Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ლურჯი ბერეტი’

             მისი მოსვლა ჩვევად ექცათ. შორიდანვე ცნობდა ყველა. იფიქრებდი მიწას ფეხს არ აკარებსო, ნიავივით ჩამოიქროლებდა, მოვაჭრეებს შესცინებდა და მორცხვად მიანიშნებდა რაც სურდა. ისინიც არაფერს უშლიდნენ. მითუმეტეს გოგონაც ზღვარს არასოდეს გადავიდოდა, ზედმეტს არ აიღებდა. დღეს რომ ვინმეს შეაწუხებდა, ერთ კვირას მაინც აღარ გაეკარებოდა.

             მოვაჭრეები თვითონაც ეძახდნენ. ხშირად გოგონა მათ უარის ნიშნად თავს გაუქნევდა, გაუღიმებდა და თითების მოძრაობით ანიშნებდა.

–         მადლობთ, თქვენ ხვალ.

–         საოცარი გოგონაა, არც ძალიან ლამაზი, არც მთლად დალაგებული, მუნჯი და მაინც საყვარელი.

–         რას ერჩი ბავშვს! მისი გასაჭირი არ ეყოფა?!

–         რა მოხდა ადამიანო, განა ტყუილს ვამბობ?!

–         თუ არაფერი გაღელვებს და მხოლოდ სალაყბოდ გჭირდება, რა ფასი აქვს შენს სიმართლეს, ისეთივე ცოდვაა, როგორიც ტყუილის თქმა.

–         ვერ გავიგე!

–         არ მიკვირს! ამბობ, მთლად დალაგებული არააო, რატომ? მხოლოდ იმიტომ ხომ არა, რომ ის დაუფარავად გამოხატავს ყოველივეს, რასაც გრძნობს. შენ ამას მოახერხებ?

–         რად მჭირდება.

–         რად გჭირდება? თავისუფალი რომ იყო. ნამდვილი სახე რომ აჩვენო. ჩვენა მას ვერასოდეს მოვახერხებთ, არ გვინდა, უფრო სწორად არ გვაწყობს. მაგ პატარა, უმწეო არსებამ კი ეს შეძლო. თხუთმეტი წლისაა, დედაც აღარ ჰყავს. ამბობენ სადღაც სარდაფში ცხოვრობსო. მუნჯიცაა, როგორც შენ აღნიშნე, ამავე დროს ისე ლამაზი და არც მთლად დალაგებული, მაგრამ მაინც გვიყვარს.

–         მეც ეს მიკვირს.

–         ყოველ დილას ჩამოგვივლის… ისე მივეჩვიეთ, ველოდებით უკვე. თუ რამეს მივცემთ, კმაყოფილია. სნიკერსი უყვარს, მაგრამ გინახავს ვინმესთვის მოეთხოვოს?! ან ერთ ცალზე მეტი წაეღოს?!

–         იცი რა, ეს გოგო თილისმად მექცა. მგონია გული რომ ვატკინო, ის დღე დამეთარსება.

–         დააკვირდი მის თვალებს, რა სუფთაა, რა თავისუფალი გამოხედვა აქვს. შეგიძლია უბრალოდ შეხედო და ყველაფერი ამოიკითხო.

             ამ დროს მოსაუბრე ლურჯ ბერეტიანმა კაცმა მხარზე ხელის შეხება იგრძნო და შემოტრიალდა. მის წინ ნაცნობი მუნჯ გოგონა იდგა და იცინოდა.

–         ვაა! ეს შენა ხარ, ჩვენო მფარველო ანგელოზო? სწორედ ახლა შენზე ვსაუბრობდით.

–         ვიცი, გავიგონე. – ანიშნა გოგონამ და თან მადლიერი თვალები შეანათა.

–         აბა ვნახოთ, დღეს რით დაგასაჩუქრეს… ყოჩაღ, ყოჩაღ. მაშ მე სნიკერსს მოგცემ კარგი?

გოგონამ მსუბუქად ტაში შემოჰკრა და კეთილ კაცს ლოყაზე აკოცა. თან ძალიან ფრთხილად ლურჯი ბერეტი შეუსწორა.

–         თუ გინდა უფრო კარგ შოკოლადს მოგცემ, ეს რატომ ამოიჩემე?

–         არა, არა! სასტიკი უარი გამოხატა გოგონამ. – ეს მამა მოიტანა, როცა მნახა.

–         შენ მამა გყავს? გნახულობს ხოლმე?

