Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სიკვდილი’


უეცარი გადაწყვეტილება – არავის სჭირდება ის, რასაც მე ვაკეთებ.

უნებისყოფობა კი არა, ეს რეალობაა.

განაჩენი – თვითმკვლელობა!

არა! ჩვეულებრივი არა, მე ფიზიკურად ვიარსებებ, მაგრამ მაინც მკვდარი ვიქნები.

საგულდაგულოდ ვემზადები… ნელა, აუჩქარებლად.

ფანჯრებს იქით საშინელი ჭექა-ქუხილია…

მგონი ამ წუთში მთელ დედამიწაზე წვიმს…

ეს ჩემს განწყობას აათკეცებს.

ბუხარი ავანთე და მის წინ სარწეველა სავარძელიც დავდგი…

ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს შევყურებ. რამდენი ფერია… თითქმის ყველა გამჭვირვალე.

რა ლამაზია და რა ულმობელი!

ნელა ვირწევი სავარძელში, ისე რომ მუხლებზე დაყრილი თაბახის ფურცლები არ გადმოცვივდეს.

ავიღე პირველი ფურცელი . . . წავიკითხე და ცეცხლისკენ გავაფრიალე.

ცეცხლმა დამშეული ძაღლივით ჰაერშივე სტაცა პირი. ფურცელი დაიკლაკნა, მაგრამ ვერსად გაიქცა და დანებდა განაჩენს. ზურგი მეტკინა, თითქოს ალმა მეც ამისვა პირი. მეორე ფურცელიც შეეცადა გაქცეოდა ბედისწერას, მაგრამ ამაოდ.

–         ვერსად გაიქცევი, შე საბრალოვ, ან შენ რისთვის… ან მე… თვალებთან სისველე ვიგრძენი…

მაინც ჯიუტად ვანადგურებდი… ჩემს თავს.

მტკიოდა და თან მსიამოვნებდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი მაზოხისტური თვისებებით თუ ვიყავ შემკული.

ცეცხლი მინელდა…

ბუხარშიც და გულშიც.

–         კმაყოფილი ხარ? – მეკითხება მინელებული, ჩაჟამებული ბუხარი.

–         მე უკვე მკვდარი ვარ.

–         რატომ მოიქეცი ასე? მაინც რას ელოდი?

–         ასეთ უსულგულობას მაინც არა.

–         ერთის და ორის საქციელი არაფერს ნიშნავს.

–         მაგრამ ხანდახან გადამწყვეტია. აი, მე განაჩენი გამომიტანეს…

–         განაჩენი შენ თვითონ გამოუტანე შენს თავს, თუმცა ასეთი სასტიკი თუ იქნებოდი, არ მეგონა.

–         მათ საზოგადოებაში გამოჩენაც კი არ მინდა! მოიცა, სადაა ჩემი ლურჯი რვეული, ისიც უნდა დავწვა. მასში ხომ იმაზე მეტია, რაც ამ ფურცლებში იყო. აი აქ იდო ყოველთის. ახლა სადაა? სადაა? აგერ არ ყოფილა?! წადი შენც ბუხარში.

როგორც კი რვეულის სუნი და გემო იგრძნეს მირჩენილმა ნაკვერჩხლებმა გამოიღვიძეს, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეს, გახურდნენ და ბოლოს აალდნენ.

–         ესეც ასე! – ვთქვი გულმკვდარი კმაყოფილებით და საჩქაროდ აივანზე გავვარდი, თორემ მართლა მოვკვდებოდი. შავი ღრუბლებიდან მთვარემ გამომინათა.

–         ამსისქე ღრუბლებიდან როგორ გამოაღწიე? მიყვარხარ, მაგრამ მაპატიე, სასაუბრო განწყობა აღარ მაქვს, ძალიან მიჭირს, ძალიან.

ქარი ღრუბლებს ცხვრის ფარასავით მიერეკებოდა. მთვარეც ხან მათი ტლანქი ფარდის ქვეშ ექცეოდა, ხან გამოანათებდა.

