Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მოგონება’

მათესა  და  დეას  სიყვარულს  წინ ვერაფერი  დაუდგა…       ვერც  სანათესაოში  ოდითგანვე არსებული მტრობა.

– მტრობით დანგრეულს სიყვარულით ავაშენებთო – მძიმე  ტვირთიც იკისრეს ახალგაზრდებმა. –დაელოდე, ეგებ ეს გატაცებაა და მოგვიანებით შეხვდები უფრო შესაფერისსო.–ცალცალკე მიიღო დარიგება გოგონამაც და ვაჟმაც.

–ჩვენ უკვე ვიპოვეთ ერთმანეთიო– იყო მათი პასუხი.

– მაინც უნდა მოიცადოთ, ოჯახის შესაქმნელად ჯერ პატარები ხართო.

–მეტი რაღა მოვითმინოთ, ჩვენ ბავშვები აღარა ვართო და გაიპარნენ.

უფროსებმაც რას ვერჩოდით ამოდენა სიყვარულსო და მალევე შეურიგდნენ.

ახალგაზრდებმა თაფლობისთვის გატარებაც ორიგინალურად გადაწყვიტეს , არც ესპანეთი, არც ეგვიპტე.. მთაში წავიდნენ, ერთერთი სოფლის განაპირას, მდინარის ნაპირთან , კარავი დადგეს და განმარტოვდნენ.

–დეა მაინცდამაინც ეს სოფელი რატომ აირჩიე?

–ჩვენი ოჯახი აქედან წავიდა დედაქალაქში. მაშინ მე შვიდი წლის ვიყავი.

–და რა გახსოვს მერე? საკმაოდ პატარა ყოფილხარ.

–ბევრი არაფერი, პატარა სახლი გვქონდა, ხის, გვერდით კი მეზობელი. ჩვენს სახლებს საერთო კედელი ჰქონდა. ის სახლი აღარც არის ალბათ. ვიცი სადაც იყო, მამამ მაჩვენა ის ადგილი, მივაგნებ მგონი.

– რა საინტერესო იქნება, იქ ხომ ჩემი დიდი სიყვარული დაიბადა და იზრდებოდა.

–სხვათაშორის ძალიან ცელქი ვიყავი, მე და ჯანომ საერთო კედელში საიდუმლო სარკმელი გამოვტეხეთ და სათამაშოებს იქიდან ვცვლიდით, მას რომ რძის დალევა არ უნდოდა სარკმელში მომაწვდიდა , მე გადავღვრიდი და ცარიელ ჭიქას მივაწოდებდი.

–ჯანო ვინ არის?

–ჯანო? ჯანიკო? გვერდით მცხოვრები , მეზობელი, ხომ გითხარი უკვე. სხვათა შორის, მაშინ ჯანო ამბობდა , რომ ვუყვარდი და ჩემს გარდა ცოლად არავის მოიყვანდა.

–რაო?

–ხო, ხო მე შვიდი წლის ვიყავი, ის კი ათის, მაგრამ ასე ამბობდა.

–ვეჭვიანობ! ვგიჟდები ეჭვიანობით.–ხელი მოხვია ვაჟმა ქალა.

–საბაბი არ აგქვს, მაშინ ბავშვები ვიყავით. მას მერე კი ჯანო თვალითაც არ მინახავს ჩემო მათე, არც ის ვიცი ისინი სად დასახლდნენ, არც გამხსენებია მას შემდეგ ჯანიკო, ან ახლა რამ მომაგონა?!

– ალბათ აქაურობამ, ჩემო სიცოცხლევ! კიდევ კარგი არ გამოჩნდა თორემ, ვინ იცის რა მოხდებოდა.

–მაინც ეჭვიანობ?– ქალმა ვაჟს მხარზე ალერსით დაადო თავი.

თმები ჩანჩქერივით ჩამოცვივდა ვაჟის მხარზე. მათე თმებს ეფერებოდა. უცებ ქალმა ზურგიდან დაჟინებული მზერა იგრძნო, ხანდახან ხომ ხდება ხოლმე, ვერ ხედავ ვერავის, მაგრამ მზერას გრძნობ.

