Feeds:
Posts
Comments

Archive for March, 2013

ცხოვრება ხანდახან ისეთ ადამიანებს შეგვახვედრებს ვერასოდეს დავივიწყებთ. შენი ცხოვრების ეს რამდენიმე წუთი წლების 804418_433710460042533_907354779_nგანმავლობაში ბევრჯერ ამოტივტივდება ხოლმე გონებაში.

წლების წინ, სტუდენტობისას,  ფოლკლორულ ექსპედიციაზე ვიყავით სამცხეში. ეს ის პერიოდი იყო, კომუნიზმი რომ ყვაოდა. ფეხით შემოვიარეთ მესხეთის სოფლები.როგორც მთელ საქართველოში აქაც ეკლესია– მონასტრები დაცარიელებული და დაკეტილი იყო. უამრავ ადამიანს შევხვდით.ძალიან დიდი სითბო და დაუვიწყარი მოგონებები გამოგვყვა მესხეთიდან.

ერთ–ერთ სოფელში გავიცანით მოხუცი ქალბატონი ,როგორც თვითონ გვითხრა ოთხმოცდაათს გადაშორებული, მამულაიშვილი თერეზინა. არასოდეს დამავიწყდება მისი გულმხურვალე თხოვნა.

_შვილებო, სანამ ეკლესიები დაკეტილია კარგს ნურაფერს ელოდებით. გთხოვთ ხმა მიაწვდინეთ ვისაც შეუძლია, ან თქვენ დადექით ერთად და მოითხოვეთ,გახსენით ეკლესიის კარები, ილოცეთ ქვეყნისათვის, შვილებო.

_რა დროს ეკლესიებია,ბებო. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა_გულგრილად მიუგო ახალგაზრდა კომუნისტმა.

_რას ამბობ,შვილო. ღმერთი არ გასწირავს საქართველოს. აწ თქვენ უნდა იბრძოლოთ მისთვის. დიდება უფალს._მის მტკიცე ხმას ბზარი შეეპარა, თითქოს ჩვენ ვიყავით მისი უკანასკნელი იმედი.

_შვილებო, ყველაფერს წარსული შთანთქავს და თუ ეკლესიებს არ ავამოქმედებთ ჩვენც შთანვითქმებით, მაგრამ საქართველო უკვდავია, მას წმინდა მარიამი იცავს.

ნუთუ ასეთი წმინდა და გულწრფელი თხოვნა შეუსრულებელი დარჩება,უფალო. თვალწინ წარმომიდგა ჩვენი ქალაქის ცენტრში დაკეტილი  და მაღალი ძაბვის დანადგარებით გამოტენილი ულამაზესი ეკლესია.

_ჩვენ რომ ეს შეგვეძლოს, ბებო… მხრები აიჩეჩა იმავე ახალგაზრდამ.

_იცი, შვილო, ღმერთმა რა უთხრა ძლიერთ?! ნუ ჩაგრავ უმწეოს, რადგან ის დასახმარებლად მე მომმართავსო. ღმერთმა ეს პერიოდი ეშმაკს დაუთმო და უთხრა, ერთი მლოცველიც, რომ დარჩეს, არაფერს დაგითმობო. ამ დროსაც ექნება თავისი დასასრული.ლოცვას დიდი ძალა აქვს, შვილებო. მე სხვა რა შემიძლია?! სანამ სული ცოცხალია ვილოცებ. არ ვიცი ლოცვაო, მითხრა ერთმა გოგონამ.ლოცვას რა ცოდნა უნდა. აანთე ღვთის სანთელი და მის ალს უყურე, ლოცვა თავისით წამოვა გულიდან.შვილიშვილს ვატარებ ყველგან. მეშინია, სადმე თუ მოვკვდი ხალხს მაინც გააგებინებს.ყველა ეკლესიას, ყველა წმინდა ნანგრევს ვნახულობ სანთელს ვანთებ და ვლოცულობ. აი, რითი  ვართ ძლიერი და რამ გაგვაძლებინა ქართველებს.

დამუნჯებულები და გაოგნებულები შევყურებდით ამ ჩია მოხუც ქალს. ამ დროს ასეთი სიბრძნე და რწმენა შეინარჩუნო, ეს გმირობაზე ბევრად მეტია.

მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა…ეკლესიაში შესვლისას, როცა ტაძრის კარს  ვემთხვევი, ყოველთვის მახსენდება ერთი უბრალო მესხი ქალი. ასე მგონია ის ტაძარშია და თვითონ ქცეულა ყოველი ტაძრის კარად.

Read Full Post »

                               

           ტანსაცმლით გამოიხატება ადამიანის ინტელექტი,ხასიათი,სოციალური მდგომარეობა,ტემპერამენტი და პოლიტიკური პლატფორმაც კი.თუნდაც ერთი შეხედვით ძალიან უბრალო,  უწყინარი მაისური ბევრ ცნობას გვაწვდის იმის შესახებ, ვისაც ის აცვია. ამას განსაკუთრებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ეძლევა არჩევნების ციებ–ცხელების დროს.

