საძინებელში შუქი სუსტად და დამამშვიდებლად კრთოდა. მძინარე მამაკაცი შეირხა, მარჯვენა ხელით თვალები მოიფშვნიტა და ბალიშზე აჩოჩდა. გვერდით ქალსაც გამოეღვიძა და გაბუტული, ნამძინარევი ხმით ჩაილაპარაკა:
– რა მოგივიდა, საბა, დაიძინე. ჯერ ალბათ ისევ შუაღამეა.
– ელენე, მოდი დავნაძლევდეთ.
ქალი გაკვრვებით მიაჩერდა ქმარს.
– შენ რა… რამდენჯერ გაგაფრთხილე ძალიან ბევრს მუშაობ-მეთქი.
– მართლა დავნაძლევდეთ – სიტყვა გააწყვეტინა მამაკაცმა – დარწმუნებული ვარ, თოვს.
– თოვლის ამინდი ნამდვილად არ იყო გუშინ. მიდი რა, დაიძინე.
– მე კი გეუბნები, პირველი თოვლი იქნება. ისევ ის სიზმარი ვნახე.
– რა სიზმარი? – საბოლოოდ გამოფხიზლდა ქალი. – ზუსტად ის, ადრე რომ გესიზმრებოდა?!
– დიახ, სწორედ ის. ქალი, რომლის სახეს მე ვერ ვარჩევ, პატარა ბავშვი და მე. სადღაც უსასრულობაში ვიმყოფებით თითქოს. უკვე რამდენი წელია გრძელდება ჩემი ”სიზმრის სამება”.
– იქნებ მაგან გვიშველოს და ბოლოს და ბოლოს გავხდეთ სამნი.
– ელენე, მე ხომ ამ სიზმარს შენთან შეხვედრამდე გაცილებით ადრე ვნახულობდი და აუცილებლად პირველი თოვლის წინ.
– და შენ ამბობ, რომ ახლაც თოვს? წარმოუდგენელია.
საბა და ელენე ფანჯარასთან მივიდნენ, თეთრი ფარდა გადასწიეს და გაოცდნენ. ქალი თითქოს რაღაცამ დააფრთხო და მეუღლის მხარში ჰპოვა სამალავი.
ციდან მსხვილ-მსხვილი, ფარფატა ფანტელები ცვიოდა. მძინარე ქალაქი თეთრ სამოსში გახვეულიყო.
***
შუქნიშანზე წითელი ფერი აინთო; ქალმა და ათიოდე წლის ბავშვმა თავისუფლად გადაკვეთეს ქუჩა.
სკოლის შენობის წინ დედამ ერთხელ კიდევ შეათვალიერა პატარა, აკოცა და დაემშვიდობა. ბიჭუნამ მოკურცხლა. დედა ელოდა როდის შევიდოდა დედა შენობაში. შორიახლოს შლეგიანივით მოაგდო ვიღაცამ შავი ”მერსედესი”, იმდენად სწრაფად, რომ გარშემო მყოფთა ყურადღება მიიქცია. მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა და ქალი ინეტერესით შეათვალიერა. ქალს აშკარად არ ესიამოვნა მისი დანახვა, თეთრი ლაბადა შეისწორა, მუქი სათვალეც გაიკეთა და მშვიდად ჩაუარა მამაკაცს წინ.
– ლიკა! – დაუძახა მას გაოგნებულმა მამაკაცმა.
ქალს თითქოს არაფერი გაუგონიაო, გზა განაგრძო.
– ლიკა! – ამჯერად უშედეგოდ გაისარჯა მამაკაცი. გაოცება და უკმაყოფილება აღებეჭდა სახეზე. ხალხის ყურადღება უფრო მეტად რომ არ მიექცია, მანქანაში ჩაჯდა და ქალი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
– არა, ნამდვილად ის არის! – დაასკვნა ბოლოს.
სამი დღის განმავლობაში, დილაობით, გაჩერებაზე მდგომ ქალს მამაკაცი მალულად აკვირდებოდა. ბოლოს იგივე დასკვნა გააკეთა და გამოლაპარაკებაც გაბედა. ქალის უყურადღებობამაც ვერ შეაჩერა.
– უკაცრავად, თქვენ ლიკა ხართ?
– არა, გეშლებით! – მოკლედ მოუჭრა ქალმა.
– ეს შეუძლებელია.
– რა არის შეუძლებელი? მე თამარი ვარ.
– ეს ბავშვი თქვენი შვილია?
