომარიმ საორგანიზაციო კუთხეს მინა რომ ჩატეხეთ?! ელენე მასწავლებლის რისხვა იმ დღის მორიგეებს დაგვატყდა თავს – სიცილით იხსენებდა ბავშვობას ჩვენი აბო – ნანუკი აბესლამიძე.
– კარგად კი მოიფიქრეთ მორიგეებმა. შენ ყვავილებს რწყავდი და არაფერი დაგინახავს, მიქო ჩვარს რეცხავდა, შლანგო კი მას ეხმარებოდა. მოსე კი უბრალოდ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. მოკლედ, არავის დაუნახავს, არავის გაუგონია, არავინ იცის. საბოლოოდ გადავრჩით არა?!
– გადავრჩით, იმიტომ რომ მეორე დღესვე ჩავსვით მინა. ელენე მასწავლებელი მინის გამტეხს არ დასჯიდა, მაგრამ მიცემული პირობა რომ არ შეგვესრულებინა და მეორე დღეს მინა ჩასმული არ ყოფილიყო, აი მაშინ კი ნამდვილად დავისჯებოდით. უპირობო კაცი არ უყვარდა ელენე მასწავლებელს.
– იცით რა, ახლა უფრო მიკვირს, მას ოთხი შილი ყავდა. მეუღლე, ოჯახი, ავადმყოფი დედა და წარმოიდგინეთ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ჩვენც სულ კუდში დაგვსდევდა. როგორ ახერხებდა ამდენს?! მართლაც მიკვირს.
– გახსოვს, მედიკო, მე, შენ და მარინემ, მაღაზიაში, ლეიბებში რომ დავიმალეთ?! გაოცდა ქალი, ვერსად გვიპოვა.
– მერე რას ვგავდით, ბამბის მტვერში ამოგუნგლულები!-კისკისებდა ნანა.
– ის ვინაა?
– ჩვენი რეზიკოა მეუღლით.
– გოგონებო, ჩვენს ბიჭებს შორის ყველაზე ლამაზი ცოლი რეზოს ჰყავს მგონი.
– შენ ყველა რძალს არ იცნობ და ასე რატომ ლაპარაკობ.
– არ ვიცი, რეზოს ცოლი ერთ იტალიელ მსახიობს გავს და მართლაც ძალიან ლამაზია.
– გოგონებო, ჩვენი ჯაბა სადაა? არ მოვა ნეტავ?
– არ იცი? ჯაბა გერმანიაშია, იქ ცხოვრობს. იშვიათად ჩამოდის. გული მტკივა, როგორ დავკარგეთ ეს ბიჭი.
– აგერ, ჩვენი თამუნაც თურქეთში ცხოვრობს, მაგრამ მოახერხა ჩამოსვლა.
– ჯაბა ძალიან დაკავებულია. მე ნუ შემადარებთ – გამოუსწორა საქმე ამხანაგს თამუნამ.
– გოგონებო, მახსოვს პირველად ჯაბას გვარი რომ გავიგონე, დედას ვუთხარი, ჩვენს კლასში ერთ ბიჭს აჯიბას ეძახიან, მაგრამ ვერ მივხვდი გვარია თუ სახელი-მეთქი. მაშინ გავიგე, რომ ადამიანები იყოფოდნენ ქართველებად, აფხაზებად, რუსებად… ჩვენთვის კი ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა. ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვთამაშობდით, აბსოლიტურად თავისუფალი ვიყავით. ნუთუ ბავშვები დიდებზე უფრო ჭკვიანები არიან. ჯაბას სახით მთელი აფხაზეთი მიყვარდა. მითუმეტეს რომ სწორედ ჯაბა იყო ჩემი პირველი სიყვარული.
– ეხლა გამოტყდი ხომ?! – ნანას ირგვლივ შემოეხვივნენ მეგობრები და კინაღამ ძველებურად თავში წაუთაქეს. მან კი ამოიოხრა და თქვა:
– ღმერთო, როგორ დავიფანტეთ. ვინ იფიქრებდა წლები ისე გავიდოდა ერთმანეთს ვერ ვნახავდით.