804300_433710260042553_92710046_n

         _მაისური გამოხატავს ადამიანის მკვეთრად დაფიქსირებულ პოლიტიკურ პოზიციას და საერთოდ, მგონი მაისურებით იწყება საარჩევნო მარათონი.

        _თუ ადამიანი შენი ამომრჩეველია რა მნიშვნელობა აქვს ნომერს?  შვიდი იქნება, ორმოცდაერთი თუ თუნდაც ნული, მაინც მას მოხაზავს.

        _მგონი აქ უფრო რაღაცის გათვლაა. ზოგი დაიბნევა, ზოგი გაღიზიანდება და რაც მთავარია ფინანსურად დაზარალდება პარტია.

        _ბავშვურ თამაშს გავს. აზრი? შედეგი? აი, მე ავიღებ ახლა ამ ლურჯ მაისურს,რომელსაც ზურგის მხარეს შვიდი აწერია და ნაწერის ბოლოდან ზევით პატარა პარალელურ ზოლებად დავჭრი.

        _ყოველი მომდევნო ზოლი ერთი სანტიმეტრით გრძელი იქნება წინაზე. მხრებთან რომ მივაღწევ დაჭრილი შვიდიანი ზოლებად ჩამოიშლება და მაისურიც ძალიან თანამედროვე დიზაინის გახდება.

        _და ამ მაისურით გახვალ ქუჩაში? საშიშია.

        _შიში შეიქმს სიყვარულს თუ შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, რომელს აირჩევ?

        _დაველოდები… შენ?

        _მეორეს.

        –გიჯი ხარ.

        _ვიცი.

       ლურჯი მაისური გავათანამედროვე, და გადავწყვიტე საკუთარი აქციის ჩატარება_გავედი ქალაქში.

   გასვლისთანავე ავტომობილებიდან სახეები გადმოცვივდნენ_გაკვირვებულნი,აღფრთოვანებულნი, ამზერილნი და შეშინებულნი.

       მოდი, ფეხით მოვივლი მთელ ქალაქს, მაინც პატარაა ჩემი ბათუმი. ძველი ბათუმის უბანში ერთ–ერთ ფანჯარას ძალიან უხეში გისოსები ედო.გისოსებს იქით სანდომიანი, ნაზი,სიფრიფანა ქალი იდგა და ნატვრი თ შემომყურებდა. მივუახლოვდი და ხელის აწევით მივესალმე.

      _ვენაცვალე შენს ქალობას_შემომძახა და ფანჯარა სწრაფად დახურა.

      ღმერთო, ნუთუ შეიძლება გწტუროდეს თავისუფლება და კარს უკეტავდე მას?!  ფიქრები ჩახლეჩილმა ხმამ შემაწყვეტინა.

      _ერთი  ამას დამიხედეთ,მეტიჩარა!

     თანმხლებმა მისი შეჩერება სცადა.

      _დაანებე თავი.შარის დრო არაა. რა იცი ხვალ ან ზეგ რა მოხდება.

      ჩვეული სიფრთხილე,რომელსაც დღეს უმეტესობა იცავს.

      _ხვალ ან ზეგ არ ვიცი მე! თავზე უნდა დაახიო ეს მაისური, მაგ მატრაკვეცას.

     შევჩერდი, თვალებში შევხედე, მაისური შევისწორე,ვაღიარებ საკმაოდ გამომწვევად და მივუგე.

     _მოდი გაბედე.

     რას გაბედავდა?! მე კი მატრაკვეცულად ვაქციე ზურგი,ანუ ჩემი დაჭრილი შვიდიანი და ნელი ნაბიჯით დავშორდი.

     _ქალბატონო, მე რომ სხვა მაისური მაცვია, თქვენზე ნაკლები ქართველი ვარ?

    წითელ მაისურში გამმოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი სინანულით დასქეროდა მის გულზე წარწერას_,,მე მიყვარს საქართველო’’.

    _არავისზე ნაკლები ქართველი არა ხარ შენ.იმიტომ რომ ფიქრობ, რომ არ ფიქრობდე ამას არ შემეკითხებოდი.დიახ, საქართველო შენც გიყვარს და მეც.

    _რა არ მოგწონთ ქალბატონო? ირგვლივ მიმოიხედეთ რა ლამაზი სახლებია,რა ლამაზი ქუჩებია.

    _მოდი გარეუბნებში გავიდეთ და იქ ვნახოთ ქუჩები. იქ სხვისი საქართველოა? ამ ლამაზ, ახალ სახლებში კი მეეჭვება ჩვენი ნაცნობთაგანი მოხვდეს ვინმე, იმიტომ რომ ძალიან ძვირია, მოსახლეობა კი მასიურად დაღარიბდა, განა არ გინახავს როგორ იქექება ყოველ დილას ნაგავში ჩვენი მოსახლეობა, მათ კისერზე კი გამდიდრებული  საზოგადოების  რამდენიმე პროცენტი  გაზულუქებული ხვნეშის, ეს ხომ პარაზიტობაა,

     _ყველაფერი ერთად არ იქნება,  ქალბატონო.