– არა. ჩემი დის. რატომ მეკითხებით?
ქალი აშკარად ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას და გამოსდიოდა კიდეც. გაოგნებულ კაცს დამაჯერებლად გაუღიმა, პასუხს არც დალოდებია, ბოდიში მოუხადა და სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა.
– კი მაგრამ, ყოველდღე სხვის ბავშვს ატარებს სკოლაში? ან სხვა ნომრის ტაქსს რატომ გაჰყვა? ის ხომ ყოველთვის ასერთით დადიოდა? ნამდვილად მე გამექცა. ეს აშკარაა. ნამდვილად ისაა. – ჩაილაპარაკა კაცმა და მანქანა სკოლისაკენ შემოატრიალა.
***
საღამოს სახლში დაბრუნებულ, აფორიაქებულ დედას შვილმა ახალი ამბავი დაახვედრა.
– დედიკო, დღეს ჩვენს სკოლაში შემოწმებაზე თვითონ მინისტრი მოვიდა. კლასებში ჩამოიარა, თითქმის ყველა კლასი შეამოწმა. იცი? ჩვენს კლასში მხოლოდ მე დამელაპარაკა.
ლიკამ მღელვარება ვერ შეიკავა.
– რაო, რა გითხრა შვილო? – ძლივს კითხა და ცახცახმა აიტანა.
– რა ნიშნებზე სწავლობო. რომელი მასწავლებელი გიყვარსო. შენ დედიკოს რა ქვია და სად მუშაობსო. იცი, როგორ ეწყინა, როცა ვუთხარი ჩემი მამიკო ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა-მეთქი?!
– შვილო, საბა, გაჩუმდი. – ლიკამ ბავშვი გულში ჩაიკრა და აქვითინდა.
– დედა, არ იტირო. ყველაფერს ვუპასუხე. ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარო მითხრა. იცი, იმ მინისტრსაც საბა ჰქვია. ისე მოვეწონე, მე და შენ აწი ვიძმაკაცებთო – მითხრა.
ის ღამე ლიკამ ცრემლებსა და ლოცვაში გაატარა.
***
მეორე დღეს მანქანა ლიკას სამსახურთან ელოდებოდა. იქედან საბა ადეიშვილი გადმოვიდა და ლიკას მიესალმა.
– გამარჯობათ, ბატონო საბა, ისევ თქვენა ხართ?
– ბოლოს და ბოლოს მიცანით არა?!
– თქვენ მთელი ქალაქი გიცნობთ.
– ლიკა, მომისმინე!
– არავითარი ლიკა! – ლამაზი თვალები დააკვესა ქალმა – თქვენთვის ლიკა უკვე მკვდარია.
– ეგრე არ იქნება, ჩვენ შვილი გვყოლია. არ უნდა დაგემალა ჩემთვის ეს ამბავი.
– როდის უნდა მეთქვა? ან რატომ უნდა მეთქვა? იმიტომ ხომ არა, რომ ბავშვის გამო მაინც შეგერთე ცოლად.
– იცი, ლიკა, ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ. ყველაფერს აგიხსნი.
– არა, მე თვითონ აგიხსნი და ახლავე. ბავშვს თავი დაანებე.
– არა, ლიკა, არა! ასე არ გამოვა. ადამიანურად გთხოვ. გაიგე, ჩვენ ბევრი გვაქვს გასარკვევი.
– მე შენთან აღარაფერი მაქვს გასარკვევი, ყველაფერი მორჩა. ისიც კი იკადრე, თანამდებობა გამოიყენე და ბავშვს ესაუბრე. ახლა კიდევ ჩემთან მოსულხარ, იქნებ ბრძანების წიგნშიც გააფორმო და ბეჭდიანი ქაღალდით შემატყობინო რა გინდა…
– ასე ნუ მიჯავრდები, ლიკა!
– გიჯავრდები?! – აშკარად გაუკვირდა ქალს. – მე გაფრთხილებ, ბავშვის სიახლოვეს აღარ გნახო, თორემ საერთოდ გადავიკარგებით.
– აწი ვეღარსად დამეკარგებით.
– ჰმ, – დამცინავად ჩაიცინა ლიკამ და საბას ჯიქურ მიუბრუნდა – და რა იცი, რომ ეს ბავშვი შენია.
საბას გაეცინა.
