საღამოა. მზემ მთის უკან კიდევ ერთხელ გაიზმორა. ზანტად გაჭიმა მისი სხივნათელი მკლავები, შემდეგ კი თავქვეშ ამოიდო და დაიძინა.
– მთელი ღამე უნდა ვიმგზავროთ, რა გაიყვანს ამ დროს – გავიფიქრე და ცოტა არ იყოს შურით გადავხედე ჩემს გვერდით მჯდომ, ნეტარებით მფშინავ მგზავრს.
ჩამოწოლილ სიჩუმეში მაგნიტოფონი გაჩხაკუნდა და სალონში ვიოლინო აკვნესდა. „ავე მარია“ აჟრიალდა მთელ სხეულში. აი ნამდვილი ნეტარება.
უბრალო მძღოლის მსგავსი მუსიკალური გემოვნება ვერც კი წარმომედგინა.
ფორტეპიანომ ვიოლინო შეცვალა, შემდეგ გიტარა და ასე სხვადასხვა ინსტრუმენტზე შესრულებული მთელი კლასიკა.
მანქანას ადევნებული მთვარეც სხვადასხვანაირად ლიცლიცებდა…
გვერდით მჯდომი უკვე მეცოდებოდა. სიამოვნების რა შანსს კარგაავდა?! ან იქნებ მისი სიზმრები მეტყველებვდნენ ნოტებით.
– უთუოდ! – ვიპოვე გამოსავალი.
უცებ, ჩემს გვერდით მჯდომარემ მძინარე თვალები მოიფშვნიტა და ნამძინარევ-საყვედურიანი ხმით მიმართა მძღოლს:
– მეგობარო! რავა დაგვტანჯე ამ სამგლოვიარო მუსიკით. მიდი რა, „აფრები“ ჩაგვირთე….
წამში აიკეცა ჩემი სულის აფრები და სიცარიელე შემრჩა ხელთ.
ამაზე იტყვიან ,,გემოვნებაზე არ დაობენო”, თუმცა, მგონი სწორედ ეს საკითხია მუდამ სადავო.
Leave a Reply