Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ტირილი’

 

საოცარია ცხოვრება.

როცა ერთი ტირის, მეორე იცინის ყოველთვის.

თვითონვე მიკვირს, მაგრამ ხშირად სევდაში სამხიარულოს დავეძებ და მხიარულებაში სევდას.

ვპოულობ კიდეც…

გიკვირთ? ალბათ მართლა ძნელია ამის გაგება.

აქლემის ქურდი ნემსის ქურდს რომ დაიჭერს?!

საჩუქარს რომ გიბრუნებენ  მოუსყიდველის ნიღაბით?! იმიჯის შესაქმნელადაც…

სინამდვილეში ეცოტავათ.

ზოგიერთთან ურთიერთობაში კეთილგანწყობა პირდაპირ პროპორციულია მირთმეულის ხარისხზე.

ხანდახან ხელმძღვანელებიც ჩუქნიან…

გავლენის ქვეშ რომ მოაქციონ.

სასაცილოა, მაგრამ სევდიანი….

თუ არ ექცევი გავლენის ქვეშ, ჯიუტი და თავნება ხარ. არამკითხე მოამბეც… და შეიძლება დაკარგო ბევრი რამ, თუმცა მოსაპოვებელიც არაფერია აქ.

როდესაც შენთვის ძვირფასს სხვა გიუფასურებს…

რატომ?

უსახურს და უფასს, მაგრამ მისსას მეტი ფასი რომ დაედოს.

ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

ადამიანი, რომელიც მთელ ზამთარს შენს პალტოში გაატარებს და მარტის ბოლოს მოგიგდებს?!

ეს მე სევდას მგვრის, თუმცა ღიმილსაც.

ადამიანი მისი პლიუს-მინუსით უნდა გიყვარდეს. თუ შეძლებ, ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, მისგან სხვა ადამიანის, შენის მსგავსის შექმნა არ უნდა ეცადო. მე ასე მჯერა… ალბათ შენც…

მაშ რატომ ცდილობ ჩემს გარდაქმნას!

კომფლიქტურს ის ადამიანი მეძახის, რომელსაც შეუძლია მშვიდად იჯდეს და წარბიც არ შეუტოკდეს მის ირგვლივ დატრიალებული მოვლენების გამო, თუნდაც მისი მეგობარი იჩაგრებოდეს.

მისი თვალები არაფრის მთქმელია…  ბედნიერიც კია, რომ თავად გადაურჩა ამ „მხოლოდ და მხოლოდ უხერხულ სიტუაციას“.

ცრემლი ვაფრქვიოთ, თუ ვიმასხარაოთ?!

კაცს რომ ხმელა პური ენატრება, მისი ძმა როგორ ირგებს შოკოლადის ნაყინს?

ადამიანი, რომლის მთელი ინტელექტი და ღირსება მხოლოდ ძვირადღირებულით გამოწვეული ემოცია და ეფექტია, ტოლს არავის უდებს, კიცხავს და განიკითხავს ყველას.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

კაცი გვერდით დგომას და მხარდაჭერას რომ დაგპირდება… მაგრამ ფეხს დაგკრავს და გადაგაბიჯებს…

საუბრისას თვალები აცაბაცად გაურბის და ისევ რაღაცას გიმტკიცებს… თავის სიმართლეს…

სიცილის ხასიათი გეკარგება, ყელში ბურთი გეჩხირება, ცრემლიც მოგერევა და მიანც მწარედ, მწარედ გაგეცინება…

ზოგიერთს აგიჟებს – როგორ აკადრეს!

მაგრამ თვითონ იკადრებს?!

არაკაცის ნათესავი, ასეთი მოკეთის გამო გულში თანაგრძნობით რომ ეპყრობი, თურმე მისით ამაყობს კიდეც. თუ მოახერხა, მისით შეშინებასაც  დაგიპირებს ბოლოს.

მეღიმება… ვიღაც კი უნდა ტიროდეს, მაგრამ…

კახპა რომ ყველას უნამუსოს ეძახის?! მას იყენებენ, სჭირდებათ. ამიტომ ცხოვრება მისი ჰგონია.

ზოგი იცინის და ზოგიც ტირის – გააჩნია ვინაა, გამოყენებული თუ გამომყენებელი.

ურემი რომ გადაბრუნდება…

გზაც და ჭკუის მასწავლებლებიც ერთად გამოჩნდებიან.

მაგრამ დამნაშავე?

ურმის გადამბრუნებელს ბეწვიც არ მოაკლდება…

ურმის ქვეშ მოყოლოლს მოსთხოვენ პასუხს.

ამიტომ ერთნი ვიცინით და მეორენი ვტირით.

გაჭირვებულ მეგობარს, რათქმა უნდა, მხარში დაუდგები, არაფერს მოერიდები, მაგრამ შენ რომ დაგჭირდება მას ჩირგვშიც კი ვეღარ იპოვი?!

შესაშური პატრიოტობაა, როცა მხოლოდ მოწოდებებით სხვის შვილებს ომში ისტუმრებ, შენსას კი შუადღემდე აძინებ!!!

მამა შვილს უვარგისობას რომ აყვედრის და უხარია, რომ მის ასაკში თვითონ უკეთესი იყო?!

ახალს თუ ძველი საძირკვლად არ დაუდგა, აშენდება რამე?!

თქვენ?

თქვენ ახლა ტირით თუ იცინით?

ალბათ თვალებით იცინით, გულში კი ტირით.

იმედი მაქვს…

ჩემი უსაზღვრო და უიმედო იმედებიც ზოგს აცინებს, ზოგს კი თანაგრძნობის ცრემლებს აფრქვევინებს…

 

Read Full Post »