– ეგ უკვე დაგვიანებული კონტრშეტევაა. ეჭვიც არ მეპარება, სახელიც კი ჩემი დაირქმევია, შენ არ იცი რა ვიგრძენი…
– გაჩუმდი! – სასწრაფოდ შეაწყვეტინა ლიკამ. – შენი გრძნობები ყველაზე ნაკლებ მაინტერესებს. სახელი კი არაფერს ნიშნავს. ყოველთვის მომწონდა ეს სახელი.
– ლიკა, ვერ დამაეჭვებ, ქუჩაში ჩემი ყურადღება თავდაპირველად ბავშვმა მიიქცია. ისე მგავს, მეგონა მე მივდიოდი სკოლაში.
დალახვროს ეშმაკმა, ყოველთვის ამ მსგავსები მეშინოდა. – გაიფიქრა ლიკამ.
***
სამსახურში ლიკას მაგიდაზე ყვავილების თაიგული დახვდა, რომელშიც კონვერტი იყო ჩამაგრებული. ლიკამ კონვერტი გახსნა, ფურცელი გაშალა და წაიკითხა:
”ბრძანება №1
ლიკა, ძალიან გთხოვ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ.
უღრმესი პატივისცემით საბა.”
ლიკას სახეზე ალმური დაჰკრა.
– ლიკა, მგონი ახალი თაყვანისმცემელი გყავს. იქნებ მაგან მაინც მოინადიროს შენი გული.- შემოსძახეს თანამშრომლებმა.
– ეს თუ ის თაყვანისმცემელია, ამას წინათ მერსედესით რომ გელოდებოდა, გამოდის არავითარი შანსი აღარ მრჩება – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ლიკას მაგიდასთან პირდაპირ მჯდომმა არჩილ ჩარკვიანმა.
ლიკამ ყვავილები გაიტანა და ნაგვის ურნაში ჩაუძახა.
– ბატონო არჩილ, იმ ტიპს, თქვენც რომ შეგინიშნავთ, ამბობენ საკმაოდ აწეწილი ოჯახური სიტუაცია აქვსო და ალბათ, მართლაც აღარ გრჩებათ რაიმე შანსი.
– აქ რაღაცაში არის საქმე, თორემ ლიკა არაა მაგის ქალი, ვინმეს აწეწილობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
– ვაიმე! ნეტა რაშია საქმე, ბატონო არჩილ? – ცნობისმოყვარეობამ აიტაცა ჭორიკანა, თქვენ მაგასაც მიხვდებოდით, მითხარით რა, ბატონო არჩილ.
– როგორმე უჩვენოდ მოუვლიან თავიანთ საქმეს, ჩემო ძვირფასო!
ლიკას ყოველ დილას მაგიდაზე ხვდებოდა ყვავილები და ერთიდაიგივე შინაარსის ბარათი, იცვლებოდა მხოლოდ ბრძანების ნომერი.
***
– დედიკო, იცი, ის მინისტრი რა მაგარი კაცია?! აუ, მართლა მაგარია, რა მანქანაა… ჩვენი სკოლის შეფია უკვე. მასწავლებელმა თქვა მასეთი პატრონი ჩვენს სკოლას არ ჰყოლიაო.
– ვისზე ლაპარაკობ, შვილო – მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება ლიკამ შვილს.
– იმ მინისტრზე, ჩემი სახელი რომ ჰქვია. დაწყებითი კლასების ყველა ბიჭს ბურთები გვაჩუქა, ფეხბურთის წრეს ვაყალიბებთ. იცი, ხანდახან თვითონაც გვეთამაშება.
– თვითონაც არა?! – წამოვარდა ლიკა სავარძლიდან.
– ჰო, თვითონაც. მაგრამ კარგად ვერ თამაშობს, კარებში რომ იდგა, ჩემი დარტყმული ვერცერთი ბურთი ვერ აიღო. მე მოვუგე და ყველას ნაყინი გვიყიდა. ჯიგარია რაა! აი, მასეთი მამიკო მინდოდა.
– გაჩუმდი! – იკივლა ლიკამ, სასწრაფოდ მოისხა ლაბადა, ფეხსაცმელი ჩაიცვა და კიბეზე დაეშვა. ბავშვი გაოცებული დარჩა.
სამინისტროში მისულ ლიკას არავითარი ყურადღება არ მიუქცევია მდივანი ქალისათვის, რომელიც გაჰკიოდა.
– არ შეიძლება, ქალბატონო, მინისტრი დაკავებულია. ნუთუ არ გესმით? ვაიმე, რაღა ვქნა, ეს რა ხალხია, ვერ გავიგე!