– კი მაგრამ, სადაა მირზა ცინცაძე? რატომ იგვიანებს? – აღელვებით მოიკითხა თამუნამ.
– მირზა სადაა, რას გაიგებ. სამი წელი საფრანგეთში იყო, ბოლოს მოსკოვში მყოფს ველაპარაკე ტელეფონით, თვითონ დამირეკა. მგონი არც დაოჯახებულა. ბათუმში თუა, აუცილებლად მოვა და მის ოჯახურ მდგომარეობასაც აუცილებლად გავიგებთ – დაასკვნა დიანამ.
– მე კი ნამდვილად ვიცი, მირზა ბათუმშია. ბზობას ვნახე ეკლესიაში. სულაც არ შეცვლილა. ხალხმრავლობის გამო საუბარი ვერ მოვახერხეთ.
– მეც ვნახე, ყველა მოგვიკითხა და გნახავთო დამპირდა – საბოლოოდ დაამტკიცა დალიმ.
– რომ გავიგე მირზა დაბრუნდაო, გავიხარე და ვიფიქრე, ახლა ყველას ჩამოგვივლის, გვინახულებს, შეგვკრებს, როგორც მას ჩვევეია და მის დაბრუნებას ავღნიშნავთ – მეთქი.
– გეთანხმები, და იცი რაშია საქმე? ჩვენ სულ მას ველოდებით. ჩამოსულა და იმედი გვაქვს, გვინახულებს და არცერთს აზრადაც არ მოგვსვლია ჩვენ ვინახულოთ. რა საჭიროა, ამას თვითონ მირზა გააკეტებს. ის ხომ ისეთი კეთილია, არაფერზე გვისაყვედურებს.
– რა ვუყოთ, თვითონ მიგვაჩვია.
– უნდა გადავეჩვიოთ. ყოველთვის მისი სიკეთით არ უნდა ვისარგებლოთ. მასაც სჭირდება ყურადღება.
– მართლაც, ის ყოველთვის უზომოდ კეთილი იყო. მისთვის სულ ერთი იყო ლამაზი თუ ულამაზო, ყველა გოგონას თბილად ელაპარაკებოდა.
– ის დღესაც ასეთია, ყურადღებიანი, მოსიყვარულე და კეთილი.
– ქეთი, შენს შვილს მირზა ქვია, არა?! ჩემს ბიჭსაც მირზა დავარქვი.
– მგონი თამრიკოს ბიჭსაც მირზა ჰქვია.
– რუსიკოს შვილსაც.
ძველმა დაქალებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი ატეხეს.
– ეს უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს. ხომ იცით. ეკატერინე ჭავჭავაძემ პირმშოს ნიკოლოზი შეარქვა. თქვენც ხომ ამის მიხედვთ არ შეარჩიეთ სახელი.
– ყველაფერიგასაგებია – თითქოს ეხლა გამოფხიზლდა მედეა – კი, მაგრამ ყველას გიყვარდათ?!
ქალების კისკისმა მოიცვა გარემო.
– განა მარტო ჩვენ?! მოზრდილი კლასის თითქმის ყველა გოგონა მასზე იყო შეყვარებული. ნუთუ დაგავიწყდათ?
– თვითონ არც კი გათამამებულა, თავი ამის ღირსად არ მიაჩნდა. აკვირვებული იღიმებოდა მხოლოდ.
– ახლა რაღა დროისაა, მაგრამ მე შვილიშვილს დავარქმევ მირზას – თავისებური იუმორით ჩაერთო ირინე.
ეხ, ჩვენო ბედნიერო ბავშვობავ და გაფრენილო ოცნებებო!
ამ დროს ტაქსი გაჩერდა და იქედან ახოვანი მამაკაცი გადმოვიდა. ლაღი, სიცოცხლით სავსე, ხალისიანი ღიმილით გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, მისთვის ჩვეული ჟესტით – მაღლა აღმართული გაშლილი ხელით შორიდან მიესალმა იქ მყოფთ.
