ხა! ხა! ხა! ხა!–უცებ მოედო მთელ უბანს არანორმალური ხარხარი.
– ვალერა დამთვრალა.
–სად ხეთქა ამ დილაადრიან–გადასძახეს ერთმანეთს მეზობლებმა.
–ხა,ხა,ხა–მთელი ძალით, უცნაურად ხარხარებდა ვალერა,თითქოს თან მოსთქვამდა.
–ვინ დაალევინა ახლა ამ უსაქმურს. დაკარგულია უკვე მთელი დღე. მე კი რამდენი საქმე მქონდა გასაკეთებელი .–შეწუხდა დიასახლისი.
ვალერას კი დიასახლისის დაგეგმილი საქმეები სულ არ ახსოვდა ხარცხარებდა თანაც ისე თავდავიწყებით ,თითქოს ამ ქვეყნად მხოლოდ ბედნიერებას დაესადგურებინა.
–ვინაა ვალერა? –შევეკითხე მეზობელს.
–მალე გაიცნობ, შენც მოგადგება დასალევისათვის. თუ არ შეიჩვევ კარგი იქნებ. ისე კეთილია, ბავშვთა სახლში იზრდებოდა, ძია ბაქარმა გამოიყვანა იქედან და ოჯახში ჰყავდა. მერე სიძეობაც მოუნდომა. ვერ მიართვეს. ახლა კი დადის და ლოთობს . დმნაშავე თვითონაა, იმ ღვთისნიერი კაცის სიკეთე ვერ იღირსა.
–ხა,ხა,ხა, თითკოს ამ ნათქვამზე გადაიხარხარა ვალერამ.
ვალერა ჯერ არ მენახა მაგრამ მისი პიროვნება რაღაც იდუმალებით მოსილ ზღაპრის გმირად დამესახა.იყო რაღაც მის ხარხარში არა ბუნებრივი ,მისტიური და მიმზიდველი. წამით მომეჩვენა ,რომ ვალერა დამცინოდა, მარტო მე კი არა , მთელ ქვეყანას, მის ირგვლივ არსებულ მთელ სამყაროს. ნეტა რა გვქონდა ამ პატიოსან საზოგადოებას ლოთი ვალერას დასაცინი?!
მეორე დღეს კარს უცნობი მამაკაცვი მომადგა .
–გამარჯობათ. მე თქვენს გასაცნობად შემოვიარე –მითხრა მან.
–ძალიან კარგი,მობრძანდით –მივუგე .
–თქვენ ამ უბნის ახალი მცხოვრებნი ხართ არა? მე ვალერა ვარ .
–მე უკვე გიცნობთ .
–როგორ? საიდან?–აღელდა ვალერა.
– ჯერ დაბრძანდით და მერე ვისაუბროთ. თან რაიმეთი გაგიმასპინძლდებით. –თქვენი მეუღლე შინ რომ იქნება ,მაშინ დავრჩები .
უყურეთ ვალერას სიფრთხილეს ! ღიმილით გავიფიქრე მე.
–მოითმინეთ , ოჯახი მაინც დამილოცეთ –ვალერას აშკარად ესიამოვნა ხელახალი მიპატიჟება .
–გაგიმარჯოთ ოჯახური ბედნიერება არსოდეს დაგრღვეოდეთ–მითხრა, გადაჰკრა და ხელზე კოცნით დამემშვიდობა.თავი მოიკლა არც მეორე ჭიქა არაყი დალია და არც ნამცხვარი მიირთვა, მიჩვეული არა ვარო.
მე ვალერას ვაკვირდებოდი. ნორმალური აღნაგობის , მაგრამ მოკუნტული, ჩია , რაღაცნაირად ძალად დაპატარავებული… სათნო თვალები , არა ,თვალები კი არა, სახეში ჩასმული ორი სევდიანი სიკეთე. როგორ შეეძლო ამ ადამიანს მთელი უბნის შემძვრელი და გამაყრუებელი ხარხარი. მე კი სწორედ ამ დამცინავი ხარხარის მიზეზი მაინტერესებდა ყველაზე მეტად. ვალერას გასაშინაურებლად საკმაო დრო დამჭირდა.ერთ დღეს მან მითხრა :
–კეთილი ხალხი ხართ თქვენ არაფერს ითხოვთ , პატივს კი მცემთ. ხანდახან მეთვითონ ჩემი ნებით,გეხმარებით.