–         მხოლოდ ერთხელ მნახა, მაშინ პატარა ვიყავი. მას მერე აღარ მინახავს. ასეთი ლურჯი ქუდი ეხურა, ოღონდ წინ კეპით. გოგონამ შუბლზე ხელი კეპივით მოიჩრდილა.

–         როგორ დამწყვიტე გული, ალბათ არ იცის რა კარი გოგო გახდი. იცი რას გეტყვი, მოდი ჩვენ მოვძებნოთ. მე დაგეხმარები.

–         მოძებნა არ უნდა, ის ყოველდღე ტელევიზორშია. მაშინ დედას ბევრი ფული დაუტოვა და წავიდა. ფული დედამ ბანკში შეინახა, ჩემთვის შეინახა, მაგრამ დღეს აღარაა, თითქოს არც გვქონია., არავინ გვიბრუნებს. დედამ ინერვიულა და ავად გახდა. დედა დავკარგე, ცუდმა მეზობელმა ბინაც წამართვა.

–         მერე? შენი ბინა შერჩა იმ მეზობელს? მოდი მამაშენი მოვნაოთ და ბინაც დავიბრუნოთ.

–         არა! მამა თვითონ არ მეძებს… იმ მეზობელსაც ღმერთი დასჯის.

–         ფული მთავრობა წაგართვა, ბინა მეზობელმა. მამა კი – შენ არ გინდა მოძებნო…

–         მე მას არ მოვძებნი.

–         აბა მე როგორ დაგეხმარო, რა გავაკეთო?

–         თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ ჩემთვის – თქვა ნაღვლიანმა და წმინდა თვალებმა და ლურჯი ბერეტის წინ ნიავმაც ჩაიქროლა.

–         შენ რომ ვალს ვერ დაგიბრუნებს, იმ მთავრობის საქმე წასულია. – გაიფიქრა კაცმა და ნაღვლიანად ამოიოხრა.

–         აქეთ მოდი, აქეთ. მეც გაჩუქებ სნიკერსს. – დაუძახა ვიღაცამ გოგონას. მან ხელებით უარი გამოხატა.

–         ახლა სად მიდიხარ?

გოგონა ისევ ხელების მოძრაობას მოჰყვა. ერთხანს კაცი გაკვირვებული უყურებდა. ბოლოს თითქოს რაღაცას მიხვდაო, მაგრამ მაინც ეჭვით შეეკითხა:

–         მზესთან? მზესთან რა გინდა?

–         კარგია! – მაღლა აწეული ცერა თითი უჩვენა გოგონამ. კაცმა გაკვირვების ნიშნად მხრები აიჩეჩა და იმ დღის მერე აღმოაჩინა, რომ გოგონა ყოველ დილას და საღამოს ეგებებოდა და ემშვიდობებოდა მზეს. ეს მისთვის რიტუალი იყო უკვე, მნათობისაკენ გაწვდილი ხელებით თითქოს სხივებს იჭერდა და ეფერებოდა. ნელ და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა და განუწყვეტლივ რაღაცას ბუტბუტებდა, თითქოს ლოცულობდა. ან საიდან იცოდა ლოცვა, ან რას ლოცულობდა ნეტავ. მისი მოქმედება ყველასათვის ისეთივე ამოუცნობი იყო, როგორც სულისთქმა გულის კუნჭულში მიმალული.

ერთხელაც მორიგი ჩამოვლის დროს გოგონამ ახალი ჯიხური შენიშნა. ალბათ დედამიწის ზურგზე რაც ფერი არსებობს, ამ ჯიხურს ეხატა. ფერადი ჯიხური მუსიკალურიც იყო. ყველა ცნობილი მომღერლის პლაკატის და სიმღერის შეძენა შეიძლებოდა იქ.

გოგონა ასკინკილითა და თავისებური კისკისით გარს უვლიდა ჯიხურს. დახტოდა, ხანდახან ტაშსაც შემოჰკრავდა. ვაჭრებიც გახალისდნენ, მისი განწყობა გადაედოთ და სიყვარულით შესცქეროდნენ ქურციკივით მორბენალ გოგონას.

–         მისთვის ეს სამყარო ფერებია. ნახეთ როგორ სარობს, როგორ გრძნობს სილამაზეს.

–         ბოლოს გოგონამ ჯიხურის ვიწრო ფანჯარაში შეიჭვრიტა და მყისვე გაყიჩდა. ორიოდე წუთს ასე გაოგნებული იდგა, შემდეგ თმები შეუსწორა, მხრები შეარხია და შეცბუნებული იერით მოშორდა ფანჯარას. წამსვე საირისპირო მხრიდან ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცის სახე გამოჩნდა და ყველა მიხვდა გოგონას უცებ დამორცხვების მიზეზს.