ამ სურათს ვხედავ, მაგრამ ვეღარ ვგრძნობ. გათენდა. სახურავზე აღარ წკაპუნობს წვიმის წვეთები. როგორ მიყვარს წვიმისგან გადარეცხილი ბუნება, მტვრის ნასახიც რომ აღარსადაა. ფერები სუფთაა და მკვეთრი. აღარ სწყურიათ. მარტო ჩემს ვენახზეა ხუთი თუ ექვსი ფერი. პაწია ანაშხალი ღია, ღია მწვანეა, მომდევნო სამი-ოთხი ფოთოლი  ოდნავ დამუქებული, შემდეგი ჩვეულებრივი მწვანე. მას მოჰყვება უკვე გადამუქებული სიმწვანის ფოთლები და რტოს ბოლოს კი უკვე ყვითელი და მოყავისფროები რიგრიგობით ეთხოვებიან სიცოცხლეს.

გენიალური სასწაულია . . .  მთელი ფილოსოფია . . .

მაგრამ მე ახლა ამ საოცრების ხილვაც არ ინდა. ღია ფანჯარასთან მისვლა და ფარდის გადაწევაც მეზარება. ფარდის მაქმანებში მზე იჭვრიტება. სვეტად წამოსული სხივები ჩემს ბალიშს ეძებენ, შემდეგ კი ჩემს თვალებს.

მე მხარს ვიცვლი…

–         დამანებეთ თავი. მე მკვდარი ვარ.

მზეს გაუკვირდა, მან ხომ იცის მკვდრები  არ ტირიან.

კარებზე ზარის ხმაა… სტუმარია.

ვიცი რომ სტუმარი ღვთისაა, მაგრამ ახლა უფრო ღვთის რისხვას გავს.

ზარი ზრიალებს … ნერვების მომშლელად.

მეზიზღება მარტოობა, ახლა კი სანატრელი გამიხდა!

ვიღაც მეძახის.

ჩემთვის ძალიან ახლობელი ხმაა.

ისაა! ჩემი პატარა მეგობარი.

–         რა მისი ტოლი ვარ?! რა უნდა ჩემთან ამ დილაადრიან… რა ჯიუტია?! ისევ მეძახის, თანაც დარწმუნებულია, რომ სახლში ვარ. სულაც არა ვარ კამათის ხასიათზე, მაგრამ ფანჯარაში მაინც უნდა გავიხედო, მიხვდება რომ ვერა ვარ და წავა, მაგრამ…

–         – რა სახე გაქვს? ავად ხომ არა ხარ? გამიღე კარი!

ჰმ! – სხვას ვერაფერს ვახერხებ და კარს ვაღებ. ზღვის ტალღასავით შემოიჭრა ცისფერი სამოსით მოსილი. მისი წვეთებიც გადამაფრქვია და გამომაფხიზლა. მოქცევას გავდა ნამდვილად.

–         შენთვის სიურპრიზი მაქვს – ჩემი უემოციო სახე ვერ აჩერებს მას – რომ არ გაგებნეს და დაგეკარგoს შენი ყველა ლექსი, ერთ წიგნად ვაქციე. აღარ იქნება მიმობნეული. ტირაჟი რათქმა უნდა მცირეა, მაგრამ სპონსორს რომ ვნახავთ, ამაზე მერე ვიფიქროთ, მთავარია შენ არ გაიტეხო გული.

–         კი მაგრამ შენ საიდან…

–         აი, ეს კი უნდა მაპატიო. მე ლურჯი რვეული შევცვალე და შენი რვეული ჩემთან იყო. ისე სიურპრიზი არ გამოვიდოდა.

პირველად ცხოვრებაში უზომოდ შემრცხვა. თავს არ ვუტყდებოდი, თორემ დილიდანვე საშინლად ვნანობდი ჩემს წუხანდელ საქციელს.

–         გმადლობ, გმადლობ. მაშ მე შენს წინაშე უდიდეს ვალში ვარ.

–         ჩვენში ვალზე ლაპარაკი შეიძლება?

ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. მე კი ვფიქრობდი: შენ არ იცი ამ ვალის სიმძიმე, ჩემო პატარავ, მაგრამ  ვფიცავ, ამ შენს თავდადებას და ბავშვურ ჭვრეტას, ამ შენს სიყვარულს და ერთგულებას მე აღარ ვუღალატებ. თუნდაც ყოველივე ჩემს სულიერ ძალებს აღემატებოდეს. შენ ხომ მე მკვდრეთით აღმადგინე.

