სრულიად ახალგაზრდა იყო საკმაოდ მოზრდილი უბნის გამგებლად რომ დანიშნეს.
კაბინეტში შესვლამდე საკრებულოს ეზოში მოწყობილი სკვერის შუა გულში პაწაწინა პალმა დარგო.
უბრალო კი არა, ფინიკისა, საუკეთესო ჯიშისა.
– სწორედ ფინიკის პალმა ითვლებოდა გამარჯვების სიმბოლოდ ოდითგანვე. გამარჯვების ქალრმერთი ნიკე პალმის რტოთი ხელში გამოისახებოდა ყოველთვის. პალმა აგრეთვე ნაყოფიწერების კლასიკური ემბლემაა. მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დატვირთვა აქვს. არაბეთში -სიცოცხლის ხედ, ჩინეთში – ღირსების სიმბოლოდ მიიჩნევებ. ქრისტიანულ ქვეყნებში უკვდავების, წამებულის სიკვდილზე გამარჯვების, სამოთხის სიმბოლოა. ეგვიპტეში – კალენდარულ ხედ მოიაზრდება, რომეოლიც ყოველ თვეში ახალ ტოტს იძლევა. ისა არ ექვემდებარება მასზე დაწოლილ სიმძიმეს. იმარჯვებს და ტკბილ ნაყოფს ისხამს. ვინც ღმერთსაა მინდობილი, ვისაც ჭეშმარიტი ლოცვა შეუძლია, მას ყველა სირთულის გადალახვაში ეხმარება და მფარველობს.
ასეთი დიდი სიყვარული და ფაქიზი გრძნობა აკავშირებდა ახალ არჩეულ გამგებელს ამ ხესთან. მასსავით გამარჯვებას, გამძლეობას და ატანას ესწრაფვოდა.
ტკბილი ნაყოფი ეიმედებოდა და მისი მფარველობის იმედი ჰქონდა.
ახალგაზრდობის გამო ეჭვით მომზირალნიც არ აკლდა.
თვითონ მას მორიდებულ გამოხედვაში საოცარი მიზანი აღბეჭდოდა.
თუმცა ამხელა ნდობაა?
თავს არ შეირცხვენს. ყველაფერს გააკეთებს და ნდობას გაამართლებს… ხალხს არ უღალატებს…
– ხედავთ, ჩემი პალმა რა პატარაა?! ვნახოთ, აქედან რომ წავალ, რამოდენა იქნება.
მალე წასვლას არც აპირებდა.
გასაჭირს არ უშინდებოდა. პირიქით, სამუშაო უფრო საინტერესო უხდებოდა.
დიდი ამბიციები არ აწუხებდა.
საქმე ჰქონდა და ბედნიერი იყო.
როგორც შეეძლო, ეხმარებოდა ობოლს და გაჭირვებულს. სხვისი არასოდეს მიუთვისებია.
თვითკმაყოფილება არასდროს აწუხებდა.
სიზარმაცეს და უპატიოსნებას ვერავინ წამოძახებდა.
ირგვლივ მყოფთ კარგად ესმოდათ მისი.
არც დაჩაგრული მომჩივან-მოდავე ჰყოლია ოდესმე.
საქმე იცოდა, თავს არ ზოგავდა.
არც ყველაფერში ეჩხირებოდა, ორიგინბალურობისა და განათლებულობის დასამტკიცებლად.
რაში სჭირდებოდა…
სახელთან ერთად პალმაც იზრდებოდა.
წლებად ქცეული წამები – მოხვეჭილი სახელი და ჭაღარა.
დიდი თუ პატარა მას ბატონი ამირანის პალმას ეძახდა.
– გაიგე, კაცო, ბატონი ამირანი ავად გამხდარა. ვერა აქვს საქმე კარგად.
– რას ლაპარაკობ, ძალიან მეწყინა, კაი კაცი ყო. – რატომღაც უმალვე წარსულ დროში გადავიდა შეწუხებული მოსაუბრე.
– ღვთის შეწევნით ჯერ კიდევ არის, მაგრამ…
– რას იზამ, იგი წავა და სხვა მოვა – ძალიან ადვილად მოაგვარა საქმე გულგრილობამ.
და შექიმნა ტრიალი…
ვინ აღარ დატრიალდა… უფრო უღირსნი…
ზოგიერთს საკრებულოს გამგებლობა ტრამპლინად სჭირდებოდა და თავი ნახტომშიც წარმოედგინა.
ზოგიერთებისთვის კი ისე უმაღლეს მწვერვალად ქცეულიყო და მის დასაპყრობად ყოველგვარ ღონეს ხმარობდა.
სარგებელს რომ ხედავენ, ღვაწლს ივიწყებენ.
არავის ახსოვდა ჯერ კიდევ ცოცხალი გამგებელი…
ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
გაუფერულებული ისევ მის პალმას ეფერებოდა.
ის კი გაზრდილიყო და რკალივით მოხრილი ტოტები გაემრავლებინა…
სიმაღლით პატრონი კარგა ხანია დაეჯაბნა.