მათე ისევ თმებს ეფერებოდა. დეა იქით მიბრუნდა, საიდანაც მზერა იგრძნო და ელდანაკრავივით წამოხტა.

–იქ ხეზე მგონი ვიღაც არის და აქეთ იყურება!

ვაჟი ხესთან მივიდა,.– მოგეჩვენა ძვირფასო, აქ არავინაა!

– მომეჩვენა? ნუთუ? არამგონია…–ბუტბუტებდა შეშინებული დეა.

–დამშვიდდი, არაფერია.

თითქოს დასჩემდაო,დეას  ყველგან ვიღაცის მზერა ელანდებოდა. ერთხელ კარავიდან გამოვიდა თუ არა, პირდაპირ ხესთან მუცელზე მდგომი გველი დაინახა. თითქოს მას ელოდაო, მათეს დაუძახა.

ეს რამდენჯერმე განმეორდა.დეა მათეს დაუძახებდა თუ არა გველი ქრებოდა. ბოლოს დეა ამას მიეჩვია.

–იცი რა დეა?ძალიან ბედნიერი ვარ! და კმაყოფილიც, აქ რომ ვატარებთ თაფლობის თვეს, მაგრამ ხანდახან რაღაც სხვანაირი შეგრძნება მაქვს.

–რაა? შენც? მაინც რას გრძნობ?

–თითქოს მე და შენ აქ მარტონი არ ვართ.. თითქოს ვიღაც მესამეცაა ჩვენთან ერთად. ,,გველი!”–გაიფიქრა დეამ.

–მათე, თუ გინდა დავბრუნდეთ სახლში.

–არა, რას ამბობ, მე მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა.

–მეც!

–ჰოდა დავრჩებით, შენ ახლა ჰამაკში დაიძინე , მე კი წყაროდან წყალს მოვიტან და სადილი მოვამზადოთ.

დეამ ძილს მისცა თავი.ჰამაკში მძინარს უცნაური შეგრძნება ქონდა, ყელთან სასიამოვნო სიგრილე იგრძნო, ამ სიგრილეს ხელითაც კი შეეხო თითქოს. და ხელისგულებზეც დარჩა მისი კვალი. ამის შემდეგ ქალს უფრო ღრმად და ტკბილად ჩაეძინა.

წყაროდან დაბრუნებული მათე, ჰამაკთან მოშორებით სასწაულ სურათს შეესწრო, შავი და ჭრელი გევლი ერთმანეთს ებრძოდა, ჭრელი გიურზა იყო და განსაკუთრებით აგრესიულობას იჩენდა. ჰამაკის მხარეს იწევდა, შავი გველი კი გზას უღობავდა. ისე იკლაკნებოდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს , დათმობას არცერთი არ აპირებდა. მათე დაინტერესდა, ნეტა რომელი გაიმარჯვებსო. ბოლოს გველები დაწყნარდნენ და ბალახზე გაუნძრევლად ეყარნენ. ნუთუ ერთმანეთი დახოცეს–გაიფიქრა მათემ, მაგრამ მისვლას ვერ ბედავდა. შავი გველი მუცელზე დადგა და მათეს დააცქერდა. ვაჟს შიშის ჟრუანტელმა დაუარა. გველმა რამდენიმე წამით უცქირა ვაჟს და ბუჩქებში გასრიალდა. მათეს გულზე მოეშვა, ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა და ღრმად ამოისუნთქა.

გიურზა მკვდარი იყო. მათემ შორს გადააგდო, რომ დეა არ შეშინებულიყო. მათე გრძნობდა, რომ შავ გველს მის მიმართ არანაირი აგრესია არ ჰქონდა._მათე , მათე!–ვაჟის სმენას დეას ხმა მისწვდა. ახალგაღვიძებულ დეას ჰამაკიდან ლამაზი თავი წამოეწია და ეძახდა.

–გაიღვიძე ძვირფასო? მეც მოვედი წყაროდან

–იცი რა კარგად მეძინა?

–მოდი , დღეს თქვენი ნასახლარი მოვნახოთ.

–კარგი.

