Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ტკივილი’

ხა! ხა! ხა! ხა!–უცებ მოედო მთელ უბანს არანორმალური ხარხარი.

– ვალერა დამთვრალა.

–სად ხეთქა ამ დილაადრიან–გადასძახეს ერთმანეთს მეზობლებმა.

–ხა,ხა,ხა–მთელი ძალით, უცნაურად ხარხარებდა ვალერა,თითქოს თან მოსთქვამდა.

–ვინ დაალევინა ახლა ამ უსაქმურს.  დაკარგულია უკვე მთელი დღე. მე კი რამდენი საქმე მქონდა გასაკეთებელი .–შეწუხდა დიასახლისი.

ვალერას კი დიასახლისის დაგეგმილი საქმეები სულ არ ახსოვდა ხარცხარებდა თანაც ისე თავდავიწყებით ,თითქოს ამ ქვეყნად მხოლოდ ბედნიერებას დაესადგურებინა.

–ვინაა ვალერა? –შევეკითხე მეზობელს.

–მალე გაიცნობ, შენც მოგადგება დასალევისათვის. თუ არ შეიჩვევ კარგი იქნებ. ისე კეთილია, ბავშვთა სახლში იზრდებოდა, ძია ბაქარმა გამოიყვანა იქედან და ოჯახში ჰყავდა. მერე სიძეობაც მოუნდომა. ვერ მიართვეს. ახლა კი დადის და ლოთობს . დმნაშავე თვითონაა, იმ ღვთისნიერი კაცის სიკეთე ვერ იღირსა.

–ხა,ხა,ხა, თითკოს ამ ნათქვამზე გადაიხარხარა ვალერამ.

ვალერა ჯერ არ მენახა მაგრამ მისი პიროვნება რაღაც იდუმალებით მოსილ ზღაპრის გმირად დამესახა.იყო რაღაც  მის ხარხარში არა ბუნებრივი ,მისტიური და მიმზიდველი. წამით მომეჩვენა ,რომ ვალერა დამცინოდა, მარტო მე კი არა , მთელ ქვეყანას, მის ირგვლივ არსებულ მთელ სამყაროს.    ნეტა რა გვქონდა ამ პატიოსან საზოგადოებას ლოთი ვალერას დასაცინი?!

მეორე დღეს კარს უცნობი მამაკაცვი მომადგა .

–გამარჯობათ. მე თქვენს გასაცნობად შემოვიარე –მითხრა მან.

–ძალიან კარგი,მობრძანდით  –მივუგე .

–თქვენ ამ უბნის ახალი მცხოვრებნი ხართ არა? მე ვალერა ვარ .

–მე უკვე გიცნობთ  .

–როგორ? საიდან?–აღელდა ვალერა.

– ჯერ დაბრძანდით და მერე ვისაუბროთ. თან რაიმეთი გაგიმასპინძლდებით.    –თქვენი მეუღლე შინ რომ იქნება ,მაშინ დავრჩები .

უყურეთ ვალერას სიფრთხილეს ! ღიმილით გავიფიქრე მე.

–მოითმინეთ , ოჯახი მაინც დამილოცეთ  –ვალერას აშკარად ესიამოვნა ხელახალი მიპატიჟება .

–გაგიმარჯოთ ოჯახური ბედნიერება არსოდეს დაგრღვეოდეთ–მითხრა, გადაჰკრა და ხელზე კოცნით დამემშვიდობა.თავი მოიკლა არც მეორე ჭიქა არაყი დალია და არც ნამცხვარი მიირთვა, მიჩვეული არა ვარო.

მე ვალერას ვაკვირდებოდი. ნორმალური  აღნაგობის , მაგრამ მოკუნტული, ჩია , რაღაცნაირად ძალად დაპატარავებული… სათნო თვალები , არა ,თვალები კი არა, სახეში ჩასმული ორი სევდიანი სიკეთე. როგორ შეეძლო ამ ადამიანს მთელი უბნის შემძვრელი და გამაყრუებელი ხარხარი. მე კი სწორედ ამ დამცინავი ხარხარის მიზეზი მაინტერესებდა ყველაზე მეტად.     ვალერას გასაშინაურებლად საკმაო დრო დამჭირდა.ერთ დღეს მან მითხრა :

–კეთილი ხალხი ხართ თქვენ არაფერს ითხოვთ , პატივს კი მცემთ. ხანდახან მეთვითონ ჩემი ნებით,გეხმარებით.

–ვალერა , რამდენი წლისა  ხარ?                    

–ორმოცდახუთის.

–მერე უცოლოდ რად დაიარები?

ვალერამ გამომცდელად შემომხედა,თითქოს იგრძნო, რომ არც ჩემი ყურადღება იყო მთლად უანგარო. არაფერი მიპასუხა, ამოიოხრა და წავიდა.  მეგონა ვიჩქარე  და ვალერას ნდობა დავკარგე, მაგრამ იმავე საღამოს დაბრუნდა საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში და საჩუქრად მინიატურული წიგნი დამიტოვა.

–აქ სულ ანეგდოტებია, წაიკითხე და იცინე, მაგრამ არ დაგავიწყდეს  ყველაზე დიდი ანეგდოტი თვით ცხოვრებააო.          ვალერა აღარ მოვიდა . კარგა ხნის შემდეგ ქუჩაში შემხვდა მთვრალი ახალგაზრდა ბიჭებს შუაში ჩაეყენებინათ და აცეკვებდნენ. რომ დამინახა , ცეკვა შეწყვიტა და მომესალმა. მომეჩვენა რომ ვალერა მთვრალი არც იყო. იმ საღამოს უბანი შეაზანზარა ვალერას ხარხარმა. მეორე დღეს კი მესტუმრა.

–იცით, ბიდიში უნდა მოგიხადოთ გუშინდელის გამო .

–მე რატომ მებოდიშები, ვალერა, ეს შენი ცხოვრებაა და როგორც გინდა ისე გაატარე.

–როგორც გინდა?! –ვალერამ ტუჩები მწარედ მოიკვნიტა – როგორც გინდა ისე სადაა…     –ვალერა, შენ ვინ ხარ?

–მეე?! მე ერთი ობოლი ბიჭი ვარ .

–  ვიცი რომ ობოლი ხარ მაგრამ რაიმე უნდა იღონო, ცხოვრება უნდა მოიწყო.         –ეეჰ, რა დროისაა, ჩემმა მატარებელმა ჩაიარა. ტუუ…ტუ…––მოგონილი არა სერიოზულობითმიპასუხა მან.

–თუ ჩაიარა არაყი რად არ გააყოლე, ადამიანო .

