… და თენდებოდა გიორგობა საქართველოში. ნათდებოდა და თეთრდებოდა ძაძებს შეჩვეული ქვეყანა ჩემი…
თეთრი ცხენი…
განგმირული გველვეშაპი…
ნათელმოსილი ჭაბუკი…
”ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამძღოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის..”
ისმინა უფალმა ვედრება გიორგისა და ქართველი ხალხისა.
ისედაც ყვავილების ქვეყანა მთლად ვარდებით გაივსო, ხალხი კი – იმედებით.
სწამდათ და ეიმედებოდათ…
მცირე ნაწილი თანამედროვეობდა, ზოგნი კი ჩვეულებისამებრ მედროვეობდნენ ხოლმე.
მეფემ გელათის წმინდა მონასტერში დავითის საფლავზე დაიფიცა…
მაინც არ ირწმუნა ზოგიერთმა. ფიცის გვწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებსო. თუმცა ბოლო ჯერ კიდევ შორს იყო, მაგრამ ისინი მაინც ჭვრეტდნენ, მსჯელობდნენ, ასკვნიდნენ და არ მორჩილებდნენ.
გადამწვარი ხიდი!
კიდევ ერთხელ ხელოვნური ამერ-იმერი.
ნაპირს აქეთ ქართველნი…
ვაი, რომ ნაპირს იქეთაც ქართველნი.
ერთმანეთს მისისიებულნი.
_ ნუთუ მეორდება? – გმინავს ბაზალეთი.
ტბის ძირას ოქროს აკვანში ჩვილი საშველად გვიხმობს.
ჰაერი კი სისხლის სუნით დამძიმებულა.
მოლოდინი…
უპირველეს სვავნი…
ნაომარის დათრევას მოწადინებულნი
მეფის მომხრენნი…
უფლის შეწევნით ნაკუწებად ქცეული საქართველოს გამაერთიანებელნი.
ფეოდალის მომხრენი…
არც თუ მცირენი, დამცველნი საკუთარი ქონებისა და ნაპარავ-ნაგლეჯისა.
ორად გახლეჩილი, მაგრამ ერთგული ხალხი.
ერთგულნი…მეფისაც და ფეოდალისაც.
ერთგულება თავისებური და, მეტად განსაკუთრებული სტრუქტურის სიტყვაა. მას თან ერთვის განსაზღვრება.
ერთი გული…ერთი მთლიანი, არა ნაწილი, არც ნახევარი, არც მონური და ქვეშევრდომული. ერთგულება უბრალოდ ერთგულებაა… აქ ხომ ყველაფერი ნათელია, მაგრამ ის შეიძლება იყოს ბრმა, რადგან გულს თვალები არ მოეპოვება. თალები გონებას უნდა ახლდეს თან.
საბედნიეროდ იმარჯვა გონებამ.
ფეოდალმა კი დააგდო ერთგულნი მისნი.
– რატომ? – წუხს წინაპრის აჩრდილი.
– ნუთუ?! – გაოცებულ-გაოგნებულია ხალხი.
ქუჯი – XXI საუკუნისა…
ავტომატის ლულაში ჩამაგრებული წითელი ვარდი…
უდრეკი სული მორჩილებას აცხადებს.
ერთიანი საქართველოსა და მისი მეფის წინაშე თავიც დაუხრია…
აწ კი შენი რიგია, მეფევ, როგორი ფარნავაზი იქნები.
და ისევ თენდებოდა გიორგობა საქართველოში…
* * *
ქვეყანა კიდევ უფრო დაღარიბდა….
კიდევ უფრო დაიშალა ნაკუწებად და თითო კაცად…
ქუჩაში მდგარი ათასობით უკმაყოფილო , პატივაყრილი ადამიანი..
გაყალბებული არჩევნები…
გაყიდული ხალხი…
გამყიდველი?_ვინ აღარ!
ჰაერში უქმად გაფანტული ეროვნული ენერგია..
სირცხვილნაჭამი აღმასვლა….
ქვეყნის მმართველი მილიარდელი გახდა…
მილიონერობა უკვე აღარაა ეფექტური!
ეგრისელი ქუჯის სული ისევ ამხედრდა..
ამას როგორ აიტანდა?
ხალხს დაუძახა..
ამ ძახილს ელოდნენ თურმე…
პასუხს ითხოვდნენ ყველაფრისათვის,
ქვეყანას უკვე მერამდენედ გადაშენება დაემუქრა..
ღვთისმშობლის ცრემლი….
გალეწილი კალო…
არხილოს კალო…
,,პატრონისაგან’’ ნაწამები დასჯილი ქართველობა…
მათი სისხლით მორწყულ მოედანზე გამართული აღლუმი…
ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი…
დამოუკიდებლობა?!
ვიღაცამ უმღერა კიდეც…
სისხლიან მოედანზე არ იცეკვეს ვაჟკაცებმა…
* * *
26 მაისის მერე სულ წვიმს…
ეს წვიმა სხვაა… სხვანაირია… სითბონაკლული.
ზაფხულის წვიმაა და ცივია.. ვერ დასველდები…
იმ ღამესაც როგორ წვიმდა?!
კოკისპირულად…
წვიმდა და ირგვლივ წითელი გუბეები იდგა..
შემდეგ რამდენიმე გუბე შეერთდა…
კიდევ შეემატა მარჯვენა თუ მარცხენა მხრიდან..
ამას რაღა შეაჩერებდა? წითელი ნიაღვრები წამოვიდა..
ვისთვის წმიდა სისხლი და ვისთვის სისხლიანი კოქტეილი…
კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის არსებობდნენ
სისხლისმოყვარული ადამიანები….
სხვათა შორის, ყველამ თავისი ზღო..
ხალხური გამოთქმაა, ,,სისხლის და მიწის ცოდვა არავის შერჩებაო’’…
ხალხი კი ბრძენია!
ასე ფიქრობს ეგრისელი ქუჯიც…
ამითაა ის ძლიერი..
ხალხის სჯერა და ხალხთან დგას…
და უკვე მერამდენე საუკუნეა!