Feeds:
Posts
Comments

Archive for August 18th, 2011

 

საოცარია ცხოვრება.

როცა ერთი ტირის, მეორე იცინის ყოველთვის.

თვითონვე მიკვირს, მაგრამ ხშირად სევდაში სამხიარულოს დავეძებ და მხიარულებაში სევდას.

ვპოულობ კიდეც…

გიკვირთ? ალბათ მართლა ძნელია ამის გაგება.

აქლემის ქურდი ნემსის ქურდს რომ დაიჭერს?!

საჩუქარს რომ გიბრუნებენ  მოუსყიდველის ნიღაბით?! იმიჯის შესაქმნელადაც…

სინამდვილეში ეცოტავათ.

ზოგიერთთან ურთიერთობაში კეთილგანწყობა პირდაპირ პროპორციულია მირთმეულის ხარისხზე.

ხანდახან ხელმძღვანელებიც ჩუქნიან…

გავლენის ქვეშ რომ მოაქციონ.

სასაცილოა, მაგრამ სევდიანი….

თუ არ ექცევი გავლენის ქვეშ, ჯიუტი და თავნება ხარ. არამკითხე მოამბეც… და შეიძლება დაკარგო ბევრი რამ, თუმცა მოსაპოვებელიც არაფერია აქ.

როდესაც შენთვის ძვირფასს სხვა გიუფასურებს…

რატომ?

უსახურს და უფასს, მაგრამ მისსას მეტი ფასი რომ დაედოს.

ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

ადამიანი, რომელიც მთელ ზამთარს შენს პალტოში გაატარებს და მარტის ბოლოს მოგიგდებს?!

ეს მე სევდას მგვრის, თუმცა ღიმილსაც.

ადამიანი მისი პლიუს-მინუსით უნდა გიყვარდეს. თუ შეძლებ, ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, მისგან სხვა ადამიანის, შენის მსგავსის შექმნა არ უნდა ეცადო. მე ასე მჯერა… ალბათ შენც…

მაშ რატომ ცდილობ ჩემს გარდაქმნას!

კომფლიქტურს ის ადამიანი მეძახის, რომელსაც შეუძლია მშვიდად იჯდეს და წარბიც არ შეუტოკდეს მის ირგვლივ დატრიალებული მოვლენების გამო, თუნდაც მისი მეგობარი იჩაგრებოდეს.

მისი თვალები არაფრის მთქმელია…  ბედნიერიც კია, რომ თავად გადაურჩა ამ „მხოლოდ და მხოლოდ უხერხულ სიტუაციას“.

ცრემლი ვაფრქვიოთ, თუ ვიმასხარაოთ?!

კაცს რომ ხმელა პური ენატრება, მისი ძმა როგორ ირგებს შოკოლადის ნაყინს?

ადამიანი, რომლის მთელი ინტელექტი და ღირსება მხოლოდ ძვირადღირებულით გამოწვეული ემოცია და ეფექტია, ტოლს არავის უდებს, კიცხავს და განიკითხავს ყველას.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

კაცი გვერდით დგომას და მხარდაჭერას რომ დაგპირდება… მაგრამ ფეხს დაგკრავს და გადაგაბიჯებს…

საუბრისას თვალები აცაბაცად გაურბის და ისევ რაღაცას გიმტკიცებს… თავის სიმართლეს…

სიცილის ხასიათი გეკარგება, ყელში ბურთი გეჩხირება, ცრემლიც მოგერევა და მიანც მწარედ, მწარედ გაგეცინება…

ზოგიერთს აგიჟებს – როგორ აკადრეს!

მაგრამ თვითონ იკადრებს?!

არაკაცის ნათესავი, ასეთი მოკეთის გამო გულში თანაგრძნობით რომ ეპყრობი, თურმე მისით ამაყობს კიდეც. თუ მოახერხა, მისით შეშინებასაც  დაგიპირებს ბოლოს.

მეღიმება… ვიღაც კი უნდა ტიროდეს, მაგრამ…

კახპა რომ ყველას უნამუსოს ეძახის?! მას იყენებენ, სჭირდებათ. ამიტომ ცხოვრება მისი ჰგონია.

ზოგი იცინის და ზოგიც ტირის – გააჩნია ვინაა, გამოყენებული თუ გამომყენებელი.

ურემი რომ გადაბრუნდება…

გზაც და ჭკუის მასწავლებლებიც ერთად გამოჩნდებიან.

მაგრამ დამნაშავე?