– მირზა! – ერთხმად წამოიზახეს ქალებმა და ჯგუფად დაიძრნენ დიდი ხნის უნახავ მეგობართან თუ პირველ სიყვარულთან შესახვედრად. მირზა კი ისევ ცალად დაიარებოდა და გულისწორი ვერ ეპოვა ამ გაშლილ და მადლიან დედამიწაზე.
შემდეგ კი იყო ლხინი, იყო სადღეგრძელოები, მუსიკა, ცეკვა, მოფერება, სიცილი, იყო გახსენება და ცრემლი. თითქმის ყველა აატირა თამადის სადღეგრძელომ.
– ვუყურებ ჩვენი ბავშვობის ფოტოსურათებს და გული მტკივა მკვირცხლი, თვალმერცხალა დათო დიასამიძის გამო. იგი ხომ ქართველობის გამო მოგვიკლეს რუსეთში. რას ვიზამთ, უფლის ნებაა ჩვენთვის სიცოცხლის ჩირაღდნის ანთებაც და ჩაქრობაც. ასევე ნაადრევად ჩაიფერფლა მურკა მიქელაძის სიცოცხლეც. საამხედრო სამსახურის დროს მიღებულმა ჭრილობამ იმსხვერპლა თვრამმეტი წლის ახალგაზრდა. ფოტოებში თუ დაკვირვებიხართ მურკას მარჯვენა ყოველთვის გულთან ახლოს აქვს, ალბათ რაღაცას უნდა ნიშნავდეს ეს. საოცარია ბუნება, მაშინ ისე დაგვწყდა გული, გვეგონა ჩვენს ერთად შეკრებას ფასი არ ექნებოდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ის მშვენიერია…
და იცრემლებოდა მურკას პირველი სიყვარულის უარმყოფელი მადონაც.
ცოტა ხანში სუფრა ისევ გამხიარულდა.
– თამუნა, შენ მე გაგაცილებ. – ცეკვის დროს უჩურჩულა მირზამ.
– რატომ? – გაეღიმა ქალს.
– იმიტომ რომ მე სხვებივით მანქანით არა ვარ და ფეხით გავივლით სანაპიროზე.
– კარგი აზრია. თავდავიწყება ბოლომდე. სანაპირო! მართლაც კარგად მოგიფიქრებია.
– აწი მაინც მთავრდება ჩვენი საღამო, მოდი გავიპაროთ.
– არ დავემშვიდობოთ?
– სწორედ დამშვიდობებას ვერ ვიტან.
– ახლა გავიპაროთ და ხვალ ისევ ვინახულოთ ყველა, საქმე მაინც არ გვაქვს.
– კარგი, გავიპაროთ.
შექეიფიანებულ საზოგადოებას არ შეუმჩნევია ორი წევრით შემცირება.
ისინი სანაპიროს ნელი სვლით მიუყვებოდნენ. ქალს ფეხსაცმელი ხელში ეჭირა. სველ სილაში დარჩენილ პატარა ნაფეხურებს წყალი დაუნდობლად შლიდა. ეს ისე ართობდა ქალს, ისიც კი დაავიწყდა მარტო რომ არ იყო.
რა მშვიდი ზღვაა – გაიფიქრა ქალმა -ზღვაც კი დამშვიდებულა, ჩემი ცხოვრება კი ისევ შფოთავს.
უცებ კაცი წინ გადაუდგა ქალს, თვალებში ჩახედა და უთხრა:
– თამუნია, 28 ნოემბერი გახსოვს?
– ბოლო კლასში რომ ვსწავლობდით, იმ წლის.
ქალი დაფიქრდა და მშვიდად მიუგო:
– ძალია კარგად. იმ დღეს მითხარი მიყვარხარო.
– მერე?
– მერე ამით დაამთავრე ყველაფერი. რატომ დღემდე არ ვიცი.
– შემიყვარებდი?
