Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘პომადა’

ჩემი ბებია სასწაული ქალი იყო. მის ყველა თვისებას წინ ეპითეტად უსაზღვრო უნდა დავურთოთ.

ქალი – უსაზღვროდ ერთგული და თბილი, უსაზღვროდ მოსიყვარულე და მიმტევებელი, უსაზღვროდ ბედნიერი და ამავე დროს უბედურიც.

გულიკო დიასამიძე – ერთიანად, დამამშვიდებლად თაფლისფერი ქალი.

– ბებო, ასეთი ლამაზი ქალი როგორ მიგატოვა ბაბუამ?
– ეხ, შვილო, კი არ მიმატია, ადგა და წევიდა. ბოლოს ხომ მაინც დაბრუნდა.
– კი, ბოლოს დაბრუნდა ბაბუა და ბებოც დახვდა მას თავისებური, უწყინარი საყვედურით. მისმა სუსტმა მხრებმა ატარა იმდროინდელი აჭარელი ქალის მართლაც არაჩვეულებრივად მძიმე ხვედრი.
– ჩემს რაიონში პირველმა მე გადავაგდე ჩადრი. ვისაც ვუნდოდი, ყველამ ზურგი მაქცია, მაგას ოჯახში აღარ შევყვანთო. შუქრიმ რაფერ წამომიყვანა, არ ვიცი.
– ახალ ოჯახში პატარძალს ერთი მეტად ორიგინალური და მაშინდელი პერიოდისთვის ავანგარდული ჩასაცმელი მიჰყვა:
– ერთი კოფთა მქონდა, იდაყვს ქვევით ქონდა მკლავები და შავი იუბკა წვივებს მიფარავდა. კი წამოვღე სახლიდან, მარა, ვინ ჩაგაცვა?! ყოველ საღამოს, დაწოლის წინ, შუქრი მეტყოდა, ერთი შენი მოტანილები ჩაიცვი და დემენახვეო. არც შემეზარებოდა, ჩევცვამდი, გევიარდი – გამოვიარდი ჩემი კაცის წინ. ყოველ საღამოს ერთს გამოვპრანჭებოდი. შუქრისაც ძალიან მოწონდა, მარა ვერ მაცვამდა, დრო იყო იმფერი.
ეხ, ჩემო ბებო, ბაბუას თამამი ქალები მოსწონდა, მაგრამ მის თამამ ცოლს ვერ გეპატრონა, ვერ მოგკიდა ხელი, მის მიერ მოწონებული სამოსით შემოსილს, ვერ ჩამოგატარა ნათესავებთან – ნახეთ რა ლამაზი ცოლი მყავსო – ვერ აღიარა… ”გათხვებული ქალის საქმე სხვააო”- ასე იმართლა თავი შენს წინაშე და ჩაბმულხარ შენც ცხოვრების ფერხულში.
ცხოვრების წესს კი თვითონ ცხოვრება გვკარნახობს. ჩემი ბებიასა და ბაბუის ახალგაზრდობის პერიოდი ისტორიულ მოვლენას, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებას დაემთხვა. მაშინდელი აჭარელისთვის მუსლიმანობა და მისი წესები ხელშეუხებელი იყო. ამ დროს გაჩნდა ქართული ცნობიერებისათვის მანამდე მიუღებელი ცნება – ქართველი მაჰმადიანი, მაგრამ დროთა მეფობას ყველა აღიარებდა. მართალია ამ კუთხის ქალებმა ფეხით გადათელეს ოსმალური ჩადრები, მაგრამ მათი ჩაცმულობა მაინც მეტად შეზღუდული იყო. ასეთი შეფუთული ქალების გვერდით ფერადი თუთიყუშებივით მიმზიდველები ჩანდნენ სიცოცხლის მოყვარული, უკომპლექსო და თავისუფლად ჩაცმული რუსი ეროვნების ქალები. ბაბუაჩემის ასაკის ახალგაზრდისავის მე კი მეტად პრესტიჟულად და თითქმის ცხოვრების ნორმად იქცა ოჯახში შეფუთულ – შეხვეული მეუღლე და ოჯახის იქით რუსი ეროვნების საყვარელი.

