Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სიამაყე’

ცხოვრება შეიცვალაო _ ჩივიან უფროსები. მათ ძველი დროის ნოსტალგია კლავთ… მერე რა ,რომ ერთპარტიული სისტემა იყო და რას გვიკეთებენ ამდენი პარტიებიო, მერე რა რომ დემოკრატია მხოლოდ ქაღალდზე იყო, ბევრი არაფერი შეცვლილა მას შემდეგო და არც ამდენი მათხოვარი იყოო.ვერ უარყოფ, ხალხი გამათხოვრდა… ცდილობენ რაც შეიძლება მეტად გამოფინონ თავიანთი ავადმყოფობები და ინვალიდობის დამადასტურებელი ნიშნები,რომ მეტად აგიჩუყოთ გული და გასცეთ მოწყალება. ყველას რომ მიაქციო ყურადღება და წვრილი ფული ჩამოურიგო თავად დარჩები  ხელგაწვდილი.

ქუჩაში ხშირად ვხვდები ახალგაზრდა გოგოს , მათხოვარს. მისი ძირითადი ინსტიქტი ჭამაა, თუ ფულს მისცემს ვინმე ჭამს, თუ არადა ძვირფასი ავტომობილების მძღოლებს არკეტებს.ისიც იცის ფული ვის მოსთხოვოს.

ამას წინათ ოპოზიციის მიტინგზე პოლიციელმა ათი ლარი მისცა  და უთხრა მიტინგი დაშალეო.იმან თავი გამოიდო…. მსგავსი გალანძღვა ოპოზიციისა არასდროს გამიგონია.მიტინგის ერთმა მონაწილემ უთხრა მე შენ სულ ფულს გჩუქნიდი და შენ მლანძღავ, ძალიან მაწყენინეო.

_ შენც 5 ლარი მომეცი და იქით გავლანძღავ პოლიციელებსო, _ ღიმილით მიუგო მათხოვარმა გოგონამ.

_ვიგრძენი, რომ ეს გოგონა ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის, უფრო მისი მოქმედება. მაგრამ საიდან?ბოლოს მივხვდი, ის ჩვენი საზოგადოების სახე იყო, მერკანტილური საზოგადოებისა, რომელსაც ფულით რასაც გინდა იმას ათქმევინებ და გააკეთებინებ…

* * *

ჩემი შვილის დაბადების დღე იყო, ორი სანთელი ვიყიდე. გზად მომავალს მათხოვარი ქალი შემხვდა და მოწყალება მთხოვა, ოჯახში წამოვიყვანე, გავუმასპინძლდი, ვისაუბრეთ და ბოლოს ვუთხარი:

_ დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა ,. მე ასეთი აღთქმა დავდე, თუ ამ დღეს ვინმე მოწყალებას მთხოვს დავასაჩუქრებ მეთქი.ამიტომ აი ოცი ლარი და რაც გინდა ის იყიდე შენს ობლებს.

_ყოველ 31 მარტს ასე გულუხვად დაასაჩუქრებ ვინც კარს მოგადგება?

_ კი , აუცილებლად , ეს ჩემი აღთქმაა!

გავიდა ერთი წელი, მეგონა მოვიდოდა, მაგრამ შევცდი. რამდენიმე დღის შემდეგ მესტუმრა.ვუთხარი 31 მარტს რატომ არ მესტუმრე მეთქი.

_ რას ამბობთ, მე მიჭირს, თორემ მათხოვარი კი არ ვარო…

შემრცხვა, ისევ დავპატიჟე ოჯახში და საჩუქრები გავატანე.

ჩემი შვილი უკვე დიდია. მას სემდეგ ყოველ 31 მარტს სულ ველოდები. ძალიან მინდა მოვიდეს ის ქალი. მაგრამ ერთხელაც არ გამოგვიარა.

ღირსებას ფული და ფუფუნება არ იძლევა, ის დაბადებიდან ეძლევა ადამიანს, ან არ ეძლევა, და დადის ასე ადამიანი, ყველაფრით უზრუნველყოფუილი, მაგრამ ღირსებააყრილი….

* * *

ბათუმის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე დიდი მაღაზია..აქ ახალთახალი ავტომობილები იყიდება. Skoda, Audi,Kia motors, Peuceot, Mitsubishi motors, Volswagen, Renault…

ფეხით ჩაივლი თუ ტრანპორტით არ შეიძლება თვალი არ შეავლო ცინცხალ, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომფორტს _ავტომობილს.

ფეხით ჩაივლი თუ ტრანსპორტით არ შეიძლება არ შენიშნო ამ მაღაზიის კუთხეში მდგარი ჩია სუსტი მოხუცი ქალბატონი.თავდაპირველად , რა თქმა უნდა მათხოვარი მეგონა, ისინი ხომ აქ ისედაც ბევრნი არიან.შევცდი, ჯოხზე დაყრდნობილი ხელისა და ხმის კანკალით გამვლელებს მზესუმზირას სთავაზობდა.  მას მთელი ქალაქი იცნობს, ცდილობენ სწორედ მასთან იყიდონ მზესუმზირა, ყოველთვის, როცა ჩავივლი და მას თვალს მოვკრავ , მიხარია, რომ ისევ იქაა და ცოცხალია და როგორც შეუძლია ისე შრომობს.