ვალერამ იწყინა.

–შენ ვინ გეკითხება? სადაური ჩემი მამიდა ხარ? არ მინდა , ქალბატონო, შენი არაყი .    თავი დამანებე, შენ მე რა უნდა გამიგო ?!– მომაძახა ვალერამ და გაიქცა. მე კი ვიცოდი ვალერა აუცილებლად დაბრუნდებოდა.

იგი სამი დღის შემდეგ მოვიდა და ყვავილების თაიგული მომართვა.

–დღეს მხოლოდ ამ თაიგულისთვის ვიმუშავე როგორც დედას შვილი ისე მოგართვი და უარი არ მითხრა .

–ჩვენი დედა შვილობა არაფრით გამოვა, ვალერა.–გამეცინა მე .

–ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე რომ თქვენისთანა დედა მყოლოდა…–ცრემლი მოერია–მე, რომ   ახლა ჩემი დედა ვნახო , ალბად საკუთარი ხელებით მივახრჩობ.

–რას ამბობ ვალერა!

–რას ვამბობ?! აბა რას ვიზამ . უცხო სხეულივით , რომ მისროლა საკუთარი სხეულიდან და მიმაგდო, ამას როგორ ვაპატრიებ. ერთხელაც არ დაინტერესებულა მის მიერ გსჩენილი არსების ბედით. ერთხელ შემეკითხე ვინახარო . განა ვიცი ვინა ვარ ?! მე ერთი ობოლი ბიჭი ვარ, რვა წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი , შემდეგ ძია ბაქარმა წამომიყვანა, საკუთარ ოჯახში…  მერე კი …– უცებ ვალერა ახალგამოღვიძებული ბავშვივით მომაჩერდა .

– მერე? მერე რა მოხდა ვალერა .– ვერ მოვთოკე ცნობისმოყვარეობა .

ვალერამ გამჭოლი მზერა მესროლა.

–მერე არაფერი.სისულელეა.ახლა კი წავედი. კმარა.            კულმინაციის მწვერვალიდან თავქვე დავეშვი. ვალერა კი სიმღერით მიუყვებოდა გზას. – უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია. ეს აფორიზმი ვალერას სიმღერად ექცია და ხშირად იმეორებდა.    მეზობლის ქალი შემეხუმრა .

–ვალერამ მოუხშირა სტუმრობას. ახლა შენ არ შეუყვარდე…

–არ ინერვიულო, ძვირფასო, მას მეც ვუყვარვარ შენც და ისიც . საერთოდ ვალერას ყველა უყვარს.

ბიჭს მანქანამ ძაღლი მოუკლა ტიროდა გულსაკლავად. მეორე დღესვე ვალერამ ბავშვს ბუთქუნა ლეკვი აჩუქა.

– აღარ იტირო, გენაცვალე, შენისთანა ბავშვმა არ უნდა იტიროს.

ამ ბიჭს მასზე პატარა დაიკო ჰყავდა. არც ის დაჩაგრა ვალერამ და თოჯინა აჩუქა. გახარებულმა მაცაცომ, როგორც ვალერა მიმართავდა , მას უთხრა .  რა კეთილი ხარ ვალერა! დაბადების დღეზე მეც გაჩუქებ რაიმეს. როდისაა შენი დაბადების დღე?

–არასოდეს.– ძლივს გასაგონად წარმოსთქვა ვალერამ.

–ნუ იტყუები, დაბადების დღე ყველას აქვს.

– ყველას აქვს, მაცაცო, მე კი არა. – ბავშვი დედასთან გაიქცა.

–დედა, იცი , ვალერას დაბადების დღე არასოდეს არ აქვს. –  ვალერას მწარედ გაეცინა.

მოჩხუბარ ძმებს ვალერა ერთხანს შორიდან შესცქეროდა, ეგებ თავისით დაშოშმინდნენო, ბოლოს კი მათ შორის ჩადგა .

– ღმერთმა ძმა გაჩუქა და ეჩხუბები?!–შეარცხვინა ორივე.                                                            ერთერთმა ვალერას დარიგება იუკადრისა და ყურში ჩაუსისინა .

–შენ კიდე ვინ მიგდიხარ, შე …

ვალერამ ფერი დაკარგა ,თავი მხრებში ჩარგო, რამდენიმე ნაბიჯი უკუსვლით გადადგა შემდეგ კი შეტრიალდა და წალასლასდა. მე კი სრულიად მოულოდნელი და უხერხული კითხვა დამისვა.

–მითხარით , ვინ ვარ მე?

სახტად დავრჩი , მაგრამ პასუხის გაუცემლობა არ შეიძლებოდა.

–შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ , ვალერა.

–არაჩვეულებრივი კი არა , საერთოდ თუ ვარ ადამიანი ესაა საკითხავი.

ვგრძნობდი ძალიან უჭირდა ვალერას , ცრემლებს ყლაპავდა.

–მე ძია ბაქარის წინაშე იცი რა დავაშავე? მისი ქალიშვილი, ნანი შემიყვარდა. ეს გრძნობა არც გატაცება იყო არც  ასაკის ბრალი. ოჯახური სიმყუდროვე მინდოდა. ჩემი კუთხე ,მეუღლე, შვილები… ისეთ ძალას ვგრძნობდი მთას გადავდგამდი. ძია ბაქარი კი გაბრაზდა , ეს რა მაკადრა მაგ ლაწირაკმაო. სახლიდან წავედი.

საღამოს დავბრუნდი, დარჩენას რაღათქმაუნდა აღარ ვაპირებდი , ბოდიში უნდა მომეხადა… ჩემთვის ხომ ძია ბაქარზე კეთილი ადამიანი არ არსებობდა. რამდენიმე წუთით ფანჯარასთან დავყოვნდი შევყურებდი და ვესიყვარულებოდი ძია ბაქარს. ალბად მამა ასე მეყვარებოდა. ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. უცებ ძია ბაქარი იქვე მჯდომ მეუღლეს მიუბრუნდა და უთხრა .