ურმის გადამბრუნებელს ბეწვიც არ მოაკლდება…

ურმის ქვეშ მოყოლოლს მოსთხოვენ პასუხს.

ამიტომ ერთნი ვიცინით და მეორენი ვტირით.

გაჭირვებულ მეგობარს, რათქმა უნდა, მხარში დაუდგები, არაფერს მოერიდები, მაგრამ შენ რომ დაგჭირდება მას ჩირგვშიც კი ვეღარ იპოვი?!

შესაშური პატრიოტობაა, როცა მხოლოდ მოწოდებებით სხვის შვილებს ომში ისტუმრებ, შენსას კი შუადღემდე აძინებ!!!

მამა შვილს უვარგისობას რომ აყვედრის და უხარია, რომ მის ასაკში თვითონ უკეთესი იყო?!

ახალს თუ ძველი საძირკვლად არ დაუდგა, აშენდება რამე?!

თქვენ?

თქვენ ახლა ტირით თუ იცინით?

ალბათ თვალებით იცინით, გულში კი ტირით.

იმედი მაქვს…

ჩემი უსაზღვრო და უიმედო იმედებიც ზოგს აცინებს, ზოგს კი თანაგრძნობის ცრემლებს აფრქვევინებს…

 

Read Full Post »

ყოველთვის, მთელი შეგნებით, ვერიდებოდი შენთან შეხვედრას…

არ მინდოდა…

მეშინოდა.

ვაიძულებდი გულს,

ვიჭერდი თავს, ვთოკავდი…

დღეები კი არა, წლეები მიდიოდა.

დინებას მიდევნებული ცხოვრება…

დავცქერი ვარდისფრად მოხატულ მოსაწვევს. აუცილებელია ჩემთვის იქ წასვლა.

მაგრამ ამ წვეულებაზე აუცილებლად იქნები შენ.

–         წავიდე? თუ …

–         მგონი არ უნდა წავიდე!

–         რა საშინელებაა. იმას, რაც ნამდვილად გსურს, ვერასოდეს გააკეთებ.

–         მერე ვინ დაგიშალა, გააკეთე, რაც გსურს.

–         ადამიანი ხომ თავისუფალი იბადება. ბავშვისთვის ხომ არასოდეს არა აქვს მნიშვნელობა ვისთან თამაშობს, ვის ელაპარაკება.

–         მაგრამ ბავშვები იზრდებიან და იცვლებიან.

–         ასე რატომ იცვლებიან?! რა ხდება? რატომ ვერ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩემს სულს უნდა?!

–         ვერ გავიგე რას მსაყვედურობ? წასვლა თუ გინდა, წადი!

–         რა მოხდება?! მას აღარც კი ვემახსოვრები.

–         შეიძლება, მაგრამ შენ მაინც არ უნდა წახვიდე, მე ასე ვფიქრობ.  არაა ლამაზი, როცა…

–         ნეტა თუ ვიცნობ?

–         ფარისეველო, ვითომ მხოლოდ ეს გაინტერესებს?!

–         ოო, რა მკაცრი ხარ! დაუნდობელიც.

–         ასეა საჭირო! პატარა გოგო ხომ აღარა ხარ.

–         ქალისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ მაინც შენ გაიმარჯვე – არ წავალ.

–         ვითომ გავიმარჯვე? ხომ არ გეშინია?

–         რისი? პატარა გოგო ხომ არა ვარ?! თუმცა, რაკი ასე ფიქრობ, წავალ!

–         მაინც წახვალ?

–         და მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებლობა მოითხოვს.

–         იქნებ გენატრება?

–         არა! რა სისულელეა.

–         გაინტერესებს?

–         განა ოდესმე გამოვხატე ინტერესი?

–         თითქოს არასდროს, მაგრამ…

–         არავითარი მაგრამ!

–         მაშ მიდიხარ.

–         უნდა წავიდე

–         და ეს არც მონატრებაა და არც ინტერესი?

–         რა თქმა უნდა, არცერთი …

–         აბა რაა?

–         ეს უფრო ისაა, რომ უკვე სულერთია.

–         დარწმუნებული ხარ?

–         ნუ მეკამათები! დღეს მაინც სულ კრიჭაში ჩამიდექი. რად მიპირისპირდები ასე მწარედ?

–         მეშინია

–         დამშვიდდი, დამიჯერე უკვე სულერთია, არც მაინტერესებს და მითუმეტეს არც მენატრება.

–         მეეჭვება.

