Feeds:
Posts
Comments

Archive for October 19th, 2011

ზოგჯერ ძალიან მიჭირს…

ვერ აღვიქვამ ჩემს ირგვლივ სამყაროს.

ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვგრძნობ, ვერ  ვხვდები ვინ ვარ.

სულ რაღაცას ვეძებ… არ ვიცი რას… თუ ვის…

იქნებ მიზეზს სულის ტკივილისას…

დაბზარულ  სულს მუსიკა შველის.

მუსიკა , რომელიც მე მესმის მხოლოდ…და მას ხან გაზაფხული ქვია ,ხან წვიმა და ხან ზღვა.

ხანაც უბრალოდ სიჩუმე.

მაგრამ ზოგჯერ მუსიკაც უძლური აღმოჩნდება  მომჭყვიტოს ამ არეულ  რეალობას.

მაშინ კი ვიძირები  ოცნებათა ზღვაში…

და უსაზღვროა ჩემი ოცნება.

ვარ ჭარსული დროის ქალბატონი. მაცვია თეთრი, გრძელი კაბა, რომლის მაქმანებიანი ბოლო მარმარილოს იატაკზე  სხვადასხვა მოძრავ ყვავილებს ხატავს. თავზე კაბის შესაფერისი  დიდი ქუდი  პირბადით , ხელზე თხელი, სიფრიფანა თათმანი , რა თქმა უნდა იდაყვებამდე. ჩემს წინ იღება უზარმაზარი  მძიმე მოჩუქურთმებულ—-მოვარაყებული კარები და შევდივარ თეთრ ,სვეტებიან  დარბაზში.სვეტებს სურო შემოხვევია. იატაკი კი თეთრი  გვირილებითაა მოფენილი

–ღმერთო ჩემო, რა სათუთი სილამაზეა ირგვლივ .

მოწიწებით თავს მიხრის თეთრჩოხიანი თაყვანისმცემელი.

ჭაღების ციმციმს ჩემი ბრილიანტებიც უერთდება .

შუაგულ დარბაზში დგას თეთრი როიალი. მასზე წითელი ვარდები მელოდებიან.  მთელი არსებით ვისუნთქავ  მათ სურნელს,  ფაქიზქდ ვეამბორები და ვჯდები როიალთან.

ირგვლივ  და სხეულში  იღვრება  შოპენი…

რომ იფრინო  არაა აუცილებელი ფრთები გქონდეს!

თეთრი როიალი…

შოპენი და…

მაქმანებიანი ქალბატონი.

—ქალბატონო, დამეხმარეთ, მშია.

მოვიხედე, შვიდიოდე წლის ბავშვი…  მართლაც მშიერი …გაშლილი პატარა ხელისგული…

მე კი …

პირდაპირ თავზე ჩამომემსხვრა  ოცნებათა  კოშკი.

ჩანთაში მხოლოდ გამოთვლილი სამგზავრო  ფული…

ვაი , სირცხვილო!

მაქვს კი ოცნების უფლება?!

—მე დღეს ფეხით ვივლი და შენ პურს  იყიდი ,პატარავ, მაგრამ ხვალ?…

 

Read Full Post »