– სახლში მოვიყვანე, ჩემს ბიჭს დამხმარე ეყოლება საქმეს შეუმსუბუქებს–მეთქი და ნახე რა მომინდომა მაგ…             და ისეთი სახელი მიწოდა , რამაც მაგრძნობინა, რომ მე ადამიანი არა ვარ. ვოინიჩის ,,კრაზანას”” გმირს რომ მოუვიდა, მეც ისეთი გრძნობა დამეუფლა. როგორც მასში დაიმსხვრა პადრეს ხატება, ისევე ჩემში ძია ბაქარი და მისი სიკეთე ნაწილებად დაიშალა.– ვალერა შეჩერდა ღრმად ჩაისუნთქა და მოგუდული ხმით განაგრძო– დღეს კი , ამ ამბიდან თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ , ისევ მიწოდეს ის სიტყვა. ძმები ჩხუბობდნენ  , წარმოგიდგენია?! ძმას ძმა ვერ შეუყვარებია და სხვა ვინ უნდა შეიყვაროს?! ვის უნდა აპატიოს?! საკუთარ ძმას აყენებს შეურაცხყოფას და მე დამინდობს   ?! საოცარია ეს ცხოვრება. ვინც ამბობს –მე მიყვარს ღმერთი და თავის ძმას ვერ იტანს – მატყუარაა არ ვიცი საიდან ვიცი ეს სიტყვები მაგრამ ძალიან მომწონს.

–ვალერა, შენი ამბავი მომიყევი , ეს ძმები არ მაინტერესებს .

–ნეტა ჩემი ამბავი რად გაინტერესებს?… კარგი, მოგიყვები.  სამხედრო სამსახურში დიდი სიამოვნებით წავედი . კიდევ კარგი ნანის სიყვარულზე არ დავლაპარაკებივარ და გულში იმედის ნაპერწკალი ისევ ღვიოდა, თორემ როგორ გადავიტანდი ყოველივეს. იქ ქილერად მამზადებდნენ. გადმომცეს პირადობის მოწმობა  .თითქოს უნდა გამხარებოდა . მაგრამ ასე არ მოხდა. არ მინდოდა ადამიანის მკვლელი გავმხდარიყავი. ჯოჯოხეთი გამოვიარე. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო ხომ გაგიგონია, ამ ხავსად ჩემთვის ნანის სიყვარული ქცეულიყო. ერთ–ერთი მძიმე სამხედრო ოპერაციის დროს მკვდრად ჩამთვალეს, ვერც ჩემი ცხედრის გადატანა მოასწრეს და ძლივს გამოვაღწიე ამ კოშმარიდან.    სიცოცხლე როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მაინც ტკბილია… თუ შეურცხვენელია.  დაბრუნებულს ის ხავსიც გამომეცალა ხელიდან და გადავეშვი ცხოვრების თავბრუდამხვევ მორევში. ნანის გათხოვება ძალიან არ მიდარდია , აზრიც არ ჰქონდა… თანაც კარგი მეუღლე ჰყავდა და ბედნიერი იყო. მე კი , მადლობა ღმერთს, სხვისი ბედნიერებით ტკბობის უფლება მაინც მაქვს.

– აი, თურმე რატომ დაგვცინი.

– როგორ გეკადრებათ! რა გაქვთ ჩემი დასაცინი?– ჩემთვის ძალიან ნაცნობი გამომეტყველება მიიღო ვალერამ .

–არა, ვალერა , შენ მე ვერ მომატყუებ. შენ ჩვენი სულის სიღრმეს ჩასწვდი, შენთვის ჩვენი სიკეთე მოჩვენებითია უკვე.

–და იცი ეს რატომ მოხდა? ერთმანეთთან თქვენ ამას არ გამოამზეურებთ, ჩემთან კი ადვილია. მე ვინ ვარ. მთავარია თქვენ ერთურთს დაუმტკიცოთ რაღაც… თქვენი გამიხედვაც კი მოწყალებად უნდა მივიღო და  მადლობელი უნდა ვიყო . ვარ კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია, გული იმაზე მწყდება, რომ ისე მოვკდები არავის ვეტკინები, ცრემლი არ ჩამოუვარდება ვინმეს ჩემთვის. ესაა ჩემი სიცოცხლე. ესა ვარ მე, ვალერა, თითქმის არავინ. მე ხომ ჩემი არსებობისათვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე.

–კარგი რა , ვალერა, ამას ნუ ამბობ.

გახსოვს დედაჩემზე რაც გითხარი, იმასვე ვფიქრობ ახლა. შემიძლია გავიგო, რომ რაღაც მოხდა, იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ჩემთვისაც ხომ უნდა დაეტივებინა რაღაც შანსი. ვერაფერი ვუპასუხე.                                                                       ვალერა წავიდა მეგონა რამდენიმე საათში უბანს მისი ხარხარი მოედებოდა,   მაგრამ შევცდი.ის აღარ დაბრუნდა ერთი კვირის შემდეგ გავიგე ვალერას ავადმყოფობა კეთილ კაცს სარდაფი დაეთმო მისთვის დაძახებაზე არ გამომეპასუხა. შუბლმა ხელი დამწვა ხელის შეხებაზე თვალი გაახილა , გაოცებით მომაშტერდა. უცებ ხელზე ხელი მსტაცა.

–დედა! ეს შენა ხარ ?

შემეშინდა . უკან გამობრუნება მინდოდა , მაგრამ ვალერა ხელს აღარ მიშვებდა. ბორგავდა.

–მოხვედი დედა?  გამარჯობა! სად, სად იყავი აქამდე? მომენატრე, ძალიან მომენატრე. იცი , როგორ მიყვარხარ?! მაპატიე ჩემო ძვირფასო .

– რა გაპატიო , ვალერა, ეს შენ უნდა მაპატიო– უნებურად შევედი ვალერას დედის როლში და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჩემთვის მამის ტოლი ვალერა    ჩემში ყოველთვის საკუთარ დედას ეძებდა.

–ჩემი სახელიც , დედა? მადლობთ სახელის გარდა არც მქონია არაფერი ამ ქვეყნად, მარტო ვალერა ვიყავი, უგვარო , უმამისსახელო, მაგრამ შენ მაინც მიპოვე, დედა.    მართლაც უსაზღვრო ყოფილა დედაშვილური სიყვარული.

ვალერა ჩემს ხელს ნაზად იკრავდა ცხელ ლოყაზე და ძალიან ფრთხილად ეფერებოდა.

–დედა, დაბადების დღე როდის მაქვს მითხარი… საყვედურს კი არ გეუბნები, უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა ავღნიშნო. შენ მეყოლები მაცაცო და ჩემი ნანი…

–ნანი ჩემი საცოლეა ,დედა გაიცანი …

–ნანი, ეს ჩემი დედაა, ნახე მეც რა კარგი დედა მყავს …მიპოვა… დავეკარგე, მაგრამ მაინც მიპოვა…

– მე შენ გელოდი , მეც გეძებდი… სულ გეძებდი. ყველგან, ყველგან შენ გეძებდი… ვალერას სუნთქვა უჭირდა .