ქალმა გულზე ხელი ჰკრა და თითქმის გაიქცა. მირზა მას გაჰყვა.
შენ ნამდვილად ვერა ხარ რა… თუ მე მაგიჟებ?! გაგონილა ოცი წლის წინ გამოცხადებულ სიყვარულზე პასუხს დღეს ითხოვ?!
მირზას გაეცინა.
– შენ ისევ ისეთი ამუნია ყოფილხარ, ისევ მწარედ იკბინები – ბავშვობის სახელი შეახსენა თამუნიას – მაგრამ შენთან ჩხუბი მირჩევნია სხვის სიყვარულს.
თამუნა შეჩერდა, გაეცნია და დაღლილი იქვე ნაპირთან ჩამოჯდა. მირზაც მას მიუჯდა და წუთით გაყუჩნდნენ.
– რამდენი დღით ჩამოდი თურქეთიდან? – ბოლოს ხმა ისევ მირზამ ამოიღო.
– სამი დღით.
– იქ რა გინდა, რას აკეთებ?
– რას ვაკეთებ? რას აღარ ვაკეთებ.
– შენი ქმარი სადაა?
– ზის, ოღონდ ყოფილი ქმარი.
– მიაღწია არა?! მთელი შეგნებით და ფიქრებით შენი ლამაზი თავი მას დავუთმე, მან კი ვერ დაგაფასა.
– მერედა რად დაუთმე?
– ელენე მასწავლებელმა ხომ გითხრა რაღაც. ეს მე ვთხოვე შენთვის ეთქვა.
– სისულელე! მირზა ავადაა და მალე მოკვდებაო. შენ კი აგერ ოცი წელი გავიდა და ცოცხალი ხარ. მაშინვე ვიფიქრე. რომ ეს ამბავი შენი მოგონილი იყო და ძალიან გავბრაზდი. მაინც რა გეგონა, აგეკიდებოდი? თუმცა შენი ავადმყოფობა სიმართოე რომ ყოფილიყო, მე მაინც შეგიყვარებდი. მაგრამ შენ ყურადღებას აღარ მაქცევდი.
– შემიყვარებდი, თუ შემიცოდებდი?
– შეგიყვარებდი!
– ქმართან ბედნიერი იყავი?
– სანამ წამალს მიჰყოფდა ხელს, კი.
– და რამდენ ხანს გრძელდებოდა შენი ბედნიერება?
– სამ თვეს. მერე კი დაიწყო ხუთწლიანი ჯოჯოხეთი. წამლის მომხმარებელი კაცი მოღალატეს მე მიწოდებდა. ბოლოს კი მართლაც ვუღალატე და აღარც დავბრუნებულვარ მასთან.
– არ მესმის, თურქეთში მაინც რა გიონდოდა, რატომ წახვედი?
– მშობლები მოხუცდნენ და უნდა მერჩინა. აქ კი ამის საშუალება არ იყო. გაიგე ახლა?
– როგორ არიან ახლა შენი მშობლები?
– აღარ არინ, მარტო ვარ.
ქალს თვალები ცრემლებით აევსო. მირზას ძალიან შეეცოდა ის.
– მე ვერ განვსჯი შენს წარსულ და ისიც ვიცი, ხანდახან ქუჩის უკანასკნელი მეძავი უფრო პატიოსანია, ვიდრე თუნდაც მონასტრის მოძღვარი. როცა თანაკლასელებს ვნახულობდი, შენს ამბავს სპეციალურად აღარ ვკითხულობდი. თითქოს შინაგანად პროტესტს გიცხადებდით შენ და თურქეთს. არ მეგონა ასე თუ გიჭირდა. ამიტომ დღეს არავითარი უფლება არ მაქვს შენს მოქმედებაზე პასუხი მოგთხოვო. მე ხომ ვიცი, ლამაზი ქალის გვერდით ყოველთვის ვიღაც არის, მაგრამ სულიერად ის თითქმის ყოველთვის მარტოა.