და აიღო ხელი ოჯახზე ოთხი შვილისა და ულამაზესი ცოლის პატრონმა კაცმა. თან წაიღო ოჯახში შეკოწიწებული გადანახული მონაგარი და გაჰყვა სატრფოს რუსეთში. გუყლდაწყვეტილმა ცოლმა მხოლოდ სევდიანი გამოხედვით გააცილა. მის გამოხედვაში ერთადერთი შეკითხვა – რატომ? – იკვეთებოდა.

დარჩა დედის ფრთებს ქვეშ ოთხი ანგელოზი, რომელთაც მხოლოდ დედის იმედი ჰქონდათ. დედას კი… თავი დაეხარა, თვალებში ლოდინი ჩადგომოდა. ელოდა ბავშვების დაფრთიანებას და კიდევ… შვილებთან ერთად რუსული წერა-კითხვა ისწავლა. ეს თავისებური პროტესტი იყო, მასზე მიყენებული შეურაცხოფის წინააღმდეგ გამოხატული.
გაჭირვებას არ იმჩნევდა, სტუმარს ცალკე დასვამდა, არაფერს მიაკლებდა.

– შვილებო, თქვენ საჭმელი რომ გაგითავდებათ, ცარიელ ჯამებში მაინც ჭამეთ, სტუმარმა უხერხულობა რომ არ იგრძნოს და ის რომ წავა, მერე კიდევ გაჭმევთ. – ასე აფრთხილებდა ბავშვებს.

ისინიც უფრთხილდებოდნენ დედას და თვალებში შესციცინებდნენ:

– დე, მამა როდის მოვა?
– რა ვიცი, შვილო, მოვა!

ერთ წვიმიან ღამეს ის მართლაც მოვიდა, მგლის სახე ჰქონდა უკვე.

– უნდა დამმალო, გულიკო, მომსდევენ…

ბებიამ შეჰკივლა.

ადამიანის ცოდვაც დეიდევი?! შენი საშველი აღარაა. კი მარა ხომ გიყვარდა, ქალი რაფერ მოკალ, კაცი ყოფილიყო მაინც!

რვა წელი ემალა ბაბუა მართლმსაჯულებას, ბოლოს მაინც ჩაავლეს და ათი წელიც მიუსაჯეს.

ბებია იშვიათად წერდა წერილებს. შვილებსა და შვილიშვილებს კი გვაიძულებდა ხშირად მიგვეწერა.

თვითონ გვკარნახობდა და ჩვენი წერილებით არწმუნებდა ბაბუას, რომ ყველას გვენატრებოდა, გვიყვარდა და ველოდებოდით.

ციხიდან დაბრუნებული ბაბუა ჩვენ ვერც კი ვიცანით.

– ამ დღისთვის რამდენი რამ მქონდა სათქმელად მომზადებული, მაგრამ ახლა რაღა ვუთხრა ამ მოთავებულ კაცსო – თქვა ბებიამ და სკამი მიუჩოჩა.
– ეს რა ახალგაზრდობა მოსულა, როგორ დადიან ჩემი შვილიშვილები – შეშფოთდა მოხუცი კაცი – გოგონებმა კაბები დაიგრძელონ! – გასცა განკარგულება.
– დაწყნარდი, შუქრი! – მიმართა ბებომ – რომ ვთხოვო, დამიჯერებენ, მარა არ ვთხოვ. ძალიან მომწონს ჩემი ბაღნები. იარონ მოკლე კაბებით. ახლა ასეა მოდაში, ვისზე ნაკლები არიან ნეტა!
– ბებო, შენ ცოტა ადრე დაიბადე – ვუთხარი ერთხელ.
– რატომ ამბობ მაგას?
– შენ ახლა უნდა ყოფილიყავი ახალგაზრდა და გეხარა სწავლით და ჩაცმით.
– კი, კი, მართალს ამბობ. წერა-კითხვა ქართულადაც ვიცი, თურქულადაც და რუსულადაც, მარა ეს არ კმარა. ახლა თქვენ რომ გხედავთ, ასეთებს, ეს მიხარია.
– ბებო, ძალიან მიყვარხარ.
– რომ გიყვარდე, დედას დამიძახებდი, მაგრამ არაფერია, წინა დღეს უარესი ვნახე. ერთ ბებიას პატარა შვილიშვილი ბეკეკასავით დასდევდა და ბეე… ბეს… ეძახდა. ბებო დამიძახეთ, მარა ბე არ გამაგონოთ.