–რაკი მიპოვე აღარაფრის მეშინია , თვით სიკვდილისაც კი .ჯოჯოხეთშიაც რომ მოვხვდე ამაზე უარესი რა იქნება, რაც აქ გავიარე…  მთავარია შენ ჩემთან ხარ, დედა.                             უცებ ვალერა არა ადამიანურად დაიგრიხა ,სხეული აუძიგძიგდა, სახე მოეშალა. რამდენიმე წუთში დაწყნარდა ,დამშვიდდა, თვალდახუჭული იწვა და ჩუჩულებდა გაურკვეველს . შემდეგ ხელები წინ გაიწვდინა და ხმამაღლა დაიძახა –დედა! არ წახვიდე… ისევ არ დამტოვო …დედა, დედაა , სადა ხარ ? ვერ გხედავ დედა  ბალიშზე მისვენებული ვალერა ხელზე მეამბორა და ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა  .

–  უფალო,აბედნიერე ეს ადამიანი . დედა ნუ … ნუ მტოვ…

ხელთ ვალერას გაცივებული მარჯვენა შემრჩა .

– ღმერთო, რატომ მაგრძნობინე დედობა ასე უცნაურად რა დაგიშავე? მე ხომ ამისთვის ძალიან პატარა ვიყავი. ან შენ რა დაგიშავე , ჩემო კეთილო ვალერა რომ ყველას მოჩვენებითი სიკეთე მე მაზღვევინე , ყველას კუთვნილი მე მატირე… ბარემ ყველას ნაცვლადაც მე მაპატიე  .                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              1989 წელი

Read Full Post »

 

საოცარია ცხოვრება.

როცა ერთი ტირის, მეორე იცინის ყოველთვის.

თვითონვე მიკვირს, მაგრამ ხშირად სევდაში სამხიარულოს დავეძებ და მხიარულებაში სევდას.

ვპოულობ კიდეც…

გიკვირთ? ალბათ მართლა ძნელია ამის გაგება.

აქლემის ქურდი ნემსის ქურდს რომ დაიჭერს?!

საჩუქარს რომ გიბრუნებენ  მოუსყიდველის ნიღაბით?! იმიჯის შესაქმნელადაც…

სინამდვილეში ეცოტავათ.

ზოგიერთთან ურთიერთობაში კეთილგანწყობა პირდაპირ პროპორციულია მირთმეულის ხარისხზე.

ხანდახან ხელმძღვანელებიც ჩუქნიან…

გავლენის ქვეშ რომ მოაქციონ.

სასაცილოა, მაგრამ სევდიანი….

თუ არ ექცევი გავლენის ქვეშ, ჯიუტი და თავნება ხარ. არამკითხე მოამბეც… და შეიძლება დაკარგო ბევრი რამ, თუმცა მოსაპოვებელიც არაფერია აქ.

როდესაც შენთვის ძვირფასს სხვა გიუფასურებს…

რატომ?

უსახურს და უფასს, მაგრამ მისსას მეტი ფასი რომ დაედოს.

ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

ადამიანი, რომელიც მთელ ზამთარს შენს პალტოში გაატარებს და მარტის ბოლოს მოგიგდებს?!

ეს მე სევდას მგვრის, თუმცა ღიმილსაც.

ადამიანი მისი პლიუს-მინუსით უნდა გიყვარდეს. თუ შეძლებ, ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, მისგან სხვა ადამიანის, შენის მსგავსის შექმნა არ უნდა ეცადო. მე ასე მჯერა… ალბათ შენც…

მაშ რატომ ცდილობ ჩემს გარდაქმნას!

კომფლიქტურს ის ადამიანი მეძახის, რომელსაც შეუძლია მშვიდად იჯდეს და წარბიც არ შეუტოკდეს მის ირგვლივ დატრიალებული მოვლენების გამო, თუნდაც მისი მეგობარი იჩაგრებოდეს.

მისი თვალები არაფრის მთქმელია…  ბედნიერიც კია, რომ თავად გადაურჩა ამ „მხოლოდ და მხოლოდ უხერხულ სიტუაციას“.

ცრემლი ვაფრქვიოთ, თუ ვიმასხარაოთ?!

კაცს რომ ხმელა პური ენატრება, მისი ძმა როგორ ირგებს შოკოლადის ნაყინს?

ადამიანი, რომლის მთელი ინტელექტი და ღირსება მხოლოდ ძვირადღირებულით გამოწვეული ემოცია და ეფექტია, ტოლს არავის უდებს, კიცხავს და განიკითხავს ყველას.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

კაცი გვერდით დგომას და მხარდაჭერას რომ დაგპირდება… მაგრამ ფეხს დაგკრავს და გადაგაბიჯებს…

საუბრისას თვალები აცაბაცად გაურბის და ისევ რაღაცას გიმტკიცებს… თავის სიმართლეს…

სიცილის ხასიათი გეკარგება, ყელში ბურთი გეჩხირება, ცრემლიც მოგერევა და მიანც მწარედ, მწარედ გაგეცინება…

ზოგიერთს აგიჟებს – როგორ აკადრეს!

მაგრამ თვითონ იკადრებს?!

არაკაცის ნათესავი, ასეთი მოკეთის გამო გულში თანაგრძნობით რომ ეპყრობი, თურმე მისით ამაყობს კიდეც. თუ მოახერხა, მისით შეშინებასაც  დაგიპირებს ბოლოს.

მეღიმება… ვიღაც კი უნდა ტიროდეს, მაგრამ…

კახპა რომ ყველას უნამუსოს ეძახის?! მას იყენებენ, სჭირდებათ. ამიტომ ცხოვრება მისი ჰგონია.

ზოგი იცინის და ზოგიც ტირის – გააჩნია ვინაა, გამოყენებული თუ გამომყენებელი.

ურემი რომ გადაბრუნდება…

გზაც და ჭკუის მასწავლებლებიც ერთად გამოჩნდებიან.

მაგრამ დამნაშავე?

ურმის გადამბრუნებელს ბეწვიც არ მოაკლდება…

ურმის ქვეშ მოყოლოლს მოსთხოვენ პასუხს.

ამიტომ ერთნი ვიცინით და მეორენი ვტირით.

გაჭირვებულ მეგობარს, რათქმა უნდა, მხარში დაუდგები, არაფერს მოერიდები, მაგრამ შენ რომ დაგჭირდება მას ჩირგვშიც კი ვეღარ იპოვი?!

შესაშური პატრიოტობაა, როცა მხოლოდ მოწოდებებით სხვის შვილებს ომში ისტუმრებ, შენსას კი შუადღემდე აძინებ!!!