–ვალერა , რამდენი წლისა ხარ?
–ორმოცდახუთის.
–მერე უცოლოდ რად დაიარები?
ვალერამ გამომცდელად შემომხედა,თითქოს იგრძნო, რომ არც ჩემი ყურადღება იყო მთლად უანგარო. არაფერი მიპასუხა, ამოიოხრა და წავიდა. მეგონა ვიჩქარე და ვალერას ნდობა დავკარგე, მაგრამ იმავე საღამოს დაბრუნდა საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში და საჩუქრად მინიატურული წიგნი დამიტოვა.
–აქ სულ ანეგდოტებია, წაიკითხე და იცინე, მაგრამ არ დაგავიწყდეს ყველაზე დიდი ანეგდოტი თვით ცხოვრებააო. ვალერა აღარ მოვიდა . კარგა ხნის შემდეგ ქუჩაში შემხვდა მთვრალი ახალგაზრდა ბიჭებს შუაში ჩაეყენებინათ და აცეკვებდნენ. რომ დამინახა , ცეკვა შეწყვიტა და მომესალმა. მომეჩვენა რომ ვალერა მთვრალი არც იყო. იმ საღამოს უბანი შეაზანზარა ვალერას ხარხარმა. მეორე დღეს კი მესტუმრა.
–იცით, ბიდიში უნდა მოგიხადოთ გუშინდელის გამო .
–მე რატომ მებოდიშები, ვალერა, ეს შენი ცხოვრებაა და როგორც გინდა ისე გაატარე.
–როგორც გინდა?! –ვალერამ ტუჩები მწარედ მოიკვნიტა – როგორც გინდა ისე სადაა… –ვალერა, შენ ვინ ხარ?
–მეე?! მე ერთი ობოლი ბიჭი ვარ .
– ვიცი რომ ობოლი ხარ მაგრამ რაიმე უნდა იღონო, ცხოვრება უნდა მოიწყო. –ეეჰ, რა დროისაა, ჩემმა მატარებელმა ჩაიარა. ტუუ…ტუ…––მოგონილი არა სერიოზულობითმიპასუხა მან.
–თუ ჩაიარა არაყი რად არ გააყოლე, ადამიანო .
ვალერამ იწყინა.
–შენ ვინ გეკითხება? სადაური ჩემი მამიდა ხარ? არ მინდა , ქალბატონო, შენი არაყი . თავი დამანებე, შენ მე რა უნდა გამიგო ?!– მომაძახა ვალერამ და გაიქცა. მე კი ვიცოდი ვალერა აუცილებლად დაბრუნდებოდა.
იგი სამი დღის შემდეგ მოვიდა და ყვავილების თაიგული მომართვა.
–დღეს მხოლოდ ამ თაიგულისთვის ვიმუშავე როგორც დედას შვილი ისე მოგართვი და უარი არ მითხრა .
–ჩვენი დედა შვილობა არაფრით გამოვა, ვალერა.–გამეცინა მე .
–ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე რომ თქვენისთანა დედა მყოლოდა…–ცრემლი მოერია–მე, რომ ახლა ჩემი დედა ვნახო , ალბად საკუთარი ხელებით მივახრჩობ.
–რას ამბობ ვალერა!
–რას ვამბობ?! აბა რას ვიზამ . უცხო სხეულივით , რომ მისროლა საკუთარი სხეულიდან და მიმაგდო, ამას როგორ ვაპატრიებ. ერთხელაც არ დაინტერესებულა მის მიერ გსჩენილი არსების ბედით. ერთხელ შემეკითხე ვინახარო . განა ვიცი ვინა ვარ ?! მე ერთი ობოლი ბიჭი ვარ, რვა წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი , შემდეგ ძია ბაქარმა წამომიყვანა, საკუთარ ოჯახში… მერე კი …– უცებ ვალერა ახალგამოღვიძებული ბავშვივით მომაჩერდა .
– მერე? მერე რა მოხდა ვალერა .– ვერ მოვთოკე ცნობისმოყვარეობა .
ვალერამ გამჭოლი მზერა მესროლა.