ასეთი საუბრის დროს ხშირად შემიმჩნევია როგორი დასაწყლებული თვალით გვიყურებდა ბაბუა. აშკარად გრძნობდა, რომ ბებო უფრო გვიყვარდა.

ბებომ სიბერეში გადაკრული ნათქვამებით მთლად გამოუყვანა წირვა მეუღლეს.

– შუქრი! დღეს სტუმრად რომ ვიყავ, მე და ერთი კაცი ლიფტში გევიჭედეთ. ორი საათი ვერ მოგვიხერხეს იქედან გამოყვანა.

ბაბუა სერიოზულად იბოღმებოდა, ბებო კი თვალს გვიკრავდა.

– თუ მაგარი იყავ, ადრე დეგეცავი, რუსეთში რომ დარბოდი – ნიშნის მოგებით გადახედავდა ეჭვით გასივებულ მეუღლეს.

ერთ დღესაც გახარებული მივვარდი ბებოს.

– დიდედა, იცი, როგორ უნდა გაგახარო?!
– შენ უკვე გამახარე!
– აი, ეს წიგნი უნდა გაჩუქო. ნახე, ემენ დავითაძე ”სოფლის აღმაშენებელი”. ხედავ აქ ვისი სურათია?!

ბებო წიგნს დააცქერდა, ხელი დასტაცა, გულში ჩაეხუტა, გაირინდა, მერე კი ისევფ შორიდან შეხედა.

– ბაბი… ეს ყაბალახი მე გიყიდე. გახარებულმა იმ დღესვე სურათი გედეიღე. ამ სურათში შენ სამოცი წლისაც არ ხარ. ახლა მე შენზე დიდი ვარ ბაბი… რაფერ მენატრები! ნენეს სურათი არც დამჩა. კიდევ კაი შენი სურათი არ დაკარგულა არხივში. ეს რა გამახარე დღეს შენი ნახვით. კაი კაცი რომ იყავ, იმიტომ ჩაგხატეს წიგნში. შენი ბადიშის ბაღანამაც გიცნო და მოგიყვანა შენ შვილთან, ხედავ?!

ოთახიდან გავედი, არ მინდოდა მამა – შვილის შეხვედრისათვის ხელი შემეშალა.
მთელი ცხოვრების მანძილზე ბებო საკუთარი ადგილი ჰქონდა და ის არ დაუკარგავს. რომ აღარ შეეძლო, ერთი ციდა ბოსტანი გაიკეთა და მწვანილს თესავდა. მას პატარა მძივებით მოქარგული ჩანთა ჰქონდა, რომელშიც ყოველთვის იდო სუნამო, ფითქინა ცხვირსახოცი და პომადა, რომელიც არასოდეს გამოუყენებია. ცხოვრებაში ამ ქალს რა არ გადაუტანია, თუნდაც მხოლოდ ბაბუასაგან, მაგრამ საყვედურია დასცდენია და როცა ბაბუამ ხელი წამოავლო მის პომადას – რაღა დროს შენი პომადააო – და ფანჯარაში ისროლა, აი, მაშინ კი აფეთქდა ჩემი ბებია.