–         კარგი რა? ხომ იცნობ ვინცა ვარ.

–         რომ გიცნობ, იმიტომ.

–         რა იმიტომ, რა?საზიზღარი ხარ!

–         სიმართლე გაჯავრებს, მეტი არაფერი.

–         ეს შენი ეჭვებია და არა სიმართლე.

–         ნუთუ მართლა დაგავიწყდა ყველაფერი

–         დიახ!

–         მისი სახელიც კი?

–         არა! სახელი ცხადია მახსოვს.

–         ის თუ გახსოვს ახალი წლის ღამეს, ოცდათერთმეტ დეკემბერს, პირდაპირ ოჯახში რომ მოგადგა, შემირიგდიო…

–         კი, იცოდა ასეთ შეტევაზე ჯიქურ წამოსვლა.

–         და შეგირიგა კიდეც.

–         ოღონდ მამას არ დაენახა სადარბაზოში მდგარი, რაღა გზა მქონდა.

–         შემდეგ კი, თუ მართლა შემირიგდი, მაკოცეო.

–         კარგი რა, ნუ მაცინებ.

–         რა გაცინებს? შეურიგდი და აკოცე  კიდეც.

–         ოო! რა მოხდა მერე? აბა ისე ფეხს არ იცვლიდა და?!

–         რომელი ფილმი გიყვარდათ?

–         ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”

–         რატომ?

–         ჩვენისთანა ჭკვიან გიჟებზეა გადაღებულიო, ვიცინოდით.

–         მართლაც და, რა ჭკვიანი გიჟები იყავით, გახსოვს?

–         მახსოვს.

–         თქვენი სკამი?

–         უნივერსიტეტის წინ, ზღვის მხარეს, ბოლო რიგის, მეოთხე…

–         გაცნობის დღე?

–         ხუთი ივლისი.

–         განშორების?

–         ოთხი წლის მერე, ისევ ივლისი, ოღონდ ჩვიდმეტი.

–         დავივიწყეო, გაფიცებ … რა დაივიწყე?

–         ოო, რა ხარ შენ!

–         ჰო, ჰო, მიპასუხე.

–         მე დავივიწყე ეს ყველაფერი.

–         და ვერაფერი.

–         შენ რატომღა გამახსენე, რატომ?

–         გაგახსენე? განა რაიმე დავიწყებული გქონდა?

–         და საერთოდ სხვის საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფ.

–         შენ ჩემთვის სხვა არასოდეს გახდები. ისე თუ იცი, კედელმა კედელს რა უთხრა?

–         რა უთხრა?

–         კუთხეში მაინც შევხვდებით ერთმანეთსო.

–         დამცინი? ხომ იცი კუთხეში მიმწყვდევა არ მიყვარს, გამორიცხულია.

–         კედლების შეხვედრა?

–         კედლების არა. ჩვენისთანა უტეხი კერპების, ჩვენისთანა ჯიუტი თხების, ჩვენისთანა ჭკვიანი გიჟების.

–         რა კარგი შეფასებაა.

–         ასეა. ცხოვრება შანსს გაძლევს და თუ ვერ გამოიყენებ, სხვას მაინც არ უნდა დაბრალო. ახლა კი ნახვამდის, მეჩქარება.

–         მაინც მიდიხარ! არც არასდროს დაგიგდია ყური ჩემთვის, ყოველთვის გულის კარნახით მოქმედებდი.

–         განა გული ცუდს გიკარნახებს?

–         მგონი უფრო მეტად ამაყი უნდა იყო.

–         ეს უკვე მეტის მეტია. იქნებ, ამაყი რომ ვარ, სწორედ ამიტომ მინდა იქ წასვლა და საერთოდ ჯობდა ეს თვისება უფრო ნაკლები ხარისხით ყოფილიყო ჩემში.

–         შენი სიამაყე დაგღუპავსო, მისი ბოლო სიტყვებია.

–         აი, მიზეზსაც მიაგენი. ამიტომ უნდა წავიდე, განა მე დაღუპული ვარ?!

–         მაშინაც გირჩევდი, დაფიქრდი, სიყვარული არ დაკარგო-მეთქი, მაგრამ …

–         ის უკვე სიყვარული აღარ იყო.

–         ერთხელ მაინც დაგეჯერებინა ჩემთვის!

–         რა ვქნა, შენგან გაფილტრული მოქმედებები უშუალობას კარგავს. ამ ერთხელაც მაპატიე და მერე ვნახოთ.