–მერე არაფერი.სისულელეა.ახლა კი წავედი. კმარა. კულმინაციის მწვერვალიდან თავქვე დავეშვი. ვალერა კი სიმღერით მიუყვებოდა გზას. – უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია. ეს აფორიზმი ვალერას სიმღერად ექცია და ხშირად იმეორებდა. მეზობლის ქალი შემეხუმრა .
–ვალერამ მოუხშირა სტუმრობას. ახლა შენ არ შეუყვარდე…
–არ ინერვიულო, ძვირფასო, მას მეც ვუყვარვარ შენც და ისიც . საერთოდ ვალერას ყველა უყვარს.
ბიჭს მანქანამ ძაღლი მოუკლა ტიროდა გულსაკლავად. მეორე დღესვე ვალერამ ბავშვს ბუთქუნა ლეკვი აჩუქა.
– აღარ იტირო, გენაცვალე, შენისთანა ბავშვმა არ უნდა იტიროს.
ამ ბიჭს მასზე პატარა დაიკო ჰყავდა. არც ის დაჩაგრა ვალერამ და თოჯინა აჩუქა. გახარებულმა მაცაცომ, როგორც ვალერა მიმართავდა , მას უთხრა . რა კეთილი ხარ ვალერა! დაბადების დღეზე მეც გაჩუქებ რაიმეს. როდისაა შენი დაბადების დღე?
–არასოდეს.– ძლივს გასაგონად წარმოსთქვა ვალერამ.
–ნუ იტყუები, დაბადების დღე ყველას აქვს.
– ყველას აქვს, მაცაცო, მე კი არა. – ბავშვი დედასთან გაიქცა.
–დედა, იცი , ვალერას დაბადების დღე არასოდეს არ აქვს. – ვალერას მწარედ გაეცინა.
მოჩხუბარ ძმებს ვალერა ერთხანს შორიდან შესცქეროდა, ეგებ თავისით დაშოშმინდნენო, ბოლოს კი მათ შორის ჩადგა .
– ღმერთმა ძმა გაჩუქა და ეჩხუბები?!–შეარცხვინა ორივე. ერთერთმა ვალერას დარიგება იუკადრისა და ყურში ჩაუსისინა .
–შენ კიდე ვინ მიგდიხარ, შე …
ვალერამ ფერი დაკარგა ,თავი მხრებში ჩარგო, რამდენიმე ნაბიჯი უკუსვლით გადადგა შემდეგ კი შეტრიალდა და წალასლასდა. მე კი სრულიად მოულოდნელი და უხერხული კითხვა დამისვა.
–მითხარით , ვინ ვარ მე?
სახტად დავრჩი , მაგრამ პასუხის გაუცემლობა არ შეიძლებოდა.
–შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ , ვალერა.
–არაჩვეულებრივი კი არა , საერთოდ თუ ვარ ადამიანი ესაა საკითხავი.
ვგრძნობდი ძალიან უჭირდა ვალერას , ცრემლებს ყლაპავდა.
–მე ძია ბაქარის წინაშე იცი რა დავაშავე? მისი ქალიშვილი, ნანი შემიყვარდა. ეს გრძნობა არც გატაცება იყო არც ასაკის ბრალი. ოჯახური სიმყუდროვე მინდოდა. ჩემი კუთხე ,მეუღლე, შვილები… ისეთ ძალას ვგრძნობდი მთას გადავდგამდი. ძია ბაქარი კი გაბრაზდა , ეს რა მაკადრა მაგ ლაწირაკმაო. სახლიდან წავედი.
საღამოს დავბრუნდი, დარჩენას რაღათქმაუნდა აღარ ვაპირებდი , ბოდიში უნდა მომეხადა… ჩემთვის ხომ ძია ბაქარზე კეთილი ადამიანი არ არსებობდა. რამდენიმე წუთით ფანჯარასთან დავყოვნდი შევყურებდი და ვესიყვარულებოდი ძია ბაქარს. ალბად მამა ასე მეყვარებოდა. ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. უცებ ძია ბაქარი იქვე მჯდომ მეუღლეს მიუბრუნდა და უთხრა .