ხუმრობა ხომ არაა ოცდახუთი წელი.
– რაღა დროს მაგის მუშაობაა.- ჩიოდნენ გაწბილებულნი. – თურმე არც ავადმყოფობა აპირებდა უკან დახევას.
ცოლისა და ვაჟიშვილის საუბარს მოჰკრა ყური.
– ექიმმა თქვა მეორე ოპერაცია საჩქარო არააო. მანამდე ამ ოპერაციის ვალს გადაიხდით. მერე…
– ოღონდ მამა კარგად იყოს და რაღაც იქნება.
– მაგრამ რა? რისი იმედი გაქვს?
შერცხვა…
ტვირთად იგრძნო თავი…
თვით იწყო გამოსავლის ძებნა.
გაახსენდა ერთმა მისი პალმის ყიდვა ისურვა. მაშინ არ დაეთანხმა. ახლა თვიჩონ მიაკითხა…
ატყდა განგაში…
პალმა გაიყიდა!
– რა უფლებით გაყიდეთ საკრებულოს ეზოში დარგული სახელმწიფოს საკუთრება?!
– ვინ დარგო, ვინ გაზარდა, საერთოდ არ მაინტერესებს.
– უდიდეს პატივს გცემთ და სამ დღეს გაძლევთ, რომ პალმა ძველ ადგილზე დააბრუნოთ. – სამი დღეც მიამადლა უდიდესმა პატივისცემელმა.
დასჯილი ბავშვივით თავჩაქინდრული იდგა…
შინაგანად მათ ეთანხმებოდა.
– გარემოს დაცვა შენ არ გეხება?! ბუნებას ასე უნდა უფრთხილდებოდე?! ”ტყე შეუნახე შვილებსაო”, ეს მაინც არ გაგიგონია?! ვინ გაპატიებს მაგას! იცით რამდენი სახის დანაშაული ჩაიდინეთ? ხე როგორ გაყიდე კაცო?!
განა ეს თვითონაც არ უკვირდა?
მხოლოდ მან იცოდა, როგორ გაყიდა…
ისევ გამოჩნდა პატივისმცემელი და სხვა პალმა მოუძებნა საყიდლად, რადგან მისი უკან აღარ დაუბრუნეს.
მომენტი დაუჭირეს…
ორმაგი გადაახდევინეს.
ვალს ვალი მოემატა, დარდს-დარდი.
– პალმა რომ გაყიდა, არ იცოდა სხვასაც ეკუთვნოდა წილი?! კაცმა გაყოფაც უნდა იცოდეს… სხვაზეც უნდა იფიქროს.
– ხომ დავარგვევინე ისევ, რა ეგონა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო.. კანონები მეც ვიცი, მაგარი ვარ!
– კი, კი მაგარი ხარ. კაცი ერთ პალმას გადააყოლეთ. ვითომ არ იცოდით რატომ გაყიდა! ამირანს ისე რომ ეცხოვრა, როგორც იმ პალმის მყიდველს, პალმის გაყიდვაც არ დასჭირდებოდა. შენ კი ნამდვილად ბუნების ქომაგი ხარ. პალმა მართლაც დაიცავი.
საერთოდ ორიგინალურები ვართ ქართველები და კაცის გაწირვაც ორიგინალური ვიცით.
ავადმყოფს მეორე ოპერაცია აღარ დასჭირდა.
გულმა უმტყუნა.
ღვაწლმოსილი პიროვნების გასვენებაში საპატიო სტუმრების სიმრავლე იყო.
ზოგიერთებმა გაკვირვებით ჩაულაპარაკეს ერთმანეთს:
– საოცარია, კაცი ოცდახუთიო წლის ასაკში გამგებელი იყო და ასეთი ჩვეულებრივი სახლ-კარი?!
– მაგას მაგის მარიფათი სად ქონდა. წესიერად ერთი ხეც ვერ გაყიდა.
ეს მათთვის ჩაიქირქილეს, ისე კი გულის ამაჩუყებელი და ტკბილი სიტყვებიც არ დაიშურეს.
სამგლოვიარო პროცესია ფეხით გაემართა გამგებლის სამუდამო მოსასვენებლისკენ.
მთელი ამალა მიაცილებდა…საჩინონი და უჩინონი…
მოულოდნელად პროცესია შეაჩერა სატვირთო მანქანების მოზრდილი კოლონიის გაბმულმა სიგნალმა.
– რა უპატივრცემულობაა პროცესიის შეჩერება! – აღშფოთდა ხალხი.
– მიცვალებულისთვის ვის ცალია, ვერ ხედავთ რა მიაქვთ?!
– ღმერთო ჩემო, გაიჩეხა საქართველოს ტყეები, პატრონი კი არავინაა.
– ცოცხლად გვმარხავე სწორედ!
– უმსხვილესი და უძვირფასესი ხის მორებით დატვირთული ოცამდე სატვირთო მანქანა სარფის საბაჟოსკენ ისე მიიჩქაროდა, მიცვალებულისადმი პატივის გამოსახატავად ნამდვილად არ ეცალათ.
Leave a Reply