ცხოვრება ხანდახან ისეთ ადამიანებს შეგვახვედრებს ვერასოდეს დავივიწყებთ. შენი ცხოვრების ეს რამდენიმე წუთი წლების განმავლობაში ბევრჯერ ამოტივტივდება ხოლმე გონებაში.
წლების წინ, სტუდენტობისას, ფოლკლორულ ექსპედიციაზე ვიყავით სამცხეში. ეს ის პერიოდი იყო, კომუნიზმი რომ ყვაოდა. ფეხით შემოვიარეთ მესხეთის სოფლები.როგორც მთელ საქართველოში აქაც ეკლესია– მონასტრები დაცარიელებული და დაკეტილი იყო. უამრავ ადამიანს შევხვდით.ძალიან დიდი სითბო და დაუვიწყარი მოგონებები გამოგვყვა მესხეთიდან.
ერთ–ერთ სოფელში გავიცანით მოხუცი ქალბატონი ,როგორც თვითონ გვითხრა ოთხმოცდაათს გადაშორებული, მამულაიშვილი თერეზინა. არასოდეს დამავიწყდება მისი გულმხურვალე თხოვნა.
_შვილებო, სანამ ეკლესიები დაკეტილია კარგს ნურაფერს ელოდებით. გთხოვთ ხმა მიაწვდინეთ ვისაც შეუძლია, ან თქვენ დადექით ერთად და მოითხოვეთ,გახსენით ეკლესიის კარები, ილოცეთ ქვეყნისათვის, შვილებო.
_რა დროს ეკლესიებია,ბებო. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა_გულგრილად მიუგო ახალგაზრდა კომუნისტმა.
_რას ამბობ,შვილო. ღმერთი არ გასწირავს საქართველოს. აწ თქვენ უნდა იბრძოლოთ მისთვის. დიდება უფალს._მის მტკიცე ხმას ბზარი შეეპარა, თითქოს ჩვენ ვიყავით მისი უკანასკნელი იმედი.
_შვილებო, ყველაფერს წარსული შთანთქავს და თუ ეკლესიებს არ ავამოქმედებთ ჩვენც შთანვითქმებით, მაგრამ საქართველო უკვდავია, მას წმინდა მარიამი იცავს.
ნუთუ ასეთი წმინდა და გულწრფელი თხოვნა შეუსრულებელი დარჩება,უფალო. თვალწინ წარმომიდგა ჩვენი ქალაქის ცენტრში დაკეტილი და მაღალი ძაბვის დანადგარებით გამოტენილი ულამაზესი ეკლესია.
_ჩვენ რომ ეს შეგვეძლოს, ბებო… მხრები აიჩეჩა იმავე ახალგაზრდამ.
_იცი, შვილო, ღმერთმა რა უთხრა ძლიერთ?! ნუ ჩაგრავ უმწეოს, რადგან ის დასახმარებლად მე მომმართავსო. ღმერთმა ეს პერიოდი ეშმაკს დაუთმო და უთხრა, ერთი მლოცველიც, რომ დარჩეს, არაფერს დაგითმობო. ამ დროსაც ექნება თავისი დასასრული.ლოცვას დიდი ძალა აქვს, შვილებო. მე სხვა რა შემიძლია?! სანამ სული ცოცხალია ვილოცებ. არ ვიცი ლოცვაო, მითხრა ერთმა გოგონამ.ლოცვას რა ცოდნა უნდა. აანთე ღვთის სანთელი და მის ალს უყურე, ლოცვა თავისით წამოვა გულიდან.შვილიშვილს ვატარებ ყველგან. მეშინია, სადმე თუ მოვკვდი ხალხს მაინც გააგებინებს.ყველა ეკლესიას, ყველა წმინდა ნანგრევს ვნახულობ სანთელს ვანთებ და ვლოცულობ. აი, რითი ვართ ძლიერი და რამ გაგვაძლებინა ქართველებს.
დამუნჯებულები და გაოგნებულები შევყურებდით ამ ჩია მოხუც ქალს. ამ დროს ასეთი სიბრძნე და რწმენა შეინარჩუნო, ეს გმირობაზე ბევრად მეტია.
მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა…ეკლესიაში შესვლისას, როცა ტაძრის კარს ვემთხვევი, ყოველთვის მახსენდება ერთი უბრალო მესხი ქალი. ასე მგონია ის ტაძარშია და თვითონ ქცეულა ყოველი ტაძრის კარად.
Leave a Reply