– როდის იყო ჩემი დრო, ერთი ეს მითხარი!

ბაბუამ თვითონვე მოიტანა გადაგდებული პომადა და ჩანთაში ჩადო.

ბებოს ძალიან უყვარდა შვილიშვილებთან შეყვარებულებზე საუბარი. სხვადასხვა ასაკის ქალიშვილს ის სხვადასხვაგვარად არიგებდა. თხუთმეტი წლის გოგონას ასე ეუბნებოდა:

– ქუჩაში არავის შეხედო. თუ რამეს დაგიძახებენ ან შემოგთავაზებენ, ისე შეუბღვირე, მეორედ ვერაფერი გაგიბედოს.

თვრამმეტიდან ოც წლამდე ქალიშვილს სხვაგვარი დარიგება ელოდა:

– შვილო, მომისმინე, უკვე დროა, აირჩიე ვინმე. ბაღში რომ შედიხარ, გაშლილ ვარდებს კრეფ თუ კოკრებს? ასეა ყველა. არჩევანი გააკეთე, მაგრამ არ შეცდე, ისეთი ვინმე არ აირჩიო, თაიგულის მორთმევა მაინც ვერ მოიფიქროს.

ოც წელს გადაშორებული გოგონა ბებიასათვის უკვე შინაბერა იყო და სერიოზულ პრობლემად მიაჩნდა მისი გათხოვება.

– შვილო, გაიგე, დღეს სხვანაირი დროა. ერთ ნაბიჯს რომ გადმოდგამს შენსკენ ბიჭი, შენ ორი უნდა გადადგა მისკენ, აბა რაფერ?! ბევრს კი არ შეგეხვეწებიან?!
– ჩემო ბებო, თუკი ვინმე ფეხს გადმოდგამს ჩემსკენ, ისე შევუბღვერ, ახლოს ვეღარ მეკარება – ახსენებს შვილიშვილი ხუთი წლის წინანდელ დარიგებას.
– ვაიმე, შვილო, სულ კი არ უნდა უბღვირო, გაუცინე, კულტურულად ელაპარაკე და შეგიყვარდება.
– ეჰ, ბებო, მე უკვე გაშლილი ვარდი ვარ, ყველას კოკრები უნდა.
– გული არ გეიტეხო, შვილო. დაჭკვიანებულ და სერიოზულ გოგოს რა სჯობს. ახლა ყველაფერი უფრო ადვილია. ადრე ყველაფერი უკვირდათ.
– ეე, ბებო, ახლა სხვაგვარი პრობლემებია, სხვაგვარი.
– მაგით მე ვერ გამაკვირვებ. ახლანდელი ახალგაზრდები საყვედურს რომ იტყვით, მიკვირს. ჩემმა ბაბამ სამივე ბიჭი, ჩემი ძმები სკოლაში მიიყვანა, მე კი დამტია, მარა მაინც ვისწავლე მათგან წერა-კითხვა ქართულადაც და თურქულადაც. ჩემიუ შვილებიდან კი -რუსულად. თქვენ კი წინა დღეს პროგრამა ვერ ვთქვი გამართულად და გაგეცინათ. ასეთ სიტყვებს მე ახლა ვსწავლობ.

სიმართლეს ამბობდა ბებო. წიგნი მართლაც იყო მისი ინტერესის მთავარი საგანი. ჩამოჯდებოდა, ხმამაღლა იკითხეო გთხოვდა და გისმენდა. მახსოვს ”შუშანიკის წამებას” ვკითხულობდი, რომ შევატყვე დიდი ინტერესით მისმენდა, ისტორიული პერიოდიზაციაც კი დავარღვიე და მეტი ეფექტისათვის ისე წავიკითხე, თითქოს შუშანიკმა მუსლიმანობისათვის გასწირა თავი. თან შიშით თვალები კარებისკენ გამირბოდა, ჩემს დას რომ გაეგონა, სასაცილოდ ამიგდებდა. ბებოს კი ჩემთვის მოულოდნელი რეაქცია ჰქონდა.

