ყოველთვის, მთელი შეგნებით, ვერიდებოდი შენთან შეხვედრას…
მეშინოდა.
ვაიძულებდი გულს,
ვიჭერდი თავს, ვთოკავდი…
დღეები კი არა, წლეები მიდიოდა.
დინებას მიდევნებული ცხოვრება…
დავცქერი ვარდისფრად მოხატულ მოსაწვევს. აუცილებელია ჩემთვის იქ წასვლა.
მაგრამ ამ წვეულებაზე აუცილებლად იქნები შენ.
– წავიდე? თუ …
– მგონი არ უნდა წავიდე!
– რა საშინელებაა. იმას, რაც ნამდვილად გსურს, ვერასოდეს გააკეთებ.
– მერე ვინ დაგიშალა, გააკეთე, რაც გსურს.
– ადამიანი ხომ თავისუფალი იბადება. ბავშვისთვის ხომ არასოდეს არა აქვს მნიშვნელობა ვისთან თამაშობს, ვის ელაპარაკება.
– მაგრამ ბავშვები იზრდებიან და იცვლებიან.
– ასე რატომ იცვლებიან?! რა ხდება? რატომ ვერ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩემს სულს უნდა?!
– ვერ გავიგე რას მსაყვედურობ? წასვლა თუ გინდა, წადი!
– რა მოხდება?! მას აღარც კი ვემახსოვრები.
– შეიძლება, მაგრამ შენ მაინც არ უნდა წახვიდე, მე ასე ვფიქრობ. არაა ლამაზი, როცა…
– ნეტა თუ ვიცნობ?
– ფარისეველო, ვითომ მხოლოდ ეს გაინტერესებს?!
– ოო, რა მკაცრი ხარ! დაუნდობელიც.
– ასეა საჭირო! პატარა გოგო ხომ აღარა ხარ.
– ქალისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ მაინც შენ გაიმარჯვე – არ წავალ.
– ვითომ გავიმარჯვე? ხომ არ გეშინია?
– რისი? პატარა გოგო ხომ არა ვარ?! თუმცა, რაკი ასე ფიქრობ, წავალ!
– მაინც წახვალ?
– და მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებლობა მოითხოვს.
– იქნებ გენატრება?
– არა! რა სისულელეა.
– გაინტერესებს?
– განა ოდესმე გამოვხატე ინტერესი?
– თითქოს არასდროს, მაგრამ…
– არავითარი მაგრამ!
– მაშ მიდიხარ.
– უნდა წავიდე
– და ეს არც მონატრებაა და არც ინტერესი?
– რა თქმა უნდა, არცერთი …
– აბა რაა?
– ეს უფრო ისაა, რომ უკვე სულერთია.
– დარწმუნებული ხარ?
– ნუ მეკამათები! დღეს მაინც სულ კრიჭაში ჩამიდექი. რად მიპირისპირდები ასე მწარედ?
– მეშინია
– დამშვიდდი, დამიჯერე უკვე სულერთია, არც მაინტერესებს და მითუმეტეს არც მენატრება.
– მეეჭვება.
– კარგი რა? ხომ იცნობ ვინცა ვარ.
– რომ გიცნობ, იმიტომ.
– რა იმიტომ, რა?საზიზღარი ხარ!
– სიმართლე გაჯავრებს, მეტი არაფერი.
– ეს შენი ეჭვებია და არა სიმართლე.
– ნუთუ მართლა დაგავიწყდა ყველაფერი
– დიახ!
– მისი სახელიც კი?
– არა! სახელი ცხადია მახსოვს.
– ის თუ გახსოვს ახალი წლის ღამეს, ოცდათერთმეტ დეკემბერს, პირდაპირ ოჯახში რომ მოგადგა, შემირიგდიო…
– კი, იცოდა ასეთ შეტევაზე ჯიქურ წამოსვლა.
– და შეგირიგა კიდეც.
– ოღონდ მამას არ დაენახა სადარბაზოში მდგარი, რაღა გზა მქონდა.
– შემდეგ კი, თუ მართლა შემირიგდი, მაკოცეო.
