Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘კაბადოკია’


 

    შუაღამისას აფეთქებასავით მკვეთრმა ჯახანმა გამოაღვიძა ყველა. დაძაბული ცხოვრებით დაღლილი ხალხი შეშინებული წამოცვივდა ლოგინებიდან. ვერავინ გაიგო რა ხმა იყო ეს, მაგრამ როცა მას მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა და უშვერი გინება მოჰყვა, ყველასათვის გასაგები გახდა, ეს მათი მეზობლის მორიგი ქეიფის ფინალი იყო.

-რა დაამსხვრია ნეტავ ახლა?

-დარჩა კი რაიმე?

-იქნებ ტელევიზორი.

-ღვინის ჭიქა მაინც დაიტოვოს. ისევ მას დასჭირდება.

-დარწმუნებულია ცოლი შეიძენს, ამიტომაა გასული თავს.

ყაყანებდნენ და გულს იოხებდნენ თავთავიანთ ოთახებში გამოკეტილი მეზობლები. პასუხად კი მთვრალის ბორგვა და მოთქმა ისმოდა.

-ჩემი არავის ესმის, ვერავინ მიგებს… ვისაც პატივი დავდე, იმან მიღალატა და მომატყუა სწორედ.

მე მათი…

–  როცა მქონდა, მაშინ ვიყავი კარგი. ყველა ჩემი მეგობარი იყო… ახლა აღარავის ვჭირდები. თქვენი ყველასი…   და ამ მთავრობისაც…   ხალხზე არავინ ფიქრობს…

წინადადებებს შორის ჩართულს მთვრალის ცოლი აკეთებდა.

-საკმარისია, კარგი… ყველაფერი მოგვარდება, სირცხვილია. დაწყნარდი, ოჯახი შეიბრალე…  მთავრობას მაინც ნუ აგინებ…  საშიშია…  დაწყნარდი.

-ვერ დავწყნარდები… მე არ შემიძლია იმის ატანა, რაც ჩემს ირგვლივ ხდება.  ვცდილობ, ყველაფერს ვაკეთებ და მაინც არაფერი გამომდის, და ვინაა დამნაშავე? რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობა!.. ფეხებზე ჰკიდიათ ხალხი, მე მაგათი…

-დაწყნარდი, გთხოვ. შენ ვერ გამოასწორებ მაგას. დამშვიდდი.

-ვერ გამოვასწორებ?! მე ვერ გამოვასწორებ?! მაშინ დავამტვრევ ყველაფერს… დავამსხვრევ…

არაფერი მჭირდება…

* * *

  დილით მეზობელმა კარზე მორიდებით დააკაკუნა. კარი ღია იყო. ორი ნაბიჯი წადგა და დიასახლისის სახელი ხმადაბლა დაიძახა. სამზარეულოდან მძინარის ხვრინვა ისმოდა. მოპირდაპირე ოთახიდან კი შემოსულს დიასახლისი გამოეხმაურა.

-მობრძანდით. ისევ დაგიფრთხეთ ძილი ხომ?! ძალიან მრცხვენია, რა ვქნა არ ვიცი. ამდენჯერ ბოდიშის მოხდაც კი უხერხულია.

-ჩვენ თავს რას ჩივი, შენა ხარ ცოდო. არადა ეს ენის უთქმელი კაცი რავა გადაირევა დალევის შემდეგ?! აღარაა მისი საშველი. ამჯერად რა დაამტვრია? ესაა საქმე?

-საწიგნე. კიდევ კარგი, ბავშვი წუხელ დედაჩემთან დარჩა. – მიუგო დიასახლისმა და წიგნების მთელი ზვინი მეორე ოთახში გადაიტანა.

-რამდენი ლამაზი ნივთი გეწყო მაგ საწიგნეზე. როდის უნდა დამთავრდეს, როდის დაანებებს ეს კაცი ამ მსხვრევას თავს.

-დამთავრებულია, ეს უკანასკნელია.

-როგორ?