მზე ჯერ კიდევ მთის წვერებს ეფერებოდა და ქვეყანას უხვად ჰფენდა სხივებს. სოფლის შარას ქალი და ვაჟი მიუყვებოდა.

–აი, ერთი მოსახვევიც და იმ ფერდობზე იქნება… თუკი რამე დარჩა…

ხელით აჩვენებდა დეა ვაჟს , თუ საით უნდა წასულივნენ. თეთრი კაბით შემოსილი ფერიას ჰგავდა. შავი თმები წელამდე წვდებოდა. ვაჟი ვერ ითმენდა მის სიყვარულს და ხშირად გადაუსვამდა ალერსით ხელს ამ თმებს. ეს გულზე მალამოდ ეცხებოდა და სიამაყით ავსებდა.

–აი ჩვენი ძველი სამყოფელი..თითქმის აღარაფერია დაჩენილი. – ნასახლარი საცოდავი სანახავი იყო. კედლებჩამოქცეული, იატაკჩაქცეული.. – ახლა მე შენ გაჩვენებ იმ ადგილს, სადაც საიდუმლო სარკმელი გვქონდა მე და ჯანოს–წამოიძახა დეამ და სკუპ–სკუპით გაიქცა დარჩენილ მსხვილ მორებზე.

_ ფრთხილად, არ დაშავდე!–მიადევნა მათემ.

_ აი , ზუსტად ამ ადგილას, აჩნია კიდეც, აი ეს ერთი კედელი ჩვენი სარკმლის ნარჩენია, ამოდი შენც! – ჩიტივით ჟღურტულებდა დეა.

ამ დროს მის წინ ნელი ნარნარით წამოიმართა შავი გველი. დეა მონუსხულივით გაშეშდა. მათე შესცქეროდა და რატომღაც სიმშვიდეს ინარჩუნებდა , მან გველი იცნო და დარწმუნებული იყო, დეას არაფერს დაუშავებდა. პირიქით, სურათის დიდებულებით მოიხიბლა.. შავი გველი, თეთრი გულით… და თეთრი კაბით შემოსილი ქალი,  წელამდე დაფენილი შავი თმებით! ისინი თითქოს ერთმანეთს ჰგვანდნენ კიდეც…

–არა, მათ შორის ნამდვილად რაღაც კავშირია!–დაასკვნა ვაჟმა –მაგრამ რა?

გველი და ქალი ერთმანეთის თვალებში იძირებოდნენ. უცებ ვაჭი გამოერკვა.

–დეა! არ შეშინდე, მოვდივარ!

მანაც გადაირბინა კედლის ნარჩენებზე და ქალს წელზე მოხვია ხელი. ქალი,  რაკი დასაყრდენი იგრძნო, ძალაგამოლეული ჩაესვენა მის ხელებში.

–არ მოკლა–წამოიჩურჩულა ქალმა.

–ნუ გეშინია დეა, უკვე წავიდა. მოკვლის სურვილიც რომ მქონოდა ვერ მოვასწრებდი!

–მათე, დღესვე უნდა წავიდეთ აქედან!

–კარგი, წავიდეთ. ოღონდ დამშვიდდი.

სოფლის ავტობუსში ფანჯარასთან მიმჯდარი დეა მომხდარზე ფიქრობდა. ,,ის თვალები… გველური თვალები არ იყო. ადამიანური იყო და თითქოს რაღაცის თმა უნდოდა. მაგრამ რის? ვერ ვხვდები, ან როგორ შეიძლება გავიგო, რისი თქმა უნდოდა გველს? მე ხომ ორგანულად ვერ ვიტან გველებს… ”

დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლის შემდეგ ავტობუსში ჩოჩქოლი ატყდა. მძღოლმა მანქანა გააჩერა, ზოგიერთები ჩამოვიდნენ, დეა ყურადღებას არ აქცევდა, არც აინტერესებდა რა ხდებოდა იქ. უცებ მის სმენას ჩასწვდა სიტყვები:

–აქ საიდან გაჩნდა?

–ცოცხალია!

–რა სიგრძისაა ნახე? ფრთხილად, არ დაგგესლოს!

–ქვა აიღე და თავი გაუჩეჩქე.