– სახლში მოვიყვანე, ჩემს ბიჭს დამხმარე ეყოლება საქმეს შეუმსუბუქებს–მეთქი და ნახე რა მომინდომა მაგ… და ისეთი სახელი მიწოდა , რამაც მაგრძნობინა, რომ მე ადამიანი არა ვარ. ვოინიჩის ,,კრაზანას”” გმირს რომ მოუვიდა, მეც ისეთი გრძნობა დამეუფლა. როგორც მასში დაიმსხვრა პადრეს ხატება, ისევე ჩემში ძია ბაქარი და მისი სიკეთე ნაწილებად დაიშალა.– ვალერა შეჩერდა ღრმად ჩაისუნთქა და მოგუდული ხმით განაგრძო– დღეს კი , ამ ამბიდან თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ , ისევ მიწოდეს ის სიტყვა. ძმები ჩხუბობდნენ , წარმოგიდგენია?! ძმას ძმა ვერ შეუყვარებია და სხვა ვინ უნდა შეიყვაროს?! ვის უნდა აპატიოს?! საკუთარ ძმას აყენებს შეურაცხყოფას და მე დამინდობს ?! საოცარია ეს ცხოვრება. ვინც ამბობს –მე მიყვარს ღმერთი და თავის ძმას ვერ იტანს – მატყუარაა არ ვიცი საიდან ვიცი ეს სიტყვები მაგრამ ძალიან მომწონს.
–ვალერა, შენი ამბავი მომიყევი , ეს ძმები არ მაინტერესებს .
–ნეტა ჩემი ამბავი რად გაინტერესებს?… კარგი, მოგიყვები. სამხედრო სამსახურში დიდი სიამოვნებით წავედი . კიდევ კარგი ნანის სიყვარულზე არ დავლაპარაკებივარ და გულში იმედის ნაპერწკალი ისევ ღვიოდა, თორემ როგორ გადავიტანდი ყოველივეს. იქ ქილერად მამზადებდნენ. გადმომცეს პირადობის მოწმობა .თითქოს უნდა გამხარებოდა . მაგრამ ასე არ მოხდა. არ მინდოდა ადამიანის მკვლელი გავმხდარიყავი. ჯოჯოხეთი გამოვიარე. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო ხომ გაგიგონია, ამ ხავსად ჩემთვის ნანის სიყვარული ქცეულიყო. ერთ–ერთი მძიმე სამხედრო ოპერაციის დროს მკვდრად ჩამთვალეს, ვერც ჩემი ცხედრის გადატანა მოასწრეს და ძლივს გამოვაღწიე ამ კოშმარიდან. სიცოცხლე როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მაინც ტკბილია… თუ შეურცხვენელია. დაბრუნებულს ის ხავსიც გამომეცალა ხელიდან და გადავეშვი ცხოვრების თავბრუდამხვევ მორევში. ნანის გათხოვება ძალიან არ მიდარდია , აზრიც არ ჰქონდა… თანაც კარგი მეუღლე ჰყავდა და ბედნიერი იყო. მე კი , მადლობა ღმერთს, სხვისი ბედნიერებით ტკბობის უფლება მაინც მაქვს.
– აი, თურმე რატომ დაგვცინი.
– როგორ გეკადრებათ! რა გაქვთ ჩემი დასაცინი?– ჩემთვის ძალიან ნაცნობი გამომეტყველება მიიღო ვალერამ .
–არა, ვალერა , შენ მე ვერ მომატყუებ. შენ ჩვენი სულის სიღრმეს ჩასწვდი, შენთვის ჩვენი სიკეთე მოჩვენებითია უკვე.
–და იცი ეს რატომ მოხდა? ერთმანეთთან თქვენ ამას არ გამოამზეურებთ, ჩემთან კი ადვილია. მე ვინ ვარ. მთავარია თქვენ ერთურთს დაუმტკიცოთ რაღაც… თქვენი გამიხედვაც კი მოწყალებად უნდა მივიღო და მადლობელი უნდა ვიყო . ვარ კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია, გული იმაზე მწყდება, რომ ისე მოვკდები არავის ვეტკინები, ცრემლი არ ჩამოუვარდება ვინმეს ჩემთვის. ესაა ჩემი სიცოცხლე. ესა ვარ მე, ვალერა, თითქმის არავინ. მე ხომ ჩემი არსებობისათვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე.
–კარგი რა , ვალერა, ამას ნუ ამბობ.