მამა შვილს უვარგისობას რომ აყვედრის და უხარია, რომ მის ასაკში თვითონ უკეთესი იყო?!

ახალს თუ ძველი საძირკვლად არ დაუდგა, აშენდება რამე?!

თქვენ?

თქვენ ახლა ტირით თუ იცინით?

ალბათ თვალებით იცინით, გულში კი ტირით.

იმედი მაქვს…

ჩემი უსაზღვრო და უიმედო იმედებიც ზოგს აცინებს, ზოგს კი თანაგრძნობის ცრემლებს აფრქვევინებს…

 

Read Full Post »

                                                  

  ისინი ერთად იზრდებოდნენ – ნინო, ლადო და გიგი. ბავშვობის ძირითადი გართობა – მდინარე, მის ნაპირას მწვანე, ტრიალი მინდორი და ბურთი.

თანდათან ნინო ვაჟებისათვის აღმოჩენად იქცა. ორივესთვის ის გახდა პირველი და თავდავიწყებული სიყვარული.

გრძნობებსაც თავისებურად და განსხვავებულად გამოხატავდნენ. ლადო ნინოს მოკრძალებით შესცქეროდა და ყველაფერს მას უძღვნიდა. გიგი კი გოგონასტან ცოტათი უხეშობდა, ყველაფერს სტაცებდა და აწვალებდა.

–   რატომ ხარ ასეთი უხეში, გიგი! აი, ლადო ასე არასოდეს მომექცევა.

–   ჩემი ლამაზი გოგო ვინაა?! იცი, რომ გავიზრდები, ცოლად მხოლოდ შენ შეგირთავ.


–   უზრდელო, აღარ დაგელაპარაკები, მამას ვეტყვი ყველაფერს.

–   გგონია შემაშინებ?! არც იფიქრო, მე არავისი მეშინია.

–   ლადო შენზე ძლიერიცაა და კეთილიც. არც არასოდეს მაბრაზებს.

პატარა ქალმა უნებურად არჩევანი ბავშვობიდანვე გააკეთა.

სახლში დაბრუნებულ გიგის ბოღმა და ცრემლი ახრჩობდა. მიზეზი დედას გაუმხილა. მას გაეცინა, შვილი გულში ჩაიკრა, და მიუგო:

–   ჩემო ერთავ, შენს თავს მატრაკვეცა გოგონებს როგორ დავაჩაგვრინებ. დიდი რომ გაიზრდები, ნინოც შეგიყვარებს და სხვა გოგონებიც.

–   სხვები არ მაინტერესებს. ნინომ, რომ არ შემიყვაროს, მაშინ?

–   მაშინ მოვიტაცოთ და მიუვალ მთებში გადავმალოთ.

ამ სიტყვებმა საოცრად დაამშვიდა ბავშვშვი და მალეც ჩაეძინა.

* * *

დროსთან ერთად გაფრენილი ბავშვობა…

განუმეორებელი, წმინდა, მუდამ სანატრელი პერიოდი.

–   ლადო, რა კარგია შენც რომ დედაქალაქში მოდიხარ, ერთად ვისწავლით.

–   და ერთად ვიქნებით

ქალმა ნაზად შეათვალიერა რჩეული. მის ლურჯ თვალებში უსაზღვრო სიყვარული იკითხებოდა.

–   ლადო, გიგის მეშინია.

–   გეშინია? რატომ? განა მ,ე შენთან არ  ვარ?!

–   არ ვიცი, ძალიან თავხედია.

–   თავხედი არაა, უყვარხარ. საბედნიეროდ შენ მე შემიყვარე, ის კი ამას უნდა შეეგუოს.

–   რატომ არ ეგუება? თავს რად არ მანებებს?

–   მოუწევს შეგუება. დაველაპარაკები. ისე, სადღაც მისიც მესმის, შენი სიყვარული არაა ადვილად დასათმობი.

უცებ ცამ დაიგრუხუნა. ორი შავი ღრუბელი ერთმანეთს დაეჯახა. საშინელმა ხმაურმა გააყრუა არემარე. აღმოსავლეთის მხრიდან ცაზე ელვამ გველივით გაიკლაკნა.

შეშინებულმა გოგონამ ვაჟის მხარში ჩამალა თავი. წვიმის მსხვილი წვეთები მათ მხრებსა და თმებში სკდებოდა და სხეულზე სასიამოვნო გრილ ნაკვალევს ტოვებდა.

* * *

წყარო – დედამიწის გულიდან თავისით ამოხეთქილი . . .

ანკარა, წანწკარა – პირველი სიყვარულივით წმინდა.

შარაგზაზე გატეხილი კოკა.

დამშვრალმა მიწამ წყალი წამსვე შეისრუტრა.

ქალის კივილმა შესძრა სამყარო.

–   წყაროდან მომავალი გოგო მოიტაცეს! გაგონილა ძალად სიყვარული?

–   ვინ იყო? ვისი გოგო იყო?

–   ჩემი ნინო! არ გაპატიებ გიგი!

ძლივს დააკავეს გადარეული ლადო. მიწა კვნიტა სიმწრისგან. საით წასულიყო არ იცოდა.

რად გინდა, ბიჭო, მოტაცებული ქალი, მაინც არ შეგიყვარებს – კვნესოდა იგი.

* * *

– ნინო, ნუთუ ვერ ხვდები როგორ მიყვარხარ. ეს ნაბიჯი უნდა მაპატიო, მეტი გზა არ მქონდა.

ქალი ფანჯარაშჳ იყურებოდა. ირგვლივ მხოლოდ მთები. ვაჟის ლაპარაკი არც კი ესმოდა, გარინდულიყო, თითქოს იქ, მის გარდა, არავინ იყო.

–   ნინო, წყალი მაინც დალიე, ასე არ შეიძლება, მალე სახლში შეგიყვან, დედაჩემიც გაიხარებს. ეხ, ნინო, როგორ არ გესმის ჩემი სიყვარულის.

ნინო ფანჯარას არც კი მოშჴრებია, ისე მიუგო ვაჟს:

–   შენ მე არ გიყვარვარ.

–   მე კი არა, შენ არ გიყვარვარ, მაგრამ მალე შემიყვარებ. ნინო, აუცილებლად შემიყვარებ. ყველაფერს განაცვალებ. ნახე ნინო, რა უნდა გაჩუქო? ეს სამაჯურია, ერთ ბოლოზე ყვითელი და თეთრი ოქროს გვირილაა დამაგრებული, მეპორეზე კი -პეპელა. სამაჯურს რომ ჩაკეტავ, იფიქრებ პეპელა გვირილაზე ზისო, თანაც ის ზამბარით ისეა ჩამაგრებული, გეგონება ფართხალებს და გაფრენას აპირებსო. ხომ კარგია, მოგწონს?