დეა ელდანაკრავივით წამოვარდა  და ავტობუსიდან ჩახტა. მანქნის წინ შავი გველი იწვა და არ იძვროდა.

–არ მოკლათ! –განწირულივით იკივლა დეამ. ყველა მას მიაშტერდა. დეა გველთან ჩაიმუხლა.

–წადი რა, წადი!თორემ მოგკლავენ! არ ვიცი რატომ ,მაგრამ არ მინდა შენს სიკვდილს ვუყურო.–გველმა ისევ ჩახედა ქალს თვალებში და ქალს ისევ მოეჩვენა , რომ ეს არ იყო გველური თვალები. ისევ უყურეს ერთმანეთს ქალმა და გველმა რამდენიმე წამით და გასრიალდა ქვეწარმავალი….

გაოგნებული ხალხი დეას ჯადოქარივით შესცქეროდა.

ავტობუსის ფანჯრიდან დეა ჯეჯილით აბიბინებულ ბალახს ხედავდა და ამ ბალახის მოძრაობით ხვდებოდა, რომ გველი ავტობუსს მოსდევდა, ბალახი ზუსტად იმეორებდა მის მოძრაობას.

სოფლის ბოლოს, წყაროსთან ავტობუსი რამდენიმე წუთით შეჩერდა , დეამ წყაროს თავზე დაინახა მისი გამცილებელი და თვალებით დაემშვიდობა. გველმაც იგივე გაიმეორა თითქოს, შემდეგ კი ქვაზე ორჯერ გამეტებით დასცხო თავი. დეამ აშკარად დაინახა მისგან ამომავალი მოცისფრო ჰაერი, გველის სული….

ახალშეუღლებულებს ყველა სიხარულით შეხვდა. ისევ გაიშალა სუფრა. მოყვრებმა ერთმანეთს გადასძახეს და საქეიფოდ დასხდნენ. ნეფე–პატარძალი ადღეგრძელეს, ბევრი რამ უსურვეს, დიდი ბედნიერება, დიდი სიყვარული, ბევრი შვილი და ბევრი ფული. ყველაფერი დიდი და ბევრი, ჩვეულებრივ, როგორც ქართველებმა სადღეგრძელოებში  ვიცით ხოლმე. დედამ დეა ძლივს დაიმარტოხელა. დედა მონატრებულ შვილს მოეფერა.

–დედა, ჯანო სად არის?

–რომელი ჯანო შვილო?

–აი ის, ჩვენს ერთად რომ ცხოვრობდა სოფლად, სარკმელი რომ გამოვტეხეთ… არც ისინი ცხოვრობენ იქ…

დედამ ნაღვლიანი თვალებით შეხედა შვილს.

–რა იყო, მოხდა რამე?–ეჭვიანად შეეკითხა დეა დედას.

–ვერ ეგუბნებოდით შვილო,არ გვინდოდა გული გტკენოდა, ვფიქრობდით, რომ თუ ვეღარ ნახავდი სამუდამოდ დაგავიწყდებოდა.

–რა მოხდა დედა?

–ჩვენ რომ წამოვედით ისინიც აპირებდნენ გადმოსვლას, მაგრამ…– დედას უჭირდა საუბრის გაგრძელება.

–რა მაგრამ დედა? ჩქარა მითხარი!

– ისინი აღარ გადმოსულან. ჯანოს დედ–მამა ჯავრმა მოკლა. შვილის ჯავრმა…

–რა მოუვიდა ჯანოს?

–ჩვენი წამოსვლიდან სამ თვეში ჯანო მდინარეში დაიხრჩო შვილო….– დედა კიდევ ამბობდა რაღაცას, მაგრამ დეას აღარ გაუგონია. გაოგნებული წავიდა საძინებლისკენ, საწოლზე მოიკუნტა და თვალები მილულა. წყვილი ცრემლი გადმოუგორდა ლოყებზე…

–ჯანო თუ შეგიძლია მაპატიე….

–რა უნდა გაპატიო ძვირფასო, დაიღალე და ჩაგეძინა, რა მოხდა მერე?_ გამოეპასუხა ქალს მათე.

Read Full Post »