ლიკა კარებში შევარდა და მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა მაგიდის ირგვლივ მსხდომი ათიოდე კაცი დაინახა. ხმა ვერ ამოიღო, ვერც უკან გაბრუნდა და ვერც წინ გადადგა ნაბიჯი. იდგა და გამეხებული თვალებით შესცქეროდა საბას.
საბა მონუსხულივით მიაჩერდა ქალს და გაიფიქრა, რამ დამიბრმავა თვალები, გაბრაზებულიც კი ლამაზია.
ლიკა ნაბიჯს არ დგამდა.
– მობრძანდით, გისმენთ, ლიკა! – თვით მინისტრი შემოეგება ქალს.
ლიკამ კბილებში გამოსცრა:
– ხვალ ორ საათზე გელოდები. თანახმა ვარ, მოვილაპარაკოთ.
***
– საოცრად გამოიყურები, ლიკა. – დილიდანვე შეაგება კომპლიმენტი სამსახურში გამოცხადებულ ქალს არჩილმა.
– შევეცადე – გაეღიმა ლიკას.
– ვისთვის შეეცადე?
– არც არავისთვის, საკუთარი თავისთვის მხოლოდ. დღეს მძიმე დღე მექნება. ჩემი ცხოვრება დღეს სასწორზე დგება.
– სასწორის ერთ მხარეს შენ და შენი შვილი ხართ, მეორე მხარეს კი ვინ?
– წარსული, არჩილ, წარსული.
– ესეიგი ის მინისტრი შენი წარსულია და არა მომავალი?
ლიკამ გაკვირვებით ამოხედა არჩილს და მხოლოდ ამოიოხრა.
– შენ რომ გგონია, ისეთი ძლიერი არა ხარ, ლიკა. რაიმეთი ხომ არ დაგეხმარო, მითხარი არ მოგერიდოს.
– გეტყვი. – მოკლედ უპასუხა ლიკამ.
დღის პირველ საათზე საბა ადეიშვილი ლიკასთან გამოცხადდა. თანამშრომლებმა ერთმანეთს გადახედეს. ლიკამ არაფერი შეიმჩნია. არც მის შესაგებებლად მომზადებულ საბას მიაქცია ყურადღება. დაასწრო, თვითონ გამოაღო მანქანის უკანა კარები და ჩაჯდა.
– რა უცნაური ქალია ეს ლიკა, ვერ გაიგებ რა უნდა. – აზრი გამოთქვა ერთ-ერთმა.
– შენ მაგას მართლა ვერ გაიგებ – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა არჩილმა.
– I’m sorry, არჩილ ბატონო! ისევ დაანთხია გესლი ჭორიკანამ.
***
საით წავიდეთ, ლიკა?
არც საით, აქვე დავილაპარაკოთ. დაანებე ჩემს შვილს თავი.
– მომითმინე, მოლაპარაკება ორ საათზე იწყება. ჯერ მხოლოდ პირველია.
– მაშინ მე ჩავალ და ორ საათზე გამოვალ – კარის გასაღებად გაიწია ლიკა.
საბა მკლავზე სწვდა.
– ლიკა, ძალიან გთხოვ, ამდენი მუდარის შემდეგ რამდენიმე საათი მე დამითმე.
– მეგონა მარტო ბრძანებებს იძლეოდი, მუდარაც შეგიძია? მაინც რამდენი საათი გნებავთ?
– შვიდ საათზე სახლში მიგიყვან.
– ძალიან ბევრია. მხოლოდ სამი სათი, ნაცნობობით.
– ამისთვისაც გმადლობთ – თქვა საბამ და მანკანა დაქოქა.
ლიკამ საბა ზურგიდან შეათვალიერა, თითქოს თვალებით მოეფერა მის თმებსა და მხრებს.
სულელო, მე ხომ მთელი ცხოვრება შენ დაგითმე, თუმცა ვინაა ჩვენს შორის უფრო დიდი სულელი?! – გაიფიქრა ლიკამ და წუთის წინ თვალებში გაჩენილი უცნაური ნაპერწკალი ჩაიქრო.
საბამ მანქანა გადააყენა, გადმოვიდა, ქუჩა გადაირბინა და ვარდები იყიდა. ლიკა აყვირდა.
– არ მჭირდება. დავიღალე ამდენი ყვავილებით.
– ლიკა, იცოდე, ამ ვარდებს მაინც წაიღებ სახლში. მაძლევ ამის პირობას?