ქალი ქვად ქცეულიყო. ვაჟჳ კი განაგრძობდა და თან მკლავზე სამაჯურს ფრთხილად უკეთებდა.

–   ნინო, მართალია ოპიზარი არა ვარ, მაგრამ ეს შენთვის მინდოდა და გამომივიდა. მითხარი რა, ხომ მოგწონს?!

ნინოს მკლავზე არც დაუხედავს. მისმა უკიდურესმა უყურადღებობამ შეაშფოთა გიგი. აივანზე გავარდა, სხვენიდან თოფი ჩამოიღო და ქალს ხელში მიაჩეჩა.

–   აი, მესროლე, მომკალი. მერე კი წადი სადაც გინდა და ვისთანაც გინდა.

მოშორებით მდგარი ქორივით მისჩერებოდა ნინოს. ქალი კი ვერ გარკვეულიყო, ხან თოფს შეხედავდა, ხან გიოგის.

–   მესროლე! მესროლე! – ანგარიშმიუცემლად იმეორებდა ვაჟი.

ნინომ ნელ-ნელა წამოსწია თოფი და მის წინ მდგომ გიგის დაუმიზნა. ის იყო ჩახმახზე თითი უნდა გამოეკრა, რომ გიგი თოფს წვდა.

–   რას შვრები გოგო?! სასიკვდილოდ მიმეტებ? ნუთუ ჩემი სიყვარული ამის ღისრია.

ქალი თოფს ჩაფრენოდა და აღარ უშვებდა. ვაჟი იარაღის წართმევას ცდილობდა. ამ ორთაბრძოლაშჳ კი თოფმაც იჭექა. ქალი შეტოკდა და ვაჟის მკლავებში ჩაიკეცა.

–   ნინო! ნინოო! – დაჭრილი ლომიოვით იღრიალა გიგიმ.

–   ნინოო! ნინოო! – მხოლოდ ექო გამოეხმაურა მას.

* * *

– დიახ, მე ვარ დამნაშავე, ნინო მე მოვკალი. არავითარი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ეს დედაჩემი ფიქრობს ასე. უბედურებად თვითონ ვიქეცი. მოვითხოვ დამსაჯოთ კანონის მთელი სიმკაცრით. ადვოკატიც კი არ მჭირდება. ჩემი დაცვის უფლებას არავის მივცემ.

– თქვენთან თქვენს მოძღვარს სურს საუბარი.

– მე აქ არაფრად მჭირდება მოძღვარი.

მამა სერაფიმეს სურს თქვენთან საუბარი, ნუთუ…

–   მე არ მსურს არავის ნახვა, წამიყვანეთ საკანში! – უღრიალა პატიმარმა ბადრაგს, თითქოს აქ ის იძელოდა ბრძანებებს.

–   ნება თქვენია – დაეთანხმა გამომძიებელი და თავი სინანულით გააქნია.

* * *

პირქუშ და ბნელ საკანში გასაღების ჩხრიალი გაისმა, მას რკინის კარის ჭრიალუ მოჰყვა, მაგრამ გიგის ყურადღება ვერაფერმა მიიქცია.

–   შვილო, გიორგი, მე მოვედი შენთან, რომ განუგეშჴ – მოძღვრის ხმამ გული შეუტოკა გიგის და თითქმის ინსტიქტით წამოვარდა ფეხზე.

რკინის კართან მამა სერაფიმე იდგა.

–   მამაო, მე არ მინდოდა თქვეთან შეხვედრა – მკაცრად ნათქვამში მაინც იგრძნობოდა უდიდესი რიდი.

–   – ეს მარტო ჩემი კი არა, უფლის სურვილიცაა – მიუგო მამაომ და პატიმარს პირჯვარი გადასახა, შემდეგ იქვე მდგარ პატარა ხის მაგიდაზე ღვთისმშობლის ხატი მოწიწებით დაასვენა. გიგი კი ისე იდგა, თითქოს მას არაფერი ეხებოდა. პირი კედლისკენ ებრუნა.

–   რატომ წუხდებით, მამაო, მე ვეღარ მიშველ;ით. უფალს მე აღარ ვემახსოვრები.

–   უფალს გზასაცდენილები უფრო ახსოვს და მათ შემობრუნებას ცდილობს.

–   მამაო, მე მკვლელი ვარ ნორჩი გოგონას. ჩემი სიყვარულის მკვლელი. ჩემთვის ღმერთი აღარ არსებობს.

–   დანაშაული მძიმეა შენი, შვილო ჩემო, სიცოცხლის ხელყოფა არ შეიძლება. შენ სიყვარულმა კი არა, ეშმაკმა დაგაბრმავა. ჭეშმარიტი სიყვარული სიყვარულს შობს, და არა ძალადობას და უბედურებას.

–   მამაო, დამანებეთ თავი, მე მოძალადე და უბედურების მოციქული ვარ. ჩემმა ჭეშმარიტმა სიყვარულმა სატანად მაქცია და ნუღა მელაპარაკებით.

მამა სერაფიმემ პირჯვარი გადაიწერა და ლოცვანს ემთხვია.

–   აღხოცე უშჯულოება შენი და უფროს თოვლისა განსპეტაკდე.

–   ჩემი განსპეტაკება აღარ შეიძლება. მე ავცდი სიკეთისა და სიყვარულის გზას და ისე ძლიერ, რომ ვეღარასოდეს დავუბრუნდები მას. მშვიდობით, მამაო. ნურარ მაწვალებთ.

–   ვერ დაგემშვიდობები, შვილო გიორგი. მარტოდ ვერ დაგაგდებ. ძალიან ღრმაა შენი განსაცდელი, მეშინია საბოლოოდ არ გძლიოს.

–   მე ჩემს მწუხარებასთან მარტო ყოფნა მირჩევნია.

–   დაიმახსოვრე, შვილო, უშჯულოება ჩვენი ჩვენ ვუწყით და ჩვენი ცოდვა ჩვენს წინაშეა მარადის, მაგრამ უფალი მოწყალეა.

–   ციხე არაა ლოცვის ადგილი, მამაო. აქ მოწყალებას კი არა, სასჯელს ელოდებიან. ო, რომ იცოდეთ, როგორ ვესწრაფვი მას… ნეტა მან მაინც შემიმსუბუქოს სულის ტკივილი.