გახსოვს დედაჩემზე რაც გითხარი, იმასვე ვფიქრობ ახლა. შემიძლია გავიგო, რომ რაღაც მოხდა, იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ჩემთვისაც ხომ უნდა დაეტივებინა რაღაც შანსი. ვერაფერი ვუპასუხე. ვალერა წავიდა მეგონა რამდენიმე საათში უბანს მისი ხარხარი მოედებოდა, მაგრამ შევცდი.ის აღარ დაბრუნდა ერთი კვირის შემდეგ გავიგე ვალერას ავადმყოფობა კეთილ კაცს სარდაფი დაეთმო მისთვის დაძახებაზე არ გამომეპასუხა. შუბლმა ხელი დამწვა ხელის შეხებაზე თვალი გაახილა , გაოცებით მომაშტერდა. უცებ ხელზე ხელი მსტაცა.
–დედა! ეს შენა ხარ ?
შემეშინდა . უკან გამობრუნება მინდოდა , მაგრამ ვალერა ხელს აღარ მიშვებდა. ბორგავდა.
–მოხვედი დედა? გამარჯობა! სად, სად იყავი აქამდე? მომენატრე, ძალიან მომენატრე. იცი , როგორ მიყვარხარ?! მაპატიე ჩემო ძვირფასო .
– რა გაპატიო , ვალერა, ეს შენ უნდა მაპატიო– უნებურად შევედი ვალერას დედის როლში და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჩემთვის მამის ტოლი ვალერა ჩემში ყოველთვის საკუთარ დედას ეძებდა.
–ჩემი სახელიც , დედა? მადლობთ სახელის გარდა არც მქონია არაფერი ამ ქვეყნად, მარტო ვალერა ვიყავი, უგვარო , უმამისსახელო, მაგრამ შენ მაინც მიპოვე, დედა. მართლაც უსაზღვრო ყოფილა დედაშვილური სიყვარული.
ვალერა ჩემს ხელს ნაზად იკრავდა ცხელ ლოყაზე და ძალიან ფრთხილად ეფერებოდა.
–დედა, დაბადების დღე როდის მაქვს მითხარი… საყვედურს კი არ გეუბნები, უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა ავღნიშნო. შენ მეყოლები მაცაცო და ჩემი ნანი…
–ნანი ჩემი საცოლეა ,დედა გაიცანი …
–ნანი, ეს ჩემი დედაა, ნახე მეც რა კარგი დედა მყავს …მიპოვა… დავეკარგე, მაგრამ მაინც მიპოვა…
– მე შენ გელოდი , მეც გეძებდი… სულ გეძებდი. ყველგან, ყველგან შენ გეძებდი… ვალერას სუნთქვა უჭირდა .
–რაკი მიპოვე აღარაფრის მეშინია , თვით სიკვდილისაც კი .ჯოჯოხეთშიაც რომ მოვხვდე ამაზე უარესი რა იქნება, რაც აქ გავიარე… მთავარია შენ ჩემთან ხარ, დედა. უცებ ვალერა არა ადამიანურად დაიგრიხა ,სხეული აუძიგძიგდა, სახე მოეშალა. რამდენიმე წუთში დაწყნარდა ,დამშვიდდა, თვალდახუჭული იწვა და ჩუჩულებდა გაურკვეველს . შემდეგ ხელები წინ გაიწვდინა და ხმამაღლა დაიძახა –დედა! არ წახვიდე… ისევ არ დამტოვო …დედა, დედაა , სადა ხარ ? ვერ გხედავ დედა ბალიშზე მისვენებული ვალერა ხელზე მეამბორა და ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა .
– უფალო,აბედნიერე ეს ადამიანი . დედა ნუ … ნუ მტოვ…
ხელთ ვალერას გაცივებული მარჯვენა შემრჩა .
– ღმერთო, რატომ მაგრძნობინე დედობა ასე უცნაურად რა დაგიშავე? მე ხომ ამისთვის ძალიან პატარა ვიყავი. ან შენ რა დაგიშავე , ჩემო კეთილო ვალერა რომ ყველას მოჩვენებითი სიკეთე მე მაზღვევინე , ყველას კუთვნილი მე მატირე… ბარემ ყველას ნაცვლადაც მე მაპატიე . 1989 წელი
Leave a Reply