– მოლაპარაკებას გააჩნა.
საბას გაეცინა და მანქანას გასაღები მოარგო.
– საერთოდ, ლიკა, რამდენადაც მე ვიცი, ქალს ყვავილები არ ღლის. შენ ჩემს ყვავილებს ვერ იტან მხოლოდ.
– ქალს ისევე ღლის უაზრო და გადამეტებული ყურადღება, როგორც უყურადღებობა.
– მაშ უაზრო ყურადღება არა! – ნაწყენილი კილოთი მიუგო საბამ და გზიდან მკვეთრად გადაუხვია.
– საით მივდივართ?
– ჩემთან, აგარაკზე.
– არა, აგარაკზე არა! – განწირულივით შეჰკივლა ლიკამ.
– რატომ? ხომ არ გეშინია?!
სალონის სარკეში საბასა და ლიკას მზერამ ერთმანეთი გადაკვეთა.
– შენი არ მეშინია, მოგონებები არ მჭირდება.
– მაშ, შენ მოგონებების გეშინია, ესეიგი სწორად ვიქცევი.
ლიკამ აღარაფერი უპასუხა, გულში კი გაიფიქრა, იმდენს მაინც მოვახერხებ, რომ დაგიმტკიცო, თითქოს არაფრის მეშინია.
***
– აქ ყველაფერი შეცვლილია – თვალი მოავლო გარემოს ლიკამ.
– ყველაფერი არა. გთხოვ შემო… – საბას ქალისადმი თბილი გრძნობა მოეძალა, მაგრამ მის გამწყრალ თვალებს წააწყდა და დადუმდა.
ლიკამ მუხლების კანკალით აიარა კიბე. საბამ კარები შეაღო და სტუმარი მოწიწებით შეიპატიჟა.
რა სიმდიდრეა ირგვლივ, – გაიფიქრა ლიკამ და გუმანით ერთერთი ოთახის კარი მოძებნა, მაგრამ უშედეგოდ. ნაცნობი ოთახის კარებს ვეღარ მიაგნო. საბა თითქოს მის ფიქრებს ჩასწვდა, მხარზე ხელი მოხვია და ერთ-ერთი ოთახის კარები შეაღო.
– ამ სილამაზეში, ლიკა, ეს ერთი, ჩემი ოთახი როგორც იყო, ისე დავტოვე.
– მართლაც საცოდავად გამოიყურებოდა ძველი, ცისფერი კედლები, რკინის საწოლი და დანჯღრეული კარადა.
– ლიკა ოთახის ზღურბლთან იდგა…
– მის წინ საწოლზეც ლიკა იჯდა, ოღონდ თორმეტი წლის წინანდელი ლიკა, დამფრთხალი თვალებით, შეგინებული, მიტოვებული, გაოგნებული. აკანკალებული ხელებით რომ იფარავდა შიშველ სხეულს და ვერ გარკვეულიყო რეალობაში.
ლიკას გააჟრჟოლა და კარებს მოშორდა.
– როცა ძალიან მიჭირს, ამ ოთახს მოვაშურებ და აქ ვისვენებ. ხომ გჯერა ჩემი,ლიკა?
– ლიკამ საბას ისე შეხედა, თითქოს ახლა შენიშნა მისი არსებობა.
– მე შენი უნდა მჯეროდეს?! ეგ რაა, მოლაპარაკება უკვე დაიწყო?მაშ, ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა ბავშვს აღარ მიაკითხო.
– ლიკა, ძალიან ჩქარობ, მე შენს წინაშე შეიძლება დავაშავე, მაგრამ მის წინაშე არაფერი დამიშავებია. მისი არსებობა არ ვიცოდი.
– დედამისის არსებობა რატომ დაგავიწყდა?
– სამაგიეროს ამით მიხდი?!
– ლიკას შერცხვა.
– საბა, ეს სამაგიეროს გადახდა არ არის. ბავშვმა იცის, რომ მამა მოუკვდა, ახლა რა ვუთხრა? მას მისი ცხოვრება აქვს.
– ესეიგი მე მკვდარი ვარ! და ამას უნდა შევეგუო. კი მაგრამ, მე რომ საერთოდ არაფერი მითხარი, რა იფიქრე?
– საბა, ახლა, ამ გადასახედიდან გაცილებით ადვილია ყველაფერი.
– მაგრამ შვილი? ბავშვი რა შუაშია?! მე ხომ არაფერი ვიცოდი.