-ისე! – ხმა გაებზარა ქალს. თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დაემალა, ურნაში ნამსხვრევების ჩაყრას შეუდგა. უცებ გატეხილი ჩარჩოდან ფოტოსურათი გაფრიალდა, მასზე ნეფის და პატარძლის ბედნიერი თვალები თბილად იღიმებოდნენ. ვაჟი სასოებით დასცქეროდა ქალის ხელს და ნატიფ თითზე ოქროს რგოლს უკეთებდა.

-ამჯერად არც ისე დიდი ზარალი გვაქვს. – ფიქრებიდან გამოიყვანა ქალი მეზობელმა. -მხოლოდ მინები, რამდენიმე გადარჩენილა კიდეც და ის თაბაშირის რაღაც დიდი ფიგურა, კაბადოკიიდან რომ ათრიეთ, მაგას რა ფასი ჰქონდა.

-ცდები, ძალიან ცდები! ის ყველაზე ძვირფასი იყო ამ სახლში.

-კაი ერთი, უბრალოდ თაბაშირისგან ჩამოსხმული ფიგურა…

-ძალიან გთხოვ, მოგვიანებით ამოდი, ბავშვის მოსვლამდე მინდა ყველაფერი მოვაწესრიგო. მარტოდ დარჩენილი ქალი გაირინდა. თვალწინ აეფურცლა შვილთან ერთად კაბადოკიაში მოგზაურობის სურათები – მღვიმეები, მარილსა და ვულკანის ლავისგან წარმოქმნილი საოცარი მთები. აღფრთოვანებულმა ბავშვმა თაბაშირის დიდი ფიგურა შეიძინა, რომელშიც გამოძერწილი იყო კაბადოკიის ერთ-ერთი უბანი და სასოებით ჩამოიტანა სახლში.

ქალს მუხლები მოეკვეტა, ნამსხვრევებთან ჩაიკეცა და მწარედ აქვითინდა.

-დედა რა დაგემართა, რატომ ტირი.

ქალი ბავშვის ხმამ გამოაფხიზლა. გაიმართა, ორივეს მზერა ურნაში ჩაყრილ ნამსხვრევებს მიელურსმნა.

-დედა, მამამ ჩვენი კაბადოკია დაამსხვრია?

-ჰო, ჩვენი კაბადოკია დაიმსხვრა, მაგრამ მამამ არა შვილო, მამამ არა.

ქალმა ბავშვი გულში ჩაიკრა და მის პატარა მხარში ჩამალა თავი.

-მე, მე დამემსხვრა. მინდოდა გამეწმინდა და გადმოვარდა. ხომ მაპატიებ , ხომ მაპატიებ შვილო?!

ბავშვმა ეჭვიანი თვალებით შეხედა დედას.

-მართლა შენ?..

-კი, კი შვილო, მე… შენ ოღონდ არ ინერვიულო. კიდევ წავიდეთ იქ, შემოდგომაზევე წავიდეთ.

-სად წავიდეთ, დედა, კიდევ ჩვენ ხომ არ შეგვხვდება საგზური.

-წავალთ შვილო, წავალთ. ჩვენ ხომ შევპირდით კაბადოკიას რომ აუცილებლად ვინახულებდით ისევ. ნამდვილი კაბადოკია ხომ არ დამსხვრეულა, იმას ვერავინ დაამსხვრევს.

-კარგი დედა, დამშვიდდი. გპირდები, აუცილებლად წავალთ. მანამდე კი მე მაგ ნამსხვრევებს ახლა ავაშენებ. ჯერ დავწეპავ, მერე კი ჩამოვასხამ.

-არა, შვილო, გატეხილი არაფერი გამრთელდება.

-მე მოვახერხებ ამას, აი ნახავ.

-კარგი, შვილო, კარგი.  სცადე მაინც…

სამზარეულოში მდივანზე გაშოტილიყო მამაკაცი და ხვრინავდა, თითქოს ახრჩობენო. არაფერი აინტერესებდა და არც ესმოდა თუ რა ხდებოდა მასთან სულ ახლოს, ერთი კედლის მიღმა.

იქ კი ბიჭი გულმოდგინედ აწეპებდა ერთმანეთს თაბაშირის ნამსხვრევებს.

-მე აუცილებლად აღვადგენ ჩემს კაბადოკიას. დარწმუნებული ვარ. კაბადოკია ხომ თეთრი ცხენების ქალაქია.

 

Read Full Post »