– მე ჩემს მოქმედებაზე პასუხს ახლა მხოლოდ ერთი კაცი, თურქი მილიონერი ახმედ-ბეი მომთხოვს. ის ფულში იხრჩობა. უზარმაზარი სასახლე აქვს, მაგრამ სამოცდახუთი წლის კაცი ლოგინსაა მიჯაჭვული. მის ოცდაშვიდი წლით უმცროს მეუღლეს აიშა-ხანუმს კი აღარაფერში სჭირდება ის. შვილიც ამერიკაში გადასახლდა და ვუვლი მე. წამლებს ვასმევ, თეთრეულს ვუცვლი, ვაჭმევ და ვბან. ჰო, მართლა, ჩემს ამბებს რომ მაყოლინებ, შენ თვითონ როგორა ხარ, ავადმყოფობა რატომ მოიგონე? რამ შეგაშინა?
– მაშინ მართლაც ავად ვიყავი, არავის ეგონა თუ გადავრჩებოდი. ახლა? ახლა როგორა ხარ?
– საფრანგეთში ვიმკურნალე, კარგად ვარ.
– კი მაგრამ, დიაგნოზი რა დაგისვეს?
– რა მნიშვნელობა აქვს, განა სულ ერთი არ არის ბოლოს რა მოგიღებს.
– კარგი, კარგი. ახლა მაინც ნუ მაცოდებ თავს.
მირზას ალერსიანად გაეღიმა.
– თამუნია, დარჩი ჩემთან. სასტუმროში ვცხოვრობ აქვე.
– შენთან დავრჩე? წასვლამდე არა?
– ჰო, თუნდაც წასვლამდე!
– რატომაც არა!
***
– შენ რომ ისე უცნაურად არ მოქცეულიყავი, დღეს ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით და არც ერთი არ ვიბორიალებდით ასე არმა-დაღმა, მარტოდ მარტო. ახლა კი კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს მარტოობაში…
მირზამ თავზე ხელი ალერსით გადაუსვა ქალს.
– თამუნია-ამუნია, ჩანს უფლის ნება ასეთი იყო. ჩვენ ერთმანეთი განშორებაში უნდა გვეძებნა. განა არ გამოგიცდია გაზაფხულის მოლოდინი?
– რა გაზაფხული, ვერ გავიგე.
– მოვა გაზაფხული და ყველაფერი იწყება თავიდან…
საოცარია, ვერაფერი აფერხებს ადამიანში გაზაფხულის მოლოდინს.
გაღიმებულმა თამუნიამ ხელები ყელზე შემოხვია მირზას.
– გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ.
– შენთან სხვანაირი ვერც იქნები. კარგია, რომ შენ მაინც ხარ რეალისტი, ამიტომ ხარ ცოტა ამუნიაც.
უცებ მირზას სახე გაუფითრდა.
– მირზა, რა დაგემართა?
– მოითმინე. ახლავე – ძლივს წარმოთქვა მან, დიპლომატს ხელი დაავლო და აბაზანაში ჩაიკეტა.
გაოცებული ქალი საწოლიდან წამოდგა, სარკეში საკუთარი თავი ეჭვიანად შეათვალიერა, მხრები აიცეჩა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, შემდეგ საღამური აიკაპიწა და გრძელი, ლამაზი ფეხებიც შეათვალიერა.
ოციოდე წუთის შემდეგ, ვითომც არაფერიო, მირზაც გამოვიდა სააბაზანოდან.
ქალმა ეჭვიანი თვალები შეაგება. მირზამ დამნაშავესავით გაუღიმა.
– მირზა, მიპასუხე, ნუთუ ისეთი ქალი ვარ, საყვარელმა მამაკაცმა ნარკოტიკში გამცვალოს?
მირზას გაეცინა.
– გეფიცები, მე ნარკოტიკს სიახლოვესაც არ ვეკარები.
– შენზე არაა საუბარი – სასწრაფოდ უკან დაიხია ქალმა – მე ჩემს ქმარს ვგულისხმობდი.