– მე მეგონა წიგნებში ყოველთვის ჭკვიანურ ამბებს წერდნენ. დედოფალმა ქალმა არ იცოდა, რომ ჩვენ თავიდან ქრისტიანები ვიყავით?! მაგისთვის თავი რატომ მოიკლა. ოთხი ბაღანა იმ გადარეულს რაფერ დუუტია. არა! დღეს ვერ წამიკითხე კაი ამბავი.
იძულებული გავხდი მეღიარებინა რაც გავაკეთე. ისე ეწყინა, სირცხვილით სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. თვალებს ვერ ვუსწორებდი, როცა მისგან დამსახურებულ საყვედურს ვისმენდი..
– ვერ ვხვდები, შენ მე ვინ გგონივარ. შენ იცი მამაჩემი რაფერი კაცი იყო? რუს ჯარსაც არ შეშინებია და მუჰაჯირად არ წასულა. ბევრი დიდი კაციც კი ერიდებოდა მასთან საქმის წახდენას. მე კი მისმა გოგომ, სახლში უჩადროდ მივედი. სხვებსაც კი უნდოდათ ამის გაკეთება, მაგრამ ვერ გაბედეს.
– ხომ არ დაგსაჯა მამამ?
– დამსაჯა? ამფერი ლამაზი თუ მყავდი, არც ვიცოდიო. რას მეტყოდა, მისი შვილი მას ვემსგავსებოდი, გავბედავდი, აბა რას ვიზამდი. ნენეს ჭადი ოთხად გაჭრილი რომ არ დახვედროდა, საქონელს აჭმევდა. ეს ძველი დროიდან მოდიოდა და ჯვარს ნიშნავდა. ეს დღეს ყველამ იცით და გგონიათ მე არ ვიცი?! შენ კი დღეს…
– მაპატიე, ბებო, შენ ხომ თურქული ლოცვები იცი.
– ქართული ლოცვა ვინ მასწავლა. სულ უღმერთოთ კი არ მინდოდა დარჩენა. დღეს ხომ სკოლაში გასწავლიან ღმერთი არ უნდა გწამდეთო, იცოდე, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. იცოდე ღმერთიც არის და ის ქვეყანაც. აბა დოდოფალი ქალი თავს ტყვილად შეაკლავდა?! მარა შენ ჩემთვის ეს
– მაპატიე, ბებო! – სიტყვა არ დავამთავრებინე. მართლაც მაპატიე, ბებო, ყველაფერი და განსაკუთრებით ის, რომ შენი მდიდარი ფოლკლორი ვერ ჩავწერე. მაინც რამდენი ლექსი იცოდი.

მახსოვს ფანჯარასთან მჯდარი ღიღინებდი:

”მარიობას დაგინახე, მიგიგავდა მას თვალები,
მასსავით ლამაზი იყავ, დიმიბნელე მეც თვალები.”

– ბებო, მარიობას დაგინახე რას ნიშნავს?
– აგვისტოს ბოლოს მარიობაია, დეილოცოს მისი დედობა, მერე უკვე შემოდგომაშიც შევდივართ.

შემინდე, დედაო ღვთისავ, მაგრამ ბებოს პასუხი გამიკვირდა, არ მეგონდა თუ გიცნობდა. მაშ?! თუმცა ყოველივე უფლის ნებაა და კაცთა გამოცდისათვის ალბათ ესეც საჭირო იყო.
ყველა განსაცდელთან ერთად, ბებოს ავადმყოფი მეუღლის მოვლაც საკმაოდ დიდხანს მოუწია. ის თავზე ადგა მეუღლეს, არაფერს აკლებდა.