– კი, მაგრამ მე როგორ უნდა მეთქვა, ან რა უნდა მეთქვა, საბამ გამაუპატიურა – მეთქი? მე ხომ ვიცოდი, რომ ასე არ იყო. ან იქნებ, მეთქვა შემთხვევით ორსულად ვარ და ხომ არ მიპატრონებ-მეთქი.
– მე უნდა მცოდნოდა, რომ შვილი მეყოლებოდა.
– ეს მეც ვიფიქრე, მაშინ. რამდენიმე ვარიანტი იყო, საუკეთესო შემთხვევაში მამობას აღიარებდი. მაგრამ რომ არ მოქცეულიყავი ასე? ჩემთვის რომ გეკადრებინა ბავშვის მამა მე არა ვარო, ან კიდევ ფული რომ მოგეცა აბორტი გაიკეთეო, მაშინ?..მაშინ რა მოუვიდოდა ჩემს გრძნობებს?! კიდევ, ლოდინი ვარჩიე. თუ მომნახავს, ვეტყვი-მეთქი. შენ კი არ გამოჩნდი.
– როგორ გამოვჩნდებოდი, სანამ ეს ამბავი გადავხარშე…
– რა ამბავი, ქალთან რომ იწექი?!
– ლიკა, ნუ დამცინი. ყველა ქალს, ვისთანაც ვიწექი, მე არ მოვნახავდი და არ შევეკითხებოდი როგორ ხარ, ხომ არ დაგაორსულე-მეთქი. შენ კი სხვა იყავი. შენი ამბავი იმიტომაც დამრჩა გადასახარშავი, რომ პირველი ვიყავი და ამას არ ველოდი. სანამ მივხვდი რა ტკივილი მოგაყენე, ავარია მომიხდა. ის თეთრი ვოლგა ხომ გახსოვს, დავამტვრიე და თითქმის ექვსი თვე გაუნძრევლად ვიწექი. მერე კი…
– მერე კი მთლად დაგავიწყდი.
– არ დამავიწყდი, განუწყვეტლივ-მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ ხანდახან მახსენდებოდი.
– ის უფრო დანაშაულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა იყო ალბათ.
– შეიძლება, მაგრამ ვფიქრობდი, რომ შენ აღარ გახსოვდი. ისე, მაინც სად დაიკარგე? ერთხელაც კი აღარ შემხვდი.
– გინდოდა შეგხვედროდი?! ალბათ, ისევ გასართობად. მამაკაცები ასე ხართ, ქალს ნდობას და გამოუცდელობას ქარაფშუტობად უთვლით და იყენებთ. შემდეგ შეხვდებით დაბრძნებეულ ქალს და ჩათვლით, რომ სწორედ ის არის ოჯახის, სიყვარულის და ერთგულების ღირსი. და შეგრჩებად ხელში სხვასთან დაბრძენებული ოჯახის დიასახლისი. ხომ შეიძლება თქვენთან დაშვებული შეცდომა და ქარაფშუტობა აპატიოთ, გაუგოთ. ამას მამაკაცები ვერ ხვდებით, ვერ შიფრავთ. აი, მე შენს მერე ვერავინ მომატყუა. ვერ მაცდუნა. შენთან თუ თავნება და სულელი ვიყავი, ახლა ჭკვიანი და თავდაჭერილი ქალის იმიჯი მაქვს.
– ლიკა, მას შემდეგ არავინ გყოლია?
– ჰმ, მას შემდეგ სიყვარულის ღირსად არავინ ჩამნითვლია.
***
სიჩუმეს არც ერთი არ არღვევდა. საბა თავის თავს ელაპარაკებოდა: გამოტყდი, ვაჟბატონო, ყველაფერი გაცილებით ადვილი გეგონა, რომ გაიგე, ქმარი არ ჰყავსო, საყვარლადაც დაისვი ხომ?! მაინც რა კერპი გამხდარა. რა ლამაზია, როგორ დაუმშვენებია ქალობა!
– დრო იწურება, ჩვენ კი მთავარ საკითხზე ვერ შევთანხმდით. – საბას ფიქრებს შეეხმიანა ლიკა.
– რომელ საკითხზე?
– ჩემს შვილს აღარ ნახავ.
– გამორიცხულია, ის ჩემი შვილიცაა. ბავშვსაც ვნახავ და მის დედიკოსაც. ახლა კი, ვისადილოთ.
