ქარს ქუჩის კუთხეში მოუყრია ნაგავი…
დასუფთავება არავის უფიქრია, პირიქით, უმატეს. ბლომადაც მოგროვებულა…
მაღალი კვიპაროსების კენწეროებში ეკლესიის ვერცხლისფერი გუმბათი ბრწყინავს.
მარადმწვანე ხეთა შორის ტაძრის მოჩუქურთმებული სხეული იკვეთება…
ეს სურათი ყველაზე კარგად იმ კუთხიდან მოჩანს, სადაც ქარს ნაგავი მოუყრია…
არა მარტო ქარს.
მხატვარი არ მორიდებია, ნაგავში ჩამდგარა. სამფეხა მოლბერტიც გაუშლია და ხატვას შესდგომია.
კვიპაროსებით შემოჯარულ ეკლესიას ხატავს. თავდავიწყებით… კრძალვით… მოფერებით… სიყვარულით.
– გაგიჟებულა, სად ჩამდგარა?! – უკვირთ.
– სხვაგან ხატოს, კაცო, რა ნახა აქ დასახატი!
– ცოდვაა! უშველეთ ვინმემ…
– მართლაც ცოდვაა – ვეთანხმები შინაგანად.
– ვინაა ცოდვა? – ნიშნის მოგებით მეკითხება გონება – ის, ვინც ნაგავში მდგარიც ქმნის?! და ვინ იცის უკვდავებას?!
– დიახაც – გავუღიმე გამარჯვებულ გონებას.
Leave a Reply