– დედა, რა ამბავია, ამდენი მას არ უზრუნია ჩვენზე. – გადაჰკრა ერთ-ერთმა ქალიშვილმა.
– ახლა ანგარიშების გასწორების დრო არაა, კაცი ავადაა. ესეც რომ არ იყოს, მამაშენზე საყვედურის თქმის უფლება მე მაქვს და არა შენ. – ქალიშვილს ხმა აღარ ამოუღია. გონებაში კი წარსულის სურათი ამოუტივტივდა.

ბაბუას ერთხელ ოჯახში რუსეთიდან ჩვეულებრივი ნათურები გამოუგზავნია, რაც მაშინ დეფიციტური ყოფილა. როცა შუქი აუნთიათ, ბებიას შვილებისათვის უთქვამს:

– ხომ ხედავთ, მამათქვენმა რუსეთიდან აქ ოჯახი გაგინათათო.

ამის შემდეგ გაბედე და გაულანძღე ამ ქალს მეუღლე, როგორიც არ უნდა იყოს ის.

– ბებო, დღესაც ლამაზი ქალი ხარ, მთელი ცხოვრება ქმრიანი ქვრივი იყავი და…
გამომცდელად გადმომხედა.
– ჩვენი კუთხის ქალი ოჯახს არ დაანგრევდა, შვილო. ეს ყველაზე დიდ ღირსებად ითვლებოდა მაშინ.
– ერთ ძველ თქმულებას გეტყვი, და შენ მიხვდები ყველაფერს. ცოლ-ქმარმა სერიოზულად იჩხუბა. ქმარმა უთხრა – ახლა მე დევიძინებ და გაღვიძებულს სახლში აღარ დამხვდეო, თანაც ამ ოჯახში რაც კი ძვირფასად მიგაჩნია, შენი იყოს, წეიღე, ოღონდ შენ აღარ დამენახვოო. იღვიძებს კაცი, მიმოიხედავს, რომ სიდედრ-სიმამრის ოჯახშია. რაშია საქმე? მე აქ რატომ ვარო? – მოკითხა ცოლს. მან კი უპასუხა: – შენ ხომ ნება მომეცი იმ სახლში რაც ყველაზე ძვირფასია თან წაიღეო, მეც შენ წამოგიღეო. ასე შეინარჩუნა ქალმა ოჯახი. ეს რა თქმა უნდა ზღაპარია, მძჳნარე კაცს ზურგით ხომ ვერ გედეიტანდა, ან იმ კაცს იმფერი რა ძილქუში დააწვებოდა ვერაფერს მიმხვდარიყო, მარა აქ იმ ქალის მოხერხებულობაზე და გამტანობაზეა ლაპარაკი. ახლა კაცი ქალს მეოცე კაბას თუ არ უყიდის, შეიძლება ოჯახი დეიშალოს. განა ზოგ კაცს ეკუთვნის, მარა ბავშვებია ცოდვა.
– ბებო, შენ ზოგად პასუხს მცემ, პირადად შენზე მელაპარაკე.
– ყველაფერი ამ ქვეყანაზე ღმერთიდანაა, შვილო. ჩემი ბედი ასე ყოფილა. ერთმა რომ არ გაამართლა, ძიებას ხომ არ დევწყებდი. ბედი მქონოდა, ის იქნებოდა კაი. სამაგიეროდ ჩემს შვილებს ვერავინ ეტყვის ცუდი დედა გყავდათო. მამის საქმე სხვაა, ის კაცია. რუსეთში რომაა, იმფერი თავისუფალი ცხოვრება, აქაც რომ ყოფილიყო, არც შუქრი წევდოდა სადმე. სხვანაირად შეოხედვას კი, შენ თუ არ გინდა, ვერავინ გაგიბედავს, მაგრამ ხანდახან სხვისი კი არა, შენი თავის უნდა გეშინოდეს უფრო. რამენაირად ჭკუას უნდა მოსძახო, უნდა დაფიქრდე მომავლისთვის რა აჯობებს.
– დიახ… დიახ… მართალი ხარ, ჩემო კეთილო ბებო. მართლაც ძნელი არ აჰყვე ცხოვრებისეულ ცდუნებებს, მერე როგორ აკინძულია მარგალიტის მძივივით?! ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და შემდეგ უკვე შეჩერებაც ძნელია და ათვლაც. შენ კი რა ძალამ შეგაძლებინა ყოველივეს მოთმენა და ატანა?
– შვილების სიყვარულმა შემაძლებინა. ჩემი ზურაბი ყველა ცდუნებას დაგავიწყებდა ისეთი იყო. გოგონებიც კარგები მყავდა. ყველას ოჯახები აქვთ, შვილები ჰყავთ. ადრე თუ მიჭირდა და ბედნიერებას ვერ ვგრძნობდი, დღეს ბედნიერი ვარ, თქვენ მყავხართ.
– და ჩვენ შენ გვყავხარ, ასეთი კარგი და თანამედროვე ბებო.