– მე არაფერი მინდა.
საბამ ქალის უარს ყურადღება არ მიაქცია და სახელდახელოდ ლამაზი სუფრა გაშალა. ჭიქა აიღო და შეეცადა მისთვის პირდაპირ თვალებში ეცქირა. ლიკამ კი ამის საშუალება არ მისცა.
– ლიკა, ძალიან მინდა ისევ გიწოდო, ჩემო ლიკა, მაგრამ ამის უფლება აღარ მაქვს, დაგკარგე. სულ თვალს მარიდებ, ვერაფრით შევიგრძენი მათი ძველებური სიღრმე. არადა, ისე მომენატრა. ცხოვრება მოულოდნელობითაა სავსე, სასიამოვნო თუ უსიამოვნო მოულოდნელობით. შეიძლებოდა ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა. იცი, როცა გვერდით გყავს, მისი ფასი არ იცი. დაკარგავ და მიხვდები, რა ძვირფასი ყოფილა. მე მართლა გეძებე. ვიცი არ გჯერა და არც მიკვირს…
– საბა, მე შენი აღსარების მოსასმენად არ მოვსულვარ. თუ სინდისი ან სული გაწუხებს, მოძღვარს მიმართე.
– ნუ გამაწყვეტინებ, იმას გეუბნებოდი, გეძებე და ვეღარ გიპოვე-მეთქი. საკმაოდ ასაკოვანი დავქორწინდი. დღეს შენ თერთმეტი წლის ბიჭი გყავს, ჩემი შვილი, მე კი – არავინ.
– რატომ? მეუღლე ხომ გყავს?!
– დიახ, მყავს, მაგრამ მე მაინც მარტო ვარ.
– ეგ უკვე შენი პრობლემაა და სხვათა შორის დრო ამოიწურა.
– დრო ამოიწურა? ხომ ხედავ რამდენი რამ გვქონია ერთმანეთისთვის სათქმელი. დროში ვერ ჩავეტიეთ. შენ გაგიმარჯოს, ჩემი საბას გამჩენს.
ლიკას თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა.
– შენი საბას გამჩენს, არა? მერე იცი რა იწვნია ამისათვის საბას დედამ? მშობლები გავაწბილე, ვერ დავრჩი შენსავით დამჯერი შვილი. შენ ხომ მიჰყევი ოჯახის ტრადიციებს. შეირთე ცოლი, რომელიც ხიდი იყო შენს კარიერასა და ოჯახს შორის. მე კი მამას გავუცრუე იმედები. ნიავს ხომ არ მაკარებდა, ტყავის ქამრით მომდგა. მე კი გამხეცებულს ფეხებში ჩავუვარდი და შვილი არ მომიკლა-მეთქი, შევევედრე. ამ სიტყვებმა მამა შეაჩერა. მერე ბავშვი წლების განმავლობაში რაიონის მიყრუებულ სოფელში მყავდა. მამიდა მეხმარებოდა – ძლივსძლივობით ყვებოდა თავის ამბავს ქალი.
– რას არ ვაკეთებდი, რომ ბავშვი გამეზარდა. შენს მოსაგონებლად აღარც კი მეცალა. ძილის წინ, მარტო რომ დავრჩებოდი, დავფიქრდებოდი და მეცოდებოდი. მეცოდებოდი, რომ არ შეგეძლო ჩვენი ბავშვის ღუღუნით დამტკბარიყავი. მისი სურნელი შეგეგრძნო. ეს ისეთი ბედნიერება იყო, მარტო ჩემთვის მენანებოდა, მაგრამ მაინც მარტო ვიყავი. შენს წარმატებებს ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს. ვერ გეტყვი მიხაროდა-მეთქი. გამოუცნობ ტკივილს და შენ წარმოიდგინე, ზიზღს ვგრძნობდი. ბოლოს მამამ მაპატია და აქამდე მოვაღწიე. ახლა კი ისევ შენ გამოჩნდი და გინდა ისევ ამირიო ცხოვრება. ისევ და ისევ შენ.
***
საბა გულდაწყვეტილი უყურებდა ლიკას. ბოლოს წამოდგა, მისკენ შემოატრიალა, ისევ უშედეგოდ შეეცადა მის თვალებში ჩაეხედა. სასწაულად უნდოდა როგორმე დაემშვიდებინა ქალი, მაგრამ ვერ გაბედა და მხოლოდ ეს უთხრა:
– მაპატიე, ლიკა, ყველაფერი მაპატიე.