იმ დღის შემდეგ ბაზრობის ამ პატარა კუთხეში გოგონას აღარაფერი აუღია. მოსვლით კი ყოველდღე მოდიოდა. განსაკუთრებით ის მუსიკალური ჯიხური შეუყვარდა.

–         შენ მუსიკას ყიდი? მე არ მაჩუქებ? – ხელების მოძრაობით ანიშნა ერთხელ ჯიხურის პატრონს.

–         რად გინდა? შენ ხომ ვერც იმღერებ და არც გესმის.

–         გოგონა სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას.

–         რატომ ელაპარაკები ასე უხეშად? მაგას რომ ესმის, იმას შენ რას გაიგებ. მაგ გოგოს არ აწყენინო, თორემ… – გაბრაზებულმა ლურჯი ბერეტი ხელებით დაჭმუჭნა, თითქოს ადრესატს მიანიშნებდა რასაც უპირებდა.

ერთი საათი არ იქნებოდა გასული, გრძელ, წითელ კაბაში გამოწყობილი გოგონა. დაირით ხელში გამოცხადდა ფერადი ჯიხურის წინ. მისი სხეული სხვა, უბრალო სამოსში არ ჩანდა ასე ჩამოქნილი. სამჯერ დაჰკრა ხელი ინსტრუმენტს. მის მოგუდულ ხმას ფეხის მოძრაობა მიჰყვა და დაიწყო ცეკვა, თუ როკვა, მოქნილ თეძოთა რხევა. მის ბოლომდე გადაზნექილ წელს წარმოუდგენლად ალამაზებდა პაწაწინა ზარებით შემკული, ხმაურიანი, მსხვილი წელსარტყელი. გოგონა თავდავიწყებას მოეცვა. არცერთი მისი მოძრაობა არ იყო აღებული რომელიმე ცეკვიდან. საოცარი ერთობლიობა იყო სხეულისა და უბრალო ხმებისა. ეს არ იყო არც ნარნარი თუ ფარფატი, რაღაც სხვაგვარი იყო, თითქმის ავაზისებურ, შემპარავი, მზაკვრულიც კი. საოცარი პლასტიკა.

–         ღმერთო, რა საოცრებაა! სმენა არა აქვს და მაინც როგორ გრძნობს!

–         თვითონ სცემს დაირას და იმიტომ.

–         ნახეთ რა მოძრაობებს აკეთებს!

–         ამბობენ მისი დედა მოცეკვავე იყოო. ალბათ კაბაც და ინსტრუმენტიც მისი ნაქონია.

–         ასეთი ცეკვა?! წარმოუდგენელია!

–         სიყვარულია ეს ცეკვა, სიყვარული! ნუთუ ვერ ხვდები?

–         მაგას სიყვარული სნიკერსი ხომ არ გონია. დაიღუპება ბავშვი.

გოგონა ლერწმის ღეროსავით წელში გადაიხარა. თმები ჩანჩქერივით გადაუცვივდა უკან. ხელები მზისკენ მიმართა, თითქოს მზეს დაირას ჩუქნისო და ცეკვაც დასრულდა.

გაოცებული იდგნენ ვაჭრები, იფიქრებდი ხმის ამოღების ეშინიათო, რომ  გოგონასა და მზის კავშირი არ გაეწყვიტათ. ბოლოს, როცა მოცეკვავე საწყის მდგომარეობას დაუბრუბნდა, მონუსხულმა მაყურებელმა ტაში დასცხო. თვით მოცეკვავე მუსიკალური ჯიხურის პატრონთან მივიდა და მოწიწებით თავი დაუკრა.

–         ასეთ სიყვარულს მე კი არა, ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს. ცოდვაა ბავშვი, რა ვიღონო, ვერაფერს ვხვდები. ის კაცი სულაც არა ჩანს სანდო ისეთი თვალები აქვს.- გაიფიქრა ლურჯ ბერეტიანმა.

               ერთ დილასაც გარემო ქალის არაადამიანურმა ტირილმა შესძრა. ხალხი ამ ხმას მიჰყვა და ფერად ჯიხურთან შეჯგუფდა. ჯიხურის კუთხეში გოგონა მიმჯდარიყო და გულსაკლავად ტიროდა. მუნჯი ისე საცოდავ ბგერებს გამოსცემდა, რომ იქ მყოფთ გული შეუწუხდა.