მართლაც არაჩვეულებრივი ბებო გვყავდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს აქვს დასასრული… ძალიან დიდხანს ბებოს ლამაზი სურათი კედლიდან გვიღიმოდა და გვეფერებოდა. ის ჩვენს ტკბილ ბავშვობას გვაგონებდა. მისი თეთრი მსუბუქი ლეჩაქით, მისი უმცირესი მძივებით, მოქარგული ჩანთით, რომელშიც ყოველთვის ეწყო სუნამო, ფითქინა ცხვირსახოცი და პომადა, რომელიც მას არასოდეს გამოუყენებია.

P.S.

როცა ჩანაწერის გაკეთება დავასრულე, საოცრად მომინდა ბებოს ახლანდელ სამყოფელთან მივსულიყავი და მისთვის წამეკითხა.

გზად ჩვენებთან შევიარე. იქ ახლა ბებოს შვილიშვილის შვილი სახლობს, მისი ახალშერთული მეუღლით. ბებოს ოთახი აღარსადაა.

პატარძალი დატრიალდა. ბებოს მოეწონებოდა ასეთი გოგო – გავიფიქრე. რომ გაიგო, სასაფლაოზე მივდიოდი, თვითონაც გამომყვა.

გზად მიმავალმა ნაგავსაყრელთან სურათი შევნიშნე: ნაგავი გადავქექე და ჩემი ბებოს გაფუჭებული სურათი შემრჩა ხელთ. პატარძალი უხერხულად შეიშმუშნა.

– მე არ ვიცი ვისი სურათია, თანაც უკვე გაფუჭებული იყო.
– არა, გენაცვალე, შენ არაფერი დაგიშავებია. ეს თვითონ ცხოვრებაა ასეთი ულმობელი. გთხოვ, ეს ყველაფერი ახლავე დაწვი, სასაფლაოზე კი მარტო წავალ.

ბებოს წავუკითხე ჩემი მოთხრობა. იქ გამეფებულ სიჩუმეს ვესაუბრე. მერე ვეამბორე ბებოს სხეულზე დაყრილ მიწას, მის გულლზე ამოსულ იას მოვეფერე და ცრემლით ბოდიშიც მოვუხადე. საწუთროს ამოებით გულდამძიმებული წამოსვლას ვაპირებდი, რომ უცებ ვიგრძნეი თითქოს ჰაერის ნაკადმა შემკრა და შემაჩერა. მე მას მტელი სხეულით ვგრძნობდი. უცებ ამ ნაკადმა თმებიდან ფეხის ფრჩხილებამდე გამათბო, თითქოს გულში ჩამიკრა. მთლად საოცარი კი ის იყო, რომ ჩემს ირგვლივ ჰაერში ბებოს სუნამოსა და პომადის ნაზი სურნელი ტრიალებდა.

Read Full Post »