– შენი ქმარი რომ მიატოვე, კარგი გიქნია, მაგრამ თურქეთი ვერაფრით მიპატიებია. იქ რა გინდოდა ქართველ ქალს?
– ტყუილით ცხოვრება საერთოდ ძნელია, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუებასაც რომ დაიწყებ, ეს უკვე კატასტროფაა.
მე არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ქალი ვარ, ვინც იქ მოღვაწეობს. მე კიდევ გამიმართლა. არც მოგატყუებ, ამ გამართლებამდე ბევრი ვიწვალე. არაფრად გჭირდება ამის ცოდნა და ნურც მე გამაწვალებ მოგონებებით.
– თამუნია, ხვალ მიდიხარ?
– აუცილებლად.
– რა გაეწყობა, გამოსამშვიდობებელ ვახშამს მოგიწყობ.
– შენ ხომ დამშვიდობება არ გიყვარს.
– დღეს ვივახშმებთ. ხვალ დილით კი ჩემს გაღვიძებამდე გაიპარე, თორემ აღარ გაგიშვებ.
– ეს შეუძლებელია. ახმედ-ბეი და აიშა-ხანუმი გაგიჟდებიან.
– მაგენის დედაც…
– გეთანხმები, მაგრამ ვერაფერს გავაწყობთ.
***
გვიან ღამით, როცა მირზას ღრმად ჩაეძინა, თამუნამ გასაღები მოიპარა, მირზას დიპლომატი გახსნა და გაოცებული დარჩა. იქ იმდენი უცხოური წამლები და ექიმის რეცეპტები დახვდა. ქალმა სწრაფად გადაიკითხა ისინი. ორი რეცეპტი ამოიღო და ჩანთაში შეინახა.
– ესეიგი ის ახლაც ავადაა – წამით თითქოს რაღაც გაუხარდა ქალს, შემდეგ კი იქვე ხალიჩაზე ჩაიმუხლა და დაფიქრდა. მოაგონდა საყვარელი ელენე მასწავლებელი.
– თამუნია, დაფიქრდი შვილო, ძალიან ლამაზი, თავაზიანი და წესიერი ყმაწვილია მირზა, მაგრამ ის სერიოზულადაა ავად. ამას მოჰყვა მირზას მხრივ აბსოლიტური უყურადღებობა. თითქოს სიტყვები – მე შენ მიყვარხარ, თამუნია-ამიუნიაო – სხვას ეთქვას.
ეხ, თამუნია, ცხოვრებამ მართლაც მაწანწალა ამუნიად გაქცია…როგორ მეზიზღები…ქალმა თავი გაიქნია, თითქოს აბეზარი ფიქრები მოიშორა. შემდეგ ადგა და მირზას გვერდით ფრთხილად წამოწვა. ფიქრებს თავი ვერ დააღწია.
სამი დღეა რა ბედნიერი ვარ, ისევ სრულფასოვანი ქალი, სასურველი, მოსაფერებელი, დღესასწაულების დედოფალი. მე? მე რით დაგეხმარო, ჩემო მირზა, რითი გიშველო. – ფიქრებში დაღლილს ბოლოს ჩაეძინა.
დილით მირზამ გაიღვიძა და უხალისოდ შეიშმუშნა. დარწმუნებული იყო სასტუმროს ნომერში მარტო იყო.
უცებ მეორე ოთახის კარებიო გაიღო და თავიდან ფეხებამდე მოწესრიგებული თამუნა შემოვიდა. ირგვლივ ერთიანად აფრქვევდა ღიმილსა და სითბოს.
– ხომ გითხარი გაიპარე -მეთქი.
– დღეს არ მივდივარ, ხვალ წავალ. რაღაც საქმე უნდა მოვაგვარო. მალე დავბრუნდები. შენ კი კარგად გამოიძინე. ამ სარამოს მე გპატიჟებ ვახშამზე.
– საინტერესოა, ჯერ არ დავუპატიჟებივარ ვახშამზე ქალს.
თამუნა ცნობილ კარდიოლოგთან მივიდა და რეცეპტები აჩვენა. ექიმი შეშფოთდა.