–   შვილო, კაცი ტანჯვისთვისაა გაჩენილი. რა ვუყოთ, თუ ზოგჯერ სატანჯველს თვითონ დავეძებთ. მძიმეა ამჟამად შენი სული, მაგრამ იცოდე, ხსნა მაინც არის, უნდა ეცადო დაჯაბნო ის.

გიგი სიმწრისგან გისოსებს ჩაებღაუჭა.

–   დამცინი მამაო? სულის სიმძიმე ამაზე მეტი რაღაა ნეტავ?! შენს უფალს გაფიცებ, დამანებე თავი და ნუღარ მტანჯავ.

გიგი ტიროდა.

–   იტირე, შვილო, იტირე. სახეს ნუ მარიდებ, უფალი მოწყალეა. არის ამაზე მეტი სიმძიმე სულისა. ახლა მონანიების საშუალება გაქვს, მერე კი ესეც აღარ გექნება. ამიტომ არ მინდა გძლიოს.

–   თქვენ თვითმკვლელობას გულისხმობთ? განა არ ვიფიქრე? მაგრამ ნინოს ვეღარც იმქვეყნად ვნახავ. მე კი სწორედ მას უნდა ვთხოვო პატიება.

–   შვილო, ილოცე, რამეთუ ლოცვა გიშველის გადაიტანო ეს ყველაფერი.

–   მე ვეღარ მიშველის. ჩემისთანამ უფლის სახელიც კი არ უნდა ახსენოს.

–   შვილო, შენ ისევ სცოდავ. იცოდე, მარტო არა ხარ. კიდევ გინახულებ. თავს გაუფრთხილდი.

–   მშვიდობით მამაო! – თითქმის მიაძახა გიგიმ.

–   მშვიდობით კი არა, ნახვამდის. დაიმახსოვრე, მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი. გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შაურაცხყოს. დაუფიქრდი ამ სიტყვებს.

–   ხატი! ხატი წაიღეთ, ამამო. ის აქ არ უნდა იყოს – გიგი მაგიდას მოივარდა ხატის ასაღებად და უცებ ადგილზევე გაქვავდა. ღვთისმშობელს ორივე თვალთაგან ცრემლი დაუცურდა. მომეჩვენაო იფიქრა, ხელით შეეხო  და აშკარად იგრძნო სისველე. მუხლი მოეკვეთა, თავლი ვეღარ მოწყვიტა მარიამის წმინდა თვალებს.

უკვე გისოსებს იქით მდგარი მამა სერაფიმე სიყვარულით შესცქეროდა ხატის წინ დაჩოქილ გიგის. „ და ნათელი იგი ბნელსა შინა ჰსჩანს, ხოლო ბნელი იგი მას ვერ ეწია“

უცებ მოხუცის სმენას გიგის ხმა ჩასწვდა.

–   მამაო, დამიტოვეთ თქვენი ლოცვანი.

* * *

– ლადოს ქალიშვილი შეეძინა. პირმშოს ნინო უწოდა.

– რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ვერ დაივიწყა.

– იმ ტკივილს რა დაავიწყებს. კიდევ კარგი, რომ ოჯახს მოეკიდა. მკვლელი რა იქნა ნეტავ?

– გიგი? რომელიღაც მონასტერში ბერად აღიკვეცა.

– უცნაურია ცხოვრება, ვერ გაუგებ რას გიმზადებს.

– ყველა იპოვის გამოსავალს, მკვდარს კი არაფერი ეშველება.

  ბავშვის დაბადებამდე ლადოს სიზმრად ნინო გამოეცხადა. თანატოლ ბავშვებთან ტრიალ მინდორზე ბურთს თამაშობდნენ. ნინოს ბურთი სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ ლადოს ესროლა, თანაც მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა. მერე უცებ გაიზარდნენ. ნინო გაიქცა, ლადომ ბევრი სდია მას, მაგრამ ის ნიავივით ხან გაქრებოდა, ხან ისევ ჩნდებოდა.


ოფლში გაწუწულს გაეღვიძა, სუნთქვა უჭირდა. ქალიშვილის დაბადეით ახსნა ეს უცნაური გამოცხადება და ახალშობილსაც ნინო უწოდა.

ამ ამბავმა თითქოს გაახარაო, ნინომ სიზმრად გამოცხადებას მოუხშირა. ლადოც მიეჩვია და ბოლოს იმ იმედით იძინებდა, რომ ნინოს შეხვდებოდა. ერთხელაც ნინომ ლადოს უთხრა:

–   ერთ სურვილს თუ შემისრულებ, საიდუმლოს გეტყვი. ისე დაეთანხმა, არც კი დაფიქრებულა. განა არსებობდა სურვილი, რომელსაც ლადო ნინოს არ შეუსრულებდა?!

–   მალე ორი შვილის მამა იქნები. ვაჟი შეგეძინება, გიორგი.

–   რატომ გიორგი?

–   განა დრო არ არის გიგის ვაპატიოთ?

–   შენ თუ პატიობ, მეც ვაპატიებ.

–   აქ ადვილია, გაუთვითცნობიერებლად ლაპარაკობ, რომ გაიღვიძებ, იფიქრე გიგიზე.

 ლადოს გაეცინა.

–   კი მაგრამ შენც ხომ სიზმარში ხარ, ჩემთან ერთად.

–   მე? მე – არა. მე სულ სხვაგან ვარ. ეს შენ გგონია სიზმარი.

–   ეგ როგორ?

–   მაგასაც მიხვდები. ახლა კი ჩემი სათხოვარი.

–   გისმენ ჩემო სიცოცხლევ.

–   სიცოცხლევ! რა ტკბილი მოფერებაა. იცი რა? ლადო, ჩემი დრო ამოიწურა. აწი ერთი შეხვედრაღა დაგვრჩა და ისიც შენზეა დამოკიდებული.

–   ჩემზე როგორ?

–   ჩემი თხოვნის შემდეგ თუ იქნები ამის მსურველი.

–   ნუ გერიდება ნინო, მითხარი. მოვკვდები და შეგისრულებ.

–   რა თქვი? მოვკვდები და შეგისრულებო?! სწორედ ეს იქნება გამოსავალი, ლადო, ჩემთან დარჩი! – თითქმის მიაძახა ნინომ და მისი სახება ისე უეცრად გაქრა, ლადომ პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო.

* * *

– გაიღვიძე ლადო, რა ძილქუში დაგაწვა. ბავშვს ისევ სიცხე აქვს.

რა, რომელ ბავშვს? – ვერ გამოფხიზლდა ლადო.

ვერ გავიგე, რას ლაპარაკობ. ნინოს გარდა რომელი ბავშვი გყავს, ადამიანო?!