ერთხელაც ჩამოვუჯექი, ლარი მივეცი, ვუტხარი 20 თეთრის მზესუმზირა მომეცით და ხურდა არ მინდა მეთქი. დამაკვირდა, მეგონა ვერ გაიფგონა და გავიმეორე. ფული უკან დამიბრუნა და წყრომით მითხრა:

_მე მათხოვარი არა ვარ…

_ არ გეწყინოთ მზესუმზირა არც კი მიყვარს, უბრალოდ თქვენთან გასაუბრება მინდოდა და საბაბად გამოვიყენე…

_ მაშინ ვისაუბროთ…თან შემიძლია მზესუმზირათი გაგიმასპინძლდე.

ამ დროს გოგონამ მოირბინა 2 ჭიქა მზესუმზირა ჯიბეში ჩაიყარა , 2 ლარი დაუდო და მოკურცხლა. დიდხანს ეძახდა გამწარებული ქალი ხურდა გეკუთვნისო, ბოლოს დამორცხვებულმა მომმართა:

_ ა, ასე მიკეთებენ, მე ახლა მაგის ჯანი სადა მაქვს მაგათ ვსდიო..82 წლის ქალი ვარ…

_რა?_ თვალები შუბლზე დამასხდა._საერთოდ არ გეტყობათ.

_ როგორ არ მეტყობა, იცი მე რა ლამაზი ვიყავი? ჩემი მამა სომეხი იყო, დედა მყავდა ქართველი, ამაყი ქალი ვიყავი, მაგრამ ცხოვრებამ გამტეხა და ასე მარცხვენენ ხანდახან. მე არ ვმათხოვრობ, მე ვშრომობ.

_ მესმის, მაგრამ რა მოხდა მერე..თვითონ ასე სურთ და გეხმარებიან..

_არა შვილო, მე ძალიან შეურაცხყოფას მაყენებენ, პრეზიდენტი დაგვპირდა რამდენიმე თვეში პენსიას მოგიმატებთო, მაშინ შეიძლება ცოტა დავისვენო,მაგრამ თუ მაძლევ რამეს დროზე რა… რა ვუყოთ , ახალგაზრდა კაცია და ვერ ხვდება, ამ ასაკში ყველა დღე როგორი მნიშვნელოვანია. შეიძლება ხელის თითები აღარ გვეყოს დარჩენილი დღეების ჩამოსათვლელად. რას იზამ ახალგაზრდობაში არც მე ვფიქრობდი სიკვდილზე… ისე არც ახლა ვფიქრობ.

ამ დროს ჩემმა ნაცნობმა ჩამოგვიარა და გაკვირვებული მომაჩერდა.

_ აქ რა გინდა?

_ ჩემი დაქალია და ვჭორაობთ.

_კარგი რა, ყველაფერს აქვს საზღვარი!_აშკარად გაღიზიანდა ჩემი ნაცნობი.

_კარგად ბრძანდებოდეთ, მე ახლა წავედი, აი ცოტა მზესუმზირას კი ავიღებ.

_ აიღე შვილო, აიღე, ღმერთმა შეგარგოს.

ერთი მუჭა მზესუმზირა ავიღე და ჭიქაში ლარი ჩავუგდე. აჩქარებით მომავალს დიდხანს მომყვებოდა მისი ხმა.

_ ხურდა მაინც აიღე გოგოო… ასე არ შეიძლება, ეს რა ხალხია კაცოო!

მე კი რაღაც ძალიან, ძალიან მიხაროდა…

* * *

ის ცნობილი ოჯახის შვილი იყო.არაფერი აკლდა,. მე მასში მისი უბრალოება მხიბლავდა. ზოგიერთს კი აღიზიანებდა …

ქალაქის ყველა მათხოვარს იცნობდა და განიკითხავდა.ხანდახან მათთან ერთან ჩამოჯდებოდა და სიგარეტს გააბოლებდა. როგორი სანახავი იყო, ტროტუარზე ჩამომჯდარი, დაუბანელი  და ძველმანებში გამოწყობილი  მათხოვარი და ბოლო მოდაზე ჩაცმული ახალგაზრდა კაცი,ერთად ეწევიან სიგარეტს და ტკბილად ბაასობენ.

ასეთი უბრალო ადამიანები ბედისწერისგან განწირულები არიან და ისიც ძალიან ადრე წავიდა ამქვეყნიდან.

გასვენების დღეს სულ ბოლო წუთებში ქალაქის ყველა მათხოვარი ერთად სეკრებილი დაიძრა მიცვალებულის სახლისაკენ. გამწარებულმა მამამ ვერ გაათვიცნობიერა რა დებოდა და გვერდით მდგომს უთხრა, მიეცით ფული და თვითონ დაინაწილონო, მაგრამ მწარედ შეცდა. ისინი სამძიმარზე იყვენენ მოსულნი და ყველას თითო ვარდი ეჭირა ხელში.მაღალი საზოგადოების აბზუებული ცხვირი და განცვიფრებული თვალები აინუნშიაც არ ცააგდეს, მიცვალებულს გულწრფელი წუხილით ირგვლივ შემოუარეს,. ვარდებით გაივსო სასახლე.ეს საოცარი სურათი იყო,საზოგადოების ორი ფენა ერთი_ მდიდარი , წარჩინებული და ამპარტავანი და მეორე _  უჩინო, უფულო და მშიერი….მაგრამ, მაინც ამაყი…

* * *

  დიდხანს მაწვალებდა მათზე ფიქრი….

რატომ?

იმიტომ, რომ ყველა ღვთის შვილები ვართ…

იმიტომ, რომ ალბათ თან გადაჰყვებოდნენ …

ალბათ ყირაზე თუ ოთხზე დადგებოდნენ …

მაგრამ იფიქრებდა ვინმე, რომ წლების განმავლობაში მათ წინაშე მდგარი ღვთის გლახა და მათხოვარი წმიდა მამა გაბრიელი იყო?!

Read Full Post »