– ალბათ ღმერთი ეხმარება, თორემ ამ დიაგნოზით ადამიანი კარგა ხნის წინ უნდა გარდაცვლილიყო.
– ექიმო, რა შანსი გაქვს?
– არავითარი. თუმცა ალბათ ისევ უფალი. ამ წუთას ამ ადამიანმა მციროედენი სიხარული ან იმედგაცრუება რომ განიცადოს, მორჩა.
– ექიმო, ეს დაავადება შთამომავლობით ხომ არ გადადის?
– საბედნიეროდ არა! ეს შეძენილი დაავადებაა.
სასტუმროში დაბრუნებული თამუნა მძინარე მირზას დასცქეროდა და ფიქრობდა – როგორ ინარჩუნებს სიმშვიდესა და წონასწორობას, როცა ასე უჭირს. როგორ არ გაბოროტდა, პირიქით, სულ სიკეთეზე ფიქრობს და თავად იქცა დიდ სიკეთედ. სწორედ ურყევმა რწმენამ უშველა. არასოდეს დაუჩივლია საკუთარი, ყველას თვითონ ამშვიდებს და ელოლიავება. ალბათ ამიტომაა მასთან ყოველი შეხვედრა განსაკუთრებული. ის ყოველთვის ისე იქცევა, თითქოს ეს ყოველივე აღარ განმეორდება…
ფიქრებიდან მობილურის ხმამ გამოაფხიზლა. მეორე ოთახში გავიდა. ახმედ-ბეი ურეკავდა თურქეთიდან.
– …………………………..
– არ ვიცი როდის წამოვალ.
– …………………………..
– ვერ მოვახერხებ, ეს არაა ჩემზე დამოკიდებული.
– ………………………….
– როგორც გნებავთ. მე სხვა სამუშაოს ვიშოვი.
– …………………………
– კარგი. როგორც კი მოვახერხებ, გეახლებით.
– მაშ წასვლა გადაიდო?! – კარებში მდგომი მირზა იცინოდა.
– მაცდური ხარ, ვეღარ გშორდები.
ერთი თვის შემდეგ თამუნა ამჩნევდა, რომ მირზა ცუდად გამოიყურებოდა. უფრო ხშირად იკეტებოდა სააბაზანოში.
– მირზა, მე უნდა წავიდე, უკვე დროა. ჩვენ ხომ არ დავქორწინებულვართ.
– შენ თუ წახვალ, მაშინ მეც საფრანგეთში მოვკურცხლავ.
– ჩემს წასვლას ელოდებოდი. კი მაგრამ რატომ არ მეუბნები შენც წაგიყვანო?
– იმიტომ, რომ ვერ წაგიყვან. შენ შენი ცხოვრება გაქვს. რა ვიცი, იქნებ ერთ დღესაც დაგირეკო და გადმოგაფრინო ჩემთან, უფლის შეწევნით. ახლა კი ძალიან გთხოვ, ნუ გეწყინება.
მაინც ვერაფერი აფერხებს შენში გაზაფხულის მოლოდინს – გაიფიქრა ქალმა.
– მირზა, იქ ვინმე გყავს?
– მე უკვე მხოლოდ ჩემი ამუნია მყავს, მაგრამ მაინც ვერ წაგიყვან.
– იცი რა, მოდი ჯერ შენ წადი, მე გაგაცილებ, მერე კი მე წავალ. პირობას გაძლევ არ დაგემშვიდობები. ისე უბრალოდ გაკოცებ და მალე შეხვედრამდე-მეთქი გეტყვი.
მირზამ ზურგიდან ხელები მოხვია ქალს და კისერზე პაწია ხალთან აკოცა.
– თამუნია, ერთი სათხოვარი მაქვს და შემისრულე.
– გისმენ და ძალიან შევეცდები შეგისრულო.
– არ წახვიდე თურქეთში. აქ გათხოვდი, შვილები გააჩინე და იცხოვრე, როგორც გაზაფხულზე მერცხალი, შენც შენს ბუდეს დაუბრუნდი.