     _შენ ახლა გამახსენე რა იმედით შევხვდი ,,ვარდების რევოლუციას“, როგორ მჯეროდა.პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა ეკლესიას სატვირთო მანქანა,რომ დააჯახეს,თან როგორი გამეტებით…მაშინ ვთქვი_ღმერთო, ვინ არიან ესენი–მეთქი.მას შემდეგ ეჭვი უფრო და უფრო გაღრმავდა.სანდრო,ბუტა…ბათუმელი რომან სურმანიძე,რომელიც დედაქალაქში პირველად ჩავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდა.რა ვუთხრათ მათ უდანაშაულო სისხლს? შვიდი ნოემბერი? ოცდაექვსი მაისი? შეიძლება ერის წინამძღოლმა საკუთარი ერი გალახოს?  ეპატიება ეს?

    _შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა.

    _ეს მკვლელობაა და არა შეცდომა.გამიზნულ შეცდომას უკვე დანაშაული ქვია. ქართველი უკვე განადგურების პირასაა. შენ იცი რა არის სინგაპურიზაციაა?

    ახალგაზრდამ ისე შემომხედა, პასუხი საჭირო აღარც იყო.

    _ჰოდა, კი  იცლება საქართველო ქართველებისგან. შენ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი? არ გინდა აქედან წასვლა?

    _მე სულ ახლახანს დავბრუნდი. ვერ გავძელი სხვაგან.

    _შენ გაიხარე… აქ შევქმნათ  ჩვენებური, საოცნებო ცხოვრება, სადაც იყავი იმაზე უკეთესი.იცი რა, მოდი მე და შენ დღეს ერთად ვიაროთ ბათუმის ქუჩებში.

   არასოდეს დამავიწყდება მისი დაეჭვებული თვალები.  გზა კი სამწუხაროდ მარტომ გავაგრძელე.ისევ მაცილებდა სხვადასხვა გამომეტყველების სახეები და შეძახილები.

   ქალაქის ცენტრში ნაციონალების მიტინგს გადავეყარე.რა დასამალია და ხალხის რაოდენობაც საკმაო იყო.მთლად მათში გარევა ჩემი მაისურით თავხედობა იყო,ჩავლას კი არაუშავდა.უცებ მათ რიგებს ქალი გამოეყო და ჩემსკენ გამოემართა.ნაცნობი აღმოჩნდა.

   _ გოგო, არ გეშინია? ეგ რას აკეთებ?

   _შენ რატომ ხარ აქ?

   _რა ვქნა, ვმუშაობ,რომ არ გამოვიდე სამუშაოს დავკარგავ.რა ხელფასია,მაგრამ მენანება. ხმას კი ვის  მივცემ, ეს მე ვიცი.

   _ესეც კარგია,მაგრამ ახლა იმედს აძლევ და მერე გაუცრუვებ?

   _რას დამიმტკიცებენ.იმედი მეც მაქვს გაცრუებული,მაგრამ რომ გაიმარჯვონ შენ რას აპირებ? არ გეშინია?

   _რომ მეშინია, იმიტომ ვარ აქ.

   _კარგი, კარგი, ღმერთმა გიშველოს თქვენც და საქართველოსაც.

   _ამინ,გაიხარე.

  რწმენა მომემატა.ძალა ვიგრძენი და ხვალინდელ დღეზე დავიწყე ფიქრი. უცებ ტელეფონი აწკრიალდა.

   _ქალბატონო, გაცნობებთ,რომ ზეგ ორ ოქტომბერს გამოცხადდებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.

    ავენთე და ისე ძლიერ,რომ თვალებში ცეცხლი ვიგრძენი.

  _ზეგ თქვენ აღარ იქნებით

  _ტუ…,ტუ…,ტუ_ისმოდა მობილურიდან.

   უცებ ძალიან შემცივდა.ამ დასიცხულ დღეს რატომ მცივა?_გავიფიქრე და მოწყვეტით დავჯექი ქუჩაში მდგარ სკამზე.რამდენიმე წუთში აღმოვაჩინე,რომ ეს თრთოლვა სიცივე კი არა შიში იყო.

   მეშინოდა…

   ზეგ დაბარებული ვარ იქ. რამდენი პატიმარი შეემატება ისედაც უაზროდ გადატვირთულ საქართველოს ციხეებს.

   ეჭვგარეშეა…

   ვინ დაგვიცავს?

   დარჩება კი ვინმე?

   პოლიტპატიმრებადაც კი არ გამოგვაცხადებენ.

   თავი აქეთ იქით მკვეთრი მოძრაობით გავაქნიე, აბეზარი ფიქრების დაფრთხობა მინდოდა.

   ადამიანი არ არსებობს შიშის გრძნობის გარეშე,მთავარია დაძლიო ის…

   სანამ იქნება ზეგ, უნდა იყოს ხვალ.

   ხვალ რომ გავიმარჯვებთ რა იქნება ზეგ?

   ვიცი რაც იქნება…კი არ ვოცნებობ თვალნათლივ ვხედავ.

   ზეგ ძალიან ბევრი, უმრავლესობა, ლურჯ მაისურს ჩაიცვამს.

 

Read Full Post »