გოგონას წინ სნიკერსი ეგდო. ყველა ჯიხურის პატრონს მიაჩერდა.

–         სნიკესი მთხოვა და მივეცი… როგორ უყვარს, ახლა კი არ უნდა. ალბათ ეცოტავა, კიდევ მივცემ…- დაბნეულად ისროდა სიტყვებს ის.

გოგონამ წყრომით ამოხედა. შოკოლადიანი ხელი ჰაერში გაშეშდა.

იქვე მდგომი ლურჯ ბერეტიანი ფერადი ჯიხურის პატრონს ეტაკა.

–         რატომ ტირის? ვინ გინდა დააჯერო რომ თვითონ გთხოვა რაიმე და მითუმეტეს ეცოტავა. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა!

გოგონამ თვალი ვერ უსწორა მის მფარველს. უმწეოდ მიმოიხედა და ბოლოს მაინც მის მკერდში ჰპოვა სამალავი. ტირილს კი ისევ მოუმატა. კაცმა იფიქრა მისი ცხელი ცრემლი პირდაპირ გულზე დამესხაო.

–         როგორ იკადრე ამ უსუსურის გულუბრყვილობა გამოგეყენებინა. ღმერთი არა გწამს?! რატომ გაუნადგურე მისი ოცნებები?

რამდენიმე გამეხებული წყვილი თვალი ისარივით დაესო თავჩაქინდრულ გაიძვერას, რომელიც ვეღარაფრის თქმას ვეღარ ბედავდა.

–         ფუჰ, შენს კაცობას! – ლურჯ ბერეტიანი ისე წაიწია მისკენ, გოგონა მკერდიდან არ მოუშორებია. გოგონამ კი მას პირზე ხელი დააფარა, და მინიშნებით თხოვა: ნუ გაუჯავრდები, მე ვარო დამნაშავე. თვალებზე ხელი აიფარა და უკანმოუხედავად გაიქცა.

–         ასეთი სიყვარული მხოლოდ ამ ასაკმა იცის. – გაიფიქრა კაცმა და ტურასავით გატრუნულ მუსიკის გამყიდველს მიუბრუნდა.

–         აიბარგე აქედან შენი ჯიხურიანად და თვალმა აღარ დაგინახოს. – ყველასათვის გასაგები იყო, რომ ეს გაფრთხილება ტყუილი სიტყვები არ იყო.

მეორე დღეს ფერადი მუსიკალური ჯიხური მართლაც აღარ იყო, მაგრამ აღარც გოგონა გამოჩენილა. ძველ ადგილას მხოლოდ სნიკერსი ეგდო.

ვაჭრები ისეთი სახეებით იჯდნენ, თითქოს გლოვობენო.

–         მარტო როგორ გაუშვი, როგორ ვერ მოვიფიქრე გავყოლოდი უკან – ფიქრობდა მათგან რამდენიმე.

რამდენიმე დღეში კუთხეში დაგდებული სნიკერსიც გაქრა. სავაჭროდ შემოსულებმა გათელეს ალბათ. ან ვინ იცის… თანდათან მუნჯი გოგონასც დაივიწყეს და ცხოვრებაც გაჰყვა დინებას.

წლები კი გადიოდა…

–         ბაბუ, ცირკში წამიყვანე. დედას და მამას არ სცალიათ. რამდენჯერ ვთხოვე და დრო ვერ გამონახეს. დღეს კი უკვე ბოლო წარმოდგენაა.

–         კი, ბაბუკა, წაგიყვან, მოდი ახლავე წავიდეთ. მანამდე გავისეირნოთ, კაფეშიც დაგპატიჟებ.

–         რა კარგია! შენ ყველაზე კარგი ბაბუა ხარ ამ ქვეყნად.

–         განა მე და შენ ერთი ჭკუისას არ გვეძახიან?!

–         ერთი ჭკუისაც ვართ და დიდი ძმაკაცებიც, ხომ ბაბუ?

–         აბა, აბა – ახლა კი დროს ნუ დავკარგავთ, გაიქეცი, მომიტანე ჩემი ლურჯი ბერეტი.

–         ახლაფვე მოგართმევ შენს საყვარელ ბერეტს. – საკონცერტო ნომერივით გამოაცხადა ბავშვმა.