– გათხოვებას ვერ დაგპირდები. დედა კი აუცილებლად გავხვდები, ვგრძნობ.
– რას გრძნობ? – აღელვებით შეეკითხა მირზა.
– რას ვგრძნობ და ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან ერთი პატარა მაინც არ გავაჩინო.
– მე მეგონა…
– შენ რა გეგონა არ ვიცი, მაგრამ ამას აუცილებლად შეგისრულებ.
მაპატიე ძვირფასო, შენთვის ემოციები არ შეიძლება და ვერ გაგახარებ იმ ბედნიერებით, რასაც შენი შვილის დედობა მანიჭებს. თუმცა ისიც ვიცი ასე მონოტონური და უემოციო ცხოვრებას შენ დიდხანს ვერ გაუძლებ -სინანულით გაიფიქრა თამუნამ.
აეროპორტში ქალი და მამაკაცი დიდხანს იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და იქ ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ. ბოლოს ქალმა თითის წვერებზე აიწია და მამაკაცს აკოცა.
– მალე შეხვედრამდე, ძვირფასო.
– სანამ წავალ, ეს უნდა დაგიბრუნო, თამუნია, შენთან იყოს ისევ. ჩემთან უკვე დიდი ხანიაა და მოიწყინა – მირზამ ჯიბიდან პაწია, გამჭვირვალე პლასტმასის ლეკვი დაისვა ხელისგულზე. თამუნამ იცნო მის ჩანთაზე დამაგრებული პაწაწინა სათამაშო, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა.
– მოკლედ, სიურპრიზების ოსტატი ხარ, მირზა!
– აი ეს კონვერტიც. თვითმფრინავი რომ წავა, მაშინ წაიკითხე, ახლა კი მშვიდობით და საერთოდ იცოდე, ქალი იმ სიყვარულს ღებულობს, რასაც იმსახურებს.
– მშვიდობით, თუ მალე შეხვედრამდე?
– მალე შეხვედრამდე. – მიუგო მამაკაცმა. შებრუნდა და უკან მოუხედავად წავიდა. თვითმფრინავში შესვლამდე კიდევ ერთხელ მოიხედა. გაშლილი მარჯვენა ასწია, წუთით შეყოვნდა და ბოლოს თვალს მიეფარა. მალე თვითმფრინავიც ღრუბლებში აიჭრა და გაუჩინარდა. ქალმა კონვერტი გახსნა, ფურცელი გაშალა და კითხვა დაიწყო. მალე ცრემლი ღვარად წასკდა. ეს იყო ანდერძი, რომლის მიხედვითაც მირზა საფრანგეთში არც თუ მცირე ქონებას მის მომავალ შვილს უტოვებდა. ამ შვილის დედად კი თამუნიას აღიარებდა.
– ყველაფერს მიმხვდარა. ღმერთო ჩემო, მიმხვდარა თუ…იქნებ მე მომცა შანსი. თუმცა რას გაიგებ. მირზას სიკეთეს ხომ არასოდეს არ აქვს გასაღები.
ქალი ეიფორიაში ჩავარდა. ლამისაა თვითმფრინავს გასდევნებოდა. ხან პირჯვარს იწერდა, ხან გამალებით ცერმლებს იწმენდდა. გაოცებული გამვლელები შესცქეროდნენ და ვერ ხვდებოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. ქალი კი არავის ერიდებოდა, მის ირგვლივ ვერავის ამჩნევდა. უცებ ტელეფონი აწკრიალდა.
– ………………………..
– არა ქალბატონო, ნურად დამელოდებით.
– ……………………….
– ახმედ-ბეი, ნუ მთხოვ…მე ჩემი შვილი აქ უნდა გავზარდო.
– ……………………….
– არა, არარასოდეს. როგორც გაზაფხულზე მერცხვალი, ჩემს ბუდეს ვუბრუნდები. მე ვრჩები საქართველოში.
Leave a Reply