– კარგი რა, ნუ მაცინებ.
– რა გაცინებს? შეურიგდი და აკოცე კიდეც.
– ოო! რა მოხდა მერე? აბა ისე ფეხს არ იცვლიდა და?!
– რომელი ფილმი გიყვარდათ?
– ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”
– რატომ?
– ჩვენისთანა ჭკვიან გიჟებზეა გადაღებულიო, ვიცინოდით.
– მართლაც და, რა ჭკვიანი გიჟები იყავით, გახსოვს?
– მახსოვს.
– თქვენი სკამი?
– უნივერსიტეტის წინ, ზღვის მხარეს, ბოლო რიგის, მეოთხე…
– გაცნობის დღე?
– ხუთი ივლისი.
– განშორების?
– ოთხი წლის მერე, ისევ ივლისი, ოღონდ ჩვიდმეტი.
– დავივიწყეო, გაფიცებ … რა დაივიწყე?
– ოო, რა ხარ შენ!
– ჰო, ჰო, მიპასუხე.
– მე დავივიწყე ეს ყველაფერი.
– და ვერაფერი.
– შენ რატომღა გამახსენე, რატომ?
– გაგახსენე? განა რაიმე დავიწყებული გქონდა?
– და საერთოდ სხვის საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფ.
– შენ ჩემთვის სხვა არასოდეს გახდები. ისე თუ იცი, კედელმა კედელს რა უთხრა?
– რა უთხრა?
– კუთხეში მაინც შევხვდებით ერთმანეთსო.
– დამცინი? ხომ იცი კუთხეში მიმწყვდევა არ მიყვარს, გამორიცხულია.
– კედლების შეხვედრა?
– კედლების არა. ჩვენისთანა უტეხი კერპების, ჩვენისთანა ჯიუტი თხების, ჩვენისთანა ჭკვიანი გიჟების.
– რა კარგი შეფასებაა.
– ასეა. ცხოვრება შანსს გაძლევს და თუ ვერ გამოიყენებ, სხვას მაინც არ უნდა დაბრალო. ახლა კი ნახვამდის, მეჩქარება.
– მაინც მიდიხარ! არც არასდროს დაგიგდია ყური ჩემთვის, ყოველთვის გულის კარნახით მოქმედებდი.
– განა გული ცუდს გიკარნახებს?
– მგონი უფრო მეტად ამაყი უნდა იყო.
– ეს უკვე მეტის მეტია. იქნებ, ამაყი რომ ვარ, სწორედ ამიტომ მინდა იქ წასვლა და საერთოდ ჯობდა ეს თვისება უფრო ნაკლები ხარისხით ყოფილიყო ჩემში.
– შენი სიამაყე დაგღუპავსო, მისი ბოლო სიტყვებია.
– აი, მიზეზსაც მიაგენი. ამიტომ უნდა წავიდე, განა მე დაღუპული ვარ?!
– მაშინაც გირჩევდი, დაფიქრდი, სიყვარული არ დაკარგო-მეთქი, მაგრამ …
– ის უკვე სიყვარული აღარ იყო.
– ერთხელ მაინც დაგეჯერებინა ჩემთვის!
– რა ვქნა, შენგან გაფილტრული მოქმედებები უშუალობას კარგავს. ამ ერთხელაც მაპატიე და მერე ვნახოთ.
– როდის მერე?
– რა ვიცი, მერე… მერე… როცა იქნება. ოღონდ ახლა არა, ახლა არა.
– ასეც ვიცოდი, ტყუილად ვირჯებოდი, საერთოდ შენში მე ვერასოდეს დავჯაბნე გული.
– ნუ გეწყინება, ჯერ მხოლოდ თვალს ჩაგიკრავ ხანდახან. ეს იქნება ბოდიშიც და მოლაპარაკებაც. ნუ გეშინია, შენი დროც მოვა.
– დიახ, ჩემი დროც მოვა, როცა ურემი გადაბრუნდება – გაიფიქრა გონებამ და ამჯერადაც მიიძინა. დროებით, რა თქმა უნდა….
Leave a Reply