–   გვეყოლება, გიორგი, გიგი – ისევ სხვა სამყაროდან ლაპარაკობდა ლადო.

–   კარგი რა! გამოფხიზლდი და დამეხმარე. მაინც რა ემართება ამ ბოლო დროს ჩემს პატარას, მთელი დღე კარგადაა, ღამით კი  იწვის.

ლადო წამოვარდა, ბავშვის საწოლთან დაიჩოქა და შუბლზე ხელი დაადო.

–   შეცდი ძვირფასო, ნინოს მშვიდად ძინავს და არც სიცხე აქვს.

–   საოცარია, ხუთი წუთის წინ ბავშვს სიცხე ქონდა.

უცებ ნინომ მამას კისერზე ხელები შემოხვია , თოთო ტუჩებით ლოყაზე აკოცა და ბავშვური ენით ყურში ჩასჩურჩულა.

–   მამა, ცემთან დალჩი! – ლადოს მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.

 

 

* * *

 

რას უნდა ნიშნავდეს ნინოს თხოვნა – ფიქრობდა ლადო.სად უნდა დავრჩე? ან როგორ? მეც ხომ არ უნდა მოვკვდე?! არა, სიკვდილი ნამდვილად არ მინდა. მირჩევნია ისევ სიზმრად ვინახულო.

მაგრამ ნინო აღარ მოდიოდა. ლადო შფოთვამ შეიპყრო. შვილები რომ არ მყავდეს, ჩემი ნინიკო და პაწია გიგი, წამით არ დავფიქრდებოდი.

ბოლოს კი გაუსაძლისად  მოენატრა.ადგილს ვერ პ;ოულობდა,მისთვის შვება აღრაფერს მოჰქონდა.

_ ღმერთო!ჩვენი შეხვედრა როდის უნდა მოხდეს?!.ნინო რატომ იგვიანებ?

   ბავშვობის მინდორტი გაახსენდა,მდინარის გაღმა .დარდის გასაქარვებლად მას მიაშურა.მდინარესთან მისული ქვიდან ქვაზე გადახტა.ფეხი დაუცდა,კეფასთან ძლიერი ტკივილი იგრძნო და გონებაც დაკარგა.იქვე ყანაში მონასტრის ბერები მუშაობდნენ,სწორედ მათ შენიშნეს წაქცეული ლადო და დასახმარებლად გამოიქცნენ.

* * *

   ლადო ხედავს მდინარის პირას ხალხი ირევა.გარბიან,გამორბიან,ერთმანეთს რაღაცას ეძახიან,თვითონაც ხალხს შეერია და დაინახა წყლის პირას დავარდნილი მამაკაცი.

_  ეს წყალი ვერ დაახრჩობდა,ალბათ თავი ქვას დაარტყა საცოდავმა_ჩაილაპარაკა თავი ამოიცნო.ყვირილი დაიწყო,მაგრამ ვერავის გააგონა.ახლობლებს მივარდა,რა გატირებთო.მაგრამ მას ვერავინ ამჩნევდა.უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო,სხარტად მოტრიალდა და ნინოს შეეჩეხა,ის გახარებული იყო.

_გმადლობ,რომ თხოვნა შემისრულე_გადაეხვია ქალი.

_რა თხოვნა?როგორ შეგისრულე?_გაოცდა ლადო.

_ჩვენ უკვე ერთად ვართ და აწი ვერაფერი დაგვაშორებს.

    ლადო ნინოს სიტყვებმა საოცრად გაახარა.მათ წინ მზის სხივები საფეხურებად დაეშვა,ქალმა ლადოს ხელი ჩაავლო და საფეხურებს აჰყვა.ლადო ანგარისმიუცემლად მიჰყვებოდა.უცებ მის ყურთასმენას ქალის მოთქმა ჩასწვდა.

_რაღა ეშველება უშენოდ შენს ოჯახს,შენს ნინოს და გიგის…

ლადო შეჩერდა,რაღაცას მიხვდა.უფრო დაიბნა,საით წასულიყო აღრ იცოდა.ხან აქეთ იყურებოდა ხან იქით.ნინოც მოთმინებით ელოდა მის საბოლოო გადაწყვეტილებას.

* * *

ლადოს უსულო სხეული მდინარის პირას ქვიშაზე ესვენა.ხალხი შესაბრალისი მზერით შესცქეროდა ლადოს მეუღლეს,რომელიც გულსკლავად მოსთქვამდა.უცებ ლადოს ხელი შეირხა.შემდეგ  ფეხი,ბოლოს კი თვალებიც გაახილა.

 _ვაიმე!ცოცხალი ყოფილხარ!კინაღამ დამღუპე და დამიობლე ბავშვები!_ გულში ჩაეკრა მეუღლე.უზომო სითბო იგრძნო ლადომ.და მეუღლეს ალერსით გადაუსვა თავზე ხელი.ნინო გორაკზე იდგა და ნაღვლიანი თვალებით უყურებდა ამ სურათს.

_შეხედეთ! შეხედეთ! მაღლობზე სინათლის სვეტი ბრწყინავს,შეჩოჩქოლდა ხალხი.

   ნინომ ლადოს გაუღიმა,ხელი მსუბუქად დაუქნია და შებრუნდა.ხალხი მონასტრის ბერებს მიუბრუნდა.

  _იქნებ თქვენ ახსნათ რა უნდა იყოს ეს…

 _კაშკაშა სხივი,ნათელი სვეტი სხვა რა უნდა იყოს თუ არა ნიშანი უფლისა _მიუგო ერთ–ერთმა ბერმა და გორაკისკენ გასწია.

     ნინომ ერთხელ კიდევ მოიხედა ,საოცრად ნაღვლიანი თვალები მოავლო ყველაფერს,ყველას გაუღიმა და მზის სხივებს შეერია.

     ლადომ თავლები დახუჭა,ცრემლის შეჩერებას ლამობდა,მაგრამ ვერ მოახერხა.

     მაღლობზე ასულ ბერს მწვანე ბალახიდან ციცქნა საგანმა შემოანათა,ხელში აიღო და გაოცდა.მის ხელისგულზე პეპელა აფართხალდა,თითქოს გაფრენას აპირებსო.ბერი მუხლებზე დაეცა,ხელი ფართოდ გაშალა და მზეს მიუშვირა.

   _ნინო!რატომ დამიბრუნე?ნუთუ არასოდეს მაპატიებ?… _ხელისგულზე მისვენებულმა პეპელამ ფრთები აამოძრავა,აფართხალდა და წამის განმავლობაში მზისფერივე მზის სხივებში ჩაიკარგა.

Read Full Post »