Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘დუელი’

რა გრძნობა გეუფლება, როცა ექიმი თვალს ვერ გაგისწორებს?!
გინდა ისევ შენ იხსნა უხერხული მდგომარეობიდან, დიაგნოზის დასმაში ეხმარები.
– ნუ ნერვიულობთ, ექიმო, ყველაფერი გასაგებია, არც მოულოდნელია რამე. ოღონდ ჩვენს შორის დარჩეს.
– უნდა ვიბრძჴლოთ.
– მაგრამ არა ლოგინში. კარგად ბრძანდებოდეთ.
პოლიკლინიკის ეზოში, მარტო დარჩენილმა სისუსტე ვიგრძენი, მუხლების კანკალი დამეწყო. იქვე, უზარმაზარ ბზის ბუჩქთან ახლოს მდგარ სკამზე ჩამოვჯექი. საფეთქლებთან ჩაქუჩები მიკაკუნებდნენ.
– უკურნებელი…
თვალთაგან წყვილი ცრემლი…
წარმოუდგენლად ცხელი…
წამში გადაფასებული სამყარო… სხვა თვალით დანახული…
რამდენი რამ ადრე ფასეული დღეს არაფრის მთქმელი. უსარგებლო ნივთად ქცეული…
– ღმერთო, ვის შევჩივლო?
– არც არავის! განა გინდა საცოდავი და ავადმყოფი ახსოვდე ვინმეს?
– არა! არ მინდა! მაგრამ არც ის ვიცი რა ვქნა.
– მოიფიქრე რამე!
– რაღა მოვიფიქრო?
– რითაც სხვებს ანუგეშებდი.
– რითაც სხვებს ვანუგეშებდი? მართლაც! აბა გავიხსენო: ძვირფასო, თავი მაღლა. გაიღიომე და გაიმეორე „მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ის მშვენიერია“.
– აი, ასე!
– დამეხმარე, ღმერთო!
– დაგეხმარები.
სახლთან მისული პირველად შვილმა შემნიშნა და ჩემსკენ გამოექანა.
ნიავი ქოჩორს უწეწავდა…
თუ მარტო საკუთარ თავზე არ იფიქრებ და მეორეც გაგახსენდება, ყოველგვარ სტრესს გაუმკლავდები
მისი პაწია ხელები კისერზე, ერთი კოცნაც და…ყველაფერი დამავიწყდა.
რა ძალა ჰქონია ამ პატარა არსებას.
არა, ღმერთო, ჯერ არა, ჯერ საქმე მაქვს, არა მცალია.
ჰაი, ქალის ქარაფშუტობავ!
ყოველი მატერიალურის დასაკარგავად მზადაა, ოღონდ სილამაზე შეინარჩუნოს.
ბრძოლა სხვა სახესაც იძენს…
განსაცდელმა რწმენა და დამოუკიდებლობა შემძინა.
სხვენში წლების წინ გადანახული მოლბერტი მოვნახე. პალიტრიდან ფერებმა სხვანაირად შემომანათა.
ეს ის ფერები აღარ იყო, წლების წინ რომ ვხედავდი… ახლა მე მათ ვგრძნობ.
ტილო გადავჭიმე და ხატვა დავიწყე.
პირველად შვილის პორტრეტი დავხატე…
ნიავი ქოჩორს უწეწავდა, ჩემსკენ მორბოდა.
იფიქრებდი, ცოტაც და გულში ჩამეკვრებაო.
შემდეგ მზე და ზღვა…
უფრო მზის ჩასვენება ზღვაში.
კიდევ ტეთრ ღრუბლებთან, მთაზე შეფენილი თეთრი ცხვრის ფარა…
კიდევ მთელ კედელზე მინდორი დავხატე მხოლოდ ყვითელგულა თეთრი გვირილებით და მზისფერი ბაბუაწვერებიტ მოჩითული.
კრიტიკა ჩემდა გასაოცრად თუ გასამხნევებლად დადებითი.

– ისეთი ფერებია გეგონება სამოთხეში აღმოვჩნდიო – თქვა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა.
დიახ, მე მინდოდა, რომ ის აქ ყოფილიყო – გავიფიქრე გულდაწყვეტილმა, მაგრამ უზომოდ გახარებულმა.
მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა ყველას რატომ დავიწყე ასე გვიან.
ნურასუკაცრავად, ეს ცემი საიდუმლოა, ცოტა მწარეც კი…მაგრამ იცოდეთ „სული ჩემი აქაა – ჩემს ნახატებში“.
დარწმუნებული ვარ, სანამ ვხატავ, ღმერთი მადროვებს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი პირველი ტილო გამახსენდა.
წვიმა დავხატე. „ატირებული ღრუბლები ვუწოდე“. ტილოზე გამოსახულ გოგონას ქარი ისე ურტყამდა სახეში, თითქოს მასზე გულმოსულიაო. წვიმაც უშენდა შეუბრალებლად. გაწუწული გოგონა კი ოდნავ მაინც იღიმებოდა. ცოდვა გახეილი სჯობსო და ბავშვურად ჯოკონდას ღიმილის დაჭერა მინდოდა, სხვა არაფერი.
სურათი სევდიანი იყო, არავის მოსწონდა. მთავარი კი ის იყო, რომ მე მომწონდა.
ეს სურათი დღეს ჩემს აწმტოდ იქცა… ხშირად განმარტოებას ვცდილობ. სულის ნავსაყუდლად ტაძარი მექცა.
მართლაც ძალიან მშველის ლოცვა…გულიდან წამოსული, ათასჯერ გააზრებული.
მაგრამ ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავზე დაჩოქილს ყველა ჩემი სათხოვარი თუ სატკივარი გადამავიწყდა და მადლობა გადავუხადე.
გულწრფერლი მადლობა ყველაფრისათვის.
თითქმის დავრწმუნდი, მიუღწეველი მართლაც არაფერია, ოღონდ ძალიან უნდა მოინდომო. ღმერთი აუცილებლად დაგეხმარება. ღმერთი და ისეთი მეგობრები, როგორებიც მე მყავს.
ხანდახან სინდისი მაწუხებს…
მე მათ ვატყუებ…
მაგრამ არა უშავს, მოვა დრო, გამიგებენ, მაპატიებენ. ეს ტყუილი თვითონ მე მათავისუფლებს უდიდესი ეჭვისგან…
მაინც რატომაა, ვინმესთან ცამდე მართალიც რომ იყო, თუკი კვდება, თავს დამარცხებულად გრძნობ და სიბრალულის გრძნობა გიპყრობს.
ყველაფერს ნანობ. ეს რომ გცოდნოდა, არც კი შევედავებოდი, დაუთმობდი, ბოდიშსაც მოუხდიდი. დაე ის ყოფილიყო მართალი, თუნდაც დაცაგრულიყო შენი სიმართლე…
იმიტომ რომ სიკვდილი ულმობელია, მაგრამ…
მაგრამ დამიჯერეთ მაინც არ შეიძლება ჩვენ, მოკვდავებმა ერთმანეთს მომაკვდავებივით ველაპარაკოთ.
მაშჳნ დაიღუპებოდა კაცობრიობა.
და ვგრძნობ, თითქოს სიკვდილმა დუელში გამომიწვია…
თუ მე გამოვიწვიე…
ეს უთანასწორო ბრძოლაა.
ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ ეს უთანასწორობა ჩემს სასარგებლოდ მგონია.
მართლაც მშვენიერია სიცოცხლე.

Read Full Post »