–         მე ახლა უნდა წავიდე. მიხარია, რომ კმაყოფილება სახეზე გახატია და ჩემთვის ესაა მთავარი.

–         მადლობ, ჭირიმე.

–         ვერ გცნობ. რა მადლობებს მიხდი , არა გრცხვენია?!

–         მართლაც მრცხვენია.

–         წადი, ისევ დაიძინე, მგონი სიცხე გაქვს, საღამოს შემოგივლი.

–         შენ მე გადამარჩინე.

–         კარგი რაა! მაგხელა პოეტი ნამდვილად არა ხარ თავი რომ მოიკლა.

–         ვერ ვივიწყებ იმ პირონებას, რომელმაც ჩემი მისამართით თქვა . . .

–         აღარ გაიმეორო.

–         შენ ხომ იცი, რომ ის შენს შემოქმედებას ვერ იცნობს, უფრო მეტიც, პიროვნულად ვერც შენ გიცნობს. თუნდაც მაგი რომელი კრიტიკოსია, ერთი ავყია კაცია.

–         საქმეც მაგაშია, ის კრიტიკოსი კი არა, უფრო ცინიკოსია. განა უფროსმა უმცროსს ხელი არ უნდა გამოუწოდოს? მაგრამ…

–         საერთოდ იცოდე, შენი შვილი ან შენი შემოქმედება შენ თუ არ დააფასე და შენ თუ არ დაიცავი, სხვას რა ენაღვლება. ნებას თუ დართავ, რატომ არ გადაგთელავს.

–         როგორ დაივიწყა ნოდარ დუმბაძის სიტყვები: ” როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული, თქვენ ჩემი, მე – სხვისი, სხვამ – სხვისი” ნუთუ ეს მხოლოდ წაიკითხა, ან იქნებ დღეს ეს მცნება ასე ჟღერს – მე – ჩემი, შენ – შენი, მან – მისი.  ვერ ვხვდები, არ მესმის.

–         ყველას ერთნაირად ვერ მოვთხოვ. მე დანტეს სიტყვებს შეგახსენებ – ”იარე შენი გზით და დაე ადამიანებმა რაც უნდათ – ის თქვან”.

–         საკითხს ასე არ უნდა შევხედოთ. მე ხომ მისთვის საერთოდ უცნობი ვიყავი. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ მოსაცდელში ქალი ელოდებოდა. ქალი – რა მნიშვნელობა აქვს მის ასაკს, გარეგნობას, პროფესიას. როგორ იკადრა ეს მამაკაცმა, რომელსაც რატომღაც ამის პრეტენზია აქვს. თუმცა ვერ იფიქრა მე თუ გავიგონებდი. ეს კიდევ უარესი მისთვის. ამიტომ აღარ მინდა ის საზოგადოება, რომელიც მხოლოდ გარეგნულად ბრწყინავს, შიგ კი… ჩემთვის ეს პიროვნებაც ამ შიგთავსში ჩაიმარხა.

–         ნუ ინერვიულებ ასე ძალიან ამის გამო. იმ სფეროში, სადაც ის პიროვნებაა, შენ ახლა შედიხარ და უკვე უკანდახევას აპირებ?! მეგონა პირველი სითამამე ბოლომდე მიგყვებოდა. სხვათა სითბო შენს მიმართ გამოხატული რატომ დაგავიწყდა?! პირველივე წინააღმდეგობამ ასე არ უნდა გაგტეხოს.

–         ეს წინააღმდეგობა კი არა, შეურაცხოფა იყო.

–         გაიხსენე სულხან-საბას განმარტება – რა არის შური:

” მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა”.

–         ნუ მაცინებ. მას ტომები აქვს გამოცემული, ჩემი რა უნდა შეშურდეს, თუმცა – მეგობრების გარდა.

–         ხომ ხედავ, მაინც გქონია შესაშური. ახლა კი თავი მაღლა. თავი მხოლოდ, ცხვირი კი -არამც და არამც. მე წავედი. საღამოს გნახავ.

–         ცისფერი ტალღა მიქცევას გაჰყვა და მიმატოვა პაწია ბროშურით ხელში…

Read Full Post »