ცირკში მართლაც საინტერესო ნომრები იყო. ბავშვი ძალიან ხალისობდა. განსაკუთებით ჯამბაზებით და ძაღლების ფეხბურთით მოიხიბლა. ბაბუას კი საჰაერო ტანმოვარჯიშე ქალი მოეწონა ყველაზე უფრო. ურთულეს ტრიუკებს ასრულებდა და როცა გამოსვლა დაასრულა, გამოაცხადეს, რომ მას სპეციალურად ამ ქალაქის მცხოვრებთათვის სურს შეასრულოს ცეკვა. არენის გასასვლელთან წამებში მოაწყვეს დეკორატიული ნაგებობა. მოხუცს მოეჩვენა რომ ეს პატარა დეკორაცია სადღაც ენახა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. სად… უცებ ფარდიდან გრძელ წითელ კაბაში გამოწყობილი ტანმოვარჯიშე ქალი გამოვიდა – დაირით ხელში. სამჯერ დაჰკრა ხელი ინსტრუმენტს, მის მოგუდულ ხმას ფეხის მოძრაობა მიჰყვა და დაიწყო ცეკვა.

მუსიკალური ჯიხური და მუნჯი გოგონა!

მოხუცი \ლურჯი ბერეტით ცრემლებს იწმენდდა.

–         ბაბუ, ცუდად ხომ არა ხარ?

–         არა ბაბუა, მე კარგად ვარ. ეს ისაა, ისაა…

–         იცნობ ბაბუ? საიდან?

–         ვიცნობ, ვიცნობ. მადლობა ღმერთს.

საცეკვაო ნომერი დასრულდა.

მოხუცი გაოგნებული იჯდა.ბოლოს წამოდგა და ახალგაზრდული მკვირცხლი ნაბიჯით საგრიმიოროსაკენ გაჰყვა. შვილიშვილიც მას დაედევნა. კარზე ფრთხილად დააკაკუნა. პასუხი არავინ გასცა. ისევ დააკაკუნა. კარი გაეღო. მკრთალად განათებულ ოთახში ცეკვით დაღლილი ქალი იდგა. მისი მზერა ლურჯ ბერეტს მიეყინა. რაღაც გაუგებარი წაილუღლუღა და მოხუცის მკერდს მიესვენა.

–         შვილო, სად დამეკარგე? განა ასე შეიძლება? როგორ მანერვიულე.

მოხუცი თმებზე ეფერებოდა. კუთხეში მდგომი ბიჭი გაკვირვებული შეჰყურებდა.

–         როგორა ხარ?

გოგონამ თავი მშვიდად დაუქნია.

–         წამო, გავიდეთ, სნიკერსს გიყიდი.

აღარ მიყვარს სნიკერსიო, ხელების მოძრაობით ანიშნა.

–         ყოჩაღ, ეს რამოდენა სიმაღლეზე აფრენილხარ. რა ნახტომებს ასრულებ. შენი იმედი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ამდენს არ მოველოდი.

–         გეძებდით და აქ ეს ცეკვა ამიტომ შევასრულე. ხომ ხედავთ, არც შევცდი და გიპოვეთ – ანიშნა გოგონამ. – მაგრამ ძალიან ცუდ დროს შეგხვდით, ისევ უნდა წავიდე.

–         აწი ვეღარ დამეკარგები, ამის უფლებას აღარ მოგცემ, შვილო!

გოგონამ გაიცინა, მაღლა აწეული ცერა თითით ბავშვზე ანიშნა, კარგი ბიჭიაო და თქვენ გგავთო.

უცებ კარგი გაიღო, ორი ახალგაზრდა შემოვიდა და მოცეკვავის შეკრულ ბარგს დასწვდა.

გოგონამ გულდაწყვეტით გააყოლა მათ თვალი და შემდეგ არანაკლებ დასევდიანებულ მოხუცს გადახედა. მივიდა, ლოყაზე აკოცა და ცხვირზე დაქაჩა, აქაოდა ნუ ჩანოუშვებო.

–         არა, შვილო, აწი აღარ ვინაღვლებ შენს გამო – მოხუცი გულმხურვალედ დაემშვიდობა მას.

კარებთან მისული გოგონა შემოტრიალდა. აშკარად ეტყობოდა რაღაცის თქმა უნდოდა.

–         რა გინდა, შვილო? მითხარი, არ მოერიდოს.

გოგონა ხელების მოძრაობას მოჰყვა. მოხუცი გამოერკვა.

–         რათქმა უნდა! ამას როგორ დაგიშლი. შენ თუკი გინდა, როგორ არ გაჩუქებ?! – გახალისებულმნა მოხუცმა მოცეკვავეს მოწიწებით გადასცა მისი ლურჯი ბერეტი.

 


Read Full Post »