– აქ პატიების საკითხი არაა მთავარი. საბა, მე შენი მსაჯული არა ვარ. ბავშვს უნდა დაანებო თავი. მოგვეცი მშვიდად ცხოვრების საშუალება.
საბამ ხელი შემოხვია ლიკას და გულზე მიიკრა.
– ლიკა, ყველაფერზე უარს ვიტყვი. არც თანამდებობა მიღირს რაიმედ, ოღონდ მაპატიეთ და თქვენთან მამყოფეთ.
ლიკა უცებ გახევდა, გაკვირვებულმა შეხედა კაცს, ხელები გულზე ჰკრა და მოიშორა.
– ეგ რამ გაფიქრებინა! მერე შენი ცოლი? მან რაღა დაგიშავა? კიდევ ერთი უდანაშაულო ზვარაკი. კიდევ ვიღაცას უნდა ატკინო გული. კიდევ ერთმა ქალმა უნდა გამოსცადოს ის, რაც მე გამოვცადე – გაცრუებული იმედები. კიდევ ერთმა ქალმა უნდა იფიქროს, რომ მოღალატე და უპასუხისმგებლო ხარ და ყოველივე ეს ჩემი მიზეზით უნდა მოხდეს?! უფალო, შემიწყალე და ამ გზაზე ნუ დამაყენებ. ნუთუ ასეთი ეგოისტი გგონივარ, საბა?!
– დამშვიდდი ლიკა, არასოდეს მიფიქრია, რომ ეგოისტი ხარ, მაგრამ მე რაღა ვქნა, მეც ხომ ადამიანი ვარ. ნურც მე მაქცევ ზვარაკად.
ლიკა მოეშვა, ღრმად ჩაეშვა სავარძელში და გაირინდა. რამდენიმე წუთში მთელი ცხოვრება თვალწინ წარმოუდგა. როგორი თავდავიწყებით უყვარდა საბა, რა ბედნიერი იყო მასთან, მერე დაშორების სიმწარემაც გაახენა თავი, მაგრამ საბამ ხომ მას პატარა საბა აჩუქა.
წამოდგა, თითქოს ფიცს წარმოსთქვამსო, ისე დაიწყო:
– დიახ, მე ეგოისტი არა ვარ, ამიტომ ასე გადაწყვიტე. შენ თვითონ მოახერხე ბავშვთან დაახლოება, ვიცი არ გაგიჭირდება, როცა საჭიროდ ჩათვლი, შენ თვითონ უთხარი ყველაფერი. მე მეტი აღარ შემიძლია. რათქმა უნდა ვერც ცოლს მიგატოვებინებ და ვერც საყვარლობას დაგპირდები, არ მიყვარს ორმაგი თამაშები. მე არჩილ ჩარკვიანი მელოდება. ის იმსახურებს ჩემს სიყვარულს. ახლა კი სახლში წამიყვანე.
საბა უხმოდ დაეთანხმა ქალს, ლაბადა ისე ნაზად მოახურა, თითქოს ეშინოდა არაფერი დაშავებოდა.
***
უკან დაბრუნებისას ხმა არცერთს არ ამოუღია. საბა სარკეში ათვალიერებდა ლიკას. თვალებით ესიყვაულებოდა და რამდენადაც შეეძლო წელავდა გზას, რომელიც ბოლოს მაინც დასრულდა. ლიკა მანქანიდან გადმოვიდა, ანიშნა, არაფრის თქმა არაა საჭიროო და სახლისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ უცებ შემოტრიალდა.
– ერთი წუთით, საბა!
საბას გული გადაუქანდა. ლიკამ მანქანის კარები გამოაღო:
რამ შეგაშინა, არაფერი გადამიფიქრებია, ჩემი ვარდები უნდა ავიღო მხოლოდ.
საბა აღელვებული გადმოვიდა, ლიკას ხელზე ეამბორა და უთხრა:
– გმადლობთ, ლიკა. ჩემს უწინდელ გრძნობებში შეძლება ეჭვი შეგეპაროს, მაგრამ ახლა ნამდვილად მიყვარხარ.
ლიკამ ქვემოდან ამოხედა საბას. კაცმა უმალ იგრძნო ქალის თვალების უწინდებური სილამაზე და ამ თვალებში ის საოცნებო ნაპერწკალიც დალანდა, ჟამ და ჟამ, მოწყენისას გულისგულს რომ უთბობდა.
Leave a Reply