–         როდის მერე?

–         რა ვიცი, მერე… მერე… როცა იქნება.  ოღონდ ახლა არა, ახლა არა.

–         ასეც ვიცოდი, ტყუილად ვირჯებოდი, საერთოდ შენში მე ვერასოდეს დავჯაბნე გული.

–         ნუ გეწყინება, ჯერ მხოლოდ თვალს ჩაგიკრავ ხანდახან. ეს იქნება ბოდიშიც და მოლაპარაკებაც. ნუ გეშინია, შენი დროც მოვა.

–         დიახ, ჩემი დროც მოვა, როცა ურემი გადაბრუნდება – გაიფიქრა გონებამ და ამჯერადაც მიიძინა. დროებით, რა თქმა უნდა….

Read Full Post »

ცოდვაა?!

 

ქარს ქუჩის კუთხეში მოუყრია ნაგავი…

დასუფთავება არავის უფიქრია, პირიქით, უმატეს. ბლომადაც მოგროვებულა…

მაღალი კვიპაროსების კენწეროებში ეკლესიის ვერცხლისფერი გუმბათი ბრწყინავს.

მარადმწვანე ხეთა შორის ტაძრის მოჩუქურთმებული სხეული იკვეთება…

ეს სურათი ყველაზე კარგად იმ კუთხიდან მოჩანს, სადაც ქარს ნაგავი მოუყრია…

არა მარტო ქარს.

მხატვარი არ მორიდებია, ნაგავში ჩამდგარა. სამფეხა მოლბერტიც გაუშლია და ხატვას შესდგომია.

კვიპაროსებით შემოჯარულ ეკლესიას ხატავს. თავდავიწყებით… კრძალვით… მოფერებით… სიყვარულით.

–         გაგიჟებულა, სად ჩამდგარა?! – უკვირთ.

–         სხვაგან ხატოს, კაცო, რა ნახა აქ დასახატი!

–         ცოდვაა! უშველეთ ვინმემ…

–         მართლაც ცოდვაა – ვეთანხმები შინაგანად.

–         ვინაა ცოდვა? –  ნიშნის მოგებით მეკითხება გონება – ის, ვინც ნაგავში მდგარიც ქმნის?! და ვინ იცის უკვდავებას?!

–         დიახაც – გავუღიმე გამარჯვებულ გონებას.

Read Full Post »

  საღამოა. მზემ მთის უკან კიდევ ერთხელ გაიზმორა. ზანტად გაჭიმა მისი სხივნათელი მკლავები, შემდეგ კი თავქვეშ ამოიდო და დაიძინა.

– მთელი ღამე უნდა ვიმგზავროთ, რა გაიყვანს ამ დროს – გავიფიქრე და ცოტა არ იყოს შურით გადავხედე ჩემს გვერდით მჯდომ, ნეტარებით მფშინავ მგზავრს.

   ჩამოწოლილ სიჩუმეში მაგნიტოფონი გაჩხაკუნდა და სალონში ვიოლინო აკვნესდა. „ავე მარია“ აჟრიალდა მთელ სხეულში. აი ნამდვილი ნეტარება.

   უბრალო მძღოლის მსგავსი მუსიკალური გემოვნება ვერც კი წარმომედგინა.

   ფორტეპიანომ ვიოლინო შეცვალა, შემდეგ გიტარა და ასე სხვადასხვა ინსტრუმენტზე შესრულებული მთელი კლასიკა.

   მანქანას ადევნებული მთვარეც სხვადასხვანაირად ლიცლიცებდა…

   გვერდით მჯდომი უკვე მეცოდებოდა. სიამოვნების რა შანსს კარგაავდა?! ან იქნებ მისი სიზმრები მეტყველებვდნენ ნოტებით.

–         უთუოდ! – ვიპოვე გამოსავალი.

უცებ, ჩემს გვერდით მჯდომარემ მძინარე თვალები მოიფშვნიტა და ნამძინარევ-საყვედურიანი ხმით მიმართა მძღოლს:

–         მეგობარო! რავა დაგვტანჯე ამ სამგლოვიარო მუსიკით. მიდი რა, „აფრები“ ჩაგვირთე….

წამში აიკეცა ჩემი სულის აფრები და სიცარიელე შემრჩა ხელთ.

ამაზე იტყვიან ,,გემოვნებაზე არ დაობენო”, თუმცა, მგონი სწორედ ეს საკითხია მუდამ სადავო.

 

Read Full Post »